საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005850062
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №117აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ა კ., 117აპ-23 14 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ლეილა კვერნაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ კ. ბ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას სრულად არ აქვს ანაზღაურებული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენით კ. ბ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
კ. ბ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კ. ბ–სს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 16 აპრილიდან - 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით), კ. ბ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
გაუქმდა კ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ბ–მ ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება.
კ. ბ–სს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- 2022 წლის 18 მარტს, შუადღის საათებში, თ–ში, ჯ–ს ქუჩა, მეტროსადგურ „........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სს „.... ბანკის“ ვ–ს სერვისცენტრ N..-ში, კ. ბ–სმ უკანონოდ გამოიყენა თავისი მეგობრის - გ. ნ–სთვის მოპარული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თავი გაასაღა გ. ნ–დ, ბანკის თანამშრომლებს მოატყუა, რომ გააჩნდა ცხვრის ბიზნესი და გ. ნ–ს სახელზე სესხის სახით გააცემინა ფულადი თანხა - 17 400 ლარი, რის შემდეგაც ამავე ფილიალის სალაროდან მოტყუებით დაეუფლა 17000 ლარს, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
- 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, თ–ში, პ–ს გამზირზე არსებულ „....ას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ნ–მ, მეგობარს - კ. ბ–ს გადასცა თავის სახელზე გაცემული დოკუმენტები, რათა მას შეეძინა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ბილეთები. იმავე თვის ბოლოს კ. ბ–მ პირადი მიზეზით უარი თქვა გამგზავრებაზე და გ. ნ–ს უკან გადასცა საბუთები, თუმცა არ დაუბრუნა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის გამოყენებითაც გ. ნ–ს სახელზე ბანკიდან გამოიტანა სესხი და დაზარალებულს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ლეილა კვერნაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შეფარდებისას სრულად გაითვალისწინეს კ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ბრალდებულის პიროვნება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ასევე ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი მისწრაფება აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი (საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანის ნაწილი - 8000 ლარი), ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მას შეუფარდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით განსაზღვრული სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი