საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.06.2023
საქმის ნომერი
2კ-162აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100122005979049

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №162აპ-23 ქ. თბილისი

ს–ი ს., 162აპ-23 7 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. ს–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. კ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, კერძოდ: დანაშაულის აღიარებისა და მონანიების, ასევე, დაზარალებულთან შერიგების გათვალისწინებით.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ს. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 350 (სამას ორმოცდაათი) საათით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ს. ს–სის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ს. ს–ს მიმართ წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 350 (სამას ორმოცდაათი) საათით.

გაუქმდა ს. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ს. ს–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 29 მაისიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ს–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ს. ს–სის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 28 მაისს, დაახლოებით 18:13 საათზე, ქ. დ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე, ე. ჯ–ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ს. ს–მა, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ე. ჯ–ს, კერძოდ: მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რის შემდეგაც იგი გარეთ გაიქცა, რა დროსაც, ს. ს–მა კვლავ განაგრძო ძალადობა და დაზარალებულს მარჯვენა იდაყვი რამდენჯერმე ჩაარტყა კეფის არეში, აგრეთვე - მარცხენა ხელი ჩაავლო თმაში, ხოლო მარჯვენა ხელით, მარჯვენა ხელზე, რომელსაც დაზარალებული სახეზე იფარებდა, შუშის ნატეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები.

- 2022 წლის 28 მაისს, დაახლოებით 18:13 საათზე, ქ. დ–ში, ........ის ქუჩა N..-ში მდებარე, ე. ჯ–ს საცხოვრებელ სახლსა და მის გარე პერიმეტრზე, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ს. ს–ი, შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ე. ჯ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომის განსაზღვრით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ს. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ს. ს–ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 29 მაისიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ს. ს–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არქონა), მაგრამ ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს. ს–ი წარსულში ნასამართლევია, მის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის რეციდივი და მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ასევე - ს. ს–ს მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ხასიათზე, სიმძიმესა და ინტენსივობაზე (ს. ს–ი მივიდა ყოფილი მეუღლის - ე. ჯ–ს სახლში, ჩაამსხვრია კარის მინა, შემდეგ მისსავე სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სახლიდან გარეთ გაქცეულს დაედევნა, ჩაარტყა იდაყვი, მოქაჩა თმა და კარის მინის ნაწილით, რომელიც ხელში ეჭირა, ცდილობდა ყოფილი მეუღლისთვის დაზიანების მიყენებას სახეში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხელზე დაზიანება იმიტომ მიიღო, რომ სახეზე იფარებდა, ხოლო ს. ს–ი მხოლოდ მას შემდეგ მოშორდა ე. ჯ–ს, რაც მეზობლები გამოვიდნენ) და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულს, როგორც დანაშაულთა, ისე განაჩენთა ერთობლიობით, განუსაზღვრა მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის თანაზომიერი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი