საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004961464
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №602აპ-23 ქ. თბილისი
ა–ი ა., 602აპ-23 28 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების: ა. ა–ს, გ. ო–სა და გ. ე–ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თითოეული მსჯავრდებულის მიერ მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, და, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეტანა სრულად გამამტყუნებელი განაჩენი; მსჯავრდებულების ქმედება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობად უნდა შეფასდეს, ვინაიდან დადგენილია, რომ კონკრეტული პირების მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, წინასწარ მოხდა ფიზიკური ძალების მობილიზება; ძალადობამ მიიღო ფართო, მასშტაბური ხასიათი სხვადასხვა, მათ შორის - მოძალადეების მიერ „ლგბტ“ თემის მხარდამჭერად აღქმული ჯგუფების მიმართ და მსჯავრდებულები ძალადობდნენ კონკრეტულ ჯგუფზე; ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი, დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა; ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი არის უსამართლო, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სპეციფიკურ ხასიათს, მიყენებულ ზიანსა და მოცემულობას.
2. მსჯავრდებული გ. ე–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის არდაკმაყოფილებას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ა–ს, გ. ო–სა და გ. ე–ს ბრალად ედებათ: სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა. ა–ს, გ. ო–სა და გ. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 5 ივლისს, ქ. თ–ში, ........–ს გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „............ის“ ორგანიზებით გასამართი „..............ის" პარალელურად, გამოძიებისთვის ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა დაგეგმეს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეებსა და მათ იდეოლოგიურ მხარდამჭერებზე. აქციის მსვლელობისას ა. ა–ი, გ. ე–სი და გ. ო–ი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, „ლ–ი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, თემის წარმომადგენელთა სიტყვისა და აზრის გამო, ასევე, მათ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და მისი შეზღუდვის მიზნით, ძალადობრივი გზით შეიჭრნენ ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში მდებარე სამოქალაქო მოძრაობა „..........ის“ ოფისში და ძალის დემონსტრირებით, სხვადასხვა ტექნიკისა და ნივთების დაზიანებისა და განადგურების გზით, დაარბიეს ოფისის ადმინისტრაციული შენობა.
- 2021 წლის 5 ივლისს, ქ. თ–ში, ..........ს გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა ..............ს ორგანიზებით გასამართი „............ის“ პარალელურად, ა. ა–სმა, გ. ე–მა და გ. ო–მა გამოძიებისთვის ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, „ლ–ი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს სამოქალაქო მოძრაობა „........ის“ წევრთა მიმართ დევნა, სიტყვისა და აზრის გამო, ასევე, მათ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ორგანიზაციის წევრებში შიშის დანერგვის მიზნით, ძალის დემონსტრირებით და ძალადობის მუქარით, დისკრიმინაციული შეძახილების თანხლებით შეიჭრნენ ქ. თ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე სამოქალაქო მოძრაობა „.......ის“ ოფისში, დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს ..............ს კუთვნილი ინვენტარი, მათ შორის: „ლ–ი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ბანერი, დროშები და ფლაერები.
- 2021 წლის 5 ივლისს, ა. ა–ი, გ. ე–ი და გ. ო–ი, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლ–ი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სამოქალაქო მოძრაობა ..............ს ხელმძღვანელების და წევრების ნების საწინააღმდეგოდ, მათი სიტყვისა და აზრის გამო, ასევე, მათ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და მისი შეზღუდვის მიზნით, ძალის დემონსტრირებითა და ძალადობის მუქარით, უკანონოდ შევიდნენ ქ. თ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში, მე-.. სართულზე განთავსებულ „.........ის“ მფლობელობაში არსებულ ოფისში, ოფისის აივანზე აძრომისა და კარის დაზიანების გზით, რითაც დაარღვიეს „...........ის“ მფლობელობის ხელშეუხებლობა, ამასთან, მათ დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს ოფისის კარ-ფანჯრის მინები და ორგანიზაციის კუთვნილი ინვენტარი, მათ შორის: „ლ–ი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ბანერი, დროშები და ფლაერები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:
- ა. ა–სი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 8 ივლისიდან - 2021 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით), მას დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და საბოლოოდ, ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ა–ს 2 (ორი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული დროის განმავლობაში ა. ა–ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში.
გაუქმდა ა. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
- გ. ო–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ო–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 8 ივლისიდან - 2021 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით), მას დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და, საბოლოოდ, გ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ო–ს 2 (ორი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში გ. ო–ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში.
გაუქმდა გ. ოს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
- გ. ე–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 8 ივლისიდან - 2021 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით), მას დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და საბოლოოდ, გ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული დროის განმავლობაში გ. ე–ს აეკრძალა, დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში.
გაუქმდა გ. ე–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა–მა, გ. ო–მა და გ. ე–ა ჩაიდინეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 5 ივლისს ა. ა–სი, გ. ე–ი და გ. ო–ი, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლ–ი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სამოქალაქო მოძრაობა „..........ის“ ხელმძღვანელების და წევრების ნების საწინააღმდეგოდ, მათი სიტყვისა და აზრის გამო, ასევე, მათ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და მისი შეზღუდვის მიზნით, ძალის დემონსტრირებით და ძალადობის მუქარით, უკანონოდ შევიდნენ ქ. თ–ში, ა–ს ქუჩა №..-ში, მე-.. სართულზე განთავსებულ „............ის“ მფლობელობაში არსებულ ოფისში, ოფისის აივანზე აძრომისა და კარის დაზიანების გზით, რითაც დაარღვიეს „..............ს“ მფლობელობის ხელშეუხებლობა, ამასთან, მათ დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „ლ–ი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ბანერი, დროშები და ფლაერები.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ქმედებებს, სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ა–სის, გ. ო–სა და გ. ე–ს ბრალეულობას.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულების: ა. ა–ს, გ. ო–სა და გ. ე–ს - დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების: ა. ა–ს, გ. ო–სა და გ. ე–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, რადგან მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდებოდა მათ მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრიმინალიზებულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, ხოლო მეორე ნაწილით - ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.
13. მითითებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება, ხოლო დამატებითი ობიექტი - საკუთრებითი ურთიერთობა და ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, დანაშაული გამოიხატება სხვადასხვა ალტერნატიულ მოქმედებაში, კერძოდ: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება უნდა ჩაიდინონ მათ; მოწოდებაში, არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ., ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გულისხმობს მასობრივ არეულობაში რიგით მონაწილეობას. ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ცემაში, დაცული ობიექტის კარის შემტვრევასა და იქ ძალდატანებით შეღწევაში, სხვისთვის ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რბევის დროს კი ორგანიზებული ძალადობის მონაწილეებმა შეიძლება შენობა-ნაგებობებში ან ქუჩებში განლაგებული ნივთები სტიქიურად მიყარ-მოყარონ ან დააზიანონ. ჯგუფურ ძალადობას შეიძლება თან ახლდეს იარაღის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლისადმი, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნული დანაშაული არის ფორმალური შემადგენლობის, ვინაიდან არაა აუცილებელი, ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს მოჰყვეს მძიმე შედეგი, იგი დამთავრებულია მაშინ, როცა ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას თან ახლავს სხვადასხვა ქმედება, მაგალითად, ძალადობა, რბევა და სხვა.
14. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ასევე კრიმინალიზებულია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დანაშაული გულისხმობს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების გამო, პირის პოტენციური დაზარალებულის დევნას. მითითებული ქმედება სახეზეა დევნის განხორციელების მომენტიდან და არ არის აუცილებელი, შედეგის - კონკრეტული რაიმე სახის ზიანის დადგომა. ამ დანაშაულის ჩადენისას დამნაშავეს სურს დაზარალებულის დევნა კონკრეტულ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების გამო, ამასთან, ვინაიდან დევნა ფორმალური დანაშაულია, იგი დამთავრებულია დევნის განხორციელების მომენტიდან, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა შედეგი. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო მე-17 მუხლის მიხედვით: ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია აღნიშნულ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მსჯავრდებულების - ა. ა–ის, გ. ო–სა და გ. ე–ს ბრალეულობას მათთვის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან მსჯავრდებულთა ქმედებებში არ გამოიკვეთა მითითებული დანაშაულებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი უცვლელად დატოვა, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
16. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
17. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას მსჯავრდებულების: ა. ა–ს, გ. ო–სა და გ. ე–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის უსამართლობისა და ზედმეტად ლმობიერების შესახებ. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: ორივე ინსტანციის სასამართლომ, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულებმა მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილი უდავოდ ცნეს, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი გარემოებების (დანაშაული ჩადენილია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით), ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, ძალადობის ინტენსივობისა და ფორმის გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრეს ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დამძიმება.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი