საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2023
საქმის ნომერი
2კ-475აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100121004955990

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №475აპ-23 ქ. თბილისი

შ. გ. 475აპ-23 9 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. შ–სეს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

1.3. ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. გ. შ–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და 2021 წლის 13 ივნისს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს – 9 მმ კალიბრის „SUR-BRT M9“ მოდელის №....... პისტოლეტს და გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას – ,,Parabellum 1908 წლის“ ნიმუშის 6 ვაზნას, რაც 2021 წლის 13 ივნისს, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, ფ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.

2.2. გ. შ–სემ 2021 წლის 13 ივნისს, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, ფ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, სავაჭრო ობიექტის მუშაობისა და საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეფერხებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც გამოხატა იქ მყოფი საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემლობა.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენით გ. შ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ. შ–სეს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

3.5. გ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 13 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. შ–ს ადვოკატებმა – ნ. დ–მ და პ. ბ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გ. შ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელმაც მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–ს ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელიც ითხოვს გ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულ გ. შ–ს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილში, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილში და საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილში) გამართლება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მხარეთა საკასაციო საჩივრების არ არსებობის, ბრალდების ფორმულირების და საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასამართლო არ იხილავს განსახილველი ქმედების კვალიფიკაციის საკითხს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, მოწმე კ. ბ–ს (ხ–ს რაიონული სამმართველოს უ–ს პოლიციის განყოფილების უფროსი) ჩვენებას, რომ 2021 წლის 13 ივნისს ავტომანქანით მოძრაობდა გამომძიებელ ნ. ა–სთან ერთად. სოფ. ფ–ს ცენტრში, მაღაზია ,,დ–ს“ მიმდებარედ, გაიგო ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლის ხმა, იმავდროულად, შეამჩნია ხალხის ჩოჩქოლი, კერძოდ, ადამიანები გარბოდნენ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე შენიშნა, რომ კონფლიქტის მონაწილე რამდენიმე მამაკაცი შევიდა მაღაზია „..........ის“ გვერდით, ფ-ს ქ. №..-ში მდებარე ლუდის ბარში. აღნიშნულის გამო, თავადაც წავიდა ლუდის ბარისაკენ. ეზოში დაინახა კონფლიქტში მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტის მსგავსი ნივთი. იგი ლუდის ბარში შებრუნდა, შესაბამისად, თავად კ. ბ–ც შევიდა ბარში. საპირფარეშოსთან დაინახა, რომ აღნიშნულმა ახალგაზრდა მამაკაცმა (შავი ფერის პისტოლეტით ხელში) პისტოლეტი და მჭიდი გადააგდო საპირფარეშოს ფანჯრიდან, შესაბამისად, კ. ბ–მ იგი ადგილზე დააკავა. დაკავებული აღმოჩნდა გ. შ–სე. კ. ბ–მ ნ. ა–ს დაავალა შეტყობინების გაკეთება, შემთხვევის ადგილის დაცვა და დამხმარე ჯგუფის გამოძახება.

10.1. გამომძიებელ კ. ბ–ს ინფორმაცია დაადასტურა მოწმე ნ. ა–მ, მათ შორის, იმ ნაწილში, რომ 2021 წლის 13 ივნისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, კ. ბ–სთან ერთად პოლიციის მანქანით სოფ. ფ-ს ცენტრში, მაღაზია ,,დ–ს“ მიმდებარედ, მოძრაობისას მოხდა განსახილველი შემთხვევა. მანვე დამატებით განმარტა, რომ მიღებული დავალების შესაბამისად, მომხდარის შესახებ შეატყობინა ხ–ს რაიონულ სამმართველოს, მოითხოვა დამხმარე ჯგუფი და, იმავდროულად, გავიდა ლუდის ბარის უკან, სადაც ნახა, რომ მიწაზე ეგდო პისტოლეტი და ვაზნები, შესაბამისად, დამხმარე ჯგუფის მისვლამდე უზრუნველყო შემთხვევის ადგილის დაცვა.

10.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 13 ივნისის ოქმის თანახმად, ,,..........ის“ შენობის უკანა მხარეს, კედლიდან დაახლოებით ერთ მეტრში აღმოჩნდა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, რომელსაც მარჯვენა მხარეს აქვს წარწერა „SUR-BRT M9“ №............. შენობის კედლიდან, დაახლოებით, 10 სმ. მანძილის დაშორებით, აღმოჩნდა მოშავო მჭიდის მსგავსი საგანი, რომელშიც მოთავსებულია 5 ცალი ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი ამოღებული, შეფუთული და დალუქული იქნა.

10.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ა–ს ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 14 ივნისის დასკვნის თანახმად:

- იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრიანი „SUR-BRT M9“ მოდელის №.............. პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;

- ხუთი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრიანი, ,,Parabellum 1908“ წლის ნიმუშის ვაზნები. განკუთვნილია 9 მმ კალიბრიანი უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის და ექსპერტიზაზე წარდგენილი №............. პისტოლეტისთვის. ხუთივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისთვის;

- ორი მასრა, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრიანი ,,Parabellum 1908“ წლის ნიმუშის ვაზნების შემადგენელი ნაწილი მასრები. განკუთვნილი 9 მმ კალიბრიანი უცხოური წარმოების პისპოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ორივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და მათგან ერთი მასრა გასროლილია 9 მმ კალიბრიანი №.............. პისტოლეტიდან, ხოლო მეორე მასრა არ არის გასროლილი ............... პისტოლეტიდან;

- ერთი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და ,,სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე ....., ..., .... პისტოლეტებისათვის. ერთი ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. ერთი ვაზნა არ არის განკუთვნილი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი №.......... პისტოლეტისათვის.

10.4. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ა–ს ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2021 წლის 18 ივნისის დასკვნის თანახმად, მჭიდის ზედაპირზე გამოვლენილი ხელის თითის ერთი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვალი გ. შ–ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშის იდენტურია.

11. კასატორი საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და დამაგრებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ი, კერძოდ, კონვერტში დისკებთან ერთად არ აღმოჩნდა ის კონვერტი, რომელშიც აღნიშნული დისკები თავდაპირველად მოთავსდა.

11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის შუამდგომლობა ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, ფ....ს ქუჩა №..-ში განთავსებულ რ. ბ–ს მაღაზიდან ამოღებულ ,,დ–ს“ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი ბაზიდან ინფორმაციის – 2021 წლის 13 ივნისის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის პერიოდში განხორციელებული ვიდეო კამერის ჩანაწერების - გამოთხოვის თაობაზე (ტ. N1; ს.ფ 235-239);

11.2. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2021 წლის 16 ივნისის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა გამოითხოვა ზ/ა ინფორმაცია, რაც ჩაწერა დისკებზე და დალუქა კონვერტში ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს 26/12 ბეჭდით, კონვერტს დაესვა საქმის ნომერი, თარიღი და ხელმოწერები. ოქმი ხელმოწერილია გამომძიებლების - გ. ფ–სა და ე. შ–ს მიერ.

11.3. 2021 წლის 16 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ა–ს ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ხ–ს სამმართველოს უ–ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ. ფ–მ, ა–ს პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე. შ–ს მონაწილეობით, გახსნა და დაათვალიერა 2021 წლის 16 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის დროს ხ–ს რაიონული სამმართველოს 26/12 ბეჭდით დალუქული კონვერტი, რომელშიც აღმოჩნდა 2 დისკი. ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ: დისკზე არსებული ვიდეოფაილები გადაწერა კომპიუტერის მეხსიერების დისკზე, შემდგომში დაცვის მხარისათვის გაცვლის მიზნით, რის შემდეგაც ორი ცალი დისკი მოთავსდა კონვერტში და დაილუქა 26/12 ბეჭდით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

11.4. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დალუქული კონვერტის გახსნისას, მასში არ აღმოჩნდა კონვერტი, რომელშიც თავდაპირველად იყო მოთავსებული დისკები, ვიდეოჩანაწერები მოპოვებულია საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად. იმავდროულად, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის მოპოვებული მტკიცებულების შინაარსს და მისი არგაზიარების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველადი შესაფუთი მასალა არ მოთავსდა კონვერტში, თუმცა სადავოდ არ ხდის ჩანაწერის ავთენტიკურობას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არსებითად დაირღვა აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებისა და დამაგრების წესი.

12. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საზღვარგარეთ მყოფი დ. ტ-ს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ მან განცხადებით ითხოვა სხდომაზე დაკითხვა, ამასთან დ. ტ. მზად იყო დისტანციურად ჩართულიყო პროცესზე (ტექნიკურად მოეწესრიგებინა უცხოეთიდან სასამართლოზე ჩართვის საკითხი), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის დანაწესის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, ს–ში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს; მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.

12.1. მოცემულ შემთხვევაში დ. ტ–ზე არ იმყოფებოდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, კასატორის განცხადებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე მისი გამოკითხვის გზით მოპოვებული ინფორმაციის ( გამოკითხვის ოქმის) გამოქვეყნების საფუძველს, ხოლო მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საქართველოს სსსკ-ის ამავე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.

12.2. აღნიშნულ საკითხთან და ასევე დაცვის მხარის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მოწმე მ. მ–მ არაერთხელ მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ითხოვა ხელმეორედ დაკითხვა, მაგრამ მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ აღნიშნული მოწმეების (დ. ტ–სა და მ. მ–ს) გამოკითხვის ოქმსა და ჩვენებას. სასამართლო, ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმე კ. ბ–ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია სს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის – ისეთ ობიექტურ მტკიცებულებასთან, როგორიცაა ვიდეოჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნები, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის არასწორად აღქმას ან მოწმეთა მიერ ქმედებების სუბიექტურ გაგებას/შეფასებას. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეთა, მათ შორის, მოწმე კ. ბ–ს ჩვენების სარწმუნოებაში.

13. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: საქმის ფარგლებში არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და სასამართლომ ბრმად გაიზიარა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი არის გ. შ–ე; ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას ვერ დადგინდა იქ მყოფ პირებს შორის რომელიმეს ეჭირა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე გ. შ–ს მხრიდან გასროლა; კ. ბ–ს ავტომანქანაში არ ჩანს ნ. ა–ე, მაშინ, როცა, მათი ინფორმაციით, ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ასევე დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ არ გამოკითხულან ან/და დაკითხულან დაზარალებულად ცნობილი - ბ–ე და კ–ა, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს და მეორე მხრივ იმ გარემოებას, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი).

13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია და დაადასტურებდა რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი არ არის გ. შ–ე; სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

14. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევისა და დასკვნით ნაწილში ექსპერტი იარაღის განსახვავებულ ნომერს/მოდელს უთითებს, რის გამოც, ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იარაღი წარედგინა და რა იარაღი გამოიკვლია ექსპერტმა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

14.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 13 ივნისის ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთები (ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, მოშავო მჭიდის მსგავსი საგანი, რომელშიც მოთავსებულია 5 ცალი ვაზნა) დაილუქა შსს სპეც. პაკეტში, ლუქის ნომრით .... ერთ პაკეტად;

14.1.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული ოქმის თანახმად, ამოღებულ შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღის მსგავს საგანს მარჯვენა მხარეს აქვს წარწერა – „SUR-BRT M9“ №.................

14.2. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ა–ს ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 14 ივნისის №... დასკვნის (ექსპერტი – რ. ბ–ე) თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ორი პაკეტი, მათ შორის – პაკეტი, ლუქის ნომრით – ............ აღნიშნული პაკეტის გახსნას ესწრებოდნენ დაქტილოსკოპიური და ქიმიური ექსპერტიზის მთავარი ექსპერტები. პაკეტში აღმოჩნდა - იარაღი, მჭიდი და ქაღალდის კონვერტში არსებული 5 ცალი ვაზნა. ამავე დასკვნის თანახმად, პაკეტების დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ იყო.

14.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის თანახმად, იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრიანი „SUR-BRT M9“ მოდელის №............ პისტოლეტი; ხუთი ვაზნა განკუთვნილია, მათ შორის – ექსპერტიზაზე წარდგენილი №............ პისტოლეტისთვის. დასკვნის თანახმად, პაკეტ №..-ში მოთავსებული ორი მასრის (ობიექტი №.., №..) შედარებისას წარმოდგენილ №.. პისტოლეტიდან გასროლილ ექსპერიმენტალურ მასრებთან დადგინდა, რომ წარმოდგენილი ერთი მასრა (ობიექტი №..) გასროლილია 9 მმ კალიბრიანი №.............-... პისტოლეტიდან, ხოლო მეორე მასრა არ არის გასროლილი №.............. პისტოლეტიდან; ერთი ვაზნა არ არის განკუთვნილი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი №............... პისტოლეტისათვის.

14.4. ამდენად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა სწორედ შემთხვევის ადგილზე ამოღებული საგნები, მათ შორის – იარაღი, ხოლო იარაღის ნომერი, რიგ შემთხვეაში, არის ტექნიკურად არაზუსტად მითითებული, კერძოდ, ნაცვლად №.............., მითითებულია – №................ საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომის 2022 წლის 1 მარტის ოქმის თანახმად, მოწმე – რ. ბ-ს ექსპერტიზის დასკვნა ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებად, შესაბამისად, იგი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა მოწმის სახით (სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა 2.44) და დაცვის მხარეს არ დაუსვამს კითხვები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც, მისი აზრით, იარაღთან, იარაღის ნომერთან თუ მოდელთან მიმართებით ბადებდა გარკვეულ ეჭვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს გამოკვლეულ იარაღთან დაკავშირებით დაცვის მხარის ვარაუდებს.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი