დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №44I -23 თბილისი
გ-ი გ., 44I -23 20 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ პ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. გ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მაისის განაჩენით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. გ. გ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ათვლა დაეწყო ამ განაჩენის მიღების დღიდან – 2021 წლის 20 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადად ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მაისის განაჩენით შეფარდებული პენიტენციურ დაწესებულებაში ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული გ. გ-ი 2022 წლის 7 მარტს პატიმრობიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 2 თვითა და 20 დღით ადრე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 4 წლით, 2 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენითა და გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან – 2023 წლის 24 თებერვლიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა ი. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. გ-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენი მხარეებს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.
7. 2023 წლის 29 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა პ. გ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე და 287-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრა, კერძოდ, განაჩენის მე-19 გვერდის პირველი აბზაცის – „სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2 თვითა და 20 დღით ადრე, 2022 წლის 7 მარტს“ – ამოღება. ადვოკატი უთითებს, რომ ამ პერიოდში გ. გ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა და განაჩენში არ უნდა ეწეროს ეს დრო. ადვოკატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება გავლენას არ მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო მსჯავრდებულ გ. გ-ის სამართლებრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-73-ე მუხლების შესაბამისად. ადვოკატმა სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. გ-ს ეცნობა მისი სასჯელის დასრულების თარიღი – 2026 წლის 24 თებერვალი; ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილი საშეღავათო ვადა – 2025 წლის 24 მაისი და ამავე კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი საშეღავათო ვადა – 2025 წლის 24 თებერვალი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ პ. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
9. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა პ. გ-მა, რომელიც შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებითა და არგუმენტებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. ამასთან, ადვოკატმა მიუთითა, რომ დაცვის მხარე საქმის არსებითი განხილვისას გამართლების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში ყურადღებას ვერ გაამახვილებდა იმ უზუსტობასა და ბუნდოვანებაზე, რაც შემდგომ მნიშვნელოვნად იმოქმედებდა მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. აღნიშნული გარემოება გამოვლინდა სასჯელის აღსრულების პროცესში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს, ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ:
ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;
ბ) შეასწოროს პროცესის მონაწილის პერსონალური მონაცემები;
გ) დააზუსტოს და გაანაწილოს საპროცესო ხარჯები;
დ) გადაწყვიტოს მტკიცებულებათა საკითხი;
ე) დააზუსტოს ქონებაზე ყადაღის საკითხი;
ვ) შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენში არ იკვეთება ბუნდოვანება-უზუსტობა. ამასთან, ადვოკატის მიერ მითითებული გარემოებები არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან, ხოლო ამ მოცემულობით – გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის მოთხოვნის განხილვის ფარგლებში – აღნიშნული განაჩენის კანონიერების შემოწმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ პ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ პ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე