შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.07.2024
საქმის ნომერი
2კ-303აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007067220

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №303აპ-24 ქ. თბილისი

ღ. ლ. 303აპ-24 19 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – ლ. ღ–ს, ა. ჩ–ს და ლ. ბ–ს მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. ლ. ღ-ს, – დაბადებულს 1... წელს, (პ/ნ №........) - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა;

1.2. ა. ჩ–ს, – დაბადებულს 1... წელს, (პ/ნ №...........) – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა;

1.3. ლ. ბ–ს, – დაბადებულს 1... წელს, (პ/ნ N...........) – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ლ. ღ–ს, ა. ჩ–სა და ლ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის იანვარში, ლ. ღ–ს და ა. ჩ–მ პ. ჩ–ს ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს – 9000 ლარის გადახდა, რისთვისაც განუსაზღვრეს ორკვირიანი ვადა. 2023 წლის 9 თებერვალს, ლ. ღ.და ა. ჩ–ე ქ. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ პ. ჩ–ს, რომელიც ჩასვეს ა. ჩ–ს კუთვნილ ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომერი .....), რომელსაც მართავდა ლ. ბ–სე. ავტომანქანაში ლ. ღ.და ა. ჩ–ე პ. ჩ–ს დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, სცემეს თავის და ტანის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მოსთხოვეს – 20.000 ლარის გადახდა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ მისი და ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით;

2.2. 2023 წლის 9 თებერვალს, ა. ჩ–ს კუთვნილ ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომერი ......), რომელსაც მართავდა ლ. ბ–სე, ლ. ღ–ს და ა. ჩ–მ პ. ჩ–ს გამოძალვის მოტივით, სცემეს თავის და ტანის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პ. ჩ–ს სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად;

2.3. 2023 წლის 9 თებერვალს, ლ. ღ.და ა. ჩ–სე ქ. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ პ. ჩ–სს, რომელიც ჩასვეს ა. ჩ–ს კუთვნილ ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომერი ......), რომელსაც მართავდა ლ. ბ–ე. ავტომანქანაში ლ. ღ.და ა. ჩ–ე პ. ჩ–ს დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, სცემეს თავის და ტანის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მოსთხოვეს – 20.000 ლარის გადახდა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ მისი და ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით.

ლ. ბ–მ ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული - ლ. ღ–სა და ა. ჩ–ს მიერ პ. ჩ–ს მიმართ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტი, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ლ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ლ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან, 2023 წლის 15 თებერვლის 19:19 საათიდან;

3.3. ა. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში:

3.3.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ჩ–სეს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ა. ჩ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2023 წლის 15 თებერვლის 19:19 საათიდან;

3.5. ლ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში:

3.5.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ლ. ღ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ლ. ღ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ლ. ღ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 3130 ლარი და საბოლოოდ, ლ. ღ–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. ლ. ღ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2023 წლის 15 თებერვლის 19:19 საათიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:

4.1. მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ბ–მ ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. ჩ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა;

4.2. მსჯავრდებულ ლ. ღ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ჩ–მ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ლ. ღ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება;

4.3. მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ბ-მ ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება და ლ. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა;

4.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ლ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით და ითხოვეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ლ. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენში. კერძოდ,5.1. ლ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი;

5.1.1. მსჯავრდებულ ლ. ბ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2023 წლის 15 თებერვლიდან;

5.2. ა. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.2.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით -1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ჩ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 4 თვე;

5.2.4. მსჯავრდებულ ა. ჩ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან – 2023 წლის 15 თებერვლიდან;

5.3. ლ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.3.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.3.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ღ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 8 თვე;

5.3.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ლ. ღ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლის ვადით;

5.3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 3130 ლარი და საბოლოოდ, ლ. ღ–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 8 თვე;

5.3.7. მსჯავრდებულ ლ. ღ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 15 თებერვლიდან;

5.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულებს - ლ. ბ–ს, ა. ჩ–ს და ლ. ღ–ს დაეკისრათ მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, კონტროლი მათ ყოფაქცევაზე და დახმარება, დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილებას და ლ. ბ–ს, ა. ჩ–ს და ლ. ღ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენში და ლ. ღ–ს, ა. ჩ–სა და ლ. ბ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას. კასატორის მტკიცებით, ლ. ღ. იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვისათვის, ხოლო ლ. ბ–ე და ა. ჩ–ე წარსულში ნასამართლევი არიან განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; მსჯავრდებულები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით ახროციელებდნენ დაზარალებულის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებას და შესაბამისად, გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემობა; ამასთან, მსჯავრდებულებს არ უღიარებიათ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ისინი მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაეთანხმნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და არ მოუთხოვიათ მათი გამოკვლევა. დანაშაულებრივი ქმედება გახსნილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულების ლ. ღ–სა და ა. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ლ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი დაზარალებულ პ. ჩ–ს და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, გამოთხოვილი ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

5. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე.

6. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ღ. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლობის მქონე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განაჩენით), შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ღ–ს საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6.2. ლ. ბ–სე საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლობის მქონე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით), შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ბ–სეს საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6.3. ა. ჩ–სე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას (2023 წლის 9 თებერვალს) იყო ნასამართლობის არ მქონე, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის N...... განკარგულებით, აღუდგა ჩამორთმეული უფლებები და მოეხსნა ნასამართლობა. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 500 ლარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 16 თებერვლის წერილის თანახმად ა. ჩ–სემ გადაიხადა 2015 წლის 23 ივლისს და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაუქარწყლდა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის – ჯარიმა 500 ლარის - მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მიუთითებს მსჯავრდებულების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით დაზარალებულის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას.

7.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დამამძიმებელი გარემოების (დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით) სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებისთვის, აუცილებელია სს საქმის მასალებში წარმოდგენილი იყოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოღებულა და სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ლ. ღ–სა და ა. ჩ–ს არ ედავება პ. ჩ–ს მიმართ გამოძალვის ჩადენისას სიცოცხლის მოსპობის მუქარას იარაღის გამოყენებით (პირის ბრალდების ფორმულირებაში არ არის მითითებული დანაშაულის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენაზე).

8. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა (ხანგრძლივობა) ლ. ღ–ს და ა. ჩ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ლ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, ლ. ღ–სა და ლ. ბ–ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის ხანგრძლივობა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

8.1. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულებმა უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულების ლ. ღ–ს, ლ. ბ–სა და ა. ჩ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან სასამართლო ასევე არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულ მსჯელობას და მიდგომას - მსჯავრდებულ ლ. ღ–ს მიერ გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ როდესაც არ არსებობს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს შორის ურთიერთმიმართების არარსებობის შესახებ.

10. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ლ. ღ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში (იხ.: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვული სააგენტოს 2023 წლის 16 თებერვლის წერილი ტ. 3, ს.ფ. 81-82).

11. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი გამოსაცდელ ვადაში პირობით მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ გამონაკლისის სახით - მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი ცალსახად და ამომწურავად განსაზღვრავს გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საგამონაკლისო წესს - ერთადერთ შემთხვევაში - თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხსენებული ნორმა ეხება ზოგადად პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის გამოყენებას, რაც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სისტემური, ტელეოლოგიური და გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მოიცავს დანიშნული სასჯელის როგორც სრულად (საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე), ისე ნაწილობრივ (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე) პირობითად ჩათვლას. საწინააღმდეგო განმარტება არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ძირითად არსსა და მიზანს. შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა (საპროცესო შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - დაუშვებელია ( მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განაჩენი საქმეზე N 525აპ-22, II-9; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განჩინება საქმეზე N 369აპ-23, II-14).

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი არ მიემართება ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას და კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი, გარდა პირობითი მსჯავრის გამონაკლის შემთხვევაში გამოყენების წესისა, ასევე არეგულირებს პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენისას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის დანიშვნის წესს, რაც მიემართება არა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის, არამედ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ პირობით მსჯავრსაც. შესაბამისად, გაუგებარია, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმგვარი განმარტება, რაც უშვებს მისი პირველი და მეორე წინადადებების გავრცელებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, ხოლო მსგავს მიდგომას გამორიცხავს მესამე წინადადებასთან მიმართებით ( საქართველოს უზენაესი სასამარტლოს 2022წლის 11 ივლისის განაჩენი საქმეზე N525აპ-22, II-10).

13. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მსჯავრდებული ლ. ღ.აკმაყოფილებდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ არსებობდა მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების ფაქტი.

14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობა (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21): ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ ლ. ღ., ა. ჩ–ე და ლ. ბ–ე თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან (დანაშაულებრივი ქმედება გახსნილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად); მსჯავრდებულები: ლ.ღ., ა. ჩ–ე და ლ. ბ–ე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე არ სცნობდნენ თავს დამნაშავედ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი 13:09:43 – 13:13:40); საქმის არსებითი განხილვის 2023 წლის 3 მაისის სხდომაზე ლ. ღ.და ა. ჩ–სე იყენებდნენ დუმილის უფლებას, ხოლო ლ. ბ–ე თავს არ ცნობდა დამნაშავედ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს ნ2023 წლის 3 მაისის სხდომის ოქმი 11:11:08-11:13:48), მსჯავრდებულები პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მხოლოდ დასკვნითი და საბოლოო სიტყვების ეტაპზე დაეთანხმნენ ადვოკატების პოზიციას, რომლებმაც მიუთითეს რომ ბრალდებულები: ლ. ღ., ა. ჩ–ე და ლ. ბ–ე აღიარებდნენ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, რაც ვერ შეფასდება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი საქმეზე N 444აპ-23, II- 6.1; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება N 878აპ-22, პარ. 10). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულების – ლ. ღ–ს, ა. ჩ–სა და ლ. ბ–ს მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ლ. ბ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. სასჯელის მოხდის ვადა ლ. ბ–სეს აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან, 2023 წლის 15 თებერვლიდან;

5. ა. ჩ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში:

5.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ჩ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. სასჯელის მოხდის ვადა ა. ჩ–სეს აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან – 2023 წლის 15 თებერვლიდან;

8. ლ. ღ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

8.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ლ. ღ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ლ. ღ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ლ. ღ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ლ. ღ–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით;

11. სასჯელის მოხდის ვადა ლ. ღ–ს აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან, 2023 წლის 15 თებერვლიდან;

12. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი