შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123006839388
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1298აპ-24 ქ. თბილისი
პ. ვ. 1298აპ-24 19 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუასა და მსჯავრდებულ ვ. პ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. პ-ს, – პირადი ნომერი 0..., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 1995 წლიდან – 2021 წლის სექტემბრამდე ი. მ. ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. პ-სთან და ჰყავთ საერთო შვილი – ე. პ. თანაცხოვრების დაწყებიდანვე, მათ შორის, 2022 წლის 28 ივლისიდან დღემდე, თ., ს-ს ქუჩა N-, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, ვ. პ. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მეუღლის ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე – ი. მ-ზე. კერძოდ, ამცირებდა, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც, ეს უკანასკნელი თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა ტანჯვას;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ვ. პ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. 2021 წლის 2 სექტემბერს, საღამოს საათებში, თ., ს-ს ქუჩის N-, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მეუღლის ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ვ. პ-მ მეუღლეს – ი. მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ორივე ხელის მაჯისა და ყელის არეში ხელები ძლიერად მოუჭირა. შედეგად, ი. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ვ. პ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3. 2021 წლის 2 სექტემბერს, საღამოს საათებში, თ, ს-ს ქუჩის N-, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. პ. მეუღლეს – ი. მ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც ი. მ-მ რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა;
1.3.1. აღნიშნული ქმედებით ვ. პ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით;
1.4. 2022 წლის ივნისის შუა რიცხვებში, თ. , თ. ხიდზე ავტომანქანით გადაადგილებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მეუღლის ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ვ. პ-მ მეუღლეს – ი. მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ფეხი ძლიერად დაარტყა მარცხენა ფეხის არეში. შედეგად, ი. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.4.1. აღნიშნული ქმედებით ვ. პ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.5. 2022 წლის 28 ივნისს, შუადღის საათებში, თ. ს-ს ქუჩის N-, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მეუღლის ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ვ. პ-მ მეუღლეს – ი. მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი მკლავებზე და აჯანჯღარა. შედეგად, ი. მ-მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
1.5.1. აღნიშნული ქმედებით ვ. პ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.6. 2022 წლის 28 ივნისს, შუადღის საათებში, თ.-, ს-ს ქუჩის N-, ბინა N-ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. პ. მეუღლეს – ი. მ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც ი. მ-მა რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1.6.1. აღნიშნული ქმედებით ვ. პ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენით:
2.1. ვ. პ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ვ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათით;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათით;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათით;
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა –180 საათით;
2.1.5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათით;
2.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. პ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ. პ-ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 170 საათით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დავის მხარეებმა, კერძოდ:
3.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მედეა ცირამუამ მოითხოვა ვ. პ-ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში და მისთვის სასჯელის სახედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.2. მსჯავრდებულ ვ. პ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ს-მ მოითხოვა ვ. პ-ს სრულად გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი მედეა ცირამუა ითხოვს ვ. პ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ყველა ქმედებისათვის და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
5.2. მსჯავრდებულ ვ. პ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ნ. ს. ითხოვს ვ. პ-ს უდანაშაულოდ ცნობას.
6. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, ვ. პ-მ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა დაასრულა 2024 წლის 26 ივლისს.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ვ. პ-ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენაში, რომლის ჩადენაშიც გასაჩივრებული განაჩენით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ასევე მის მიმართ სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის სახედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას; ხოლო კასატორი დაცვის მხარე ითხოვს ვ. პ-ს უდანაშაულოდ ცნობას მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ვ. პ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ვ. პ. უნდა გამართლდეს – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს – გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე მითითება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 82-ე მუხლებისა და მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მტკიცებით სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს ვ. პ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხული მითითებული დანაშაულების ჩადენას, ხოლო 2021 წლის 2 სექტემბრის ძალადობის ეპიზოდის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას.
4. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ვ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ვ. პ-ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება – დაზარალებულის ჩვენება, რომელიც უთითებს მეუღლის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო სისტემატურ შეურაცხყოფაზე, არ დასტურდება სხვა რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებით (მოწმეთა ნაწილი უთითებს, თუმცა, ვერ აღწერენ ქმედების სისტემატურობას); იმავდროულად, არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ვ. პ-ს ქმედებებით ი. მ-ს ტანჯვის განცდას, რაც დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია.
5.2. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), დაზარალებულის ჩვენების გარდა არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, – გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ვ. პ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
7. რაც შეეხება კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას ვ. პ-ს სრულად უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, კერძოდ, მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:
7.1. დაზარალებულ ი. მ-ს ჩვენებას, რომ 1995 წლიდან 2022 წლის 14 ნოემბრამდე იმყოფებოდა ქორწინებაში ვ. პ-სთან. მათ შორის პრობლემები დაიწყო დაახლოებით 1998 წლიდან. პირველი კონფლიქტი ვ. პ-ს უმუშევრობასთან დაკავშირებით საუბარს მოჰყვა, რა დროსაც ვ. პ-მ 1-2-ჯერ დაარტყა თავში (14:04:40). ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო 2019 წლიდან. 2019-2021 წლებში ცხოვრობდნენ ერთად ფორმალურად, რეალურად, არანაირი კონტაქტი, მათ შორის, ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონიათ, მეუღლე აიგნორებდა, ძირითადი მიზეზი იყო მის მიერ მარიხუანას მოხმარება (14:06:30). 1998-2003 წლებში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე ჰქონდათ კონფლიქტი, მაგალითად, იმის გამო, რომ პური ვერ დაჭრა სათანადოდ, 10 ცალი კვერცხი დედის თანდასწრებიით ჩაარტყა თავში, რაც ეტკინა და შეურაცხყოფილი იყო. შემდეგ ბოდიში მოუხადა და აპატია (14:07:30). 2019 წელს შეიცვალა, სავარაუდოდ, მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებაზე იყო დამოკიდებული, სახლში მხოლოდ მაშინ მიდოდა როცა უნდოდა. სამსახურში წაყვანასაც ამადლიდა, რის გამოც ფეხით დადიოდა სამსახურში. არსებული მდგომარეობა შეატყობინა ვ. პ-ს და-ძმას (14:10:00). რამდენჯერმე თავად ვ. პ-სთან სცადა დალაპარაკება და პრობლემის მოგვარება, მაგრამ მისი მხრიდან პასუხად იღებდა აგდებულ დამოკიდებულებას (14:11:45). მუდმივად იყო დამცირებული (14:12:50). 2021 წლის 28 აგვისტოს მათი კონფლიქტი გაღრმავდა, ვინაიდან მოისმინა ვ. პ-ს და მისი საყვარლის საუბარი, რაც ვ. პ-ს არც დაუმალავს და აღნიშნულთან დაკავშირებით ეუბნებოდა: ,,აბა შენ რა გეგონა, შენ გიყურო, 3 წელია ზედაც არ გიყურებ, შენ რა ქალი ხარ”. აჩვენებდა ქალის სურათებს, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა. თავს დამცირებუალად გრძნობდა (14:12:50; 15:13:40). სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი და მეუღლეს უთხრა, წასულიყო სახლიდან იმ ქალთან, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც ვ. პ-მ უპასუხა, რომ აღნიშნული მისი საქმე არ იყო (14:15:20).
7.1.1. რამდენიმე დღეში – 2021 წლის 2 სექტემბერს – იმავე საკითხზე კონფლიქტისას ვ. პ-ს შესთავაზა გაშორებულიყვნენ, რაზეც უარით – ეს ჩემი სახლია და მე აქ უნდა ვიყო – უპასუხა, ხელები მოკიდა ძლიერად, აჯაჯგურა, წაუჭირა ხელი კისერზე და ახრჩობდა. ამ დროს ძლიერი ტკივილის გამო, დაუძახა გვერდითა ოთახში მყოფ შვილს – ე-ს, რათა მისულიყო და დაერეკა საპატრულო პოლიციაში, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა გაუშვა ხელი (14:16:12). პოლიციას (არ სურდა, რომ დაეღუპა) ან სამედიცინო დაწესებულებას არ მიმართა. ყელი ჰქონდა გაწითლებული და სტკიოდა, ასევე – ხელებიც (15:01:15). აღნიშნულის შემდეგ დაურეკა ვ. პ-ს დას – ნ. პ-ს, რათა გაეყვანა სახლიდან, ვინაიდან ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, რაც ძალადობის ფონზე აღიქვა რეალურად (15:00:38). იმის გამო, რომ, შესაძლოა, რაიმე მომხდარიყო, რომ არ შესულიყო პოლემიკაში და სიტუაცია განეიტრალებულიყო, წავიდა ძმასთან. ცოტა ხანში დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ მამამისი გავიდა სახლიდან და ი. მ-ს შეეძლო სახლში დაბრუნება (14:17:10). ე. თავის ოთახში იყო და მათ ვერ ხედავდა, მხოლოდ ოთახიდან შეშინებული ყვიროდა, გაჩერებულიყვნენ, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა ხელი გაუშვა. მაშინ, როცა დერეფანში გამოვიდა, ვ. პ-ს ხელი გაშვებული ჰქონდა (14:18:27). სახლში დაბრუნებულმა, გამოცვალა გასაღები და 4 თვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. აღნიშნულის შემდეგ საერთო ნაცნობმა – ზ. კ-მ უთხრა, რომ ვ. პ. ძალიან განიცდიდა მომხდარს და შერიგებულიყვნენ. თავად ვ. პ-მც დაურეკა და სთხოვა შერიგება. ისაუბრეს შვილის თანდასწრებით. მან წაუყენა პირობები, რომ შეურიგდებოდა და მომავალში აღარ აპატიებდა: შეურაცხყოფებს, ხელის შეხებას (რაც არაერთგზის გაუკეთებია), ღალატს, მარიხუანას მოხმარებას (14:19:07). აღნიშნულის შემდეგ, 2022 წლის 22 მაისს ნიკოლოზობის დღესასწაულის აღსანიშნავად იყვნენ სტუმრად, სადაც მასპინძელთან ერთად მოწია მარიხუანა. ვ. პ-მ იმავენაირად გააგრძელა თანაცხოვრება, ისე გადიოდა სახლიდან არ ეუბნებოდა (შეიძლება ე-სთვის ეთქვა), მის შეკითხვაზე, თუ სად იყო, არ პასუხობდა. თუ კი დაზარალებული სადმე მიდიოდა – ვ. პ-ს არ მოსწონდა (მათ შორის, 2009 ან 2010 წელს სტუმრად ყოფნისას ურეკავდა გინებით, სახლში მისულს, წიხლები დაარტყა (14:21:13)).
7.1.2. 2022 წლის ივნისის დასაწყისში ი. მ-მა გააქირავა ა-ში მდებარე ბინა, რა დროსაც ვ. პ-მ უთხრა, რომ მის მეგობარს სურდა აღნიშნულ სახლში მისვლა, რაზეც უპასუხა, რომ 10 ივნისს გათავისუფლდებოდა ბინა და მისი მეგობრები შეძლებდნენ სტუმრობას (14:24:50). 2022 წლის 9 ივნისს დაურეკა მეუღლეს და სთხოვა სამსახურში მიეკითხა მისთვის, ვ. პ-მ მძიმედ უპასუხა. როდესაც მიაკითხა, ავტომანქანაში დახვდა ძალიან გაბრაზებული. მიზეზთან დაკავშირებით უპასუხა, რომ არ სიამოვნებდა მისთვის სამსახურში მიკითხვა. გარდა ამისა, უთხრა, რომ ა-ს ბინას აქირავებდა და მას არ აძლევდა – ,,ფულს მიტეხავ”. ი. მ-მა შეახსენა ოჯახური ხარჯები (იპოთეკური სესხი, ბინის რემონტის ხარჯები და ა.შ. რომლებსაც ახმარდა შემოსავლებს) და ჰკითხა, თავად რას აკეთებდა, მისივე (ი. მ-ს) პასუხის – არაფერს – შემდეგ, თ. ხიდზე გააჩერა ავტომანქანა და უთხრა, გადასულიყო (,,ჩაეთრიე”), მისი უარის შემდეგ კვლავ გაუმეორა, რომ გადასულიყო, რის შემდეგაც იმ დროს, როდესაც აპირებდა ავტომანქანიდან ჩასვლას, მარცხენა ფეხში ჩაარტყა წიხლი (მომაყოლა პანღური) და გადააგდო ავტომანქანიდან. შედეგად განიცადა ტკივილი ფეხის არეში. სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდი სტკიოდა. იმავდროულად, ჰქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს მთელი თბილისი მას უყურებდა, თავს გრძნობდა დამცირებულად (14:25:43). ამ ფაქტზე არც პოლიციისა და არც სამედიცინო დაწესებულიებისთვის მიუმართავს, რადგან არ იყო ისეთი ხარისხის დაზიანება, თუმცა ტკივილი იგრძნო (15:05:21). ძმას მოუყვა მომხდარი ძალადობის შესახებ. მან შეამჩნია ყელზე სიწითლე. ასევე ხელები ჰქონდა გაწითლებული (15:07:38). ვინაიდან ე-ს არ დაუნახავს ძალადობის ფაქტი, იყო არასრულწლოვანი და, იმავდროულად, ბავშვს არ სურდა გამოკითხვა, უარი განაცხადა მის გამოკითხვაზე (15:08:51).
7.1.3. აღნიშნულის შემდეგ, 2022 წლის 28 ივნისს გადაწყვიტა, რომ მათი ერთად ცხოვრება არ შეიძლებოდა, ვინაიდან, ზოგადად, ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, მათი შვილიც იყო დაძაბული, და მეუღლეს შესთავაზა ბინა გაეყიდათ, გაეყოთ და დაშორებულიყვნენ. ვ. პ-მ ჰკითხა ა--ის ბინაზე რატომ არ ეუბნებოდა არაფერს, რაზეც უთხრა, რომ აღნიშნული ბინა იყო ბავშვის და არა მისი (ვ. პ-ს). აღნიშნულზე ვ. პ. გამოექანა გავეშებული, თვალებაწითლებული, გიჟივით, ებრდღვნა ორივე ხელში და აჯანჯღარებდა ისე, რომ ,,ლამის კისერი მოსძვრა”. ეტკინა კისერი და მკლავები, როგორ დაუსხლტა, არ იცის. შევიდა თავის ოთახში და სარკეში საკუთარი თავის შეეშინდა (იყო სახეზე გაფითრებული, შავი თვალებით). გადაწყვიტა, რომ მისი აღნიშნულ მდგომარეობაში ყოფნა უნდა დასრულებულიყო, იმავდროულად ეშინოდა, რადგან არ იცოდა ვ. პ. კიდევ რას იზამდა, მით უფრო, განადგურებითა და დედის უფლების ჩამორთმევის მუქარის პირობებში, დარეკა საპატრულო პოლიციაში. პოლიციელებმა გამოწერეს შემაკავებელი ორდერი და ვ. პ. გაიყვანეს (14:29:30). შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ – 2022 წლის 29 თუ 30 ივლისს – ვ. პ. მივიდა სახლში. პოლიციამ უთხრა, რომ მას არ ჰქონდა მსჯავრდებულის სახლში არშეშვების უფლება, თავად კი ფიქრობდა, რომ ვ. პ. არ მივიდოდა. მისვლის შემდეგ მას პროტესტი არ განუცხადებია და განაგრძეს თანაცხოვრება (14:31:30; 15:14:44). აღნიშნულიდან რაღაც პერიოდში მეუღლეს სთხოვა, თავისი ავტომანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი, რაზეც მსჯავრდებულმა უპასუხა, რომ არ იცოდა სად იყო მაშინ, როცა ჯიბეში უნდა ჰქონოდა. დაახლოებით 2 წუთში აგინა, აფურთხა და გავიდა. ფიქრობდა, რომ საპატრულო პოლიციაში დაერეკა, მაგრამ სამსახურში აგვიანდებოდა (14:32:00). დაახლოებით 2 კვირაში სტუმრად მივიდა ი. მ-ს დედა, რომელიც ზამთრის პერიოდში მათთან იმყოფებოდა ხოლმე. ვ. პ. შეუვარდა და უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინა მათი ბინა, რადგან იქ მისი ადგილი არ იყო (14:33:20).
7.1.4. 2022 წლის ივნისის შემდეგ პერიოდში ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარები (სამსახურს დაგაკარგვინებ; სამსახურით მუდმივად აშანტაჟებდნენ. ადვოკატმა მიმართა მინისტრს კითხვებით, რას მოღვაწეობდა, ჰქონდა თუ არა გადაცდომები, როგორ დაწინაურდა და ა.შ.) იყო (14:34:15). საპატრულო პოლიციას დასახმარებლად მიმართა იმიტომ, რომ მისი მეუღლე იმდენად აგრესიული ხდებოდა, რომ ეშინოდა. შვილი მუდმივად საყვედურობდა, რატომ შეურიგდა (14:35:30). ფსიქოლოგიური ძალადობა 2022 წლის 28 ივნისიდან გრძელდებოდა ვიდრე ერთად ცხოვრობდნენ – 2022 წლის დეკემბრამდე (14:37:05; 14:53:00). ფსიქოლოგიური ძალადობის სიხშირესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მსჯავრდებულმა იცის მისი სუსტი წერტილი და თვეში რამდენჯერმე ახვედრებდა დაბინძურებულ სამზარეულოს, ჯამში ნაჭამ საჭმელს და სხვა (14:38:37). სიტყვიერი შეურაცხოფა გამოიხატებოდა დამცირებაში, გინებაში, ეუბნებოდა: ,,- არაქალი ხარ”. სქესდაკარგულ ქალად თვლიდა, აღნიშნულს არ ეუბნებოდა, მაგრამ აგრძნობინებდა – ,,არანაირი ურთიერთობა ჩემთან არ ჰქონდა” (14:39:30). თვითშეფასება დაუქვეითდა, მუდმივად ტიროდა, ხალხში გამოჩენის შიში ჰქონდა, საძინებელს კეტავდა, რადგან ესიზმრებოდა, რომ თავზე დაადგა, სამსახურებრივ საქმიანობაშიც ეტყობოდა და უფროსი ჩააყენა საქმის კურსში, მათ შორის, უთხრა, რომ თუკი რაიმე მოუვიდოდა, პირველი მტერი მისი მეუღლე იყო (14:40:45). მუდმივი შიში ჰქონდა, ფიქრობდა, რომ დაძინებული ვერ გაიღვიძებდა, არ იცოდა, რა უბედურება დატრიალდებოდა, ამიტომ პოლიციას დაუკავშირდა. კრიზისული ცენტრიდან დაუკავშირდნენ და შვილთან ერთად დადიოდნენ. კმაყოფილები იყვნენ, რადგან რწმენა დაუბრუნდა (14:43:07). ეუბნებოდა: ,,- მეზიზღები, ვინ ხარ? საიდან მოხვედი? გაგანადგურებ!” (14:45:30). ა-ის სახლი დედამ აჩუქა და შემდეგ – ბოლო პერიოდში – უკან დაუბრუნა (14:54:25). სამართლებრივი/სამოქალაქო დავა არ აქვს (14:56:39). ზოგიერთი შემაკავებელი ორდერები გაუქმდა, რასაც არ ეთანხმებოდა, თუმცა არ გაუსაჩივრებია, ვინაიდან არ აქვს დროის რესურსი და არც სურს, ამ სიღრმეებში შევიდეს. განცხადებით მოითხოვა დამცავი ორდერის გაუქმება, ვინაიდან გამოცემა ნოემბერში მოითხოვა, ხოლო პროცესი იანვარში გადაიტანეს, შემდეგ დაიწყო გამოძიება და აზრი დაკარგა (14:57:05).
7.1.5. დაზარალებულმა მიუთითა, რომ სურს მსჯავრდებული მისგან შორს იყოს. როგორც ეკუთვნის, ისე დაისაჯოს, გონივრულად, სავარაუდოდ, მსუბუქად – არ უნდა შვილმა მამა ციხეში იხილოს (14:46:13).
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების – თ. ჩ-ს, კ. მ-ისა და ნ. მ-ს ჩვენებებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.
8.1. მოწმე თ. ჩ-მა განმარტა, რომ 2021 წლის სექტემბერში დაურეკა აღელვებულმა ი. მ-მა და სთხოვა, სახლთან მიეკითხა. ადგილზე მისვლისას ი. მ. იყო აღელვებული, უთხრა, რომ მეუღლესთან მოუვიდა სერიოზული კონფლიქტი, იჩხუბეს და მეუღლემ მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა (12:18:21; 12:19:30; 12:26:38; 12:31:30) და სთხოვა ძმასთან – კ. მ-სთან წაყვანა. იგი იყო ემოციურ მდგომარეობაში და ტიროდა (12:21:57). მათი კონფლიქტის მიზეზი არ იცის, თუმცა მანამდეც არეული ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ კონკრეტული მიზეზი არ ახსოვს (12:19:50). ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, ზუსტად რა უთხრა, არ ახსოვს, რაც ახსოვს – ყელთან ხელი წაუჭირა (12:20:30; 12:32:45). ი. მ-ს სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალთან დაკავშირებით განმარტა – ,,მე არ დავკირვებივარ, არ შემიმოწმებია მისი სხეული, შესაბამისად, არ მახსოვს საერთოდ“ (12:22:24). მოწმემ დააზუსტა, რომ დაზიანება არ შეუმჩნევია, თუმცა ბუნდოვნად ახსოვს, რომ ი. მ-მა მოყოლის დროს კისერთან ხელი მოიჭირა (12:29:10). ძმასთან მიყვანისას ცოტა ხნით აჰყვა სახლში. იგი იყო აღელვებული და ერთსა და იმავეს ყვებოდა (მეუღლემ, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ჰქონდათ მძიმე კონფლიქტი (12:23:03)).
8.2. მოწმე კ. მ--მ განმარტა, რომ დაზარალებული ი. მ. არის მისი და, ხოლო ვ. პ. – ყოფილი სიძე. მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებით, განმარტა, რომ 2001, 2002 ან 2003 წლებში გაღიზიანებულმა დამ დაურეკა და დახმარება სთხოვა. მათ ახლადშეძენილ სახლში მიაკითხა. ადგილზე მისულმა, ნახა, რომ ი. მ-ს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ტუჩიდან სისხლი სდიოდა. კ. მ-მ კისერზე შეამჩნია სიწითლე (12:22:40). მოწმემ დააზუსტა, რომ აღნიშნულ დღეს დაურეკა დამ და მივიდა ნამტირალევი, გაღიზიანებული და მოუყვა მომხდარის შესახებ, შემდეგ თავადაც დააკვირდა და შეამჩნია სიწითლე (12:23:34; 12:24:12; 12:34:13). ურჩია, სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა, ვინაიდან ორი ჩაქცევა ჰქონდა, თუმცა ი. მ-მა თავი შეიკავა, ვინაიდან მიზეზი უნდა დაეფიქსირებინა საჯაროდ, რაც არ უნდოდა (12:34:36). მათ შორის კონფლიქტის მიზეზი არ იცის, არ ჩაჰკითხვია დას, – შესაძლოა, ფინანსური საკითხი იყო (11:23:50). ის გაესაუბრა სიძეს, თუმცა, მომხდართან დაკავშირებით, პასუხი არ მიუღია (12:39:23). უთხრა, რომ ფიქრობდა შერიგებაზე, შემდეგ კი უთხრა, რომ არ აპირებდა დალაპარაკებას და რაიმეს გარკვევას (12:24:38). უშუალოდ ძალადობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ შერიგდნენ, თუმცა 2022 წელს კვლავ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. მას თავად ვ. პ-მ დაურეკა და აცნობა, რომ მისმა დამ საპატრულო პოლიციაში დარეკა, ხოლო მის კითხვაზე, რატომ დარეკა, უპასუხა: ,,- არ ვიცი, გიჟია და დარეკა“.
8.3. მოწმე ნ. მ-მ განმარტა, რომ არის დაზარალებულ ი. მ-ს დედა. მას მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონიათ, რაც მისთვის არ იყო ცნობილი, ვიდრე პოლიციაში არ განაცხადა დაზარალებულმა. ვ. პ. სულ ამცირებდა დაზარალებულს. იგი თავადაც შესწრებია ვ-ს მიერ დაზარალებულისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას რამდენჯერმე 2022 წელს. ამავე წლის ნოემბერში ან დეკემბერში, შეესწრო მეუღლეებს შორის წარმოშობილ კონფლიქტს, რომელიც უკავშირდებოდა ქონებრივ დავას. 2022 წელს, რომ არ ჩასულიყო შვილთან მსჯავრდებული მას მოკლავდა. ა-ში მდებარე ბინა აჩუქა დაზარალებულს, თუმცა ისევ უკან დაიბრუნდა.
8.4. მოწმე ქ. ე-მ (პატრულ-ინსპექტორი) განმარტა, რომ 2022 წლის 28 ივნისს, ოჯახური ძალადობის ფაქტის შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ინიციატორი იყო ი. მ., რომელსაც სატელეფონო კომუნიკაციისას ეტყობოდა აღელვება. ადგილზე მისვლისას, სახლში დახვდა ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ფაქტის დროს სახლში არ იმყოფებოდა. დაზარალებული იყო აღელვებული და ნამტირალავი ხმით განუცხადა, რომ მეუღლემ ქონებრივ დავასთან წარმოშობილი კონფლიქტის დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. ინიციატორის მიერ გაცხადებული ინფორმაცია და მისი ემოციური მდგომარეობა გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. მოწმისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილებით.
8.5. მოწმე ზ. ლ-ს (პატრულ-ინსპექტორი) ჩვენების თანახმად, 2022 წლის 25 დეკემბერს, მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი მოძალადე ვ. პ-ს მიმართ. მსხვერპლთან გამოკითხვისას გამოიკვეთა როგორც ფიზიკური, ასევე – ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, მან განუცხადა, რომ ძალადობა წარსულშიც ყოფილა, ადგილი ჰქონდა სისტემატური ხასიათის სიტყვიერ შეურაცხყოფებს, თუმცა მსხვერპლს გაცხადებული არ ჰქონდა პოლიციისთვის. საუბრისას დაზარალებული იყო ემოციურ მდგომარეობაში და უჭირდა ამბების გადაცემა. მან აცნობა, რომ მოძალადე აკონტროლებდა და ემუქრებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მოსამართლემ ბათილად ცნო აღნიშნული ორდერი, ვინაიდან ჩათვალა, რომ წარსულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია იყო და ახალი ფაქტები არ დასტურდებოდა.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20). მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოწმეები – თ. ჩ. და კ. მ. უშუალოდ ფაქტს – ძალადობას – არ შესწრებიან, თუმცა გარდა დაზარალებულის ემოციური მდგომარეობისა, იმავდროულად, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, დაადასტურეს დაზარალებულ ი. მ-ს მიერ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად მოწოდებულ ინფორმაციასთან თანხვდენილი გარემოებები. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების მსგავსად, მოწმე კ. მ-მ განმარტა, რომ 2021 წელს მასთან მივიდა მისი და – ი. მ. , რომელიც იყო ნამტირალევი და გაღიზიანებული. მოუყვა მომხდარის შესახებ. დას შეამჩნია სიწითლე. ურჩია სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა, ვინაიდან დაზიანება ჰქონდა, თუმცა ი. მ-მა თავი შეიკავა, ვინაიდან არ უნდოდა მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტი საჯაროდ მოეყოლა. თავის მხრივ, მოწმე თ. ჩ-მ განმარტა, რომ 2021 წლის სექტემბერში დაურეკა დეიდამ – ი. მ-მა და სთხოვა ძმასთან წაყვანა. ადგილზე მისვლისას ი. მ. იყო აღელვებული, უთხრა, რომ მეუღლესთან მოუვიდა სერიოზული კონფლიქტი, იჩხუბეს და მეუღლემ მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა. იგი იყო ემოციურ მდგომარეობაში და ტიროდა. ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ზუსტად რა უთხრა, არ ახსოვს, რაც ახსოვს – ყელთან წაუჭირა ხელი. ი. მ-ს სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალთან დაკავშირებით, მოწმემ დააზუსტა, რომ დაზიანება არ შეუმჩნევია, თუმცა ბუნდოვნად ახსოვს, რომ ი. მ-მა მეუღლის მიერ ყელის არეში ხელებით მოჭერის შესახებ მოყოლისას, კისერთან მოიკიდა (მოიჭირა) ხელი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს ვ. პ-მ მეუღლეს – ი. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ი. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
11. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გარემოებას, რომ ვ. პ-მ 2022 წლის ივნისის შუა რიცხვებში და 2022 წლის 28 ივნისს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა, ხოლო 2021 წლის 2 სექტემბერსა და 2022 წლის 28 ივნისს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი მამხილებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენაზე, არის დაზარალებულს ჩვენება. კერძოდ:
11.1. 2022 წლის ივნისის შუა რიცხვებში, თ. , თ. ხიდზე მომხდარ ძალადობასთან მიმართებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა;
11.2. 2022 წლის 28 ივნისს, შუადღის საათებში, თ. , ს-ს ქუჩის N-, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, შესაძლო მომხდარ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მოწმე ქ. ე-ს (პატრულ-ინსპექტორი) ჩვენება, თუმცა მოწმემ მიუთითა, რომ დაზარალებული იყო აღელვებული და ნამტირალები და განუცხადა, რომ მეუღლემ ქონებრივ დავასთან წარმოშობილი კონფლიქტის დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა.
11.2.1. ვ. პ-ს მიმართ 2022 წლის 28 ივნისს გამოცემულ №... შემაკავებელი ორდერის ოქმში, სავარაუდო ძალადობის ფაბულაში მითითებულია, რომ ,,მოძალადემ მსხვერპლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიურად იძალადა“; ოქმის მე-12 პუნქტში მითითებულია, რომ ,,სიტყვიერად მიაყენა შეურაცხყოფა“; ასევე ძალადობის ფორმაში მონიშნულია მხოლოდ – ფსიქოლოგიური; შემაკავებელ ოქმში არ არის მითითებული სხვა ინფორმაცია ძალადობასთან დაკავშირებით.
11.3. 2021 წლის 2 სექტემბერსა და 2022 წლის 28 ივნისს შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით უთითებს ასევე მხოლოდ დაზარალებული და, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს შესაძლო ძალადობისას ბინაში, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის გარდა, ასევე იმყოფებოდა მათი შვილი, იგი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა.
11.4. ამდენად, ვ. პ-ს მიერ ი. მ-ს მიმართ ძალადობა (როგორც 2022 წლის ივნისის შუა რიცხვის, ისე 2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდში) და მუქარა (როგორც 2021 წლის 2 სექტემბერის, ისე 2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდის), ასეთის არსებობის შემთხვევაში, დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი მამხილებელი ჩვენებით. სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება ვ. პ-ს მიერ აღნიშნულ ეპიზოდებში დანაშაული/ების ჩადენის მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია.
11.5. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ვ. პ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
12. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) მსჯავრდების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. პ-ს ედავება ი. მ-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მეუღლის ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ვ. პ-მ მეუღლეს ორივე ხელის მაჯისა და ყელის არეში ძლიერად მოუჭირა ხელები.
13. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ სადავო საკითხთან, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც დანაშაულის თითოეულ ნიშანს დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ამასთან, „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, აღნიშნული დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით (მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მეუღლის ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა) ჩადენის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას. აღნიშნული არ დაადასტურა არც დაზარალებულმა, რომელიც მეუღლესთან მომხდარ, სხვადასხვა კონფლიქტის მიზეზად უთითებს: მეუღლის უმუშევრობას, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, ჯამიდან ჭამას, გაშორების მოთხოვნასა და ამ ფონზე ქონების გაყოფის საკითხებს და სხვა. უშუალოდ 2021 წლის 2 სექტემბერის ეპიზოდთან დაკავშირებით კონფლიქტის მიზეზის თაობაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ 2021 წლის 28 აგვისტოს მათი კონფლიქტი გაღრმავდა, ვინაიდან მოისმინა ვ. პ-ს და მისი საყვარლის საუბარი. მეუღლეს უთხრა, წასულიყო სახლიდან იმ ქალთან, ვისთანაც ურთიერთობდა, ვ. პ-მ უპასუხა, რომ აღნიშნული მისი საქმე არ იყო. რამდენიმე დღეში – 2021 წლის 2 სექტემბერს – იმავე საკითხზე კონფლიქტისას, მსჯავრდებულს შესთავაზა გაშორებულიყვნენ, რაზეც მან უარით – ეს ჩემი სახლია და მე აქ უნდა ვიყო – უპასუხა, ხელები მოკიდა ძლიერად, აჯაჯგურა, წაუჭირა ხელი კისერზე და ახრჩობდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ. პ-ს დამნაშავედ ცნობისათვის – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
15.1. ამდენად, ვ. პ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ აღნიშნულ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენაზე მითითება.
16. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
17. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
18. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს, მათ შორის, სასჯელის რესოციალიზაციის (სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას) და ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანს, რომელიც ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
19. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს: ვ. პ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (სახეზეა ფართოდ გავრცელებული ოჯახური დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ვ. პ-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახურ გარემოში); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაერღვია ოჯახის წევრის სიმშვიდე და მყუდროება); იმ გარემოებას, რომ ვ. პ. წარსულში არ არის ნასამართლევი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვ. პ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და უზუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ. პ-ს , პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით) უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახეს და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 90 საათით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).
19. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვ. პ-ს მიმართ არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ვ. პ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში ვ. პ-ს მიმართ შევიდეს ცვლილება:
3.1. ვ. პ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ვ. პ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. ვ. პ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.4. ვ. პ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.5. ვ. პ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4. ვ. პ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათით;
5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ. პ-ს , პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით), შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათით, რაც, დღეის მდგომარეობით, მოხდილია;
6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი