ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 02.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1085აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100123006739730

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1085აპ-25 ქ. თბილისი

ო-ი ვ., 1085აპ-25 2 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. შ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ვ. ო–ს – პირადი ნომრით ......, – ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

ვ. ო–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2022 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ. ქ.... ა....- მყოფ შ. გ–ეს მობილური ტელეფონის ნომერზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ვ. ო–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც შ. გ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2. 2022 წლის აგვისტოში, ქ. ქ. .... ჭ....ის გამზირზე მყოფ შ. გ–ეს მობილური ტელეფონის ნომერზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ვ. ო–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც შ. გ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2022 წლის ივლისში, შ. გ–ეს მობილური ტელეფონის ნომერზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ვ. ო–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც შ. გ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ვ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ვ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ვ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2024 წლის 12 ნოემბრიდან;

2.4. ვ. ო–ს აეკრძალა დაზარალებულ შ. გ–ესთან, როგორც პირადად, ასევე მესამე პირების მეშვეობით, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების, ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით; ვ. ო–ს აეკრძალა დაზარალებულ შ. გ–ის საცხოვრებელ, სამუშაო, ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება, ასევე – პირადად დაზარალებულთან მიახლოება.

2.5. დამცავი ორდერი გამოიცა 3 თვით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. შ–მ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვ. ო–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მსჯავრადშერაცხილ სამივე ეპიზოდში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. შ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ვ. ო–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე და 275-ე მუხლებს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ვ. ო–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას.

3.1. კასატორი საჩივარში უთითებს დაზარალებულის მიკერძოებულობაზე, თუმცა არ ასაბუთებს კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული. ამასთან, კასატორი ითხოვს ვ. ო–ის უდანაშაულოდ ცნობას მსჯავრადშერაცხილ სამივე ეპიზოდში, თუმცა არ უთითებს თითოეულ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით განაჩენის დასაბუთებულობა/კანონიერებაზე.

4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. შ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2022 წლის 22 ნოემბრის N.... მომართვით (ტ. 1, ს.ფ. 38) დგინდება, რომ:

5.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულების სამორიგეო ცვლა ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ განხორციელებული ზარების რაოდენობის აღრიცხვას (მაგრამ არ ახდენენ მსჯავრდებულთა მიერ განხორციელებული ზარების ადრესატის აღრიცხვას);

5.2. ...... ტელეფონის ნომერი მიეკუთვნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N-- პენიტენციურ დაწესებულებას, აღნიშნული ტელეფონის ნომრიდან მსჯავრდებულები ახორციელებენ ზარს კანონით დადგენილი წესით. მსჯავრდებულმა ვ. ო–მა მითითებული ტელეფონის ნომრიდან განახორციელა ზარი 2022 წლის 2 ნოემბერს დაახლოებით 13:20 საათიდან 13:30 საათამდე; 2022 წლის აგვისტოს თვეში განახორციელა 10-ჯერ სატელეფონო ზარი, ხოლო ივლისის თვეში 7-ჯერ; .......... ტელეფონის ნომერი მსჯავრდებულს პირადი განცხადების საფუძველზე დაფიქსირებული აქვს სატელეფონო ნომრების სიაში.

5.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 2022 წლის 21 ნოემბრის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა/ამოღება არ განხორციელდა არც მოგვიანებით.

5.4. მოქმედი საქართველოს სსსკ-ი მტკიცებულებათა დასაშვებობას უკავშირებს, მათ შორის მტკიცებულების მოპოვებისათვის საქართველოს სსსკ-ით დადგენილი ფორმის/წესის დაცვას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

6. საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“.

7. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის N-- დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი ახორციელებს მსჯავრდებულთა სატელეფონო კომუნიკაციის აღრიცხვას ჟურნალში, შესაბამისად, 2022 წლის 22 ნოემბრის N.... მომართვაში მითითებული ინფორმაციის – პენიტენციური დაწესებულებიდან ვ. ო–ის მიერ განხორციელებული ზარების შესახებ - მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით დადგენილი წესით.

8. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ, ვ. ო–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის სამტკიცებლად, წარმოდგენილი მამხილებელი მტკიცებულების (ვ. ო–ის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ) მოპოვება არ იქნა განხორციელებული საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესის დაცვით (სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ინფორმაციის ამოღების შესახებ სასამართლოს ex antre/ ex poste განჩინება)- შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის, 72-ე და 82-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2022 წლის 22 ნოემბრის №... მომართვაში მითითებული ინფორმაცია.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ვ. ო–ისათვის წარდგენილი ბრალდება ემყარება: №... და №... შეტყობინებებს, №... შემაკავებელ ორდერს/ ოქმს, დაზარალებულის ჩვენებას, ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმს, ტელეფონის დათვალიერების 2022 წლის 2 ნოემბრის ოქმს.

10. შეტყობინებები – №... ქ........ის სამორიგეო ნაწილიდან, ქ.......ის უფროსს მ. გ–ს გადასცემენ, რომ ზარის ინიციატორ შ. გ–ის ცნობით, რომლის ტელეფონის ნომერია ......., ადგილი აქვს ინტიმურ პარტნიორებს შორის სიტყვიერი ხასიათის არეულობას, იმყოფება ქ.... ა....ში) და №... ქ.............ის სამორიგეო ნაწილიდან, ქ.............ის უფროსს მ. გ–ს გადასცემენ, რომ სახაზო საპატრულო სამსახურის ,,...“ საპატრულო ეკიპაჟიდან რ. კ–ს ცნობით, ქ.... ა....თან მდებარე ,,ს–ს“ ობიექტის თანამშრომელმა - 1... წელს დაბადებულმა შ. გ–ემ განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე - 1... წელს დაბადებული ვ. ო–ი ,,გ–ს“ ციხეში იხდის სასჯელს, საიდანაც მობილური ტელეფონის საშუალებით ემუქრება სიცოცხლის მოსპობით) ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

11. №... შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი (რომლის თანახმად, 2022 წლის 2 ნოემბერს, შ. გ–ეს მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე ვ. ო–ი N.. პენიტენციური დაწესებულებიდან, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით) არ შეიცავს ინფორმაციას ვ. ო–ისათვის ბრალადწარდგენილი მუქარის 2022 წლის ივლისისა და აგვისტოს ეპიზოდების შესახებ.

12. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმი აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით არარელევანტურია, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში მოწმის ჩვენება არამხოლოდ ირიბია ვინაიდან, მოწმე აღნიშნული ინციდენტის/ების შემსწრე არ არის ((ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოწმის განმარტებით, მას შ. გ–ე მოუყვა ყოფილი მეუღლის ვ. ო–ის მხრიდან წარსულში ციხიდან დარეკვის, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ), არამედ მოწმის ჩვენებით ვერ დგინდება ( მოწმე არ აზუსტებს) წარსულში კონკრეტულად როდის (დროის რა პერიოდში) დაემუქრა ვ. ო–ი შ. გ–ეს.

13. დაზარალებულმა შ. გ–ემ განმარტა, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს დაახლოებით 13:30 საათზე იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ციხიდან დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ვ. ო–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ უთხრა, რომ როდესაც ციხიდან გამოვიდოდა მოკლავდა, არ აცოცხლებდა და ბავშვები მასთან დარჩებოდნენ, რის გამოც შეეშინდა. 2022 წლის აგვისტოში, როდესაც იმყოფებოდა სახლში ... ჭ–ის N..ში, ციხიდან დაურეკა ვ–მა და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც შეეშინდა. ვ–ი ბრალს სდებდა, რომ შვილებს მასთან საუბარს უკრძალავდა, თუმცა, მათ 14 წლის გოგონას თავად არ სურს მამასთან საუბარი, რადგან მისგან კარგი არაფერი ახსოვს. ბავშვებს ხშირად ეუბნება, რომ მამას ესაუბრონ, მაგრამ ისინი მამასთან საუბარზე უარს აცხადებენ. ვ-მა ივლისის თვეშიც დაურეკა ციხიდან და ყელის გამოჭრით დაემუქრა, ამ დროს თავად ბ... იმყოფებოდა. მუქარის შეეშინდა, რადგან ვ-ი 15 წლის მანძილზე სულ სცემდა. ყოფილ მეუღლეს ეუბნებოდა, რომ ბავშვების ტელეფონზე დაერეკა, თუმცა მაინც მასთან რეკავდა. დაზარალებულის შეფასებით, ზარების მიზანი იყო ჰქონოდა მეუღლის შიში, რომ როდესაც ციხიდან გამოვიდოდა მოკლავდა. როგორც ახსოვს ვ--ი ...... ნომრიდან ურეკავდა ხოლმე, მას მხოლოდ იმიტომ პასუხობდა რომ ბავშვების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. პირველი და მეორე მუქარის შემდეგ პოლიციას იმიტომ არ მიმართა, რომ ჩათვალა ვ–ი დამშვიდდებოდა და აღარ დაურეკავდა. ვ–ი 2017 წელს დააკავეს და მიზეზი იცის, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ სურს, ვ–ის მიმართ შიში სულ ჰქონდა, მაგრამ 2017 წლამდე პოლიციას ვერ მიმართა, რადგან ამის შესაძლებლობა და გამბედაობა არ ჰქონდა.

14. ტელეფონის დათვალიერების 2022 წლის 2 ნოემბრის ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, დაზარალებულ შ. გ–ის მონაწილეობით ჩატარდა მისივე ტელეფონის დათვალიერება. დათვალიერების შემდეგ კი, გამომძიებელმა ფოტოსურათები გადაუღო გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციას.

14.1. ამდენად, ბრალდების მხარემ დაზარალებულის ტელეფონში არსებული ინფორმაცია მოიპოვა დათვალიერებით (დაზარალებულის თანხმობით დაასურათა, ამობეჭდა და დაურთო დათვალიერების ოქმს (იხ. ტ.1, ს.ფ.10-14)), არ განხორციელებულა დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით მოპოვება – გამოთხოვის გზით. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში შენახული ინფორმაციის მოპოვება დათვალიერების გზით, საქართველოს სსსკ-ში აღნიშნულის მომწესრიგებელი სპეციალური საგამოძიებო მოქმედების – საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვის – არსებობის პირობებში დაუშვებელია (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 16 იანვრის N1001აპ-25; 2022 წლის 28 დეკემბრის N909აპ-22; 2022 წლის 10 აგვისტოს N670აპ-22).

14.2. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ვ. ო–ის მსჯავრდებისათვის გამოიყენოს დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოსურათები და მათში ასახული ინფორმაცია.

15. ამდენად, ვ. ო–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დასტურდება მხოლოდ დაზარალებულ შ. გ–ის პირდაპირი ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2022 წლის აგვისტოსა და ივლისში, როდესაც ვ. ო–მა დაურეკა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შეეშინდა, თუმცა პოლიციას არ მიმართა, რადგან ჩათვალა, რომ ვ–ი დამშვიდდებოდა და აღარ დაურეკავდა.

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა სახეზეა, როდესაც კუმულატიურად არსებობს ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ: მოქმედება (მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით) და აღნიშნულით, მუქარის ადრესატში, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა/გაჩენა. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმის გარეშე. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ობიექტური ან/და სუბიექტური სტანდარტით დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულმა რეალურად აღიქვა მუქარის შინაარსი და გაუჩნდა მისი განხორციელების/ აღსრულების საფუძვლიანი შიში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება N 992პ-22).

17. სასამართლო ითვალისწინებს ვ. ო–ისათვის ბრალადწარდგენილი - ივლისისა და აგვისტოს მუქარის ეპიზოდების შემდგომ დაზარალებულ შ. გ–ის ქცევას, ასევე იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება/დასტურდება დაზარალებულის მიერ აღნიშნული მუქარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად აღქმა (მაგალითად, საგამოძიებო ორგანოსთვის/კერძო პირისთვის აღნიშნულის შესახებ შეტყობინება და ა.შ.).

18. შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები: სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ვ. ო–ის მიერ განხორციელებული ზარების შესახებ ინფორმაცია და დაზარალებულ შ. გ–ის ტელეფონზე შესული ზარების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესის არსებითი დარღვევით, რის გამოც სასამართლო მოკლებულია მათი გაზიარების სამართლებრივ შესაძლებლობას, – მხოლოდ დაზარალებულის მამხილებელი ჩვენება, აღნიშნულ ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი)) ვ. ო–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელი სხვა არც ერთი კანონიერად მოპოვებული პირდაპირი/გარემოებითი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, – გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს ვ. ო–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულების (2022 წლის ივლისისა და აგვისტოს ეპიზოდები) ჩადენას.

19. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

20. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დგინდება ვ. ო–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლისის ივლისისა და აგვისტოს ეპიდოზები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

21. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენში და ვ. ო–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

22. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ვ. ო–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ შ. გ–ის ჩვენებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი №... და №... შეტყობინებებით, მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმით, №... შემაკავებელი ორდერით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ო–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

23. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენებას, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად, შ. გ–ესთან ერთად დასაქმებულია ქ. ქ.... ა....ში მდებარე საცხობში. 2022 წლის 2 ნოემბერს, სამსახურში ყოფნის დროს, დაახლოებით 13:00 საათიდან - 13:30 სათამდე დროის მონაკვეთში, შ-ს ტელეფონზე დაურეკეს, რა დროსაც იგი ა....ენაზე საუბრობდა. შეატყო, რომ შ.. ტელეფონზე საუბრისას ძალიან ნერვიულობდა, რაც მას სახეზე და ხმის ტემბრზეც ეტყობოდა. როდესაც საუბარი დაასრულა, შ... მოუყვა, რომ ციხიდან ყოფილმა მეუღლემ ვ. ო–მა დაურეკა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც ძალიან შეშინებული იყო, ასევე უთხრა, რომ ყოფილი მეუღლე მოკვლას უპირებდა. შ.. დაამშვიდა, რის შემდეგაც, დახმარების მიზნით მან დარეკა პოლიციაში. შ-მ ასევე მოუყვა, რომ ყოფილ მეუღლეს ვ. ო–ს წარსულშიც რამდენჯერმე დაურეკავს ციხიდან, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

23.1. მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ირიბია დაზარალებულის სატელეფონო საუბრის შინაარსის ნაწილში (სატელეფონო საუბრის შემდგომ შ-მ უთხრა, რომ მეუღლე დაემუქრა მოკვლით), პირდაპირია აღნიშნული სატელეფონო საუბრისას/შემდგომ დაზარალებულ შ. გ–ის ემოციური მდგომარეობის ნაწილში – მან პირადად ნახა, რომ ტელეფონზე საუბრისას შ. გ–ე ძალიან ნერვიულობდა, რაც მას სახეზე და ხმის ტემბრზეც ეტყობოდა, რის გამოც მოწმემ დარეკა პოლიციაში.

24. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი №... შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2022 წლის 2 ნოემბერს, შ. გ–ეს მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე ვ. ო–ი N.. პენიტენციური დაწესებულებიდან, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 16-20).

25. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 და 2025 წლის 3 დეკემბრის N 614აპ-25განჩინებები). „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, par. 69, ECtHR, 18/06/2021; Lisica v. Croatia, no. 20100/06, par. 49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, paras.162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, paras. 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, paras. 56-58, ECtHR, 14/09/2019).

26. დაზარალებულ შ. გ–ის ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი/გარემოებითი მტკიცებულებებით (მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმით და №... შემაკავებელი ორდერით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ო–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

27. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ვ. ო–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) ბრალადწარდგენილ ქმედებებში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში –დარჩეს უცვლელად.

28. ვ. ო–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე ნამსჯელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენში.

29. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით ვ. ო–ისათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, არ ვრცელდება ამნისტია.

29.1. ვ. ო–ის მიმართ გამოცემულ დამცავ ორდერთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დამცავ ორდერში არ არის მითითებული დაზარალებულის საცხოვრებელი ადგილი, რომელთან მიახლოებაც ეკრძალება ვ. ო–ს. იმავდროულად, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, ამასთან დაცვის მხარე არ ითხოვს დამცავი ორდერის დაზუსტებას – საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკორექტიროს დამცავი ორდერის პირობები.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. შ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ვ. ო–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

4. ვ. ო–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

5. ვ. ო–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

7. ვ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს - 2024 წლის 12 ნოემბრიდან;

8. განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის დამცავი ორდერის ნაწილში) დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე