საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100123007985048
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1141აპ-25 ქ. თბილისი
ვ–ი ს., 1141აპ-25 29 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ვ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ს. ვ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის ივლისში, დაახლოებით 23:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში ს. ვ–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ბავშვის ავადმყოფობაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ვ–მა ხელები დაარტყა თავისა და ტანის არეში ორსულ მეუღლეს − ბ. ნ. ქ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი – ვ. ფ. ქ–ჩი.
ü 2023 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში ს. ვ–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ბავშვისთვის საფენის მიტანაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ს. ვ–მა სახისა და მუცლის არეში მუშტი დაარტყა მეუღლეს − ბ. ნ. ქ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში ს. ვ–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, პირადობის მოწმობებზე მომხდარი შელაპარაკებისას ს. ვ–მა მუშტი დაარტყა მარცხენა თვალში, მარჯვენა ბარძაყის არესა და მარჯვენა ხელზე მეუღლეს − ბ. ნ. ქ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში ს. ვ–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, პირადობის მოწმობებზე მომხდარი შელაპარაკებისას ს. ვ–ი დანის დემონსტრირებითა და ვერბალურად მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს − ბ. ნ. ქ–ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ს. ვ–ი, – დაბადებული 19..წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ს. ვ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ს. ვ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ს. ვ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მისი დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
ს. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ს. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ს. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) − საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2023 წლის 24 აგვისტოდან 2023 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ს. ვ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: პროკურორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს არა მხოლოდ ბრალდების გამამტყუნებელ ეპიზოდებს, არამედ − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებსაც.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ვ–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებშიც, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ს. ვ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება აღნიშნული ბრალდებებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, სახელდობრ:
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
10. სწორედ ამ მიდგომით სააპელაციო პალატამ განსხვავებულად შეაფასა ბრალდების ეპიზოდები, კერძოდ, პალატის დასკვნით გამამტყუნებელ ეპიზოდებთან მიმართებით, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი გამყარებულია სხვა, დამოუკიდებელი მტკიცებულებებით, მათ შორის, დანაშაულის შესახებ ,,112-ში“ შესული შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათითა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ხოლო 2023 წლის ივლისისა და 2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდებთან დაკავშირებით, ასეთი დამატებითი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორედ ამ ნორმის შინაარსის შესაბამისად იმსჯელა და განმარტა, რომ მხოლოდ დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენება საფუძვლად ვერ დაედებოდა პირის ბრალდებას.
11. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საერთოდ არ მიიჩნია საკმარისად ბრალდების არცერთი ეპიზოდისათვის და გამოიტანა სრულად გამამართლებელი განაჩენი. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ნაწილობრივ გაიზიარა და სწორედ იმ ბრალდებებში შეიტანა ცვლილება, რომლებშიც, დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენების გარდა, სხვა ობიექტური მტკიცებულებაც არსებობდა − 2023 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდსა და მუქარასთან მიმართებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა საქმის მასალები, რის საფუძველზეც, ცვლილება შეიტანა პირველი ინსტანციის განაჩენის იმ ნაწილში, რომელშიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ს. ვ–ის ბრალეულობას. ამ ფაქტს კი, საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ვ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ს. ვ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე