საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2026
საქმის ნომერი
2კ-1143აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100124010401738

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1143აპ-25 ქ. თბილისი

გ. მ. 1143აპ-25 13 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვასა და მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ. გ–ს, – პირადი ნომერი: ………, – ბრალად ედებოდა: ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე–3 ნაწილით.

1.1. მ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ბ–ში, ..... ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. გ–მა, ავტომობილის პარკირებასთან დაკავშირებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ. ხ–ეს. კერძოდ, ფეხი დაარტყა მუცლის არეში, ხოლო დანა კი – ორჯერ მარჯვენა ფეხის არეში. პარალელურად, მ. გ–ი ყვიროდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ლ. ხ–ეს, რითაც გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, რამდენიმე წუთით გადაიკეტა სავალი გზა, შეჩერდა ავტომანქანების მოძრაობა, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ობიექტების თანამშრომლებს შეეშინდათ, დაერღვათ მყუდროება და არსებულმა ობიექტებმა შეწყვიტეს მუშაობა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილის განაჩენით:

2.1. მ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. მ. გ–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მ. გ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. აპელანტმა მოითხოვა მ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება;

4.2. მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

4.3. მ. გ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2025 წლის 4 აპრილის ჩათვლით. მასვე დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა როყვა ითხოვს მ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

5.2. მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ტ. კ–ე ითხოვს მ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, – საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს მ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) დამნაშავედ ცნობას, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილისა (მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია) და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – მ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

9. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება განაპირობა.

10. საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის N400აპ-21 განჩინება). მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი სახის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულებების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს N225აპ-24 განჩინება).

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის: დაზარალებულ ლ. ხ–ის ჩვენების (კონფლიქტი ჰქონდა მისთვის უცნობ მამაკაცთან ავტომანქანის პარკირებასთან დაკავშირებით. ბასრი საგანი ამ მამაკაცის ხელში არ დაუნახავს, თუმცა იმ დროს, როდესაც აღელვებული ტოვებდა შემთხვევის ადგილს, იგრძნო, რომ ვიღაცა მის უკნიდან მირბოდა მისკენ და რაღაც ჩაარტყა ფეხში, იგრძნო ფეხის კანკალი და სითბო. დარტყმის შედეგად წაიქცა, გამვლელები მივიდნენ და დახმარებას შეეცადნენ), ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის (ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში მონაწილე მ. ბ–ემ მიუთითა, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები არიან – ლ. ხ–ე და მ. გ–ი), სს ,,ნ–ის” კუთვნილი მაღაზიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი გარე პერიმეტრის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერის (მ. გ–ი მიდის ლ. ხ–ესთან და მარცხენა ფეხს ურტყამს, ეს უკანასკნელი ცდილობს მის აცილებას. იქვე მყოფი მამაკაცი ცდილობს მათ გაშველებას, რა დროსაც მ. გ–ი მიდის თავის ავტომანქანასთან, აღებს უკანა კარებს, იღებს საგანს (დანის მაგვარ საგანს), რომელიც უჭირავს მარჯვენა ხელში. მარცხენა ხელი მიაქვს ლ. ხ–ისკენ, ხოლო მარჯვენა ხელში კვლავ უჭირავს დიდი ზომის დანის მაგვარი საგანი (ვიდეოჩანაწერი 14:28 წთ.). იქ მყოფი ადამიანები აშველებენ, – მ. გ–ი გაჰყავთ. ლ. ხ–ე ჯდება ავტომობილში და გადის კადრიდან, ხოლო მ. გ–ი ავტომობილიდან იღებს ნივთებს, გადადის საფეხმავალო ბილიკზე და შეაქვს შენობაში. რამდენიმე წუთში მარცხენა მხრიდან მოდის ლ. ხ–ე, რომლის დანახვისთანავე მ. გ–ი სწრაფი ნაბიჯებით სირბილით მიემართება მისკენ, რა დროსაც მარჯვენა ხელი მიაქვს შორტის ,,საქამრესთან”, იმავდროულად, ტრიალდება და იხრება/ეცემა ტროტუარზე (ვიდეოჩანაწერი 17:01 (17:05) წთ.), რის შემდეგაც (მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული იხრება) დაზარალებული მირბის რამდენიმე ნაბიჯში მყოფ მსჯავრდებულთან, იხრება და ეცემა ზემოდან. იქ მყოფი ხალხი ცდილობს მათ განცალკევებას), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 29 ოქტომბრის N.......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (2024 წლის 27 სექტემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაესვა დიაგნოზი: ბარძაყის ღია ჭრილობა, საჯდომი ნერვის ტრავმა მენჯ-ბარძაყის დონეზე), ასევე მოვლენათა განვითარების, კონფლიქტის მიზეზის, მსჯავრდებულის ქცევის და იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება კონფლიქტის (მსჯავრდებულისა და დაზარალებულის) არცერთ ეტაპზე დაპირისპირებაში/კონფლიქტში სხვა პირის/პირთა მონაწილეობა/უშუალო ჩართულობა, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა დაზარალებულთან შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა რომელიმე პირის/პირთა (,,გამშველებლები“) დაპირისპირებაზე/მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე (სს ,,ნ–ის” კუთვნილი მაღაზიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი გარე პერიმეტრის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერით მართალია დასტურდება, რომ, მათ შორის, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული და დაზარალებული ეცემიან ტროტუარზე, მათ გარშემო იმყოფება რამდენიმე ადამიანი (მათ შორის, ქალი), თუმცა აღნიშნული პირები ცდილობენ კონფლიქტში მყოფი მსჯავრდებულისა და დაზარალებულის გაშველებას), – არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

11.1. დაცვის მხარის პრეტენზიაზე, რომ არ იქნა ჩატარებული ჰაბიტოსკოპიურ ან/და ვიდეო- ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სადავო ვიდეოჩანაწერში ასახულია მ. გ–ი და ლ. ხ–ე, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2024 წლის 4 ნოემბრის ოქმს (ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში მონაწილე მ. ბ–ემ მიუთითა, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული და კონფლიქტში მონაწილე პირები არიან – ლ. ხ–ე და მ. გ–ი; ტ. N1; ს.ფ. №246-247), ასევე – მოწმე ხ. ჩ–ას ჩვენებას (დაადასტურა, რომ მ. გ–ი და ახალგაზრდა მამაკაცი ჩხუბობდნენ), ხოლო, მეორე მხრივ, – საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. გ–ი, როგორც გამოძიების ეტაპზე ისე წინასასამართლო სხდომასა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, წარმოდგენილი იყო ადვოკატით, დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით გაეცვალა ვიდეოჩანაწერები და სურვილის შემთხვევაში შეეძლო ჩაეტარებინა ჰაბიტოსკოპიური/ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა დაცვის მხარის პოზიციას. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება თავად ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა/ები საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად.

11.1.1. შესაბამისად, კასატორის პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სადავო ვიდეოჩანაწერში არ არის გამოსახული მ. გ–ი, – უსაფუძვლოა.

12. მ. გ–ის ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – კვალიფიკაციით მსჯავრდების შესახებ, კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, ქმედება არამხოლოდ უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩადენილი იყოს ძალადობით/ძალადობის მუქარით, არამედ იმავდროულად, უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. ,,ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. იმავდროულად, თუ პირის შეგნება არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა რომც მოჰყვეს, ხულიგნობა მაინც არ გამოიკვეთება. დამნაშავის მოტივი ხულიგნობის ჩადენის დროს არის საზოგადოებასთან დაპირისპირება, იმის დამტკიცება, რომ გაბატონებული ზნეობრივი ნორმები მისთვის არაფერს ნიშნავს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობდა ორი დაპირისპირებული მხარე, რამაც გარშემომყოფთა დისკომფორტი გამოიწვია, თუმცა კონფლიქტის მონაწილე პირის ქცევა მიმართული იყო ერთმანეთის წინააღმდეგ და არ იყო საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისაკენ, – არ დგინდება, რომ მსჯავრდებული ქუჩაში შეკრებილ საზოგადოებას აგინებდა ან სხვა ფორმით გამოხატავდა მათ მიმართ უპატივცემულობას. აშკარაა, რომ კონფლიქტს ჰყავდა ორი მხარე, შესაბამისად, მასში მონაწილე პირის ძალადობრივი ქმედებები მიმართული იყო დაპირისპირებული მხარის წინააღმდეგ და არა – ზოგადად საზოგადოების მიმართ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის №689აპ-21, 2021 წლის 9 თებერვლის №207აპ-19 განჩინებები).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

14. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

14.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, მ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვასა და მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ. კ–ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე