საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125011068879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №171აპ-26 ქ. თბილისი
შ. ი. 171აპ-26 29 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. შ–ეს, – პირადი ნომრით: ..........., – ბრალად ედებოდა:
1.1. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).
ი. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ ქუჩის N..-ში, N.. ბინაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ემ იძალადა მეუღლის, ა. ს–ის მიმართ, კერძოდ, ხელის შეკრული მუშტი ჩაარტყა სახეში მარჯვენა თვალის მიმდებარედ. აღნიშნული ქმედებებით, ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2025 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის მართვის დროს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–მ იძალადა მეუღლის, ა. ს–ის მიმართ, კერძოდ, ხელის შეკრული მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში მარჯვენა თვალის მიმდებარედ და ნიკაპში. აღნიშნული ქმედებებით ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2025 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ ქუჩის N..-ში, N.. ბინაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ემ იძალადა მეუღლის, ა. ს–ის მიმართ, კერძოდ, ხელი ძლიერად მოუჭირა ხელზე. აღნიშნული ქმედებით, ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2025 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ ქუჩის N..-ში, N.. ბინაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ემ იძალადა მეუღლის, ა. ს–ის მიმართ, კერძოდ, ხელები მოჰკიდა თავზე და მიარტყმევინა კედელზე. აღნიშნული ქმედებით ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).
ი. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ ქუჩის N..-ში, N.. ბინაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ა. ს–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მისი ღალატი არ შერჩებოდა, დასერავდა და მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით, ა. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის მართვის დროს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ა. ს–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით, ა. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ ქუჩის N..-ში, N.. ბინაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ა. ს–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რადგან ღალატობდა. აღნიშნული ქმედებით, ა. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ ქუჩის N..-ში, N.. ბინაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ა. ს–ს, კერძოდ უთხრა რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით, ა. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენით:
2.1. ი. შ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა;
2.2. ი. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2025 წლის 28 იანვრიდან 2025 წლის 2 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა სრულად მოხდილად;
2.3. მსჯავრდებული ი. შ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
2025 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის მართვის დროს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. შ–ემ იძალადა მეუღლის, ა. ს–ის მიმართ, კერძოდ, ხელის შეკრული მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში მარჯვენა თვალის მიმდებარედ და ნიკაპში. აღნიშნული ქმედებებით, ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ. აპელანტმა მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, ი. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ჩინჩალაძემ. კასატორი ითხოვს ი. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ი. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ–მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. 2026 წლის 22 მაისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ჩინჩალაძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ი. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ასევე ი. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) – შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ოჯახში ძალადობის დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
8.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ.
10.2. კასატორი ითხოვს ი. შ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინებით, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ასევე, ი. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
10.3. იმავდროულად, კასატორი დაზუსტებული საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. შ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 14 იანვრის) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
10.3.1. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში.
10.3.2. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ მოუთხოვია ი. შ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2025 წლის 14 იანვრის) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) მსჯავრდება და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ ეპიზოდებში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის განხილვის/დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
10.4. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი. ამდენად, ი. შ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მსჯავრდება არ წარმოადგენს მხარეთა შორის დავის საგანს.
11. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის(2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) – ფიზიკური ძალადობის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით) ჩადენა. კასატორი მოთხოვნის დასაბუთებისათვის უთითებს მოწმეთა: მ. ე–ისა და დ. ლ–ის ჩვენებებსა და N...... შემაკავებელ ორდერზე/მის ოქმზე.
11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმეების: მ. ე–ისა და დ. ლ–ის ჩვენებები დაზარალებულ ა. ს–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის მოტივთან მიმართებით, არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის – ი. შ–ის მიერ ა. ს–ის მიმართ ძალადობის – შემსწრენი არ არიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და მათი ირიბი ჩვენების გამოყენება „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
11.2. ამასთან, მოწმეები უთითებენ ზოგადად ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტზე.
12. რაც შეეხება N...... შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, სავარაუდო ძალადობის ფაბულაში მითითებულია მხოლოდ 2025 წლის 25 იანვარს (19:00 საათზე) ეჭვიანობის გამო ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, განმეორებითი ძალადობის რისკების განსასაზღვრად მსხვერპლისათვის დასმულ კითხვებზე ა. ს–ი პასუხობს, რომ ი. შ–ე მუდმივად აკონტროლებდა მის (ა. ს–ის) სოციალურ ქსელებს, სატელეფონო მესიჯებს, მესამე პირებთან ურთიერთობას, რაც მისთვის არასარურველი იყო. მოცემული შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს ინფორმაციას უშუალოდ 2025 წლის 21 იანვრის ფიზიკური ძალადობის მოტივზე.
12.1. N........ შემაკავებელი ორდერი/მისი ოქმი მხარეთა მიერ არ არის ცნობილი უდავოდ. შემაკავებელი ორდერის/მისი ოქმის პირველწყარო არის დაზარალებული ა. ს–ი, რომელმაც არსებით სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, არსებით სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს არ მიეცა შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული ინფორმაციის პირველწყაროს დაკითხვის შესაძლებლობა (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის N661აპ-25 განჩინება).
13. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ი. შ–ის მიერ დანაშაულის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით) ჩადენას.
14. კასატორი ი. შ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობას ითხოვს სსიპ „112“-ის N..... შეტყობინებაზე, ამ შეტყობინების აუდიოჩანაწერზე, მოწმეთა: მ. ე–ის, დ. ლ–ის, ა. ბ–ს, ს. გ–ს ჩვენებებზე და შემაკავებელ ორდერზე/მის ოქმზე მითითებით.
14.1. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
14.2. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა, ი. შ–ის მსჯავრდებისათვის სსიპ „112“-ის 2025 წლის 27 იანვრის N...... შეტყობინებისა და ამ შეტყობინების აუდიოჩანაწერის მამხილებელ მტკიცებულებად გამოყენების შესახებ. შეტყობინების ავტორია მოწმე მ. ე–ი, ამასთან, შეტყობინებაში ზოგადადაა მითითებული წინა დღეს მეუღლეებს შორის მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინება არ შეიცავს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას და ზოგადი ხასიათისაა. შეტყობინებაში ასევე მითითებულია რამდენიმე დღის წინ ავტომობილში მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე (რომლისთვისაც მსჯავრდებულია ი. შ–ე). ძალადობის ან/და მუქარის სხვა ეპიზოდებთან მიმართებით შეტყობინება ინფორმაციას არ შეიცავს.
14.3. მოწმეები: მ. ე–ი, დ. ლ–ე, ა. ბ–ი და ს. გ–ი ი. შ–ის მუქარისა და ძალადობის ფაქტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისაგან, არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია მათი ირიბი ჩვენებების გამოყენების შესაძლებლობას.
14.4. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019), მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ყველა კატეგორიის საქმისათვის.
15. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ი. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 25 იანვრის ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
16. გასაჩივრებული განაჩენით ი. შ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელის გამკაცრების თაობაზე კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
16.1. კასატორი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას უკავშირებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას – დანაშაულის ჩადენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო.
16.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. შ–ის მიერ დანაშაულის ჩადენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2026 წლის 6 თებერვლის განაჩენში, ი. შ–ის მიმართ, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა. გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, შედეგები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ხერხი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, რის შედეგადაც ი. შ–ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
19. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე/არგუმენტზე, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის პიროვნებიდან ან/და მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის გარემოებებიდან გამომდინარე სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. კასატორი სასჯელის დამძიმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებზე (დანაშაულის სახე – ოჯახური დანაშაული, ქმედებისას გამოვლენილი მოვლენათა დარღვევის ხასიათი), რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს და მოცემულ შემთხვევაში არ ადასტურებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უკანონობას.
20. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენზე ი. შ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე