შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 29.07.2026
საქმის ნომერი
2კ-227აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №170100125010777101

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №227აპ-26 ქ. თბილისი

მ-ე ვ., 227აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ–ისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ – გიორგი გელანტიას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ვ. მ–ეს, – პირადი ნომერი: ............., – ბრალად ედებოდა:

1.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.1.1. ვ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ.... სოფელ პ–ში, მ–ეების მამაპაპისეულ სახლში, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ვ. მ–ემ ხელის ხელსა და მხარზე ჩაჭიდების, ფეხის საჯდომთან დარტყმისა და მუშტის თავის არეში ჩარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თ. მ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2.1. ვ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის აპრილის ბოლოს, დაახლოებით 27-28 აპრილს, ღამის საათებში, თ........ სოფელ პ–ში, მ–ეების მამა-პაპისეულ სახლში, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ვ. მ–ე სიტყვებით – „შენ ჩემთვის ყველაფრის წართმევა გინდა, ამიტომ აქვე გესვრი იარაღიდან, მოგკლავ, შენს ცხედარს კი ტყეში დავმარხავ და ვერავინ გიპოვის“ – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. მ–ეს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ვ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ვ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებისა (2024 წლის 11-12 ოქტომბერი) და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში (2024 წლის 17-22 ოქტომბერი) ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2600 ლარი. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის), შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვა/აკრძალვა – 2 წლით.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. მ–ემ და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა ვ. მ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ყველა დანაშაულში და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. მ–ემ და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გელანტიამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა ვ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ასევე, მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება. დაცვის მხარემ მოითხოვა სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ- ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განაჩენი გასაჩივრებულია მხარეების მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენით ვ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისი მსჯავრდების კანონიერება და დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

3. სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (სასჯელის – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ნაწილში), ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

4. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ვ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ თ. მ–ის, ასევე, მოწმეთა: ნ. გ–ისა და მ. გ–ის ჩვენებებით, დაზარალებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ბარათებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. მ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

5. დაზარალებულ თ. მ–ის ჩვენებით, 30 ივლისს, თავად, თავისი შვილი – ნ. გ–ე, ძმა – ზ. მ–ე და სამი-ოთხი მუშა ავიდნენ პ–ში. ვ–ი ეზოში შევიდა კომბლით ხელში, უგონო მდგომარეობაში, გინებით. ქონებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, მან ეგრევე დაიწყო ძალადობა, ორივე მკლავში მოჰკიდა ხელი და დაატრიალა. ეუბნებოდა, რომ გასულიყვნენ, იქ არაფერი ესაქმებოდათ. გამოათრია, მაისურზე ექაჩებოდა, გაუხია. თავში მუხლი ჩაარტყა, წიხლი ამოარტყა მუცელზე. საშინელი ტკივილი იგრძნო. სახლს აქვს მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და კიბეზე დაეკიდა. ძალადობის შედეგად იგრძნო ტკივილი. ამის შემდეგ, ზ.ი წამოვიდა დასახმარებლად, თავად კი გაიქცა „პატრულში“ დასარეკად. ვ–ს უკვე ზ. ჰყავდა დაგდებული. ზ.ის თავი მოაბრუნა და საფეთქელში ჩაარტყა, სისხლმა გამოასხა. ძმის დახმარების მიზნით, ფრჩხილებით დაკაწრა ვ–ი ზურგზე. ამ ყველაფერს მისი თექვსმეტი წლის ბიჭი უყურებდა. მუხლზე და გვერდზე სისხლჩაქცევები ჰქონდა და თავი სტკიოდა რამდენიმე დღე.

6. დაზარალებულის ნაამბობი დასტურდება თვითმხილველი მოწმის – ნ. გ–ის ჩვენებით. მოწმის განმარტებით, ვ–ი გამოვიდა მეზობლის სახლიდან კომბლით, იყო არაადეკვატური, დაიწყო გინება, დედას (თ. მ–ეს) ხელი მოჰკიდა მხრის არეში და დაიწყო გადათრევა. დედა წინააღმდეგობას უწევდა. შემდეგ, ვ. მ–ემ შეაგინა ზ.ს და დაარტყა საფეთქელში. დედა მიახტა ვ–ს და ჩამოგლიჯა ტანსაცმელი. გაშველების შემდეგაც აგინებდა მას და დედამისისს. ვ–ი თ. მ–ეს ათრევდა, ხელზე ქაჩავდა. დედა რომ შეახტა, თავში ჩაარტყა და პანჩური ამოარტყა ვ–მა.

7. ვ. მ–ის მიერ თ. მ–ისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენება დასტურდება: მოწმე მ– გ–ის ჩვენებით (დედას (თ. მ–ეს) ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი); თ. მ–ის სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმით (თ. მ–ეს მარჯვენა და მარცხენა ხელების მხრის მედიალურ ზედაპირებზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და ნაჭდევები); N--- სამედიცინო ბარათით (2024 წლის 30 ივლისს, თ. მ–ეს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები ზედა კიდურის მხრის მედიალურ ზედაპირებზე – ნაჭდევები, დაჟეჟილობა, მცირე ჰემატომა); N--- სამედიცინო ბარათით (2024 წლის 30 ივლისს, თ. მ–ეს ტანთ ეცვა შემოხეული პერანგი, მუცლის გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნით, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვისა (31.07.2024წ.) და სამედიცინო საბუთის მონაცემებით (30.07.2024წ.), თ. მ–ეს აღენიშნება სისხლჩაქცევები მუცლის მარჯვენა წინა/გარეთა ზედაპირებზე, მარჯვენა მხრის ქვემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე და მარცხენა მხრის ქვემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა გ..... დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დაზიანებები არ ეწინააღმდეგება 30 ივლისის 18:00 საათს. მოწმის განმარტებით, ასეთი სისხლჩაქცევის მისაღებად, მოქაჩვა უნდა განხორციელდეს ძალიან დიდი ძალით, ვიწრო ჯინსით დაზიანებას ვერ მიიღებდა.

8. ამდენად, ვ. მ–ის ქმედებით დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებით (სუბიექტური ტესტით), ასევე – სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებითა და სამედიცინო დოკუმენტაციით (ობიექტური ტესტით).

9. საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. მ–ის მიერ თ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია – ჩადენა.

10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია ვ. მ–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა/სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა უნდა იყოს რეალური/მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, ასევე, სოციალურად რელევანტური, ხოლო მომგერიებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ თავდასხმის ინიციატორი სწორედ ვ. მ–ე იყო. ამასთან, მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების (ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების) არსებობა (რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნით), თავისთავად არ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენებას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებული და თვითმხილველი მოწმეები ადასტურებენ თ. მ–ის მიერ ვ. მ–ისათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას, მაგრამ ცალსახად განმარტავენ, რომ აღნიშნული უკავშირდებოდა მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან დაცვას/მსჯავრდებულის მოგერიებას. შესაბამისად, თ. მ–ის ქმედება მართლზომიერია, ხოლო მართლზომიერი ქმედების საპასუხოდ არ არსებობს აუცილებელი მოგერიების უფლება. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ. მ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენა.

11. ვ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დგინდება ვ. მ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი აღნიშნული ქმედების ჩადენა.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

13. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, დაირღვეს, როდესაც დაზარალებულს ემუქრებიან ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარის ფორმა ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. ამასთან, მუქარა თავისი ფორმით, განხორციელების ვითარებითა და განმახორციელებელი სუბიექტის გათვალისწინებით, ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების რეალურობის განცდას. შიშის ფაქტორის შეფასებისას გასათვალისწინებელია სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის N331აპ-22 განჩინება).

15. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში მუქარის დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მ– გ–ის ჩვენებასა (მისი განმარტებით, დედა იყო შეშინებული) და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112-ში“ განხორციელებულ შეტყობინებას.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112-ში“ განხორციელებული შეტყობინება არ მიემართება 2024 წლის აპრილის ბოლოს (დაახლოებით 27-28 აპრილს) სავარაუდოდ ჩადენილი მუქარის ფაქტს.

17. მ– გ–ის ჩვენებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე არ არის სავარაუდო მუქარის შემსწრე პირი. ამასთან, მას თ. მ–ესთან კომუნიკაცია არ ჰქონია სავარაუდო მუქარის შემდეგ – დაუყოვნებლივ. მ– გ–ის ჩვენებით დგინდება, რომ პირველ დღეს (იმ დღეს, როდესაც მოხდა სავარაუდო მუქარა), დაზარალებულს (დედას) ესაუბრა ტელეფონით, რა დროსაც თ. მ–ემ უთხრა, რომ ვ. მ–ე იყო გიჟი და რადიკალურად შეცვლილი. მოწმემ თ. მ–ე პირადად ნახა მხოლოდ მეორე დღეს, დილით. განმარტა, რომ ამ დროს დაზარალებული იყო დაძაბული და შეშინებული.

18. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (რომელიც სავარაუდოდ ჩადენილი მუქარისა და განცდილი შიშის შესახებ ინფორმაციის ნაწილში წარმოადგენს ჩვენების ადგილზე შემოწმებას) და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებია, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 და 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23). იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ 2024 წლის აპრილის ბოლოს სავარაუდოდ ჩადენილი მუქარის შესახებ თ. მ–ემ სამართალდამცავ უწყებას აცნობა მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში. ამასთან, არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამომძიებლის მიერ გამოიკითხა ვ. მ–ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, დაზარალებულის შეფასებით, მუქარისშემცველ ფოტოსურათთან და „პოსტთან“ დაკავშირებით. შესაბამისად, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაზარალებულის ქცევის, სავარაუდო შემთხვევიდან სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვამდე გასული დროის ხანგრძლივობის, მიმართვის მიზეზის, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მამხილებელი მტკიცებულებების (მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება) გათვალისწინებით, უტყუარად ვერ დგინდება სავარაუდო მუქარასა და მეორე დღეს მ– გ–ის მიერ აღქმულ თ. მ–ის შეშინებულ მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება, ვ. მ–ის მიერ, 2024 წლის აპრილის ბოლოს, თ. მ–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი და ის გარემოება, რომ თ. მ–ის მიერ მუქარა აღქმულ იქნა რეალურად და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

20. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება ვ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

21. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

22. სასჯელის გამკაცრების შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

23. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), „უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

24. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2026 წლის 23 იანვრის განაჩენში ვ. მ–ის მიმართ, გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ვ. მ–ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

25. ბრალდების მხარე კასატორი სასჯელის გამკაცრებისა და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების დასაბუთებისათვის არ უთითებს რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ან არასწორად იყო შეფასებული გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და თავისთავად ან სხვა გარემოებებთან ერთობლივი შეფასებით, მიუთითებს სასჯელის უკანონობაზე/უსამართლობაზე. კასატორი ბრალდების მხარე ზოგადად (ყოველგვარი კონკრეტიზაციისა და არგუმენტაციის, მტკიცებულებებით გამყარების გარეშე) უთითებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, დანაშაულის ახლო ნათესავის მიმართ ჩადენაზე, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, გათვალისწინებული იყო გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი.

26. იმავდროულად, გასაჩივრებული განაჩენით ვ. მ–ეს დამატებით სასჯელად შეეფარდა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის), შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვა/აკრძალვა – 2 წლით.

26.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ასახა საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის პირველი ნაწილის საკანონმდებლო დანაწესი, თუმცა, მკაფიოდ არ განსაზღვრა/არ დააკონკრეტა, რა ეკრძალება თუ ეზღუდება მსჯავრდებულს, ვინაიდან მიუთითა, რომ ვ. მ–ეს დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, „იარაღის დამზადების, შეძენის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის), შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვა/აკრძალვა.“ შესაბამისად, გაუგებარია, ვ. მ–ეს იარაღთან დაკავშირებული რომელი უფლება – ტარება თუ გამოყენება შეეზღუდა/აეკრძალა. ამასთან, აღნიშნული უფლება (განაჩენში მითითებული ვადით) სრულად აეკრძალა, თუ მხოლოდ შეეზღუდა და ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რაში გამოიხატება (რა მოცულობით, ფორმით ეზღუდება) შეზღუდვა.

26.2. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, „განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ, ეჭვი არ წარმოიშვას“. შესაბამისად, განაჩენი უნდა პასუხობდეს სიცხადის კრიტერიუმს, მასში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული როგორც დაკისრებული სასჯელის სახე, ასევე – მისი ხანგრძლივობა.

26.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესიც არასწორი ფორმულირებითაა ასახული. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას განმარტავს როგორც – „იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას“, ხოლო გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ ვ. მ–ეს შეუზღუდა/აუკრძალა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეძენა, მაგრამ არა – შენახვა, ტარება, გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიერ აღნიშნული დანაწესის მიზანსა და სულისკვეთებას, ასევე – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის მიზანს მოცემულ შემთხვევაში. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელის ფორმულირებაში აღნიშნულ ნაწილშიც.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განაჩენში, კერძოდ: ვ. მ–ეს დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა – 2 წლით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ – გიორგი გელანტიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მსჯავრდებულ ვ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განაჩენში:

4. ვ. მ–ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

5. ვ. მ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებისა (2024 წლის 11-12 ოქტომბერი) და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის (2024 წლის 17-22 ოქტომბერი) ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა – 2600 ლარი. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა – 2 წლით;

6. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე