საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100125011452679
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №108აპ-26 ქ. თბილისი
ყ–ი ნ., 108აპ-26 3 აგვისტო, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ყ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. დ–ისა და ზ. დ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – ნ. ყ–ს, პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
1.1.1. ნ. ყ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულმა ნ. ყ–მა, არაერთგზის, კვლავ ჩაიდინა იგივე დანაშაული, კერძოდ: 2025 წლის 25 იანვარს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ნ. ყ–მა, ქალაქ ხ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახის წევრს – მეუღლეს, ს. ლ–ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების – .... წელს დაბადებული ბ. ყ–ისა და ... წელს დაბადებული ა. ყ–ის თანდასწრებით, დაუწყო გინება და რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში. აღნიშნულის შედეგად ს. ლ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
1.2.1. ნ. ყ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულმა ნ. ყ–მა, არაერთგზის, კვლავ ჩაიდინა იგივე დანაშაული, კერძოდ: 2025 წლის თებერვალში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაახლოებით, 18:00 საათზე, ნ. ყ–მა, ქალაქ ხ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახის წევრს – მეუღლეს, ს. ლ–ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების – .... წელს დაბადებული ბ. ყ–ისა და .... წელს დაბადებული ა. ყ–ის თანდასწრებით, დაუწყო გინება, ხელი მოუჭირა კისერში და რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. აღნიშნულის შედეგად ს. ლ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
1.3.1. ნ. ყ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულმა ნ. ყ–მა, არაერთგზის, კვლავ ჩაიდინა იგივე დანაშაული, კერძოდ: 2025 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ნ. ყ–მა, ქალაქ ხ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახის წევრს – მეუღლეს, ს. ლ–ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების – .... წელს დაბადებული ბ. ყ–ისა და .... წელს დაბადებული ა. ყ–ის თანდასწრებით, დაუწყო გინება და რამდენჯერმე დაარტყა ხელი მკლავებზე. აღნიშნულის შედეგად ს. ლ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
1.4.1. ნ. ყ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის საქართველოს სსკ-ის 111, 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა ნ. ყ–მა, არაერთგზის, კვლავ ჩაიდინა იგივე დანაშაული, კერძოდ: 2025 წლის 16 მარტს, დაახლოებით, 06:00 საათზე, ნ. ყ–ი, ქალაქ ხ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე სახლის საძინებელ ოთახში, ოჯახის წევრს – მეუღლეს, ს. ლ–ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, აგინებდა და უყვიროდა: „გამოგჭრი ყელს და დაგასახიჩრებ“. ს. ლ–ეს გაუჩნდა ნ. ყ–ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
1.5.1. ნ. ყ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულმა ნ. ყ–მა, არაერთგზის, კვლავ ჩაიდინა იგივე დანაშაული, კერძოდ: 2025 წლის 16 მარტს, დაახლოებით, 07:00 საათზე, ნ. ყ–მა, ქალაქ ხ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე სახლის საძინებელ ოთახში, ოჯახის წევრს – მეუღლეს, ს. ლ–ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გვერდების არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით:
2.1. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2025 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 14 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.4. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.5. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების აკრძალვა) – 3 წლით;
2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთაქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ყ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებით სასჯელად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების აკრძალვა) – 3 წლით;
2.7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, აგრეთვე, ჯარიმა – 12000 ლარი და საბოლოოდ, ნ. ყ–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითად სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებით სასჯელებად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების აკრძალვა) – 3 წლით, აგრეთვე, ჯარიმა 12000 ლარი. ნ. ყ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2025 წლის 17 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ყ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ზ. დ–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4.2. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2025 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4.3. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
4.4. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 14 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4.5. ნ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 14 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 14 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 16 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
მასვე, 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება);
4.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთაქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ყ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების აკრძალვა) – 3 წლით;
4.7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ნ. ყ–ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, აგრეთვე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 12000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ყ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, ხოლო დამატებით სასჯელებად შეეფარდა – ჯარიმა 12000 ლარი, აგრეთვე, 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება). ნ. ყ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 17 მარტიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ყ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. დ–მა და ზ. დ–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანია ნ. ყ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 14 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების სისწორე, აგრეთვე, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა ნ. ყ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ს. ლ–ემ უარყო გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში მის მიერ გადმოცემული, დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდებულის მამხილებელი ინფორმაცია და სრულიად საპირისპირო ჩვენება მისცა სასამართლოს წინაშე.
11. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკას, დაზარალებულთა მოწყვლადობას და იმ გარემოებას, რომ დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი). სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა), 82-ე მუხლის პირველი ნაწილის (მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით) დანაწესებს.
12. ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე. სახელმწიფოს მიერ ქალების დაუცველობა ოჯახში ძალადობისგან არღვევს მათ უფლებას კანონით თანაბარი დაცვის შესახებ და ასეთი დარღვევა არ არის საჭირო, რომ იყოს განზრახი (A and B v. Georgia, no. 73975/16, par. 42, EctHR, 10/02/2022).
13. ნ. ყ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული და მხარეთა მიერ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112-ში“ განხორციელებული შეტყობინებით – აუდიოჩანაწერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2025 წლის 17 მარტის ოქმით ((იხ.: ტომი 1, ს.ფ. 35-45) დაზარალებულმა ს. ლ–ემ საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც 2025 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ნ. ყ–მა მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, მარჯვენა „მომუშტული“ ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა ორივე ხელის მკლავში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი და 2025 წლის 16 მარტს, დაახლოებით, 07:00 საათზე, მარჯვენა ხელი ხუთ-ექვსჯერ ჩაარტყა გვერდებში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი); 2025 წლის 17 მარტის N.... შემაკავებელი ორდერის ოქმით ((იხ.: ტომი 1, ს.ფ. 21-30) 2025 წლის 16 მარტს, ნ. ყ–მა სცემა და იძალადა მეუღლეზე – ს. ლ–ეზე, მსხვერპლს სხეულზე აღენიშნება მცირე სილურჯეები); სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 20 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნით ((იხ.: ტომი 1, ს.ფ. 56-59) დგინდება, რომ ს. ლ–ეს შემოწმების შედეგად, (17.03.2025წ.), სხეულზე, გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულა რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში, სისხლნაჟღენთის სახით არსებული დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (14.03.25), ხოლო სხვა დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (16.03.25წ.)).
14. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 9 მარტის N1091აპ-25 განჩინება).
14.1. უსაფუძვლოა კასატორების პოზიცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შეუძლებელია დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2020 წლის 21 თებერვლის N746აპ-19 განჩინება; 2021 წლის 9 მარტის 674აპ-20 განჩინება, 2021 წლის 20 ოქტომბრის N332აპ-21 განაჩენი). ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე – საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ-20 განაჩენი).
14.2. განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასახავს დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ობიექტურად ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავალდებულო ნიშანს – ფიზიკური ტკივილის განცდას. ამასთან, ეს უკანასკნელი გარემოება დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც, რომელიც გადმოსცემს დაზარალებულის ნაამბობს თითოეული ძალადობის შემდეგ მის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის შესახებ.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ყ–ი მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის დროს ნასამართლევი იყო, მათ შორის, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რის გამოც, მას მსჯავრად შეერაცხა ოჯახში ძალადობის (ორი ეპიზოდი) არაერთგზის ჩადენა.
16. დაცვის მხარე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა სრულად შეკრების წესის გამოყენებას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას და აღნიშნავს, რომ ჩადენილი დანაშაულების მოტივისა და მიზნის, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედებების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნებისა (არაერთი ნასამართლობის) და დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
17. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
18. კასატორებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, სასჯელის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელის შეცვლა.
19. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
20. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ყ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. დ–ისა და ზ. დ–ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე