დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-506-2025 23 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორები – ბ.კ–ძე, თ.კ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.შ–ძე (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ.კ–ძე, თ.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ.კ–ძისა და თ.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხეები“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.შ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან, მდებარე - ქ. მცხეთა, .......... ტერიტორია, ს/კ N.........., შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ნაწილი - 228.30 [კვ.მ.] (245-16.7), რომელიც მოსარჩელის საკადასტრო საზღვრებში მოპასუხის მიერ მოწყობილი ღობით არის მოკვეთილი და მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია შპს „გ–ის“ მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად; სარჩელი მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან 16.7 კვ.მ.-ის გამოთხოვის ნაწილში, რომელზეც შპს „გ–ის“ მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, განთავსებულია შენობა-ნაგებობა, არ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის სააღსრულებო ფურცელს დაერთოს შპს „გ–ის“ (ს/ნ .........) მიერ მომზადებული დასკვნა (თარიღი: 12.10.2019 წელი).
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 730 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთა, .......... ტერიტორია, საკადასტრო კოდით №........, 1997 წლის 27 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის №ა-140 თანახმად, გადაეცა რ.თ–ძეს, რომელმაც 2007წ. შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი და მიღება- ჩაბარების აქტი წარადგინა საჯარო რეესტრში და აღირიცხა მისი საკუთრების უფლება (განაცხადი ........). დამზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გაიცა საკადასტრო გეგმა. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე მოპასუხე მხარე გახდა 2015 წლის 17 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
2.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთა, ......... ტერიტორია, საკადასტრო კოდი №...., 1998 წლის 12 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის №3178 თანახმად, გადაეცა ხ.შ–ძეს, რომელმაც 2009 წელს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიღება-ჩაბარების აქტი წარადგინა საჯარო რეესტრში და აღირიცხა მისი საკუთრების უფლება (განაცხადი 8820091.....). დამზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გაიცა საკადასტრო გეგმა. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელე გახდა 2016 წლის 12 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე;
2.3. შპს „გ–ის“ დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ს/კ ...... მიწის ნაკვეთი მოკვეთილია N........ მიწის ნაკვეთის მხრიდან 245 კვ.მ. ფართზე ანუ მოპასუხეების მიერ ფაქტიურად დაკავებულია მოსარჩელის საკუთრების ნაწილი - 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მხარემ N902019021997 განაცხადით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მცხეთა, სოფელი .......... ტერიტორია, საკ. კოდი N.......... სამსახურმა წარმოება ჯერ შეაჩერა მომიჯნავე N........ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, შემდეგ შეწყვიტა, ვინაიდან ზედდება არ აღმოიფხვრა. საქმეზე დანიშნული მედიაციის პროცესი მხარეთა შეუთანხმებლობის გამო აღმოჩნდა უშედეგო;
2.5. მოსარჩელის კუთვნილი N......... მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის (ე.წ. ყვითელი ფენის) კონტური იდენტურია უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიღება-ჩაბარების აქტის №3178 სქემატურ გეგმაზე წარმოდგენილი კონტურისა. აღნიშნული ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო საზღვრების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა ს.ც–ას მიერ 2009 წლის 1 აპრილს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, განაცხადით 8820091.... აღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების შემდგომი ცვლილება აღარ მომხდარა დღემდე, იგი იმავე მონაცემით არის დაცული საჯარო რეესტრში: უცვლელი ფართით, იმავე კონფიგურაციითა და იმავე კოორდინატებში, როგორითაც იგი ადგილზე აიზომა 2009 წელს ს.ც–ას მიერ და აღრიცხა მარეგისტრირებელმა ორგანომ;
2.6. მოპასუხის კუთვნილი N72...... მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის (ე.წ. ყვითელი ფენის) კონტური არ არის იდენტური უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიღება-ჩაბარების აქტი Nა-140 სქემატურ გეგმაზე წარმოდგენილი კონტურისა. N72......... მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 19 ივლისის განაცხადით 722007102......, ინდ. საწარმო „ს.ც–ას“ 2007 წლის 29 ივნისს შესრულებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მიხედვით. ნახაზზე დეტალურად არის მოცემული ნაკვეთისა და შენობის ყველა წერტილის X და Y წერტილები, ნაკვეთის ზომები. 2007 წლის 30 ოქტომბერს გაცემული საკადასტრო გეგმის კონტური არ შეესაბამება მოპასუხეების მიერ 902019021997 განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს. საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ზედდების ამსახველი სიტუაციური გეგმიდან დგინდება, რომ N72.16..... მიწის ნაკვეთი 1/3-ზე ნაკლებად იცვლის ადგილმდებარეობას, ზედდებაში მოდის რეგისტრირებულ მონაცემებთან N72.... და ზედდებაა სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ 882019418303-თან.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 183-ე, 311-ე, 312-ე, 170-ე, 172.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, სსკ-ის 172.1 მუხლის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
4. ამასთან, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 179-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან, შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალი 228.30 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელიც მოსარჩელის საკადასტრო საზღვრებში მოპასუხის მიერ მოწყობილი ღობით არის მოკვეთილი.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ 228.30 კვ.მ. მიწის ფართზე, რომელიც მოპასუხის მფლობელობაშია, არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, არამედ მასზე მოწყობილია ღობე, რაც არ წარმოადგენდა დაბრკოლებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, „სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლი არ განსაზღვრავს კონკრეტულად, შენობა აშენდა თუ სხვა სახის ნაგებობა აღიმართა. ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, „მშენებლობის“ ცნება ფართოდ არ უნდა იქნეს გაგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა საკუთრების შინაარსის შეზღუდული გაგება; სხვა შემთხვევაში, მესაკუთრის ნივთით სარგებლობის უფლება უგულებელყოფილი იქნებოდა ნაკლებად ღირებული მშენებლობების განხორციელებისას, როგორებიცაა: ღობე, კედელი ან საკომუნიკაციო ქსელი. გამომდინარე აქედან, მშენებლობა მოიცავს არა მხოლოდ შენობებს, რომლებიც მიწასთან მყარად არის დაკავშირებული, არამედ ნებისმიერი ტიპის ნაგებობებს, მათ შორის ისეთს, რომელიც დროებითი სარგებლობისთვის არის აგებული, მაგრამ მიწის ნაკვეთთან მყარად არის დაკავშირებული. ნორმის წინაპირობა ისაა, რომ მშენებლობის შედეგად ერთიანი ნივთი შეიქმნა“ (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, წიგნი II, თბილისი, 2018 წელი, მუხლი 179). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაზე (228.30 კვ.მ. მიწის ფართზე) სამეზობლო თმენის ვალდებულება ვერ გავრცელდებოდა.
7. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან 16.7 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოთხოვის ნაწილში, რომელზეც შპს „გ–ის“ მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, განთავსებულია მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი (16.7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა), პალატამ ამ ნაწილში სარჩელი უარყო.
8. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, მოწმე ხ.შ–ძის ჩვენებით, 90-იანი წლების ბოლოს ლისის ტერიტორიაზე ნაკვეთები განაწილდა, მივიდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანახავად, რა დროსაც რ.თ–ძეს დაწყებული ჰქონდა მშენებლობა, თუმცა რაღაც კუთხით ზ.ს ნაკვეთში იყოს შესული, ამის შესახებ აცნობა რ–ს, რომელიც დაჰპირდა, რომ არანაირად არ დაიჩაგრებოდა და კომპენსაციის მიზნით მისცემდა ზედა მხარეს ექვსას კვადრატულს; თუმცა ამის შემდეგ გავიდა წლები, მეუღლის გარდაცვალების გამო აგარაკისთვის დრო არ ჰქონდა; დაახლოებით 2009 წლისთვის მოხდა გარკვეული ცვლილებები, კოოპერატივის წევრები იხდიდნენ საწევრო გადასახადს, რა დროსაც თავიდან აზომეს ნაკვეთები და საჭირო დოკუმენტები გადასცეს მასაც, რის საფუძველზეც დაირეგისტრირა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოგვიანებით აჩუქა შვილს ა.შ–ძეს; სწორედ მისმა შვილმა გაარკვია, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში შეჭრილი იყო ყოფილი მესაკუთრის, რ.თ–ძის მიერ აშენებული ღობის და ფანჩატურის ნაწილი; ზ.ს განმარტებით, დავა დაიწყო მაშინ, როდესაც დაინახა, რომ ფანჩატურიც აშენებული იყო და ღობეც, თუმცა რ–მა ააშენა თუ არა, ეგ დანამდვილებით არ იცის; 2017 წელს უკვე ეს ნაგებობები დახვდა, ახალ მესაკუთრეებს შესთავაზა მთლიანი მიწის ნაკვეთის ყიდვა, თუმცა კ–მა უარი განაცხადეს და შესთავაზეს მხოლოდ სადავო ნაწილის ანაზღაურება, რაც მათთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან მისი ნაკვეთი ღირებულებას კარგავდა.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოწმე ე.კ–ძის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2018-19 წელს მეზობლებმა - შ–ძეებმა უთხრეს, რომ ღობე იყო მათ საზღვრებში შეჭრილი; შემდეგ გაიგეს, რომ ყოფილმა მესაკუთრემ - რ.თ–ძემ იცოდა აღნიშნული პრობლემის შესახებ და დაჰპირდა მოსარჩელეს დახმარებას, რადგან იმ დროს შ–ძეებს უკვე აშენებულის დანგრევა არ უთხოვიათ; მოწმის განმარტებით, არც მან და არც მისმა დისშვილებმა არ იცოდნენ ნაკვეთის ნაკლოვანების შესახებ და იყვნენ კეთილსინდისიერი შემძენები, 2019 წელს პირველად გაიგეს მოპასუხეებმა, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით იყო პრობლემა და ამის შემდეგ ითხოვეს საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე მოწმე კ.კ–ძის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შეძენის მომენტში კ–მა არ იცოდნენ, რომ ნაკვეთი სადავო იყო, მით უმეტეს, რომ კედელი კაპიტალურად იყო ამოყვანილი და თავად ნაგებობა 30 წლის იყო, ამიტომ ეჭვი ვერ შეიტანეს, რომ რაიმე დარღვევა იქნებოდა საზღვრებთან დაკავშირებით. ხოლო, მოწმე რ.თ–ძის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთები განაწილდა 80-იან წლებში და ერთ-ერთმა პირველმა ააშენა სახლი მის კუთვნილ ტერიტორიაზე, დაახლოებით 1987 წელს შემოღობა და ნარგავებიც დარგო. მოწმემ დაადასტურა, რომ 2005-2007 წლებში გამოჩნდა ხ.შ–ძე და მაშინ გაიგო პირველად, რომ ღობის ნაწილი გადასული იყო მეზობელი ნაკვეთის საზღვრებში; პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, რაშიც გულისხმობდა მომიჯნავედ არსებულ თავისუფალ, ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე გადაწევას, რისი შესაძლებლობაც იმ პერიოდში არსებობდა; ეს თავისუფალი მიწის ნაკვეთი (სამკუთხედის ფორმის), მისი ინფორმაციით, სწორედ იმ მიზნით დატოვეს თავის დროზე ამზომველებმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მომხდარიყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება; სწორედ ამას გულისხმობდა პრობლემის მოგვარებაში, თუმცა ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი ზ. არ გამოჩენილა; ვინაიდან ფინანსური პრობლემები შეექმნა, 2015 წელს გაყიდა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. ახალი მაცხოვრებლების მისვლის შემდეგ გამოჩნდა ზ–ს შვილი, რომელმაც მოითხოვა ღობის დანგრევა და გადაწევა. მოწმე მ.ჩ–ძის განმარტებით კი, ცხოვრობს ქ. და თ.კ–ძეების მეზობლად დაახლოებით 2002-2003 წლიდან, მისი პოზიციით, კონფიგურაცია, ღობე, შენობები, საზღვრები ამ დროიდან არ შეცვლილა, მრავალწლიანი ხეებიც დარგული იყო, როცა მიწის ნაკვეთი კ–მა შეიძინეს.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს მოპასუხეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება იმ კონფიგურაციით და პარამეტრებით, როგორც ამჟამად არის.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის დანაწესი შენობის დემონტაჟის მოთხოვნის მართლზომიერებისთვის, აუცილებელი წინაპირობის სახით, განსაზღვრავს ხელმყოფის მიერ განზრახი მოქმედების ელემენტს. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია მისი ნაკვეთის სივრცეში შემოჭრილი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოითხოვოს, თუკი ხელმყოფი პირი ბრალეულად მოქმედებდა ან მესაკუთრემ მშენებლობის წინააღმდეგ პრეტენზია წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია ამგვარი ზემოქმედება ითმინოს, რის საკომპენსაციოდაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს თანხობრივი ანაზღაურება. ამდენად, 179-ე მუხლი საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველია, რომლის მიზანია სამართლებრივი ბალანსის დადგენა იმ შემთხვევაში, როდესაც მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე დაარღვევს საზღვარს, მაგრამ ის ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, ხოლო მეორე მესაკუთრე თავიდანვე არ განაცხადებს პრეტენზიას.
13. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, თუკი საზღვრის დამრღვევი მეზობელი განზრახ მოქმედებს, მაშინ მშენებლობით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებათა აღკვეთის მოთხოვნას ვერაფერი დაუდგება წინ, ხოლო თუ მშენებლობის დროს მისი (ანუ მეზობლის) მოქმედება განზრახვის გარეშეა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გასაზიარებელი, თუკი უფლებადარღვეულმა მეზობელმა ამ დარღვევის შესახებ წინასწარ ან შეტყობინებისთანავე განაცხადა პრეტენზია.
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი 16.7 კვ.მ. ფართით შეჭრილია მოსარჩელის უძრავ ქონებაში (იხ. შპს „გ–ის“ დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 46-48); 25.11.2024 წელს წარმოდგენილი CD დისკი, საცხოვრებელი ფართის ვიდეოჩანაწერი). მოპასუხის შედავება დამყარებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო შენობა-ნაგებობა აშენებულია მისი წინამორბედი მესაკუთრის მიერ. დადგენილია, რომ მოპასუხეები უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდნენ 2015 წელს. მოწმეთა განმარტებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მიჯნის დარღვევისა და სადავო შენობა-ნაგებობის აშენებისას მოპასუხე არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს. ამდენად, დადასტურებული ფაქტებისა და მითითებული სამართლებრივი მსჯელობის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი (16.7 კვ.მ.) შეჭრილია მოსარჩელის უძრავ ქონებაში, თუმცა მოპასუხე ამ გარემოების მიმართ კეთილსინდისიერია. შედეგად, მოსარჩელეს წარმოეშვა სსკ-ის 179.1 მუხლით დადგენილი თმენის ვალდებულება, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე იღებდა პასუხისმგებლობას იმ იურიდიულ შედეგებზე (თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე), რომელიც სხვისი ნივთით, კონკრეტულ შემთხვევაში, 16.7 კვ.მ. მიწის ნაკვეთით სარგებლობას შეიძლება მოჰყვეს (179.2 მუხ), თუმცა, ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა და სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა აღნიშნულზე.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ხოლო მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. მოსარჩელემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან 16.7 კვ.მ. შენობა-ნაგებობის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმართებულო, რადგან ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ვერ გამოიყენებს, იგი ასევე გამოუყენებელია მშენებლობისათვის;
17.2. 16 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არის ღია ფანჩატური, ხოლო მოსარჩელეს მეორე მხრიდან ესაზღვრება სხვა მეზობელი და მის კედლამდე რჩება ერთი მეტრი, რაც მოწმობს იმას, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვერაფერი აშენდება;
17.3. მოპასუხემ მოსარჩელეს კომპენსაცია რომც გადაუხადოს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი რჩება სამშენებლოდ გამოუყენებელი.
18. მოპასუხეებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
18.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხეების არამხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, არამედ - საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე;
18.2. მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენამდე, ამავე ქონებაზე არსებული სამართლებრივი დოკუმენტები (რ.თ–ძის მებაღის წიგნაკი, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა) და ფაქტობრივი გარემოებები, როგორც არსებული მდგომარეობით, ასევე ათეული წლის წინ არსებული მდგომარეობა შესაბამისობაშია ერთმანეთთან. სამწუხაროდ, სასამართლოს მხრიდან ამ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების არასწორმა კვლევამ და უფრო მეტად, საერთოდ კვლევის გარეშე დატოვებამ გამოიწვია ის უსამართლო შედეგი, რაც რეალურად სახეზეა;
18.3. სასამართლოს მიერ დადგენილი ღობის საზღვარი, როგორც შენობა-ნაგებობა, არის ის ნაგებობა, რაც შესაძლებელია ჩათვლილიყო სსკ-ის 179-ე მუხლთან შესაბამისობაში ანუ ღობე და შენობა-ნაგებობა (საიდანაც არ მოხდა მოპასუხეთა გამოსახლება), ერთი და იგივეა კონკრეტული მუხლის სწორი განმარტებიდან გამომდინარე. სინამდვილეში სახეზეა კაპიტალურად ნაშენები და აღმართული ბეტონის ნაგებობა - ღობე (აშენებული რ.თ–ძის მიერ 1980-იან წლებში), რაც სამშენებლო ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს შენობა-ნაგებობას;
18.4. აღსანიშნავია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი (1998 წლის 12 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი 3178) და რეგისტრაციის დრო - 2009 წელი, ასევე რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
18.5. ხ.შ–ძემ დაადასტურა, რომ რ.თ–ძემ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში განახორციელა მშენებლობა, იმავეს აღნიშნავს თავად თ–ძეც. ამდენად, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, კაპიტალურად ნაშენები ღობე არსებობდა და დღესაც იმავე მდგომარეობით არსებობს იმ დრომდე, სანამ ხ.შ–ძე 2009 წელს საჯარო რეესტრში დაირეგისტრირებდა მიწის ნაკვეთს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შ–ძის ჩვენება იმ ნაწილში, რომ 2009 წლისთვის მოხდა გარკვეული ცვლილებები, კოოპერატივის წევრები იხდიდნენ საწევრო გადასახადს, რა დროსაც თავიდან აზომეს ნაკვეთები და საჭირო დოკუმენტები გადასცეს მასაც, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ესე იგი, შ–ძემ შეადგინა ისეთი ტიპის და კონფიგურაციის აზომვითი ნახაზი, რაც ფაქტობრივად არსებულ მდგომარეობას ეწინააღმდეგებოდა და აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთი სწორედ რ.თ–ძის სახელზე გაცემულ უფლების დამდგენ დოკუმენტებშია დატანილი (მებაღის წიგნაკი, მიღება-ჩაბარების აქტი). ფაქტობრივად სადავო არ იყო და მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის და ღობის კონფიგურაციები არასდროს შეცვლილა და ასეთი სახით იყო 1980-იანი წლებიდან. ასევე, სადავო არ გამხდარა, რომ რ.თ–ძეზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტები მომზადებულია უფრო ადრე, ვიდრე ხ.შ–ძეზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და აღნიშნულ გარემოებას არცერთი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.
19. მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინეს შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვეს:
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც მოპასუხეებს უარი ეთქვათ მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე №3/161-24 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და იმავე სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე №2/434-24 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებაზე;
19.2. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მოპასუხეების შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
20. ზემოაღნიშნული შუამდგომლობა ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
20.1. 2024 წლის 02 მაისს მოპასუხეებმა მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც სადავოდ არის გამხდარი საჯარო რეესტრის 2009 წლის 22 აპრილის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ხ.შ–ძის სახელზე და მეორე სასარჩელო მოთხოვნაა - ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე დარეგისტრირდა ა.შ–ძის საკუთრების უფლება. ადმინისტრაციული სარჩელი მიღებულია წარმოებაში და მიმდინარეობს საქმის განხილვა, რაც ამჟამად დასრულებული არ არის. ამდენად, ამჟამად გასაჩივრებულია ადმინისტრაციული აქტები, რაც თავის დროზე, 2009 და 2016 წლებში გახდა ჯერ ხ.შ–ძის (მამა) სახელზე, შემდეგ კი - ა.შ–ძის (შვილი) სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი;
20.2. 2024 წლის 13 მაისს მოპასუხეებმა მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით ზაალ და ა.შ–ძეების მიმართ, მამა-შვილს შორის 2016 წლის 12 იანვარს დადებული ჩუქების გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2024 წლის 16 მაისის სასამართლო განჩინებით სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული და 2024 წლის 10 ივნისს აღძრული კერძო საჩივრით გასაჩივრდა მითითებული განჩინება, რასთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, ამჟამად გასაჩივრებულია ჩუქების ხელშეკრულება, რაც საჯარო რეესტრში ა.შ–ძის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია;
20.3. მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიმდინარე საქმე შეჩერდეს, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება მოპასუხეების მიერ აღძრული ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეები. შესაბამისად, არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის განჩინებით - მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ხოლო ამავე სასამართლოს 2025 წლის 22 მაისის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განხილვის, აგრეთვე, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივრები ცნობილ უნდა იქნას დაუშვებლად.
23. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს საქმის წარმოების შეჩერების საკითხზე და მიუთითებს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ მათ როგორც სამოქალაქო სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესით სადავოდ აქვთ გამხდარი მოსარჩელის, ასევე მისი წინამორბედი მესაკუთრის - მოსარჩელის მამის საკუთრების უფლება 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ასევე, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, რაც, მათი მოსაზრებით, წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობას ქმნის.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-857-857-2018, 25 ივლისი, 2018 წელი). საქმისწარმოების შეჩერებისას მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე (იხ. სუსგ საქმე №ას-417-2022, 29 აპრილი, 2022 წელი).
25. ამასთან, სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; №ას-877-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1719-2019, 22 იანვარი, 2020 წელი). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მესაკუთრის უფლების დამდგენი დოკუმენტის და, შესაბამისად, მისი საკუთრების უფლების მიმართ სარჩელის აღძვრა არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის შეჩერების უპირობო საფუძველს, რადგან სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა „შეუძლებელია“, არ შეიძლება განხილული იქნეს „მიზანშეუწონელია“ ან „არასასურველიას“ სინონიმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი დავების გადაწყვეტა გონივრულ ვადებში ფაქტიურად შეუძლებელი გახდება, უფრო მეტიც, შესაძლოა დაუსრულებელი პროცესიც მივიღოთ (იხ. სუსგ საქმე №ას-1412-2024, 9 დეკემბერი, 2024 წელი).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად არ აფერხებს მოპასუხეების მიერ აღძრული ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების გადაწყვეტა, არ იკვეთება საქმის განხილვის შეუძლებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მართებულად არ დააკმაყოფილა და მისი დაკმაყოფილების საფუძვლები არც უზენაეს სასამართლოში არსებობს.
27. რაც შეეხება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
28. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
30. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი და დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის (245 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) გამოთხოვა [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას; 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება].
31. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245) (იხ. სუსგ საქმე №ას-457-2021, 5 ოქტომბერი, 2021 წელი).
32. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს დავას. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება სადავო ნივთებზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალე ნივთის მფლობელია, რომელმაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობა უნდა ადასტუროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1347-2024, 13 დეკემბერი, 2024 წელი).
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
34. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
35. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
36. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ:
36.1. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთა, ........ ტერიტორია, საკადასტრო კოდი №......, 1998 წლის 12 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის №3178 თანახმად, გადაეცა ხ.შ–ძეს, რომელმაც 2009 წელს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიღება-ჩაბარების აქტი წარადგინა საჯარო რეესტრში და აღირიცხა მისი საკუთრების უფლება (განაცხადი 882009105...). დამზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გაიცა საკადასტრო გეგმა. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელე გახდა 2016 წლის 12 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი).
36.2. მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 730 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთა, ........ ტერიტორია, საკადასტრო კოდით №......., 1997 წლის 27 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის №ა-140 თანახმად, გადაეცა რ.თ–ძეს, რომელმაც 2007წ. შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი და მიღება- ჩაბარების აქტი წარადგინა საჯარო რეესტრში და აღირიცხა მისი საკუთრების უფლება (განაცხადი 722007.....). დამზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გაიცა საკადასტრო გეგმა. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე მოპასუხე მხარე გახდა 2015 წლის 17 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი);
36.3. შპს „გ–ის“ დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ს/კ ..... მიწის ნაკვეთი მოკვეთილია N..... მიწის ნაკვეთის მხრიდან 245 კვ.მ. ფართზე ანუ მოპასუხეების მიერ ფაქტიურად დაკავებულია მოსარჩელის საკუთრების ნაწილი - 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3 ქვეპუნქტი);
36.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მხარემ N902019021997 განაცხადით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მცხეთა, .......... ტერიტორია, საკ. კოდი N........ სამსახურმა წარმოება ჯერ შეაჩერა მომიჯნავე N72.16.11.186 მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, შემდეგ შეწყვიტა, ვინაიდან ზედდება არ აღმოიფხვრა. საქმეზე დანიშნული მედიაციის პროცესი მხარეთა შეუთანხმებლობის გამო აღმოჩნდა უშედეგო (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4 ქვეპუნქტი);
36.5. საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ზედდების ამსახველი სიტუაციური გეგმიდან დგინდება, რომ N72....... მიწის ნაკვეთი 1/3-ზე ნაკლებად იცვლის ადგილმდებარეობას, ზედდებაში მოდის რეგისტრირებულ მონაცემებთან N72....... და ზედდებაა სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ 882019418303-თან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6 ქვეპუნქტი).
37. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური და სათანადო მტკიცებულება. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალი 228,30 კვ.მ. მიწის ნაკვეთის უკანონო ფლობისა და სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტს.
38. მოპასუხეთა ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალ 228,30 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ღობე არის კაპიტალურად ნაშენები და აღმართული ბეტონის ნაგებობა, რაც სამშენებლო ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს შენობა-ნაგებობას.
39. განსახილველ შემთხვევაში, დავის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სამეზობლო სამართლის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ზოგადად, სამეზობლო სამართალი სანივთო სამართლის ნაწილია და ამ ნორმათა მიზანია მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები, „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება. მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მრავალგვარი კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, თუმცა, სამეზობლო სამართლის ნორმებში თავმოყრილია მხოლოდ კანონმდებლის მიერ მოსაწესრიგებლად მიჩნეული საკითხები. პრაქტიკაში გავრცელებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის, დაუშვებელი ხელყოფის, სხვის მიწის ნაკვეთზე გადასვლის შემთხვევებთან დაკავშირებული დავები (იხ. თამარ ზარანდია, „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 263) (იხ. სუსგ საქმე №ას-1065-2020, 8 აპრილი, 2021 წელი).
40. მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება [სსკ-ის 174-ე მუხლი]. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1046-1007-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).
41. სსკ-ის 179-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.
42. სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს ნაგებობის დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ მან წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი, ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისათვის. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მის მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი მისთვის აღნიშნულის შესახებ გახდა ცნობილი. თუკი მესაკუთრემ არ განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მის მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ. თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 276) (იხ. სუსგ საქმე №ას-1065-2020, 8 აპრილი, 2021 წელი).
43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმის მიზანია, დააბალანსოს მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება ანაზღაურდება შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. სსკ-ის 179-ე მუხლი არის ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობით იზღუდება. ნორმის მიხედვით, არსებობს საჯარო ინტერესი, შენარჩუნდეს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობა, რის გამოც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის განმახორციელებელი მეზობლის მიმართ არ აქვს ნაგებობის დანგრევის მოთხოვნის უფლება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018, გვ. 103). ამდენად, კანონი, ერთი მხრივ, იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, უფლებადარღვეულ მესაკუთრეს ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-740-692-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი).
44. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის კუთვნილი 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალი 228,30 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოკვეთილია მოპასუხეთა ღობით, რომლის კონსტრუქციის უმეტესი ნაწილი რკინის ბადით არის მოწყობილი (იხ. ფოტოსურათები, ტ. 1, ს.ფ. 205-209). საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიაზრებს მხოლოდ მყარ ნაგებობას და მხოლოდ მყარი ნაგებობის არსებობითაა გამართლებული ორ მესაკუთრეს შორის კოლიდირებული ინტერესების იმგვარი დაბალანსება, როდესაც მყარი ნაგებობის მესაკუთრეს უნარჩუნდება სხვის საკუთრებაზე მფლობელობა, ხოლო უფლებადარღვეული მესაკუთრე, ზემოხსენებული ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიიღებს კომპენსაციას საკუთრების უფლებაში ჩარევისათვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1416-2019, 30 მარტი, 2020 წელი). გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალ 228,30 კვ.მ. მიწის ფართზე სამეზობლო თმენის ვალდებულება ვერ გავრცელდება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-97-2022, 5 აპრილი, 2022 წელი).
45. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო საჩივარს, მოსარჩელე მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან 16.7 კვ.მ. შენობა-ნაგებობის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ვერ გამოიყენებს, იგი ასევე გამოუყენებელია მშენებლობისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შედავება არაკვალიფიციურია.
46. დადგენილია, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს მოპასუხეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება იმ კონფიგურაციით და პარამეტრებით, როგორც ამჟამად არის. მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი 16.7 კვ.მ. ფართით შეჭრილია მოსარჩელის უძრავ ქონებაში. მოწმეთა განმარტებებით დადგენილია ისიც, რომ მიჯნის დარღვევისა და სადავო შენობა-ნაგებობის აშენებისას მოპასუხე არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 და მე-14 პუნქტები). გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, მართალია, მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი (16.7 კვ.მ.) შეჭრილია მოსარჩელის უძრავ ქონებაში, თუმცა მოპასუხე ამ გარემოების მიმართ კეთილსინდისიერია. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს წარმოეშვა სსკ-ის 179.1 მუხლით დადგენილი თმენის ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1409-2022, 2 მარტი, 2023 წელი).
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
48. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორების ბ.კ–ძისა და თ.კ–ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
2. ბ.კ–ძისა და თ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. ა.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
4. კასატორებს ბ.კ–ძესა (პ/ნ: ......) და თ.კ–ძეს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეთ მ.ე–ის მიერ (პ/ნ: ........) 2025 წლის 13 მაისს №27284825351 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. კასატორს ა.შ–ძეს (პ/ნ: .........) დაუბრუნდეს თ.კ–ის მიერ (პ/ნ: .......) 2025 წლის 25 აპრილს №57890937 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე