დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 15.05.2026
საქმის ნომერი
ას-1260-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1260-2025 15 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – გ.თ–ძე, ი.რ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - 2007 წლის 12 მარტის ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „თ–ი ..-ს“ დაფუძნების და შპს „შ–ის“ მიწის ნაკვეთის შეტანის შესახებ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „თ–ი ..-ს“ კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით გ.თ–ძის და ი.რ–ძის (შემდეგში- აპელანტები ან კასატორები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:

1.1.სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - მოსარჩელე ან ილიას უნივერსიტეტი) სარჩელი მოპასუხეების: შპს ,,შ–ის“, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „თ–ის ..“-ს (შემდეგში - ამხანაგობა 4ა) წევრების მიმართ, ამხანაგობა 4ა-ს დაფუძნების და შპს „შ–ის“ მიწის ნაკვეთის შეტანის შესახებ 12.03.2007წ. ხელშეკრულებისა და ამხანაგობა 4ა-ს კრების №3 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა 4ა-ს კრების №3 ოქმით (სანოტარო წესით დამოწმების თარიღი 19.08.2008წ. რეგისტრაციის №1-8345) მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ ნაწილში: „გადაეცეს ...... ილიას უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის საოფისე ფართი №1 და №2 იმ შემთხვევაში თუკი ინსტიტუტი წერილობით დაგვიდასტურებს, რომ მას სხვა მოთხოვნები არ გააჩნია და წარმოადგენს დოკუმენტაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფართი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში. თუ ეს ასე არ მოხდა ამხანაგობა 4ა იტოვებს უფლებას ინსტიტუტს არ გადასცეს საოფისე ფართი 912კვ.მ. აღნიშნული ფართი განაწილდება კ. თ–ზე, ნ.ც–ზე, ი.რ–ძეზე და ბ. ქ–ზე“;

1.3. ბათილად იქნა ცნობილი ნ.ც–ძესა და კ.თ–ძეს შორის 24.01.2014წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ნ.ც–ძის კუთვნილ წილზე უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ.თბილისი, თ–ის ქუჩა №4ა, საოფისე ფართი №1 ს.კ: ....... (შემდეგში - უძრავი ქონება რეგისტრირებული N ........... საკადასტრო კოდზე);

1.4. ბათილად იქნა ცნობილი ბ.ქ–სა და ი.რ–ძეს შორის 07.10.2014წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ბ.ქ–ის კუთვნილ წილზე უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ.თბილისი, ........., სადარბაზო 3, სართული 2, საოფისე ფართი №2, ს.კ:.......... (შემდეგში - უძრავი ქონება რეგისტრირებული N..........საკადასტრო კოდზე);

1.5.ილიას უნივერსიტეტი ცნობილ იქნა კ.თ–ძის უფლებამონაცვლის გ.თ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, რეგისტრირებული N........საკადასტრო კოდზე, მესაკუთრედ;

1.6.ილიას უნივერსიტეტი ცნობილი იქნა ი.რ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, რეგისტრირებული N............საკადასტრო კოდზე, მესაკუთრედ;

1.7.სარჩელი 2007 წლის 12 მარტის ამხანაგობა 4ა-ს დაფუძნების და შპს „შ–ის“ მიწის ნაკვეთის შეტანის შესახებ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.02.09.1998წ. შპს „შ–ის“ დირექტორმა პ.ბ - დ–მა წერილით მიმართა თბილისის დასავლური ენებისა და კულტურების საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (შემდეგში - პედაგოგიური ინსტიტუტი) რექტორს, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, პერსპექტიულად მიიჩნევდა ინსტიტუტის საზღვრებში მოქცეული, ........ ქუჩის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილის მოშენებას. მასზე საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსური ობიექტების განთავსებას. პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორს ეთხოვა განეხილა შპს „შ–ისთვის“ ......ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საკითხი. ასევე, გამოთქვა მზაობა ურთიერთშეთანხმებული პირობების ფარგლებში პედაგოგიური ინსტიტუტისათვის სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები შეესრულებინა;

2.2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.11.1998წ. დადგენილებით დაკმაყოფილდა შპს „შ–ის“ თხოვნა და დაუმაგრდა თ–ის ქუჩაზე, პედაგოგიური ინსტიტუტის ტერიტორიაზე 2812 კვ.მ მიწის ნაკვეთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად;

2.3.17.05.1999წ. პედაგოგიურ ინსტიტუტს და შპს ,,შ–ს’’ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე პედაგოგიურმა ინსტიტუტმა შპს ,,შ–ს’’ ქ.თბილისში, თ–ის ქუჩაზე მისი კუთვნილი 2812 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. სანაცვლოდ შპს ,,შ–ი’’ უნივერსიტეტს თ–ის ქუჩაზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აუდიტორიებს გადასცემდა;

2.4.04.04.2000წ. ხელშეკრულებით დაზუსტდა პედაგოგიური ინსტიტუტისათვის გადასაცემი უძრავი ნივთის მონაცემები - შპს ,,შ–ს’’ პედაგოგიური ინსტიტუტისათვის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე 912 კვ.მ. უძრავი ნივთი და სპორტული მოედანი უსასყიდლოდ უნდა გადაეცა;

2.5.28.03.2005წ. შპს ,,შ–ს’’ და პედაგოგიურ ინსტიტუტს შორის წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის საფუძველზე შპს ,,შ–მა’’ ჩააბარა, ხოლო პედაგოგიურმს ინსტიტუტმა ჩაიბარა მშენებარე სახლის მე-2 სართულზე მდებარე 912 კვ.მ. უძრავი ქონება და იმავე მისამართზე მდებარე ღია სპორტული მოედანი. ამ აქტით შპს ,,შ–მა’’ იკისრა ვალდებულება შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე უძრავი ნივთი პედაგოგიური ინსტიტუტის სახელზე გაეფორმებინა. მიღება - ჩაბარების აქტი შპს ,,შ–ის’’ სახელით ხელმოწერილია დირექტორის - პ.ბ-დ–ის და ინჟინრების, მათ შორის, კ.თ–ძის მიერ;

2.6.შპს „შ–ის“ 10.0.2007წ. პარტნიორთა გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ინსტიტუტის ტერიტორია, ..... ქუჩაზე 2812 კვ.მ. და მასზე განთავსებული უკვე განხორციელებული მშენებარე შენობა-ნაგებობა, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ამხანაგობა 4ა-ს;

2.7.ამხანაგობა 4ა-მ 27.06.2007წ. კრებაზე განიხილა მესაკუთრეებზე ბინების და სხვა ფართების განაწილების საკითხი და დაადასტურა მისი ვალდებულება უნივერსიტეტისთვის I და II სადარბაზოში №1-ის და №2 საოფისე ფართის გადაცემის შესახებ. დოკუმენტი ხელმოწერილია ამხანაგობის თავმჯდომარის - პ.ბ-დ–ის და ამხანაგობის კრების მდივნის - კ.თ–ძის მიერ;

2.8.შპს „შ–ის“ დირექტორმა ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილი წერილში დაადასტურა, მხარეებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული 912 მ2 ფართისა და სპორტული მოედნის (ინსტიტუტის დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე მის ქვეშ განთავსებული ავტოსადგომების) უნივესიტეტისთვის გადაცემის ვალდებულება. წერილის თანახმად, ქონება უნდა გადაცემულიყო მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, როდესაც მოხდებოდა შენობის ექსპლუატაციაში მიღება. წერილი ხელმოწერილია შპს „შ–ის“ დირექტორ პ.ბ - დ–ის და კ.თ–ძის მიერ;

2.9.ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილ წერილში შპს „შ–ის“ დირექტორი განმარტავს, „ფინანსური შეფერხების“ გამო ვერ დასრულდა მშენებლობა და მისი ექსპლოატაციაში ჩაბარება. ამავე წერილით, კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ არაუგვიანეს მიმდინარე წლის სექტემბრისა, მშენებლობის ექსპლუატაციაში გადაცემის შემდგომ მოხდებოდა მხარეებს შორის ოფიციალურად მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმება. წერილი ხელმოწერილია შპს „შ–ის“ დირექტორ პ.ბ - დ–ის და კ.თ–ძის მიერ;

2.10. 27.07.2008წ. ამხანაგობა 4ა-მ კრებაზე განიხილა საკითხი უნივერსიტეტისთვის ქონების გადაცემის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტს ქონებას იმ შემთხვევაში გადასცემდა, თუ, ეს უკანასკნელი ამხანაგობას სხვა მოთხოვნების არარსებობას დაუდასტურებდა და გადაცემული ნივთი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდებოდა. წინააღდეგ შემთხვევაში, ნივთი ამხანაგობის წევრებზე: კ.თ–ძეზე, ნ.ც–ძეზე, ი.რ–ძეზე და ბ.ქ–ზე განაწილდებოდა. კრებას თავმჯდომარეობდა პ.ბ-დ–ი, ხოლო, კრების მდივნად არჩეული იქნა კ.თ–ძე;

2.11. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.08.2010წ. .№ბ - 12/89851-16 ბრძანებით შენობა მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში;

2.12. ამხანაგობა 4ა-ს წევრების ნ.ც–ძის და კ.თ–ძის სახელზე, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება რეგისტრირებული N………. საკადასტრო კოდზე;

2.13. ამხანაგობა 4ა-ს წევრების ი.რ–ძის და ბ.ქ–ის სახელზე, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება რეგისტრირებული N.....საკადასტრო კოდზე;

2.14. 24.01.2014წ. ნ.ც–ძეს და კ.თ–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების რეგისტრირებული N……… საკადასტრო კოდზე ნ.ც–ძის კუთვნილ წილზე. ნასყიდობის საფასური 60 000 ლარით განისაზღვრა. 28.01.2014წ. საჯარო რეესტრში განხორციელდა უძრავ ქონებაზე კ.თ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

2.15. 07.10.2014წ. ბ.ქ–სა და ი.რ–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების რეგისტრირებული N…….. საკადასტრო კოდზე ბ.ქ–ის კუთვნილ წილზე. ნასყიდობის საფასური 70 000 ლარით განისაზღვრა. 09.10.2014წ. საჯარო რეესტრში განხორციელდა უძრავ ქონებაზე ი.რ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

2.16. არსებობს სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც მოსარჩელეა კ.თ–ძე, მოპასუხე - ილიას უნივერსიტეტი, დავის საგანია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, რეგისტრირებული N…….. საკადასტრო კოდზე, ილიას უნივერსიტეტის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა. მითითებულ საქმეზე დადგენილია, ილიას უნივერსიტეტის წინამორბედი პედაგოგიური ინსტიტუტის მიერ შპს „შ–ისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ილიას უნივერსიტეტი სადავო ფართებს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა. შესაბამისად, იგი უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და სუსგ №ას-710-2020, 21 თებერვალი, 2022 წელი).

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.

4. მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში შპს „შ–ი“ წარმოადგენდა მენარდეს, რომელმაც ვალდებულება იკისრა აეშენებინა და პედაგოგიური ინსტიტუტისათვის (რომლის უფლებამონაცვლეა ილიას უნივერსიეტეტი) საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, სანაცვლოდ პედაგოგიური ინსტიტუტი, როგორც უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი, თანხმობას განაცხადებდა 2812კვ.მ მიწის ნაკვეთზე გადაეცა საკუთრების უფლება. ამის საფუძველზე მიწის ნაკვეთი შპს „შ–ს“ ჯერ დაუმაგრდა, შემდგომ კი, საკუთრებაში აღერიცხა. შემდგომში დადებული 17.05.1999წ. და 04.04.2000წ. ხელშეკრულებები, 28.03.2005წ. მიღება-ჩაბარების აქტი და მასში გაკეთებული მითითება „საბოლოო გაფორმებაზე“, ასევე, არაერთ წერილში დადასტურება იმისა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე სადავო ქონება მოსარჩელეს გადაეცემა, მიუთითებს ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობის წარმოშობაზე. ამასვე ადასტურებს სხვა სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და სუსგ №ას-710-2020, 21 თებერვალი, 2022 წელი).

5. ამასთან, დადგენელი იქნა, რომ მოსარჩელეს 2005 წლიდან გადაცემული აქვს ქონება მფლობელობაში, თუმცა საკუთრების უფლება დღემდე არ აქვს დარეგისტრებული.

6. რაკი, მოსარჩელეს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს, საკუთრების უფლების მოპოვების წინაპირობები წარმოშობილია, თუმცა, ირკვევა, რომ ნაცვლად საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის გადაცემისა, ამხანაგობამ 4ა-ს კრების N3 სადავო ოქმით, უძრავი ქონება საკუთრებაში სხვა პირებს: კ.თ–ძეს, ნ.ც–ძეს, ი.რ–ძესა და ბ.ქ–ს გადასცა, სადავო გარიგება ბათილია რადგან ეწინააღმდეგება მოსარჩელესთან გაფორმებულ სახელშეკრულებო პირობებს და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს.

7. რადგანაც, კრების ოქმი ბათილ გარიგებად დაკვალიფიცირდა, მის საფუძველზე საკუთრების უფლების გადაცემა, სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, შესაბამისად, ნ.ც–ძე და ბ.ქ–ი არ მიიჩნევა უძრავი ქონების გასხვისებაზე უფლებამოსილ პირებად, რის გამოც, 24.01.2014წ. ნ.ც–ძეს და კ.თ–ძეს, 07.10.2014წ. ბ.ქ–ის და ი.რ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სსსკ-ის 54-ე მუხლის, ასევე, სსკ-ის 56.1 მუხლის საფუძველზე ბათილია.

8. სარჩელის ხანდაზმულობის შედავებაც უარყოფილი იქნა.

9. მოპასუხემ ხანდაზმულობის დენა 06.05.2011წ. დაუკავშირა, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, შემდეგი გარემოებების გამო: საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე, უნივერსიტეტის მიერ 06.05.2011წ. გაგზავნილი წერილი (ტ.I.ს.ფ 33-34), რომელშიც უნივერსიტეტი უთითებს შპს „შ–ის“ მიერ, მის წინაშე 02.09.1998წ. და 04.04.2000წ. შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულების (უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე) შეუსრულებლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ შესაძლოა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. სააპელაციო პალატის შეფასებით, მითითებული წერილის შინაარსი ზოგადი ხასიათისაა და არ ვლინდება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილია გასაჩივრებული გარიგებების თაობაზე.

10. 21.11.2018წ. (ტ.II.ს.ფ:101-110) წერილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მის მიერ 2011წ. და 2017წ. შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურას აწვდის მისთვის ცნობილ დამატებით ინფორმაციას. წერილის მე-6 პუნქტში (ტ.II,ს.ფ.106), მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ქონების განკარგვის თაობაზე, მისთვის ცნობილი გახდა კ.თ–ძის და ი.რ–ძის 2017წ. ვინდიკაციური სარჩელებით. საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „შ–ისაგან“ ამხანაგობა 4ა-ზე, ხოლო ამხანაგობიდან ფიზიკურ პირებზე სადავო ფართების გადაფორმების ფაქტის და გასაჩივრებული გარიგებების თაობაზე უნივერსიტეტისთვის ცნობილი გახდა მის წინააღმდეგ წარდგენილი ვინდიკაციური სარჩელებით.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით აპელანტებმა გაასაჩივრეს, რომლებმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

12. კასატორები აცხადებენ, რომ მიწა, რომელზეც კორპუსი განთავსდა არ იყო მოსარჩელის საკუთრება და მისი თანხმობა მშენებლობაზე არც კანონით და არც მის გარეშე, სავალდებულო არ ყოფილა. კასატორი მიიჩნევს, რომც დავუშვათ, მოსარჩელის „თანხმობა" სავალდებულო იყო მიწის გადაცემისათვის და მშენებლობისათვის, „თანხმობის" სანაცვლოდ შპს „შ–მა" „ვალდებულება" იკისრა ინსტიტუტისათვის განეხორციელებინა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები რათა ინსტიტუტს მშენებლობისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია, კერძოდ, შპს „შ–ს" მისთვის უნდა გაერემონტებინა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული შენობები. კერძოდ, ინსტიტუტმა „თანხმობა" განაცხადა არა იმის სანაცვლოდ, რომ სადაო ქონება უნდა გადაცემოდა, არამედ, სანაცვლოდ მას უნდა მიეღო რემონტი უკვე არსებულ შენობებში. სასამართლომ მტკიცებულებათა არასრულად შეფასების შედეგად არასწორად დაადგინა, რომ შპს „შ–მა" მიწის გადაცემის სანაცვლოდ იკისრა ინსტიტუტისათვის სადაო უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება. სასამართლოს უნდა დაედგინა და არ დადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო, რომ მიწა, რომელიც დაუმაგრდა და შემდგომ, საკუთრებაში გადაეცა შპს „შ–ს" მშენებლობის განხორციელების მიზნით, არ ეკუთვნოდა პედაგოგიურ ინსტიტუტს.

13. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა სხვა სამოქალაქო საქმეზე დადგენილ გარემოებებს.

14. კასატორები სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევენ. აღნიშნავენ, რომ 2011წ. უნივერსიტეტმა, რომელმაც მიიღო წერილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით და რომელმაც განაცხადა რომ საკითხეზე მიმართული აქვს პროკურატურისადმი, უკვე იცოდა ქონების საკუთრების შესახებ, რაც თავისთავად, მათ სარჩელს ხანდაზმულად აქცევს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

19. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

21. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

22. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, 64).

24. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კასატორის პრეტენზიის პასუხად რომ არასწორადაა დადგენილი შპს „შ–ის" მხრიდან პედაგოგიური ინსტიტუტისათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულების არსებობა, მიწის გადაცემის სანაცვლოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 2.1.-2.9-ში, და რომლითაც თანმიმდევრულად აღწერილი და დადგენილია მოვლენათა განვითარება შპს „შ–ის“ დირექტორ პ.ბ - დ–ის მიერ 02.09.1998წ.-ს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორისადმი გაგზავნილი წერილიდან შპს ,,შ–სა’’ და პედაგოგიურ ინსტიტუტს შორის 28.03.2005წ. წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებამდე პერიოდში. ამ შეთანხმების საფუძველზეც შპს ,,შ–მა’’ ჩააბარა, ხოლო პედაგოგიურმა ინსტიტუტმა ჩაიბარა (მიიღო) მშენებარე სახლის მეორე სართულზე მდებარე 912 კვ.მ უძრავი ქონება და იმავე მისამართზე მდებარე ღია სპორტული მოედანი. ამავე დოკუმენტით შპს ,,შ–მა’’ ვალდებულება იკისრა, შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე, უძრავი ნივთი პედაგოგიური ინსტიტუტის სახელზე გაეფორმებინა.

25. გარდა წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, საკასაციო პალატისათვის საყურადღებო სხვა სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიცაა, კერძოდ, სამოქალაქო საქმეზე კ.თ–ძის სარჩელისა გამო, ილიას უნივერსიტეტის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოითხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით (№ას-710-2020) დადგენილია შემდეგი: ილიას უნივერსიტეტი სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობს. უნივერსიტეტის წინამორბედი ინსტიტუტის თანხმობით, მის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთი შპს „შ–ს“ გადაეცა. ქ.თბილისში, თ–ის ქუჩაზე მისი კუთვნილი 2812 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს ,,შ–ისათვის’’ გადაცემის სანაცვლოდ პედაგოგიურ ინსტიტუტს უნდა გადასცემოდა აშენებული საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აუდიტორიები, ასევე, სპორტული მოედანი. გადაცემული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, პედაგოგიურმა ინსტიტუტმა უსასყიდლოდ მიიღო ის ფართი, რაც ასახულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი 1999 წლის 17 მაისის ხელშეკრულების პირველ და მეორე პუნქტებში. სასამართლომ დაასკვნა, ილიას უნივერსიტეტი სადავო ფართებს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების პრეიუდიციული მნიშვნელობის წინააღმდეგ წარმოდგენილ კასატორთა პრეტენზიას და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ გაკეთებულ განმარტებას, რომ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. იგივე მხარეებში იგულისხმებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ ისინი სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგალითად, ახალ დავაში მოსარჩელე შეიძლება მოპასუხე იყოს, ან პირიქით. მთავარია, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება). პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, პრეიუდიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს ფაქტს, თუკი, სწორედ მას დაეყრდნო გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი (სარეზოლუციო ნაწილი). პრაქტიკულად, ეს უნდა იყოს იურიდიული შედეგის განმაპირობებელი აუცილებელი ფაქტი. მატერიალური ასპექტი ნათლად წარმოაჩენს, რომ სასამართლომ უპირობოდ არ უნდა მიიღოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული ფაქტები, როგორც პრეიუდიციული ძალის მქონე. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი მატერიალური მხარე და გამოარკვიოს ნამდვილად ამ ფაქტს ეყრდნობა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). შემოწმება უნდა განხორციელდეს როგორც პროცესუალური (პროცესუალური წინაპირობებია: (1) კანონიერ ძალაშია თუ არა შესული სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება); (2) გამოტანილია თუ არა იგი სამოქალაქო საქმეზე; (3) თუ არა იგივე მხარეები მონაწილეობენ თუ არა განსახილველ საქმეშიც, რომელთა მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება (განჩინება), ასევე, მატრიალური კომპონენტების კუთხით (ესაა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსი (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ე.ი. რაც გახდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი). მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია მხარის მიერ მითითებული ფაქტი შეფასდეს პრეიუდიციულად და ამოირიცხოს მტკიცების საგნიდან. შესაბამისად, ფაქტის პრეიუდიციულად მიჩნევა სასამართლოს უფლებაა. სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს და ჩვეულებრივ ექვემდებარება მტკიცებას ისევე, როგორც მხარეთა მიერ შედავებული დანარჩენი ფაქტები. ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებაში ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. შესაბამისად, თუ იგივე ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, როგორც დასახელებული პრინციპების დაცვას, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას (იხ., სუსგ №ას-1181--2018, 18.02.2021წ.; დამატებით იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 193-196. რედაქტორები: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვნტალიანი).

28. განსახილველ დავაზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემომითითებულ სამოქალაქო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დარჩა სუსგ-ს №ას-710-2020, 21 თებერვალი, 2022 წელი) სწორად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

29. შექმნილი ფაქტობრივი გარემოებები კი, იმის მაუწყებელია რომ სადავო სამართალურთიერთობის ნარდობად კვალიფიცირება მართებულია.

30. საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომელშიც განმარტებულია: მხარეთა შორის არსებული ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მოვალეს ევალებოდა საკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება, მრავალფუნქციურ სპროტულ-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექსის აშენება და მოსარჩელისათვის შესაბამისი ფართის გადაცემა, სახელშეკრულებო ურთიერთობა, თავისი ხასიათით, გამომდინარეობდა ნარდობისთვის დამახასიათებელი მოწესრიგებიდან, რადგან შეთანხმების თანახმად, ერთი მხარე მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველზე მეორე მხარისგან შესაბამისი სახის სამუშაოების შესრულების შემდგომ საკუთრებაში მიიღებდა უძრავ ქონებას. შესაბამისად, დავა განხილულ უნდა იქნეს ნარდობის მომწესრიგებელი ნორმებით (იხ., სუსგ №ას-1522-2023, 24.07.2024წ. პპ: 47, 55). საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ განმარტებებზეც მიუთითებს, რომლითაც მსგავსი შინაარსის პირობებზე მხარეთა შეთანხმება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობად დაკვალიფიცირდა (შდრ: სუსგ Nას-132-124-2017, 31.07.2017წ. პპ:37, 43,44; ასევე იხ., სუსგ №ას-1182-2025, 27.11.2025წ.)

31. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს. ნარდობის ხელშეკრულების ცნება მოცემულია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნული ცნებიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური, როგორც წესი, განისაზღვრება ფულადი სახით, თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სხვა რამეზეც (მაგალითად, მენარდისათვის რაიმე ნივთის ნატურით გადაცემა). შესაძლებელია კომბინირებული მეთოდიც (მაგალითად, საზღაურის ნაწილი გადახდილ იქნეს ფულადი სახით, ნაწილი – ნივთის სახით). ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა (იხ., სუსგ Nას-141-2021, 27.05.2021წ. პ..109; დამატებით იხ., ძლიერიშვილი ზურაბ., ნარდობის ხელშეკრულება (თეორია და პრაქტიკა), თბ., 2016, 165-185).

33. ზემომითითებული განმარტებებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სსკ-ის 319.1, 327-ე და 629-ე მუხლების საფუძველზე ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზე შპს „შ–ი“ წარმოადგენდა მენარდეს, რომელმაც ვალდებულება იკისრა აეშენებინა და პედაგოგიური ინსტიტუტისათვის, რომლის უფლებამონაცვლეა მოსარჩელე ილიას უნივერსიეტეტი, საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, სანაცვლოდ პედაგოგიური ინსტიტუტი როგორც უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი თანხმობას განაცხადებდა 2812კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადაეცა. ამ შეთანხმების საფუძველზე დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი შპს „შ–ს“, ხოლო შემდგომ, მის საკუთრებაში აღირიცხა.

34. შემდგომში დადებული 17.05.1999წ. და 04.04.2000წ. ხელშეკრულებები, 28.03.2005წ. მიღება-ჩაბარების აქტი და მასში გაკეთებული მითითება „საბოლოო გაფორმებაზე“, ასევე, არაერთ წერილში დადასტურება იმისა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე სადავო ქონება მოსარჩელეს გადაეცემა, მეტყველებს მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებაზე.

35. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ფონზე დადებული სადავო გარიგებების ბათილად ცნობისთვის საკმარისი საფუძვლების არსებობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებიც გასაზარებელია (იხ, წინამდებარე განჩინების პპ: 5-7).

36. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორთა შედავებას სარჩელის ხანდაზმულობათან დაკავშირებით, რომელზედაც მოპასუხეები მიუთითებდნენ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში და რომლებსაც პასუხი გაეცათ ქვემდგომი ინტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილება/განჩინებაში.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.თ–ძის და ი.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ.თ–ძეს (პ.ნ:...........) და ი.რ–ძეს (პ.ნ: .........) დაუბრუნდეთ მ.ნ–ის მიერ 12.11.2025წ. №71291997 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე