დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 28.02.2025
საქმის ნომერი
ას-1512-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1512-2024 28 თებერვალი, 2025 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.კ–ი (შემდეგ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც შპს „ს.ლ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენა. მოსარჩელის მითითებით, მან ფართი გაარემონტა, ფლობდა საცხოვრებელი მიზნით და განლაგებული ჰქონდა საყოფაცხოვრებო ნივთები. მოპასუხემ ფართში შეაღწია, საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანა და კარი აჭედა ლეგიტიმური მიზნის გარეშე, რისი გათვალისწინებითაც, მისი პატივი და ღირსება შეილახა.

3. უდავოა, რომ ფართს მოსარჩელე ფლობდა და მასში განთავსებული ჰქონდა ნივთები. სსკ-ის 158-ე მუხლში განსაზღვრულია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მოცემული ფართის მესაკუთრე იყო მოსარჩელე. ცალსახაა, რომ ფართში შეღწევა, საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა და კარის აჭედვა განხორციელდა ლეგიტიმური მიზნის გარეშე, მაშინ როდესაც ამგვარი ქმედებისთვის აუცილებელი იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოპასუხის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა არ დასტურდება, დაუსაბუთებელი და უკანონოა.

4. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მესამე პირად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართვაზეც და მოითხოვს საკასაციო სამართალწარმოების ეტეპაზე მესამე პირად საქმეში ჩართულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებით სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა, ობიექტურად შეაფასოს საქმის გარემოებები უშუალოდ მერიის მონაწილეობით, რაც ზეგავლენას მოახდენს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

9.1 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......... / ქ. თბილისი, .......... (ს/კ .........), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე.

9.2 2021 წლის 23 ივლისს ზემოაღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და დაემატა 5.11 მუხლი, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ უძრავი ქონების გადაბარება მუნიციპალიტეტის მიერ მყიდველისთვის განხორციელდებოდა არა უგვიანეს 2021 წლის 30 ივლისისა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თარიღამდე ჩატარებული ერთობლივი დათვალიერებისას ქონებით მოსარგებლე ოჯახები/პირები უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ოჯახები/პირები. ხსენებულ დანართში მოსარჩელე არ ფიქსირდება.

9.3 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 28 ივლისს გაფორმდა დათვალიერების აქტი, რომლის მეშვეობითაც აღიწერა ყველა ის პირი, ვინც აღნიშნული თარიღის მდგომარეობით უძრავ ქონებაში ფლობდა ფართს. მოსარჩელე (კასატორი), როგორც უძრავი ქონების მოსარგებლე, არ ფიქსირდება მხარეთა შორის გაფორმებულ დათვალიერების აქტში.

9.4 ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს არ გააჩნდა მოსარჩელისათვის რაიმე სახის კომპენსაციის ან ანაზღაურების გადახდის ვალდებულება.

9.5 მოპასუხის წარმომადგენელმა 2022 წლის 2 მაისს მოსარჩელეს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება ქ. თბილისი, .......... / ქ. თბილისი, ......... მდებარე ფართებში არსებული მოძრავი ნივთების გატანის აუცილებლობის შესახებ, რომლებიც მას შენობის დაცლისას არ წაუღია. აღნიშნულისათვის მოსარჩელეს განესაზღვრა ორთვიანი ვადა (არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივლისისა). შეტყობინებაში ასევე მითითებული იყო, რომ აღნიშნულ ვადაში ნივთების გაუტანლობის შემთხვევაში კომპანია მიიჩნევდა, რომ მოსარჩელე აღარ ამჟღავნებდა ინტერესს აღნიშნული ნივთების მიმართ და თავად უზრუნველყოფდა მათ კუთვნილი ფართიდან გატანას.

9.6 არაერთი სატელეფონო გაფრთხილების მიუხედავად, მოსარჩელემ მხოლოდ 2023 წლის აპრილში მოახდინა გარკვეული ნივთების გატანა, ხოლო ნივთების ნაწილი დღემდე ინახება მოპასუხის კუთვნილ ქონებაში. დარჩენილი ნივთები კომპანიის მიერ განცალკევებულ ოთახში იქნა გადატანილი.

9.7 მოსარჩელემ არაერთხელ გამოიძახა საპატრულო პოლიცია მისამართზე - ქ. თბილისი, ........ / ქ. თბილისი, ......... - იმ ფაქტის დაფიქსირების მიზნით, რომ აღნიშნულ ფართში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 2011 წლიდან, თუმცა 2021 წლის 30 იანვარს ზემოაღნიშნულ მისამართზე მის მფლობელობაში არსებული ფართი დახვდა დალუქული. აღნიშნულ ფართში დარჩა მისი და მისი ოჯახის ნივთები.

9.8 აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე 2023 წლის 20 თებერვალს ფაქტების კონსტატაციის მიზნით შედგა ოქმი, რომელშიც აღწერილი და დასურათებული იქნა თბილისი, ........ / თბილისი, ........ მდებარე ფართების მდგომარეობა და იქ განლაგებული ნივთები.

9.9 მოსარჩელე ოჯახთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

10. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს მისი პატივისა და ღირსების შელახვას. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ნივთების უნებართვოდ გატანამ და უძრავი ქონების შესასვლელი კარის ჩაკეტვამ (აჭედვამ) გამოიწვია მისთვის არამატერიალური ზიანის მიყენება, რომლის ანაზღაურებასაც იგი ფულადი ფორმით ითხოვს.

11. მოსარჩელის მოთხოვნისა და სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ექცევა სსკ-ის 18-ე (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად), 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) და 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) მუხლებით დადგენილი რეგულირების ფარგლებში.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში (სსკ-ის 394-ე და 992-ე მუხლები აღნიშნული წინაპირობების მომცველია) (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.). რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება (იხ. სუსგ №ას-1626-2018, 12.02.2021წ.; №ას-155-2021, 06.10.2022წ.; №ას-1056-2023, 10.10.2023წ.).

13. გასათვალისწინებელია, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (იხ. სუსგ №ას-1156-1176-2011, 20.01.2012წ.; №ას-211-200-2017, 12.01.2018წ.; №ას-1056-2023, 10.10.2023წ.; №ას-1444-2022, 22.12.2023წ.). ამასთან, სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება ნათელყოფს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მხოლოდ გამონაკლისის სახითაა დასაშვები, კერძოდ, კანონით ზუსტად გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო სსკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილის წინაპირობაა, რომ დამზიანებელი სხვა, პასუხისმგებლობის წარმომშობი, საფუძვლიდან გამომდინარე, ვალდებული იყოს, აანაზღაუროს ზიანი სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. აღნიშნული ნორმა მხოლოდ ავრცელებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მორალურ ზიანზე (შდრ. რუსიაშვილი გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 413, ველი 1, 3).

14. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა: უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019წ.; №ას-1626-2018, 12.02.2021წ.).

15. მორალური ზიანის მახასიათებელია ადამიანის ფსიქიკურ და სულიერ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება მის ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო, როდესაც მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა. შ., ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.; №ას-669-2019, 11.07.2019წ.; №ას-1129-2020, 16.03.2021წ.).

16. კასატორი თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმას, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც მისცემდა სადავო ფართში შესვლისა და იქ არსებული ნივთების გატანის შესაძლებლობას. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის ქმედებებს ჰქონდა თვითნებური ხასიათი, რამაც მისი მოსაზრებით გამოიწვია მისი პატივისა და ღირსების შელახვა და შედეგად არამატერიალური ზიანის მიყენება.

17. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა საკუთრების უფლების დაცვის მიზნით ითვალისწინებს შესაბამის სამართლებრივ საშუალებებს, რომელთა გამოყენება კანონით დადგენილი წესით ხორციელდება. ამასთან, თუნდაც გაზიარებულ იქნეს კასატორის პოზიცია და მიჩნეულ იქნეს, რომ მოპასუხის მხრიდან ქონებასთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები შესაძლოა სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო იყოს, აღნიშნული გარემოება, ისევე როგორც სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობა, თავისთავად ვერ წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და არ ადასტურებს ასეთი ანაზღაურებისათვის აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობების არსებობას.

18. პირველ რიგში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელზე. შესაბამისად, მოპასუხე მოქმედებდა არა როგორც შემთხვევითი მესამე პირი, არამედ როგორც რეგისტრირებული მესაკუთრე, რომლის ქმედებები დაკავშირებული იყო საკუთრებასთან მიმართებით მისი ინტერესების რეალიზებასთან. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და სადავო ფართი მისი ოჯახის საცხოვრისს წარმოადგენდა. კერძოდ, კასატორი არ ფიქსირდება არც სახელმწიფოს მიერ ქონების გასხვისების პროცესში შედგენილ მოსარგებლეთა სიაში და არც 2021 წლის 28 ივლისის დათვალიერების აქტში, რომლის საფუძველზეც აღირიცხნენ პირები, რომლებიც აღნიშნული დროისათვის უძრავი ქონებით სარგებლობდნენ. მართალია, აღნიშნული გარემოებები თავისთავად არ გამორიცხავს მოსარჩელის ფაქტობრივი ფლობის შესაძლებლობას, თუმცა არსებითად ასუსტებს იმ მტკიცებას, რომ მისი სამართლებრივი მდგომარეობა მოპასუხისთვის აშკარა და ცხადი იყო. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეს გააჩნდა ობიექტური საფუძველი, მოსარჩელე აღექვა იმ პირად, რომელსაც სადავო ფართთან მიმართებით შესაბამისი სამართლებრივი მდგომარეობა ან უფლებრივი კავშირი გააჩნდა.

19. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უძრავ ქონებაში შესახლებული მოსარგებლეები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ეტაპობრივად გაიყვანა. ამასთან, ცალკეული მოსარგებლეების მოძრავი ნივთები დარჩა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართში, მათ შორის - მოსარჩელის კუთვნილი ნივთებიც. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოპასუხემ კასატორი წინასწარ გააფრთხილა შენობის დაცლის შედეგად ფართში დატოვებული ნივთების გატანის აუცილებლობის შესახებ და ამისათვის განუსაზღვრა ორთვიანი ვადა, რაც საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება შეფასდეს გონივრულ პერიოდად. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ნივთების გაუტანლობის შემთხვევაში მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელე აღარ ამჟღავნებდა ინტერესს აღნიშნული ნივთების მიმართ და თავად უზრუნველყოფდა მათ ფართიდან გადატანას. ასევე ირკვევა, რომ მიუხედავად არაერთი დამატებითი გაფრთხილებისა, მოსარჩელემ მხოლოდ 2023 წლის აპრილში გაიტანა ნივთების ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნივთები მოპასუხის მიერ იქნა გადატანილი განცალკევებულ სივრცეში.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ნივთები არ განადგურებულა და არც მათი დაზიანება იკვეთება. პირიქით, დადგენილია, რომ ისინი გადატანილი იქნა განცალკევებულ სივრცეში და შენარჩუნებული იქნა. თავად მოსარჩელეც არ უთითებს ნივთების დაზიანებაზე ან დაკარგვაზე.

21. სადავო საკითხის შეფასებისას, პალატის აზრით, აღნიშნულ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ისინი არ ადასტურებენ ისეთი განზრახი და აშკარად მავნე ქცევის არსებობას, რომელიც მიზნად ისახავდა კასატორის პიროვნული არაქონებრივი უფლებების ხელყოფას. პირიქით, საქმის მასალებით იკვეთება, რომ მოპასუხის მოქმედებები დაკავშირებული იყო ქონებრივ ურთიერთობასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული ინტერესების განხორციელებასთან, რასაც თავად მოპასუხე საკუთარი უფლებების რეალიზებად მიიჩნევდა. ამასთან, მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი შეფასება, თუნდაც ცალკეულ ნაწილში დავას იწვევდეს, მათი შინაარსი და ხასიათი არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო კასატორის დამცირების, შეურაცხყოფის, რეპუტაციის შელახვის ან პიროვნული ღირსების დაკნინებისაკენ.

22. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის საფუძვლად უთითებს პატივისა და ღირსების შელახვას, თუმცა მის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები თავისი ობიექტური შინაარსით უკავშირდება არა პიროვნული არაქონებრივი უფლებების ხელყოფას, არამედ ქონებრივ და ფლობით ურთიერთობებს. კერძოდ, ფართში შესვლა, ნივთების გადატანა და შემდგომ კარის ჩაკეტვა თავისი ხასიათით უფრო მეტად უკავშირდება საკუთრებისა და ფლობის საკითხებს, ვიდრე პიროვნული ღირსების, პატივის ან რეპუტაციის ხელყოფას.

23. საგულისხმოა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარის მიერ კონკრეტული ქმედების არამართლზომიერად აღქმა. აუცილებელია დადგენილი იყოს, რომ შესაბამისმა ქმედებამ რეალურად გამოიწვია პიროვნული არაქონებრივი უფლებების ხელყოფა და შედეგად წარმოშვა ისეთი არამატერიალური ზიანი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული სამართლებრივი წინაპირობების არსებობა უნდა დადგინდეს კონკრეტული და ობიექტურად გადამოწმებადი ფაქტობრივი გარემოებებით და ვერ დაეფუძნება მხოლოდ მხარის სუბიექტურ შეფასებას.

24. გარდა ამისა, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს კონკრეტულად, რა ფორმით გამოიხატა მისთვის მიყენებული მორალური ზიანი. იგი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით პატივისა და ღირსების შელახვაზე, თუმცა არ ასაბუთებს, თუ რა ფსიქიკური ტანჯვა, ემოციური სტრესი ან სხვა სახის არამატერიალური ზიანი განიცადა უშუალოდ მოპასუხის მოქმედებების შედეგად. მოსარჩელის განმარტებებში ასევე არ არის დაკონკრეტებული, რა სახით აისახა სადავო ქმედებები მის პიროვნულ სფეროზე, როგორ გამოვლინდა მისი პატივისა და ღირსების შელახვა ან რა უარყოფითი შედეგები მოჰყვა აღნიშნულ გარემოებებს მისთვის პიროვნული თვალსაზრისით.

25. სარჩელში არ არის მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა პატივისა და ღირსების ხელყოფისათვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობაზე. მხოლოდ პირის სუბიექტური უკმაყოფილება, უსიამოვნო განცდა ან ზოგადი მითითება დისკომფორტის არსებობაზე თავისთავად ვერ გახდება მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, თუ არ არის მითითებული და დადასტურებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებს არამატერიალური ზიანის რეალურად დადგომასა და მის მიზეზობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებებთან. შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ დაეფუძნება მხოლოდ აბსტრაქტულ მითითებას განცდილ მორალურ ზიანზე.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ არ დასტურდება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა.

27. რაც შეეხება კასატორის მითითებას სსკ-ის 158-ე მუხლზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი დანაწესი ადგენს მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას და მისი მოქმედების სფერო უკავშირდება მოძრავ ნივთებს (იხ. სუსგ №ას-122-2023, 07.06.2023წ.), მაშინ როდესაც უძრავ ნივთებზე საკუთრების საკითხი განისაზღვრება საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე იყო მოპასუხე, რის გამოც კასატორის მითითება, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების პრეზუმფცია მის სასარგებლოდ მოქმედებდა, უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.

28. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად საქმეში ჩართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 89-ე და 90-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის მიზანს წარმოადგენს იმ პირის საპროცესო და მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესების დაცვა, რომლის უფლებრივ მდგომარეობაზეც სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს. აღნიშნული საპროცესო მექანიზმის დანიშნულება არ არის მხარისათვის მტკიცების პროცესის გამარტივება ან იმ გარემოებების დადასტურების ხელშეწყობა, რომელთა მტკიცების ვალდებულებაც მოსარჩელეს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე ეკისრება.

29. მოცემულ შემთხვევაში კასატორი შუამდგომლობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროცესში მონაწილეობა სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას უფრო სრულყოფილად და ობიექტურად შეეფასებინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, მისი მოსაზრებით, გავლენას მოახდენდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე. თუმცა აღნიშნული არგუმენტაცია არ შეესაბამება დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის სამართლებრივ ბუნებასა და მიზნობრივ დანიშნულებას.

30. კასატორი არ უთითებს და არც საქმის მასალებით დასტურდება, თუ რა ფორმით შეიძლებოდა სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას გავლენა მოეხდინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებებზე, მოვალეობებსა თუ კანონიერ ინტერესებზე. ამასთან, მესამე პირის პროცესში მონაწილეობა თავისთავად ვერ შექმნიდა იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობაც აუცილებელია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ვალდებულება საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მხარეებს ეკისრებათ და მათი არსებობა ვერ იქნება დამოკიდებული იმ გარემოებაზე, ჩართული იქნება თუ არა საქმეში კონკრეტული პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად საქმეში ჩართვის შესახებ სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

31. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა