გადაწყვეტილება №24268/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24268/2/2024
29 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 11.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24268/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7104 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №007-412 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2024 წლის №007-246 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23184 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 217 479 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 114 705
დღგ - 8 368
მოგების გადასახადი - 9 152
საშემოსავლო გადასახადი - 97 185
ჯარიმა - 57 218
საურავი - 45 556
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელი დამხმარე საქონლის მიწოდება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33252 ბრძანება და №007-412 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7104 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7104 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2024 წლის №007- 246 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23184 ბრძანებით საჩივრები:
- აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - არ დაკმაყოფილდა; - აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
- დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23184 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7104 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო დარიცხვები განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.ფარმაცევტული საქონელი გადასახადის გადამხდელს დიდწილად შემოაქვს იმპორტის გზით, ხოლო სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელი დამხმარე საქონელს (როგორიცაა ქირურგიული ხალათების ნაკრები და სხვა) აწარმოებს თავად, სპეციალურად მოწყობილ საკუთარ ფართში, დაქირავებული სამუშაო ძალის გამოყენებით. შემოწმებით შესწავლილი იქნა კომპანიის საქმიანობა და შემოწმების პროცესში წარდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ასევე ელექტრონული პროგრამა „ორისი“. წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანიის სამეურნეო ოპერაციების შესწავლით, ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში ასახულია სალაროს ანგარიშიდან თანხის გატანა პროდუქციის კერვის მომსახურების ვალდებულების დასაფარად. სალაროდან თანხის გასვლა აღრიცხულია მხოლოდ საბუღალტრო გატარებით 4 არაიდენტიფიცირებულ პირზე (ამათგან, პროგრამაში დაფიქსირებულია ერთი პირის სახელი საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე). გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი პროდუქციის კერვის მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სალაროდან თანხის გაცემის დოკუმენტები. ოთხივე არაიდენტიფიცირებულ პირთან მიმართებაში შესრულებული გატარებები არის იდენტური (მათ შორის, ოპერაციის თარიღისა და თანხის მოცულობით), ოპერაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვის (გატარების) თარიღი არ ფიქსირდება, თუმცა გატარების ნომრის მიხედვით ჩანს, რომ აღნიშნული გატარებები პროგრამაში ასახულია არა დაფიქსირებული ოპერაციის განხორციელების თანადროულად და არც უახლოეს მიმდინარე პერიოდში, არამედ ერთ-ერთ ბოლო გატარებულ ოპერაციად. სიტყვიერი განმარტებით, მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულით, მომსახურების გამწევი პირის საქმიანობის ადგილზე იმ პერიოდებში, როცა დაქირავებულის სამუშაო ძალის გამოყენებით შეუძლებელი იყო დამკვეთებისგან მიღებული შეკვეთების უზრუნველყოფა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემების მიხედვით, შესწავლილი იქნა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საქონლის დაბრუნება. აღნიშნული ინფორმაციებისა და დოკუმენტების დამუშავების შედეგად, სალაროდან კერვის მომსახურებისთვის არაიდენტიფიცირებული პირებისათვის გაცემული თანხები, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად (ჯამურად 291 669 ლარი), რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
2. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ნოემბრიდან უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 97 094 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ. შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა არაიდენტიფიცირებული 4 პირიდან მხოლოდ ერთის შესახებ ინვოისები დანიშნულებით „სამედიცინო ხალათების დაჭრისა და კერვის მომსახურება“. ინვოისის მიხედვით განსაზღვრულია მომსახურების მიმღები და გამცემი პირების შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ღირებულება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესწავლილ იქნა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საწარმოში მზა საქონლის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ იძლევა შესაძლებლობას, სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნაცვლად დაქირავებით მუშაობისა დაკვალიფიცირდეს მომსახურების გაწევად. შესაბამისად, მიუხედავად ერთი პირის იდენტიფიცირებისა, არ იცვლება გადასახადით დაბეგვრის განაკვეთი და შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია, მათ შორის 2023 წლის სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორების მხრიდან, მიმდინარე შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სულ ოთხი თემატური საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკითხების მიხედვით წარმოადგენს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხვის საფუძვლებს და აღნიშნავს, რომ წარმოადგენს (ოთხივე სადავო საკითხებთან დაკავშირებით) შემმოწმებლის პოზიციაზე დასაბუთებას და არგუმენტაციას, კერძოდ:
- პირველი საკითხი (სალაროდან კერვის მომსახურებისთვის არაიდენტიფიცირებული პირებისათვის გაცემული თანხები დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება)
მიღებული მომსახურება, რომელიც მიიღო გადასახადის გადამხდელმა, ეხება სამედიცინო ხალათების კერვის მომსახურებას. ურთიერთობდა მეწარმეებთან, მაგრამ მიმდინარე შემოწმების ეტაპზე, მათი იდენტიფიცირების მიზნით, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოიძიეს ხელშეკრულებები და ვერ მოახერხეს წარდგენა. თუმცა ფიზიკურ პირებთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ამ შემთხვევაში სავალდებულო არც იყო. ასევე, აღნიშნავს, რომ მკერავი ფიზიკური პირების არაიდენტიფიცირების შემთხვევაშიც, არასწორადაა გაანგარიშება, კერძოდ ერთი ფიზიკური პირის შესახებ არსებობს მაიდენტიფიცირებელი გარემოებები, შესაბამისად დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული ხელფასი, ჯამური თანხით 291 660 ლარი, უნდა შემცირდეს და ნაცვლად 4 არაიდენტიფიცირებული პირისა (ჯამი 72 917.32 ლარი ) უნდა იყოს 3 არაიდენტიფიცირებული პირის ხელფასი 54 687.99 ლარი, შემცირებას ექვემდებარება სხვაობით - 18 229.33 ლარი;
- მე-2 საკითხის (ჩათვლილი დღგ-ის თანხების კორექტირება) ნაწილში შემმოწმებლის პოზიციას ეთანხმება, თუმცა ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
- მე-3 საკითხის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვა) ნაწილში შემმოწმებლის პოზიციას ეთანხმება, თუმცა ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას; მე-4 საკითხი (შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება).
სალაროში ნაღდი ფულის სახით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 1.04.2023 წლამდე ნაშთი შეადგენს 98 991.20 ლარს. აპრილის თვეში სალაროში თანხა ჩამოდის 78 345 ლარამდე. დარჩენილი თანხა, რომელიც დაფიქსირდება 2023 წლის ბოლოსათვის გაიცემა ხელფასის და დივიდენდის სახით დირექტორზე და დამფუძნებლებზე.
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის შემდგომ გამოცემული იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 აპრილის №7104 ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 1 და 7 თებერვლის/ საჩივრები, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, ძირითად სადაო საკითხებზე მიღებული იქნა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 აპრილის №7104 ბრძანების სახით, გადაწყვეტილება დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დარიცხული თანხების გადაანგარიშებისა, რასთან დაკავშირებით წერილობით ყველა მტკიცებულება დადგენილ დროში წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან სათანადო გამოკვლევა/ანალიზი არ ჩატარებულა და გამოცემული იქნა 25.09.2024 წლის დასკვნა, რომლითაც დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ არანაირი გადაანგარიშება არ განხორციელებულა. უცვლელად დარჩა პირვანდელი აქტით დარიცხული თანხები, გამოიცა იგივე თანხაზე კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23184 ბრძანება, რომლითაც განუხილველად დარჩა და არ დაკმაყოფილდა 2024 წლის 15 ოქტომბრის №170518/01 და 17 ოქტომბრის №92423/1/2024 ერთიდაიგივე შინაარსის საჩივრები, რასაც წინამდებარე წარმოდგენილი საჩივრით ასაჩივრებს.
აუდიტორები სამართლებრივ საფუძვლად უთითებენ საგადასახადო კოდექსის 98-ე, 101-ე, 104-ე, 154-ე 160-ე, 165-ე, 175-ე, 177-ე, მუხლების სამართლებრივ ნორმებს და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია და არგუმენტები:
აუდიტორების მიერ აღნიშნული საკითხებისადმი ამგვარ გადაწყვეტას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:
გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები უშუალო გავლენას ახდენს გადასახადის გადამხდელის კანონიერ ინტერესებზე.
სადავო აქტები საკმარისად არ არის დასაბუთებული. მართალია რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად.
სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია გარემოებები. შესაძლებელი იყო მხარეს მიეღო გადაწყვეტილება მიღებული ინფორმაციების შესწავლის შედეგად. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე, 97-მუხლზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების იგნორირებით გამოცემული იქნა სადაო ადმინისტრაციული აქტები, რაც ექვემდებარება გაუქმებას.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 64-ე მუხლის პირველ-მე-3 ნაწილებზე, 298-ე მუხლის პირვე-მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებით დამატებულ „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვითაც განმარტებულია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე, საქონლის/ნედლეულის შეძენის მიზნით, განზრახული ჰქონდა ნაღდი ფულის დაგროვება სალაროში, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:
● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე. ამასთან, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.
ამრიგად, თუ ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ თანხების მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ უნდა განსაზღვრულიყო.
ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 1.04.2024 წლის №7104 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7104 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
- გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა არაიდენტიფიცირებული 4 პირიდან მხოლოდ ერთის შესახებ წარადგინა ინვოისები დანიშნულებით „სამედიცინო ხალათების დაჭრისა და კერვის მომსახურება“. ინვოისის მიხედვით განსაზღვრულია მომსახურების მიმღები და გამცემი პირების შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ღირებულება. სხვა რაიმე ტიპის ინფორმაცია აღნიშნული ინვოისის მიხედვით განსაზღვრული არ არის. გადასახადი გადამხდელის წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულით მომსახურების გამწევი პირის საქმიანობის ადგილზე იმ პერიოდებში, როცა დაქირავებული სამუშაო ძალის გამოყენებით შეუძლებელი იყო დამკვეთებისგან მიღებული შეკვეთების უზრუნველყოფა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესწავლილ იქნა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საწარმოში მზა საქონლის დაბრუნება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ იძლევა შესაძლებლობას, სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნაცვლად დაქირავებით მუშაობისა დაკვალიფიცირდეს მომსახურების გაწევად. შესაბამისად, მიუხედავად ერთი პირის იდენტიფიცირებისა, არ იცვლება გადასახადით დაბეგვრის განაკვეთი და შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას;
- საკითხის ირგვლივ, მათ შორის, 2023 წლის სამეურნეო ოპერაციების შესახებ გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2023 წლის დეკლარაციების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის დეკლარირება არ მომხდარა. საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებს. 2022 წლის ნოემბრიდან უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 97 094 ლარი. საგადასახადო კანონმდებლობის, მათ შორის შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით არაიდენტიფიცირებულ პირებზე განხორციელებული განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, წარმოადგენს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მიღებული მომსახურება, ეხება სამედიცინო ხალათების კერვის მომსახურებას. ურთიერთობდა მეწარმეებთან, მაგრამ მიმდინარე შემოწმების ეტაპზე, მათი იდენტიფიცირების მიზნით, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოიძიეს ხელშეკრულებები და ვერ მოახერხეს წარდგენა. თუმცა ფიზიკურ პირებთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ამ შემთხვევაში სავალდებულო არც იყო. მკერავი ფიზიკური პირების არაიდენტიფიცირების შემთხვევაშიც, არასწორადაა გაანგარიშება, კერძოდ ერთი ფიზიკური პირის შესახებ არსებობს მაიდენტიფიცირებელი გარემოებები, შესაბამისად დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული ხელფასი, უნდა შემცირდეს და ნაცვლად 4 არაიდენტიფიცირებული პირისა უნდა იყოს 3 არაიდენტიფიცირებული პირის ხელფასი, შემცირებას ექვემდებარება სხვაობით - 18 229.33 ლარი. ასევე, არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას, წარმოადგენს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ 2023 წლის აპრილის თვეში სალაროში თანხა მცირდება 78 345 ლარამდე, დარჩენილი თანხა, რომელიც დაფიქსირდება 2023 წლის ბოლოსათვის გაიცემა ხელფასის და დივიდენდის სახით დირექტორზე და დამფუძნებლებზე. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 აპრილის №7104 ბრძანების საფუძველზე, წერილობით ყველა მტკიცებულება დადგენილ დროში წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან სათანადო გამოკვლევა/ანალიზი არ ჩატარებულა, გამოცემული იქნა 2024 წლის 25.09.2024 წლის დასკვნა, რომლითაც უცვლელად დარჩა პირვანდელი აქტით დარიცხული თანხები, აღნიშნავს, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები უშუალო გავლენას ახდენს გადასახადის გადამხდელის კანონიერ ინტერესებზე, სადავო აქტები საკმარისად არ არის დასაბუთებული, სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებით დამატებულ „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდურ მითითებაზე და აღნიშნავს, რომ თუ ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ თანხების მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ უნდა განსაზღვრულიყო. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს შემოსავლების სამსახურში დავის პირველ ეტაპზე წარდგენილი არგუმენტების/პოზიციების ანალოგიურ გარემოებებს საკითხებზე, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად, ამჟამად წარმოდგენილ საჩივარშიც სადავო გარემოებად მიუთითებს ისეთ საკითხებსაც, რომლებიც შემოსავლების სამსახურის მიერ 1.04.2024 წლის №7104 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და ვერ ჰპოვებდა ასახვას გადაანგარიშების დასკვნაში.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7104 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 26 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33252 ბრძანება და №007-412 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივრები 1.04.2024 წლის №7104 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2024 წლის 15 და 17 ოქტომბერს კომპანიამ ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, აღნიშნავს რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის 2024 წლის პირველ თებერვალს და 7 თებერვალს წარდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი აპრილის №7104 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის 2024 წლის 15 და 17 ოქტომბრის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №007-412 საგადასახადო მოთხოვნის, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33252 ბრძანების, 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად დარიცხული თანხის გადაანგარიშება/კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 2024 წლის პირველი აპრილის №7104 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2024 წლის 15 და 17 ოქტომბერს მომჩივანმა იგივე მოთხოვნით ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს.
ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.
2.გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №007-412 საგადასახადო მოთხოვნის, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33252 ბრძანების, 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად დარიცხული თანხის გადაანგარიშება/კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების მიერ, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად,რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
2.2023 წლის 26 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33252 ბრძანება და №007-412 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივრები 1.04.2024 წლის №7104 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2024 წლის 15 და 17 ოქტომბერს კომპანიამ ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7104 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ზ).