ბრძანება N 19742

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.09.2026
№ დოკუმენტი 19742
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19742

07 სექტემბერი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(ფაქტ. მის.:„-------“ )

2026 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს (ოქმი №75) და 3 სექტემბერს (ოქმი №78) გამართულ სხდომებზე განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №103942/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №067-12 საგადასახადო მოთხოვნასა და მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივლისის №049-21 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ სწრაფი კვების სექტორში არსებობს ნედლეულის ბუნებრივი დანაკარგის, თერმული დამუშავებისას მასის კლების, ყოველდღიური ჩამოწერის სპეციფიკა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნამატი არარეალურია და ხელოვნურად ზრდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგრიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას და შესაბამისად, აღნიშნულზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხები სრულად იხარჯებოდა საწარმოო პროცესის უზრუნველყოფაზე. განმარტავს, რომ მიმდინარეობს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და ითხოვს დარიცხვის შემცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

4. ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივლისის №049-21 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან შემცირებას.

 

 აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №067-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით:

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8971 და 2026 წლის 15 ივნისის №13030 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 25 მარტიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 7 ივლისის №15302 ბრძანება და №067-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 237 421 ლარი, მათ შორის გადასახადი 151 855 ლარი, ჯარიმა 74 482 ლარი და საურავი 11 084 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 შპს „-------“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სწრაფი კვება.გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით საქმიანობის განხორციელების ადგილია „-------“. საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ კომპანია შემოსავლის მიღებას იწყებს 2025 წლის მარტის თვიდან, მაგრამ არ უფიქსირდება სასაქონლო შესყიდვის არანაირი დოკუმენტი 2025 წლის ოქტომბრის თვემდე. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 89 584,25 ლარი. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას იწყებს 2025 წლის 2 ოქტომბრიდან. 2025 წლის პირველ აპრილამდე საერთო ჯამში საბანკო ამონაწერებით შემოსავალმა შეადგინა 228 336 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით მიღებული საქონლის დანახარჯმა - 269 836 ლარი, დანახარჯები მეტია შემოსავალზე. გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა 1. ახსნა-განმარტება საქმიანობის, ადგილმდებარეობის და ძირითადი საშუალებების ფლობის შესახებ; 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 25.03.2025 საწყისი და 01.04.2026 საბოლოო ნაშთის შესახებ ინფორმაცია; 3. ბანკებში გახსნილ ანგარიშების შესახებ ცნობა და თითოეული ანგარიშიდან ამონაწერი დამოწმებული ბანკის მიერ; 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების შემთხვევაში პროგრამის ასლი (ელექტრონული სახით); 5. პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეულის კალკულაცია; 6. საიჯარო ხელშეკრულებები; 7. სასაქონლო შესყიდვის აქტები; 8. ნაღდი ანგარიშწორებით გადახდილი ხარჯის დოკუმენტები; 9. სარეალიზაციო პროდუქტების ფასები (მენიუ). გადასახადის გადამხდელი არასრულფასოვნად თანამშრომლობდა შემოწმებასთან რისთვისაც იგი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შპს „------- “ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით შეისწავლა შპს „------- -ის“ საბანკო ამონაწერები და მიღებული ზედნადებები, რა დროსაც სასაქონლო ზედნადების მიღებამდე საბანკო ამონაწერებით მიღებული შემოსავლები დარჩა იგივე, ხოლო შეძენილი საქონლის რეალიზაცია მოხდა აუდირებული ფასნამატით (110% საშუალო), აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 13 ოქტომბერი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით შპს „-------“ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2025 წლის 13 ოქტომბერი. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლისა და 163-164-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე (იმ ოპერაციის განხორციელების მომენტიდან, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა), ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით ხელფასი, პრემია, ბონუსის დანიშნულების სახით გადარიცხულია 135 564 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), გარდა ამისა, შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატით რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი შემოწმების პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად

შემოწმებით, არსებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მათ შორის პირველ საკითხში აღწერილი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების ანალიზით, გამოვლინდა ფულადი სახსრების ნაშთი. ნაშთის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

 მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივლისის №049-21 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „-------“ (ს/ნ „-------“) ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს 07.07.2026 წლის N „-------“ სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად (აუდიტის მიერ შემოწმებით მოცული პერიოდი 25.03.2025- 01.04.2026).

შემოწმების შედეგად, შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე დღგ-ის დასაბეგრის ბრუნვების გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2025 წლის 13 ოქტომბრის თარიღით. ამდენად, დადგინდა, რომ დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 13.10.2025-08.07.2026 წ.წ. პერიოდში. გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის 16 ივლისს წარმოდგენილია 2026 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, 2026 წლის 18 ივლისს წარმოდგენილია 2026 წლის აპრილის და მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციები. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 29 ივლისს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №049-21 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადასახადის გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1 719.95 (2026 წლის აპრილი 15 777.04*5%=788.85; მაისი 18 621.9*5%=931.1) ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანია შემოსავლის მიღებას იწყებს 2025 წლის მარტის თვიდან, მაგრამ არ უფიქსირდება სასაქონლო შესყიდვის არანაირი დოკუმენტი 2025 წლის ოქტომბრის თვემდე. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 89 584,25 ლარი. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას იწყებს 2025 წლის 2 ოქტომბრიდან. 2025 წლის პირველ აპრილამდე საერთო ჯამში საბანკო ამონაწერებით შემოსავალმა შეადგინა 228 336 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით მიღებული საქონლის დანახარჯმა - 269 836 ლარი, დანახარჯები მეტია შემოსავალზე. გადასახადის გადამხდელი არასრულფასოვნად თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რისთვისაც იგი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. შპს „-------“ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლილი იქნა შპს „------“ საბანკო ამონაწერები და მიღებული ზედნადებები, რა დროსაც სასაქონლო ზედნადების მიღებამდე საბანკო ამონაწერებით მიღებული შემოსავლები დარჩა იგივე, ხოლო შეძენილი საქონლის რეალიზაცია მოხდა აუდირებული ფასნამატით (110% საშუალო), აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 13 ოქტომბერი.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, შესაბამისად, მართლზომიერია რეალიზებულ პროდუქციაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმებით, არსებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების ანალიზით, გამოვლინდა ფულადი სახსრების ნაშთი. ნაშთის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგრიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას და შესაბამისად ითხოვს დარიცხვის შემცირებას.

3. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

4.მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას ან შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ კომპანია შემოსავლის მიღებას იწყებს 2025 წლის მარტის თვიდან, მაგრამ არ უფიქსირდება სასაქონლო შესყიდვის არანაირი დოკუმენტი 2025 წლის ოქტომბრის თვემდე. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 89 584,25 ლარი. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას იწყებს 2025 წლის 2 ოქტომბრიდან. 2025 წლის პირველ აპრილამდე საერთო ჯამში საბანკო ამონაწერებით შემოსავალმა შეადგინა 228 336 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით მიღებული საქონლის დანახარჯმა - 269 836 ლარი, დანახარჯები მეტია შემოსავალზე. გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 13 ოქტომბერი. გადამხდელს დაერიცხა დღგ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე,ასევე განესაზღვრა ჯარიმა.

გადამხდელის მიერ მოწოდებულ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით ხელფასი, პრემია, ბონუსის დანიშნულების სახით გადარიცხულია 135 564 ლარი,გარდა ამისა, შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატით რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი შემოწმების პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.ასევე,გამოვლინდა ფულადი სახსრების ნაშთი. ნაშთის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,165,282.