გადაწყვეტილება №22017/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.05.2024
№ დოკუმენტი 22017/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22017/2/2024

13 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ქართული სამშენებლო კომპანიის 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22017/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №006-521 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32690 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 290 728,57 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 148 522

დღგ - 80 416

მოგების გადასახადი - 1 740

საშემოსავლო გადასახადი - 66 366

ჯარიმა - 74 261

საურავი - 67 945,57

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში აშენებული აქვს 2 შენობა: -------, ------- და -------, -------. საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას მყიდველებისთვის გადაფორმებული ჰქონდა 21 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. საზოგადოების მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (საზოგადოებას რიგ შემთხვევებში არ ჰქონდა განხორციელებული რეალიზებული ფართების შესაბამისად საგადასახადო დეკლარირება). შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

ასევე, შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების ამსახველი ოპერაციები, რომლის შესწავლის დროსაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საბანკო ამონაწერში არსებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ფულადი სახსრების სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საზოგადოებას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №006-549 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფიზიკური პირისგან აღებული სესხის დაბრუნების და გატანილი კაპიტალის თანხით საშემოსავლო გადასახადის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ------- (პ/ნ -------) აღებული სესხის და პროცენტის დაბრუნების საკითხი შესწავლილია გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე (ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, ახსნა-განმარტება სესხის გაცემასა და შემდგომში დაფარვასთან დაკავშირებით) დაყრდნობით. შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოებას 2.05.2019 წელს ფ/პ ------- აღებული აქვს სესხი (59 600 ლარი) წლიური 30%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აღნიშნული სესხის ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტი (29 600 ლარი) დაბრუნებულია 29.12.2020 წელს. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება, კერძოდ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი თანხა საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის პერიოდის შესაბამისად, ხოლო სხვაობა გადახდილი პროცენტის თანხასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამის ოდენობას შორის დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ოდენობით საწარმოს კაპიტალის შემცირების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015-2017 წლების განმავლობაში დამფუძნებლის მიერ ბანკში მხოლოდ შეტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის უცნობია და არ არის წარდგენილი წინა საანგარიშო პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილი და გატანილი თანხების შესახებ სრული ინფორმაცია (მათ შორის საბუღალტრო აღრიცხვა, ინფორმაცია ნაშთების შესახებ, საბანკო ამონაწერი და სხვა), არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.

აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №006-521 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32690 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საწარმოს დამფუძნებლის მიერ თანხის გატანასთან და საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულების შემცირებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2015-2017 წლების განმავლობაში დამფუძნებლის მიერ ბანკში მხოლოდ შეტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი წინა საანგარიშო პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილი და გატანილი თანხების შესახებ სრული ინფორმაცია (მ.შ ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია ნაშთების შესახებ, საბანკო ამონაწერი და სხვა), საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, რომლიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს ------- (პ/ნ -------) გატანილი და შემცირებული აქვს საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულება (ბანკის გადახდის ქვითარშიც მიზნობრიობად მითითებულია კაპიტალის შემცირება -------), შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებად და 199 590 ლარი დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება წინა პერიოდის დოკუმენტები და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს ზემოაღნიშნული თანხის საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულებას. შესაბამისად, დაბრუნებული თანხებით (გატანილი კაპიტალის თანხით) უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია (საკითხი №3), რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საზოგადოებას აშენებული აქვს 2 შენობა. -------, ------- და -------, -------. საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას მყიდველებისათვის გადაფორმებული აქვს 21 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. საზოგადოების მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა (საზოგადოებას რიგ შემთხვევებში არ ჰქონდა განხორციელებული რეალიზებული ფართების შესაბამისად საგადასახადო დეკლარირება). შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ასევე შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების ამსახველი ოპერაციები, რომლის შესწავლის დროსაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საბანკო ამონაწერში არსებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ფულადი სახსრების სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საზოგადოებას ასევე დაერიცხება ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს 2016 წელს ფ/პ ------- (პ/ნ -------) და ფ/პ ------- (პ/ნ -------) გაფორმებული აქვს წინარე ხელშეკრულებები, საწარმოს აღნიშნული პირებიდან ავანსის თანხა მიღებული აქვს 2016 წელს, ხოლო აღნიშნული პროექტის მშენებლობა დამთავრებული 2017 წელს სრულად და შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა შესრულებულია მხარეებთა მიერ. საზოგადოების მიერ რეალიზებული ბინების გადაფორმება საჯარო რეესტრში მოხდა გვიან 2019 წელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ბინების დაბეგვრა მოხდა 2019 წელს, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის ნორმებს, რადგანაც აღნიშნული ბინების დაბეგვრის პერიოდს წარმოადგენს არაუგვიანეს 2017 წელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნა, 12.10.2023 წლის №25443 ბრძანება, 13.10.2023 წლის №006-521 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32690 ბრძანება. უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანებით გატანილი კაპიტალის თანხით საშემოსავლო გადასახადის შემცირების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ოდენობით საწარმოს კაპიტალის შემცირების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015-2017 წლების განმავლობაში დამფუძნებლის მიერ ბანკში მხოლოდ შეტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის უცნობია და არ არის წარდგენილი წინა საანგარიშო პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილი და გატანილი თანხების შესახებ სრული ინფორმაცია (მათ შორის საბუღალტრო აღრიცხვა, ინფორმაცია ნაშთების შესახებ, საბანკო ამონაწერი და სხვა), არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32690 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანებით გატანილი კაპიტალის თანხით საშემოსავლო გადასახადის შემცირების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ოდენობით საწარმოს კაპიტალის შემცირების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015-2017 წლების განმავლობაში დამფუძნებლის მიერ ბანკში მხოლოდ შეტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის უცნობია და არ არის წარდგენილი წინა საანგარიშო პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილი და გატანილი თანხების შესახებ სრული ინფორმაცია (მათ შორის საბუღალტრო აღრიცხვა, ინფორმაცია ნაშთების შესახებ, საბანკო ამონაწერი და სხვა), არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 131(1); 101; 154; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161