ბრძანება N 3035
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3035
20 თებერვალი 2025
ბრძანება
ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----")
(მის.: "-----")
2025 წლის 20 იანვრის და 5 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ი/მ "-----" (ს/ნ "-----") 2025 წლის 20 იანვრის №93781/1/2025 და 5 თებერვლის №94053/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №056-78 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საქონლის შეძენა ხორციელდება იმპორტის საშუალებით, შესაბამისად, თითოეულ საქონელს გააჩნია საკუთარი ინვოისი და უნიკალური კოდი, რომლის მიხედვით ხდება საქონლის შემოსავალში აღება, როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად, ხოლო რეალიზაციის მომენტში საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ანალოგიური მეთოდით. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზაციიდან დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგეს 45%-ს, შესაბამისად, დოკუმენტური რეალიზაციიდან შესაძლებელი იყო რეალიზებული საქონლის 100%-ის იდენტიფიცირება. მიაჩნია, რომ შემმოწმებელს უნდა გამოეყენებინა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. მიუთითებს საჩივრებზე თანდართულ ცხრილზე, სადაც ასახულია დოკუმენტური რეალიზაციის და შეძენის კავშირი, კერძოდ, თითოეული რეალიზაციის შემთხვევაში მითითებულია თუ რომელი დოკუმენტით შეძენილი საქონელი იქნა რეალიზებული. ასევე, დანართის სახით წარმოადგენს გაშიფრულ საბაჟო დეკლარაციას საქონლის კოდებით და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №16013 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 დეკემბრის №27116 ბრძანება და ამავე თარიღის №056-78 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 164 047 ლარი, მათ შორის, გადასახადი 571 208 ლარი, ჯარიმა 267 205 ლარი, საურავი 325 634 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ასლი, მაგრამ, როგორც სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პროგრამაში შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება (მაგ. არსებობს ერთი და იგივე დასახელების სამი პროდუქტი განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ასევე რეალიზაციაში). ბუღალტრულ პროგრამაში არ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ჯამურად 10%-იანი ფასნამატით. ამასთან, ბუღალტრულ პროგრამაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ან საანგარიშო პერიოდში შეძენილი საქონლის ღირებულებების შესახებ ინფორმაცია არ ედრება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს საქმიანობა აღარ უფიქსირდება 2022 წლის აპრილიდან, შესაბამისად, აღარ წარადგენს დეკლარაციებს. ასევე, დასტურდება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა "-------" მოლთან. შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური სახელფასო განაცემი დეკლარირებულია 300 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №17012 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და სავაჭრო ადგილის პოვნა, ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმის დოკუმენტებით შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა (არსებობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში და ჯამურად აღებული პროდუქციის ფასნამატი მეტია შემოწმებით გავრცელებულ მსგავსი ობიექტის ფასნამატზე), შემოსავლების დადგენის მიზნით გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული გადამხდელის დოკუმენტური, საბითუმო რეალიზაციის ფასნამატები. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული, დამატებით მიღებული შემოსავლით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ, როგორც სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პროგრამაში ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, ამასთან, ბუღალტრულ პროგრამაში არ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ჯამურად 10%-იანი ფასნამატით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, თუმცა ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და სავაჭრო ადგილის პოვნა, ამიტომ ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მეწარმის დოკუმენტებით შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა (არსებობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში და ჯამურად აღებული პროდუქციის ფასნამატი მეტია შემოწმებით გავრცელებულ მსგავსი ობიექტის ფასნამატზე), შემოსავლების დადგენის მიზნით შემოწმებამ გამოიყენა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული გადამხდელის დოკუმენტური, საბითუმო რეალიზაციის ფასნამატები. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დამატებით მიღებული შემოსავლით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულყოფილად არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში არ იდენტიფიცირდებოდა კონკრეტული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად საქონლის შეძენა ხორციელდება იმპორტის საშუალებით, შესაბამისად, თითოეულ საქონელს გააჩნია საკუთარი ინვოისი და უნიკალური კოდი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზაციიდან დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგეს 45%-ს, შესაბამისად, დოკუმენტური რეალიზაციიდან შესაძლებელი იყო რეალიზებული საქონლის 100%-ის იდენტიფიცირება. მიაჩნია, რომ შემმოწმებელს უნდა გამოეყენებინა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი ნაცვლად აუდირებულისა. მიუთითებს საჩივრებზე თანდართულ ცხრილზე, სადაც ასახულია დოკუმენტური რეალიზაციის და შეძენის კავშირი, კერძოდ, თითოეული რეალიზაციის შემთხვევაში მითითებულია თუ რომელი დოკუმენტით შეძენილი საქონელი იქნა რეალიზებული. ამასთან, დანართის სახით წარმოადგენს გაშიფრულ საბაჟო დეკლარაციას საქონლის კოდებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ"-----"-ის (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით.როგორც სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პროგრამაში შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება .ბუღალტრულ პროგრამაში არ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ჯამურად 10%-იანი ფასნამატით. ამასთან, ბუღალტრულ პროგრამაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ან საანგარიშო პერიოდში შეძენილი საქონლის ღირებულებების შესახებ ინფორმაცია არ ედრება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს საქმიანობა აღარ უფიქსირდება 2022 წლის აპრილიდან, შესაბამისად, აღარ წარადგენს დეკლარაციებს. ასევე, დასტურდება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა.შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური სახელფასო განაცემი დეკლარირებულია 300 ლარის ოდენობით. დაინიშნა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და სავაჭრო ადგილის პოვნა, ჩაითვალა, რომ გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ვინაიდან მეწარმის დოკუმენტებით შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა,შემოსავლების დადგენის მიზნით გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული გადამხდელის დოკუმენტური, საბითუმო რეალიზაციის ფასნამატები. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული, დამატებით მიღებული შემოსავლით გაიზარდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად,სსკ-ის 160-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),163,164,269(7).