ბრძანება N 16942
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16942
13 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 18 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №79181/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №005-195 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3255 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 5 ნოემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32509 ბრძანება და ამავე თარიღის №005-195 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 004 034 ლარი, მათ შორის, გადასახადი 598 502 ლარი, ჯარიმა 299 351 ლარი, საურავი 106 181 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში სრულად არ წარმოადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გამო შეძენილი მარაგების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა გადამხდელის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ექსპორტიდან გამომდინარე, საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისთვის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 75%. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტებების, საბანკო ამონაწერის, საქონლის და ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით) გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა 2 394 012 ლარის ოდენობით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში სრულად არ არის წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გამო შეძენილი მარაგების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა გადამხდელის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ექსპორტიდან გამომდინარე, საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისთვის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 75%. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს შემოსავალი 7 974 605 ლარის ოდენობით, ხოლო შემმოწმებლებს შემოსავლად აღებული აქვთ 9 574 048 ლარი, შესაბამისად სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის (შემოსავლების 75%-იანი ხარჯის გათვალისწინებით) შეადგენს არა 2 394 012 ლარს, არამედ 1 993 651 ლარს. აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისგან მარაგების ყველა შესყიდვაზე გაფორმებული აქვს შესყიდვის აქტები, რომლებსაც ხელს აწერენ ფიზიკური პირები და ასევე ხელმოწერით დამოწმებულია თანხის მიღებაც. შესყიდვის აქტების უმრავლესობა დამოწმებულია ნოტარიულად, შესაბამისად მიაჩნია, რომ შემმოწმებლებს ხარჯად უნდა ჩაეთვალათ შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი მარაგების ღირებულება. ასევე მიუთითებს, რომ დოკუმენტურად და ბუღალტრულად დადასტურებულია, რომ დირექტორს საბრუნავი საშუალებებისთვის საწარმოზე გაცემული აქვს უპროცენტო სესხი. შესაბამისად, თანხები, რომლებიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, პირველ რიგში უნდა ჩაითვალოს დირექტორზე სესხის დაბრუნებად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწნებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის დოკუმენტაცია. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის დოკუმენტაცია;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში სრულად არ არის წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გამო შეძენილი მარაგების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა გადამხდელის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ექსპორტიდან გამომდინარე, საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისთვის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 75%. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს შემოსავალი 7 974 605 ლარის ოდენობით, ხოლო შემმოწმებლებს შემოსავლად აღებული აქვთ 9 574 048 ლარი, შესაბამისად სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის (შემოსავლების 75%-იანი ხარჯის გათვალისწინებით) შეადგენს არა 2 394 012 ლარს, არამედ 1 993 651 ლარს. აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისგან მარაგების ყველა შესყიდვაზე გაფორმებული აქვს შესყიდვის აქტები, რომლებსაც ხელს აწერენ ფიზიკური პირები და ასევე ხელმოწერით დამოწმებულია თანხის მიღებაც. შესყიდვის აქტების უმრავლესობა დამოწმებულია ნოტარიულად, შესაბამისად მიაჩნია, რომ შემმოწმებლებს ხარჯად უნდა ჩაეთვალათ შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი მარაგების ღირებულება. ასევე მიუთითებს, რომ დოკუმენტურად და ბუღალტრულად დადასტურებულია, რომ დირექტორს საბრუნავი საშუალებებისთვის საწარმოზე გაცემული აქვს უპროცენტო სესხი. შესაბამისად, თანხები, რომლებიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, პირველ რიგში უნდა ჩაითვალოს დირექტორზე სესხის დაბრუნებად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწნებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის დოკუმენტაცია. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.