ბრძანება N 6146
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6146
20 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ ------)
(მის.: --------)
2023 წლის 28 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 და 16 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №10 და №16) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №20609/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №81959/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №EL211237 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL77777/17 (№001-17) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 311კგ-ით ნაკლებია პროგრამულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთია 16680კგ, საწყობის მიერ წარმოდგენილი რაოდენობა 16369კგ) სახეზე გვაქვს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება" ვინაიდან წარმოდგენილი ქილებიდან 311-ში არ აღმოჩნდა ჩილიმის არომატული თამბაქო, მაგრამ ამასთან ერთად ამ ქილების ქარხნული შეფუთვა დარღვეული არ არის. შესაბამისად შპს ------- ვერ მოახდენდა ამ საქონლის ,,უკანონოდ განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას“.
მომჩივანმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოზე მიუთითა სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ მომჩივნის მითითებით განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია.
ასევე მიუთითა, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც მისი მითითებით, ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „--------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი. როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დანაკლისის დადგენა კი უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც საჩივრის ავტორის მითითებით ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში. ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი დრო, ადგილი, ვითარება“.
აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53- ე მუხლის მე-5 ნაწილის და 96-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №18079/15-04- 02 (რეგ. №260124/21-10 17.12.2021) და 20 დეკემბრის №18197/15-04-02 (რეგ. №261720/21-10 20.12.2021) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. -------ში, დაბა -----, -----ს ქუჩა №----ში მდებარე, შპს „-------“-ის (ს/ნ ------) კუთვნილი საბაჟო საწყობების (------- ; --------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
აღნიშნული ბრძანებების ფარგლებში, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.
შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში (-------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №01-WHS2023 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი, №------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ჩილიმის არომატული თამბაქო 1 კგიანი ქილებით) ნაწილი – 311 კგ ჩილიმის არომატული თამბაქო.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შპს „-------“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა №EL211237 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 23768.78 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან ერთად, 2023 წლის 30 მაისს გამოიცა №EL77777/17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „------“-ს (ს/ნ ------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 23768.78 ლარის (დღგ – 4455.8 ლარი; აქციზის გადასახადი – 18 660 ლარი; იმპორტის გადასახადი – 652.98 ლარი) და საურავი – 6560.18 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18661 ბრძანებით შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №81959/1/2023 საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18661 ბრძანებაში მითითებულია იმ ფაქტზეც, რომ შპს „------“-ის დირექტორი ------ და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (-------; -------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №1/3659-32; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „-------“ (ს/ნ ------).
მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს „-------“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2021 წლის 16 დეკემბერს №------- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო №------- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18661 ბრძანება შპს „------“-ის (ს/ნ ------) მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №20609/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტზე და მხარეთა არგუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18661 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ შპს „------“-ის (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში (-------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №02-WHS-2023 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი, №------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ჩილიმის არომატული თამბაქო 1 კგიანი ქილებით) ნაწილი – 311 კგ ჩილიმის არომატული თამბაქო. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივნისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მოჩივნის არგუმენტზე, რომ დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს, ხოლო დანაკლისის დადგენა კი უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც საჩივრის ავტორის მითითებით არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში, ამასთან არ არსეობს დადასტურების აქტი და ასეთის არსებობისი შემთხზვევაში ის მათ არ გადასცემიათ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმებისას (შემოწმების აქტი №02-WHS-2023 18.05.2023), შედარდა შპს „------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი, №------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ჩილიმის არომატული თამბაქო 1 კგიანი ქილებით) რაოდენობა და შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში (-------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები, რის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა ნაწილი – 311 კგ ჩილიმის არომატული თამბაქო. აღნიშნულზე 2023 წლის 18 მაისს შედგა შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საბაჟო საწყობისთვის (-------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი №02-WHS-2023, რომლითაც დარტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და მეორეს მხრივ შპს „-------“- ს (ს/ნ ------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი --------ს (პ/ნ --------) მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი.
ამდენად, საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №EL211237 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და №EL77777/17 (№001-17) საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №18079/15-04-02 და 20 დეკემბრის №18197/15-04-02 მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
აღნიშნული ბრძანებების ფარგლებში, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.
მომჩივნის საბაჟო საწყობში არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №01-WHS2023 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს -ს კუთვნილი, შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ჩილიმის არომატული თამბაქო 1 კგიანი ქილებით) ნაწილი – 311 კგ ჩილიმის არომატული თამბაქო. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა №EL211237 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 23768.78 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N455 დადგენილება.