ბრძანება N 13157

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.06.2024
№ დოკუმენტი 13157
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 13157

04 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 4 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის (ოქმი №55) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის №22047/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ------- (ს/ნ -------) №205487/21 საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 27 სექტემბერს მიმართა საგადასახადო ორგანოს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან კომპანიას არ გააჩნდა ქონება. მოთხოვნა ეფუძნებოდა ორ ნორმატიულ აქტს: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტს; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ წესს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების თაობაზე".

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო პასუხი, რომელიც ჩაბარდა 31 ოქტომბერს, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იმდენად რამდენადაც სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, რომელიც თავის მხრივ იწვევს სამართლებრივ შედეგებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილია „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 66- ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები.

სს „-------“ სამართლებრივი ფორმაა - „-------“, რომელიც რეგისტრირებულია ქართული სამართლის მიხედვით და გააჩნია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი - -------. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს „ორგანიზაციას“, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-18 ნაწილის მიხედვით მიიჩნევა ასევე „პირად“. შესაბამისად, ფილიალს, როგორც პირს არ უნდა გააჩნდეს აქტივები/ქონება, რომ მოხდეს მისი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა

მას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ფილიალის მიერ ქონების არარსებობას, კერძოდ: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფილიალი საქართველოში არ ფლობს რაიმე სახის უძრავ ქონებას და იგი არ არის რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის მეწილედ ან პარტნიორად. 2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფილიალი საქართველოში არ ფლობს რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 3. სს თიბისი ბანკის ამონაწერები. ფილიალს მხოლოდ აღნიშნულ ბანკში ჰქონდა გახსნილი ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ ფილიალს ანგარიშზე თანხა არ გააჩნია.

ზემოთ მითითებული დოკუმენტებით ცალსახად დასტურდება, რომ ფილიალს საქართველოში არ გააჩნია არანაირი მოძრავი თუ უძრავი ქონება, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები.

ფილიალის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობილი გახდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №------- წერილით. რაც შეეხება ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, იგი შემოსავლების სამსახურს წარედგინა დადგენილი წესით, როგორც ლიკვიდაციის პროცესში, ასევე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ განცხადებასთან ერთად. საგადასახადო ორგანოს ან /და აუდიტის დასკვნა პირის ქონების ღირებულების შესახებ - ქონების ღირებულების შეფასებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების მქონე პირს გააჩნია ქონება. ამდენად, ასეთი დასკვნის საჭიროება ფილიალის ლიკვიდაციის პროცესში არ არსებობდა. ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ - ასეთი ამონაწერები არ არსებობს, ვინაიდან ფილალს არ გააჩნია ქონება მარეგისტრირებელ უწყებებში. პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ - აღნიშნული ღონისძიებები (ყადაღა, საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, საინკასო დავალება) ფილიალის მიმართ გატარდა თავის დროზე (2017 წელს) და მათ შესახებ ინფორმაცია სრულად გააჩნდა შემოსავლების სამსახურს. სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები - სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.

ვალის მართვის დეპარტამენტს გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა განეხილა ფილიალის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი. შესაბამისად, ფილიალი უნდა მიეჩნია ქონების არმქონედ და გაეცა დადებითი დასკვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად.

ამასთან, 2023 წლის 26 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განახორციელდა სს „-------“-ს (ს/ნ -------) დაშლის რეგისტრაცია. რეგისტრაციის საფუძველზე დაიწყო სს „-------“-ს ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა იმ საფუძვლით, რომ არ არის შესრულებული იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულება.

ფილიალს არ გააჩნია არანაირი ქონება, უკვე 6 წელზე მეტია აღარ ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და თუ არ მოხდება დავალიანების ჩამოწერა, შეუძლებელი იქნება ფილიალის ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და მისი რეესტრიდან ამოშლა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 29 სექტემბერს ------- (ს/ნ -------) ლიკვიდატორმა №------- განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის“ 66-ე მუხლის შესაბამისად.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რასთან დაკავშირებითაც პირს ეცნობა შემდეგი:

ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ - არ არის წარმოდგენილი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №------- წერილის მიხედვით სს ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით რიცხული ძირითადი დავალიანება 41 773.58 ლარი შედგება: დღგ -2017 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით დარიცხული თანხის - 102 234.00 ლარის ნაწილობრივ გადახდისა და 2018 წლის 17 დეკემბრის სავადო თარიღით დარიცხული თანხის - 82.37 ლარის გადაუხდელობით; ჯარიმა - 100.00 ლარი. 2023 წლის 27 ივნისის ვადით დამატებით დარიცხული და გადაუხდელი თანხით. გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, რაც 2023 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 30 088.09 ლარს.

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - წარმოდგენილია 2023 წლის 26 აპრილის თარიღით მომზადებული №------- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვით სს ------- (ს/ნ -------) რეგისტრირებულია 2016 წლის 11 ივლისიდან.

წარმოდგენილ ამონაწერში აღნიშნულია, რომ სს ------- სტატუსი არის დაშლილი საზოგადოება (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესით დაშლილი საზოგადოების (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი) სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვა გათვალისწინებული არ არის.

გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ - წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 ივნისის №------- წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით სს ------- (ს/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილ იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია ან/და უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.

აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 ივნისის №------- წერილით ვერ დგინდება სს ------- საკუთრების უფლების უძრავ ნივთზე რეგისტრაციის საკითხი.

ასევე, წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის სახელზე სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული არ არის.

დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ - 2017 წლის 04 აპრილის №081-5474 შეტყობინების საფუძველზე სს ------- ქონების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;

ამასთან, 2017 წლის 15 მაისის სს ------- მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №081- 453 ბრძანება და მასში შეტანილი 2017 წლის 1 ივნისის №081-453/1 ცვლილების ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 1 ივნისს შედგენილია ქონებაზე ყადაღის დადების აქტი, რომლის მიხედვით დაყადაღებულია 1 ცალი პრინტერი „ეფსონ L 1300“.

2020 წლის 2 ივნისს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სს ------- საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია კორექტირებული საინკასო დავალებები.

ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები - არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ სს ------- არ გააჩნია ქონება და აქტივები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №------- წერილით.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №------- წერილი გადამხდელმა 2023 წლის 4 დეკემბერს გაასაჩივრა (№205487/21) შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 8 იანვრის №49 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ივნისის №------- წერილში მითითებულ გარემოებაზე, რომ ვინაიდან საჯაროო რეესტრის სააგენტოსთვის გადაცემული მონაცემთა ელექტრონული ბაზა რიგ შემთხვევებში შეიცავდა ხარვეზებს, 2010 წლის 1 იანვრამდე წარმოებულ მეწარმეთა და არასმეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში არსებობს შესაძლო უზუსტობის გარკვეული ალბათობა. ასევე, მიუთითებს, რომ 2016 წლის 11 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ------- სს „-------“-ის რეგისტრაციის თარიღია 2016 წლის 11 ივლისი.

საბჭომ მიუთითა საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, კერძოდ ვალის მართვის დეპარტამენტი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ივნისის №------- წერილში მითითებულ გარემოებას, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემები არ იძლევა პირის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, თუმცა ამავე წერილში მითითებულია, რომ შესაძლო უზუსტობის გარკვეული ალბათობა არსებობს 2010 წლის 1 იანვრამდე წარმოებულ მეწარმეთა და არასმეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში, ხოლო ფილიალი რეგისტრირებულია 2016 წლის 11 ივლისს, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის №22047/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.01.2024 წლის №49 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები; ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას; დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან; ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება (რეგისტრირდებიან) ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად (პარტნიორებად).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახდო დავალიანების ჩამოწერის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები; ა.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ა.გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ;

ა.დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;

ა.ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის №22047/2/2024 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ივნისის №------- წერილში მითითებულ გარემოებას, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემები არ იძლევა პირის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, თუმცა ამავე წერილში მითითებულია, რომ შესაძლო უზუსტობის გარკვეული ალბათობა არსებობს 2010 წლის 1 იანვრამდე წარმოებულ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში, ხოლო ფილიალი რეგისტრირებულია 2016 წლის 11 ივლისს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების“ წესის 66-ე მუხლის საფუძვლით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ------- სს ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების“ წესის 66-ე მუხლის საფუძვლით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს ლიკვიდატორმა განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადება და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 252(1-ა)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 66(2-ა)