ბრძანება N 28586

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2023
№ დოკუმენტი 28586
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28586

21 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 22 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №83210/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №041-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი განსაზღვრულია 25%-ით და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატი დაბალია საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატზე. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის დათვლილი ფასნამატის პროცენტი. მომჩივანი ითხოვს მისი არგუმენტაციის გათვალისწინებას და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6174 და 2023 წლის 28 ივნისის №15001 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 25 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 6 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 ივლისის №16421 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №041-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 880 751 ლარი, მათ შორის გადასახადი 553 918 ლარი, ჯარიმა 275 626 ლარი და საურავი 51 207 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ძირითადად ფეხსაცმლით ვაჭრობა, საქონელი შეძენილი იყო იმპორტით -----დან, ------დან და -----დან, რეალიზაციას ახდენდა ------ს ბაზრობის ტერიტორიიდან (საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართიდან გამომდინარე). შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული წერილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარდგენილა, რის გამოც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტს N5789 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელთან ვერ განხორციელდა დაკავშირება, ჩაითვალა, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლი იყო, რაზედაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეივსო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები, რაც დაიყო ჯგუფებად, სულ 5 ჯგუფად. გადამხდელს უფიქსირდებოდა დოკუმენტით რეალიზაცია 2022 წელს, რაც სრული რეალიზაციის 7%-ს შეადგენდა, ამასთან ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაკავშირება და ვერ დადგინდა ფასნამატი. კომპანია მოწმდებოდა რეგისტრაციის თარიღიდან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, წარმოდგენილი მასალებით გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და ჩაითვალა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ ერიცხებოდა. ინვენტარიზაცია დანიშნული იყო 2023 წლის 06 აპრილს, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მარტის შემდგომ საქონლის შეძენა არ უფიქსირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთი არ ერიცხებოდა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით. დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა ------ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საბითუმო ფასნამატის გათვალისწინებით, ასევე განისაზღვრა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ------ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის ნაშთი შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების გათვალისწინებით და ჩაითვალა, რომ კომპანიას დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები არ ერიცხებოდა. დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადამხდელის მიერ იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით დამუშავდა საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, თუმცა არარეზიდენტებისთვის მოწოდებული საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდების დადასტურება ვერ მოხდა. ამასთანავე, შემოწმებისთვის უცნობი იყო საბანკო გადარიცხვები საქონლის არარეზიდენტ მომწოდებლებთან. ვინაიდან კომპანიის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული წერილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია შემოწმებისათვის არ წარუდგენია. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელთან ასევე ვერ განხორციელდა დაკავშირება და ჩაითვალა, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლი იყო. ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები, რაც დაიყო 5 ჯგუფად. გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზაციის 7%-ს შეადგენდა, ამასთან ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაკავშირება და ვერ დადგინდა ფასნამატი. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, წარმოდგენილი მასალებით გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და ჩაითვალა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ ერიცხებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთი არ ერიცხებოდა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით. დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა ------ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საბითუმო ფასნამატის გათვალისწინებით, ასევე განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა -----ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. აგრეთვე, შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, შემოწმებას ვერ წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე ------ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის აუდირებული ფასნამატების გამოყენება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის დათვლილი ფასნამატის პროცენტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ძირითადად ფეხსაცმლით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელთან ვერ განხორციელდა დაკავშირება, ჩაითვალა, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლი იყო, რაზედაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეივსო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. წარმოდგენილი მასალებით გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და ჩაითვალა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ ერიცხებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთი არ ერიცხებოდა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის ნაშთი შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების გათვალისწინებით და ჩაითვალა, რომ კომპანიას დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები არ ერიცხებოდა. დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ვინაიდან კომპანიის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 43(4), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").