ბრძანება N 7455

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.04.2023
№ დოკუმენტი 7455
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

საქონლის მიწოდებაანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებაუსასყიდლოდ მიწოდებამიწოდებად განხილვის სხვა შემთხვევებიმომსახურების გაწევაანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევაუსასყიდლოდ მომსახურების გაწევამომსახურების გაწევის სხვა შემთხვევებიდასაბეგრი ოპერაციის თანხამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)საბაზრო ფასი (მ.შ. შესყიდვის ფასი და თვითღირებულება)თანხა იმპორტისასდასაბეგრი ოპერაციის კორექტირებადასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის განსხვავებული შემთხვევებიდასაბეგრი ოპერაციის დრორეგულარულის და უწყვეტი ოპერაციების დაბეგვრაავანსების დაბეგვრასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის დროის განსაზღვრის სხვა შემთხვევებიდეკლარაციის/ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისთვის/წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმა

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7455

05.04.2023

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------” (ს/ნ ----------)

(მის.: ---------- )

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------” (ს/ნ ----------) №78575/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-280 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახდის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ავანსები ამხანაგობას დაბეგრილი არ აქვს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიღებული ავანსები ირიცხებოდა ქვეკონტრაქტორთან, რომელიც ასრულებდა სამუშაოებს. მიუთითებს, რომ გარკვეული მიზეზების გამო ქვეკონტრაქტორი ვერ ახდენდა გადახდილ ავანსზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, რათა ამხანაგობას მიეღო დღგ-ის ჩათვლა. აცხადებს, რომ დამკვეთების მიერ 2021 წლის დეკემბერში გადმორიცხული თანხები სრულად არ შეიძლება ჩაითვალოს ავანსად, რადგან თანხის ნაწილი არის შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომელზეც 2021 წლის დეკემბერში გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურა და ასახულია შესაბამის დეკლარაციაში. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მათი არგუმენტების გათვალისწინებით, მოახდინოს არასწორად დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივნისის №14999 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------” (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 დეკემბრის №32365 ბრძანება და 22 დეკემბრის №081-280 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 110 569 ლარი, მათ შორის, გადასახადი 66 229 ლარი, ჯარიმა 33 115 ლარი და საურავი 11 225 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------’’ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 10 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 29 იანვარს. გადამხდელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ობიექტის მშენებლობა/რემონტი. გადამხდელს ჰყვავს ქვეკონტაქტორი (შპს „----------’’), რომელიც ასრულებს მშენებლობა/რემონტს. შემოწმების მიერ დამუშავდა დეკემბრის თვის საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია. 2021 წლის დეკემბრის თვეში დაბეგრილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და ავანსი, ამასთან საბანკო ამონაწრებში გადამხდელს უფიქსირდება ჩარიცხული თანხები გაწეული სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც არ არის ასახული დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამხანაგობა ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოწმება დაეყრდნო საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმების შედეგად, დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა 2021 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანხამად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის დამუშავება/შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საბანკო ამონაწერებში გადამხდელს უფიქსირდება გაწეული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხების ჩარიცხვა, რომელიც არ არის ასახული დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რის შედეგადაც საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ავანსები ამხანაგობას დაბეგრილი არ აქვს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიღებული ავანსები ირიცხებოდა ქვეკონტრაქტორთან, რომელიც ასრულებდა სამუშაოებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ობიექტის მშენებლობა/რემონტი. გადამხდელს ჰყვავს ქვეკონტაქტორი, რომელიც ასრულებს მშენებლობა/რემონტს.

ამხანაგობა ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოწმება დაეყრდნო საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმების შედეგად, დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა 2021 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“); 163(1,2); 164(1); 168(1); 275;