გადაწყვეტილება №24697/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24697/2/2025
19 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------ა (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ას 5.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24697/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №054-5 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 220 391,93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 120 245
დღგ - 120 321
საშემოსავლო გადასახადი - (-76)
ჯარიმა - 60 160
საურავი - 39 986,93
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ი/მ -------ას საქმიანობის სახეს წარმოადგენს ცომეულით (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და სხვა) და უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობა ქ. თბილისში --- ქუჩა №--ში იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 0.5%), ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით 137 146 ლარის ოდენობით, კერძოდ, 224 642 ლარის ღირებულების საქონელი რეალიზებულია 135 627 ლარად, ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა თვის ჭრილში. შეძენილი ფქვილის რაოდენობა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით იქნა გადანაწილებული და შედეგად გამოვლინდა კონკრეტული სახეობების მიხედვით წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ზემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ასევე 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებში შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 136-ე და 145-ე მუხლების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბაზარში შეძენილი პროდუქციის (ლობიო, კარტოფილი, ყველი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). საანგარიშო წლებში გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ის ხარჯი. კერძოდ, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით მოხდა პროდუქციის ჩამოწერა და ხარჯებში გათვალისწინება იმავე პროდუქციის შეძენის ფასების გათვალისწინებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.09.2024 წლის №23568/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.09.2024 წლის №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 8.10.2024 წლის დამატებით იქნა წარმოდგენილი №547797 განცხადება (რეგისტრაციის №167576/01) თანდართულ ექსელის ფაილთან ერთად. აუდიტის დეპარატამენტის მიერ მოხდა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილების/კალკულაციების შესწავლა და მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები ჯამში შემცირდა 11 972 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 7 981 ლარით და ჯარიმა 3 991 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №054-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.12.2024 წლის №93150/1/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 5.02.2025 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი (№24697/2/2025) და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის განახლება აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №054-5 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საჩივარი ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე მომართავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე და ითხოვს საქმის ხელახალ განხილვას შემდეგ გარემოებათა გამო: ფაქტობრივი გარემოებები:
1.1 აუდიტის დეპარატამენტის 20.11.2024 წლის 054-5 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა თანხა 220 391,93 ლარის ოდენობით.
1.2 აღნიშნული დარიცხვა ეფუძნება შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიას, რომლის თანახმად მათი საქმიანობის ფასნამატი განისაზღვრა უფრო მაღალი ოდენობით, ვიდრე ეს რეალურად იყო. ახლად აღმოჩენილი გარემოება:
2.1 covid-19 პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2020-2021 წლებში, მათი ბიზნესი ახორციელებდა ფქვილის რეალიზაციას ტომრებით, რა დროსაც ფასნამატი შეადგენდა მხოლოდ 50 თეთრს ერთ ტომარაზე. ეს ფაქტი შეუძლიათ დაადასტურონ ათეული მომხმარებლის ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებით. 2.2 პანდემიის პერიოდში, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მათი საწარმო ახორციელებდა პურის გაცემას მომხმარებლებზე, რაც ასევე დასტურდება მომხმარებელთა ჩვენებებით. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მათი საქმიანობის მიზანს არ იყო მაღალი მოგების მიღება, არამედ მოსახლეობის დახმარება კრიზისულ პერიოდში.
2.3 აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან ეს ფაქტები არ იყო ცნობილი და არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო საქმის განხილვის დროს ამ გარემოების დადასტურება მნიშვნელოვნად ცვლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს ინფორმაცია არსებითად ამტკიცებს მათ პოზიციას დაბალი ფასნამატისა და სოციალურად ორიენტირებული ბიზნეს საქმიანობის შესახებ სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საქმეზე ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობისას, აგრეთვე საბუღალტრო დოკუმენტში უზუსტობის აღმოჩენისას, თუ ეს ცვლის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობას, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განაახლოს საქმის წარმოება. მომჩივანი ითხოვს, საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში. გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები. განხორცილდეს საქმის ხელახალი განხილვა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით. შეამციროთ/გააუქმოთ დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტთან დაკავშირებით დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
აუდიტის დეპარტამენტის №054-5 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 0.5%), ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით 137 146 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა თვის ჭრილში. შეძენილი ფქვილის რაოდენობა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით იქნა გადანაწილებული და შედეგად გამოვლინდა კონკრეტული სახეობების მიხედვით წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ზემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ასევე 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებში შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 136-ე და 145-ე მუხლების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბაზარში შეძენილი პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). საანგარიშო წლებში გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ის ხარჯი. კერძოდ, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით მოხდა პროდუქციის ჩამოწერა და ხარჯებში გათვალისწინება იმავე პროდუქციის შეძენის ფასების გათვალისწინებით.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №15315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი განცხადება თანდართულ ექსელის ფაილთან ერთად. აუდიტის დეპარატამენტის მიერ მოხდა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილების/კალკულაციების შესწავლა და მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები ჯამში შემცირდა 11 972 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 7 981 ლარით და ჯარიმა 3 991 ლარით.აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №054-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №93150/1/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კვლავ წარმოადგინა საჩივარი და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის განახლება აუდიტის დეპარტამენტის №054-5 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტთან დაკავშირებით დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6.7); 308(1);