გადაწყვეტილება №25404/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25404/2/2025
18 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25404/2/2025).
დავის საგანი:
ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით დავის განახლება და საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 84 786.38 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 47 048
ჯარიმა - 23 524
საურავი - 14 214.38
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12299 ბრძანება და №249-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 258 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 დეკემბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
28.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით, დავის განახლების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი, 29.12.2023 წელს, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 16.02.2024 წლის №86393/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 1.04.2024 წელს წარდგენილ საჩივართან ერთად და 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც 13.05.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2024 წლის №23042/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2025 წლის 2 ივნისს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს დავის განახლების მოთხოვნით. 1.07.2025 წელს საჩივარი კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებიდან ირკვეოდა, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა პოზიცია სადაო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანების შესაბამისად. კერძოდ, ვერ მოხდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შექმნა, რაც უნდა ყოფილიყო ზედმეტად დარიცხული გადასახადის შემცირების საფუძველი. აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, რაც ეცნობა შემოსავლების სამსახურს. შემმოწმებელთან შემდგომი კომუნიკაციის შედეგად ხარვეზი მოძიებული და აღმოფხვრილი იქნა და შესაძლებელი გახდა №26344 ბრძანებით განსაზღვრული პირობის შესრულება. დანართის სახით წარმოადგენს მაკორექტირებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას.
საგადასახადოს კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს საქმე მიღებულ იქნას წარმოებაში და შეუმცირდეს ზედმეტად დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დავის განახლების საფუძველი.
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა პოზიციაზე:
- საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, რაც ეცნობა შემოსავლების სამსახურს. მოგვიანებით შესაძლებელი გახდა კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა.
- აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოთქმული ფაქტები და განაცხადა, რომ მეორე მხარე არ ადასტურებს კორექტირების ანგარიშფაქტურას და მას მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპერაცია საჭიროებს კორექტირებას, რაც მხოლოდ შემოწმებით არის შესაძლებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დამატებით უნდა იქნეს განხილული გადასახადის გადამხდელის მიერ შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის და პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის, ხოლო, ოპერაციის მონაწილე მეორე მხარის მიერ ჩათვლილი თანხის კორექტირების მიზნით, შესაბამისი საგადასახადო შემოწმების დანიშვნის საკითხი.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საგადასახადოს კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, საქმე მიღებულ იქნას წარმოებაში და შეუმცირდეს ზედმეტად დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
159,275,308.