გადაწყვეტილება №25590/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 25590/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25590/2/2025

17 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------ი“ (ს/ნ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 5.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-------/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების განაწილებულ დივიდენდად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №085-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 74 382,89 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 677,70

მოგების გადასახადი - 37 151,70

საშემოსავლო გადასახადი - 10 526

ჯარიმა - 23 838,90

საურავი - 2 866,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის სფეროა სამშენებლო მასალების იმპორტი (------ი) და საბითუმო რეალიზაცია (დოკუმენტური).

აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს იჯარით აქვს აღებული ორი საწყობი:

1. ქ. ------ი, -------ის II ჩიხი №-ე, - კვ.მ. სასაწყობე ფართი ს/კ ------- -----------გან, ყოველთვიური საიჯარო ქირა 700 ლარი;

2. ქ. -------ი, --------ის ქუჩა №----, --- კვ.მ. სასაწყობე ფართი ს/კ ------- ---------საგან, ყოველთვიური საიჯარო ქირა 500 ლარი.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. რეალიზაციას აწარმოებს საბითუმოდ. შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაცია განთავსებულია გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge). გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამიდან ბრუნვითი უწყისები და ყველა გატარების რეესტრი (excel). გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/ზედნადებების მიხედვით, დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 406 402 ლარი. იმპორტირებული საქონლის ღირებულებას წარმოადგენს 1 618 255 ლარი (სამშენებლო ბლოკი, აგური, დამუშავებული ქვა, კერამიკული ფილა, ბოჭკოვანი მინა, ტრავერტინის ქვა, მინაბამბა და სხვა), ხოლო ადგილობრივი შეძენები - 84 989 ლარი.

შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერები, წარდგენილი ახსნა-განმარტებითა და 2025 წლის დოკუმენტაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმდა. ასევე გადასახადის გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარი.

სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში (წარდგენილი განცხადების საფუძველზე).

საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №085-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე, დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ასევე ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების სახით გაცემული თანხები. ხოლო გადამხდელის თხოვნით დარჩენილი თანხა 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების პროცესში აუდიტორებისთვის არ ჰქონდა წარდგენილი მივლინების დოკუმენტაცია, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 11 ივნისის №------- ცნობით შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დირექტორი მივლინებით ცხრაჯერ იყო -----ში. მივლინების პერიოდში დირექტორი სარგებლობდა მხოლოდ საავიაციო ტრანსპორტით, ხოლო საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტებით (ცნობა, მივლინების ბრძანებები) დასტურდება, რომ --------ძის მიერ მივლინებების დროს გაწეული ხარჯები შეადგენს სულ 19 117.68 ლარს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია რისი გათვალისწინებითაც სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საავანსოდ მომწოდებელთან გადახდილია 130 735 ლარი, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე მოთხოვნილი ავანსები, 22 604 ლარი, ფულის ნაშთის გაანგარიშებაში არ იღებს მონაწილეობას, ვინაიდან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით, აღნიშნული ავანსების გადახდა შესაძლებელი იქნებოდა შესაბამის პერიოდში მიღებული შემოსავლებიდან.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა 15.07.2025 წლის №15959 ბრძანებით არ დააკმაყოფილა მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების ნაწილში მოთხოვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის შემცირების საკითხი.

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტში 15 დღის ვადაში წარდგენილი აქვს შპს ------ის დირექტორის -------ში მივლინების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. დამატებით დარიცხულ გადასახადებს (------ში მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების ნაწილში) მომჩივანი არ ეთანხმება შემდეგი გარემოების გამო:

პირველ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის პოზიცია ასეთია. მომწოდებელებზე გადახდილი ავანსები შეადგენს 153 339 ლარს, ნაცვლად 130 735 ლარისა. სხვაობა 22 604 ლარი. ამ გარემოების გამო უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი 22 604 ლარით. მომწოდებელზე ავანსად გადარიცხული თანხების 153 339 ლარის ოდენობას ადასტურებს ის გარემოება, რომ 2025 წელს მომწოდებლებიდან მიღებულია შესაბამისის ღირებულების საქონელი. მომჩივანი ითხოვს აუდიტორმა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (საბაჟო დეკლარაციები) საფუძველზე გადაიანგარიშოს შპს ------ზე დამატებით გაანგარიშებული მოგების დასაბეგრი ბრუნვა და დარიცხული მოგება.

2. საკითხი

შემოწმების აქტში აუდიტორები აფიქსირებენ, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერები, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითა და 2025 წლის დოკუმენტაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 220 735 ლარის ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმებულ იქნა. ასევე გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები წარმოადგენს (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარს. სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში (წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე). შემოწმებით გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

მეორე საკითხთან დაკავშირებით დამატებით დარიცხული გადასახადის ნაწილში არ ეთანხმება აუდიტორებს, რომ მომწოდებელზე გადახდილი ავანსები შეადგენდა 153 339 ლარს, ნაცლად 130 735 ლარისა. სხვაობა 22 604 ლარი. ამ გარემოების გამო უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი 22 604 ლარით. მომწოდებლებზე ავანსად გადარიცხული თანხების 153 339 ლარის ოდენობას ადასტურებს ის გარემოება, რომ 2025 წელს მომწოდებლებიდან მიღებულია შესაბამისი ღირებულებების საქონელი. მომჩივანი ითხოვს აუდიტორებმა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (საბაჟო დეკლარაციები) საფუძველზე გადაიანგარიშოს შპს ------ზე დამატებით გაანგარიშებული მოგების დასაბეგრი ბრუნვა და დარიცხული მოგება.

მომჩივანს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია მის მიერ წარმოდგენილი მომწოდებელებზე წინასწარ გადახდილი თანხები და ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარატამენტის 13.05.2025 წლის №9386 ბრძანება, 7.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი 14.05.2025 წლის №085-4 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 15.07.20285 წლის №15959 ბრძანება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს მოახდინოს დამატებით დარიცხული გადასახადების (მოგება, დივიდენდი) გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს საქმიანობის სფეროა სამშენებლო მასალების იმპორტი (-----ი) და საბითუმო რეალიზაცია (დოკუმენტური). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას აწარმოებს იმპორტის რეჟიმში, ადგილობრივ ბაზარზე შეძენას აწარმოებს სასაქონლო ზედნადებებით. სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალიზაციას აწარმოებს საბითუმოდ. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაცია განთავსებულია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge). გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამიდან ბრუნვითი უწყისები და ყველა გატარების რეესტრი (excel). გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ზედნადებების მიხედვით, დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 406 402 ლარი. იმპორტირებული საქონლის ღირებულებას წარმოადგენს 1 618 255 ლარი (სამშენებლო ბლოკი, აგური, დამუშავებული ქვა, კერამიკული ფილა, ბოჭკოვანი მინა, ტრავერტინის ქვა, მინაბამბა და სხვა), ხოლო ადგილობრივი შეძენები - 84 989 ლარი. შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერები, წარდგენილი ახსნაგანმარტებითა და 2025 წლის დოკუმენტაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმებულ იქნა. ასევე გადასახადის გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები წარმოადგენს (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარს. სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში (წარდგენილი განცხადების საფუძველზე).

შემოსავლების სამსახურმა, 15.07.2025 წლის №15959 ბრძანებით, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარატამენტს გათვალისწინებული ჰქონდა საავანსოდ მომწოდებელთან გადახდილი თანხა, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები (შედარების აქტები), საიდანაც იკითხებოდა, რომ ავანსი არის გადახდილი მომწოდებლებთან და მომწოდებლები ადასტურებენ ავანსის გადახდას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების განაწილებულ დივიდენდად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს იჯარით აქვს აღებული ორი საწყობი.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. რეალიზაციას აწარმოებს საბითუმოდ. შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაცია განთავსებულია გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge). გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამიდან ბრუნვითი უწყისები და ყველა გატარების რეესტრი (excel). გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/ზედნადებების მიხედვით, დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 406 402 ლარი. იმპორტირებული საქონლის ღირებულებას წარმოადგენს 1 618 255 ლარი , ხოლო ადგილობრივი შეძენები - 84 989 ლარი.

შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერები, წარდგენილი ახსნა-განმარტებითა და 2025 წლის დოკუმენტაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმდა. ასევე გადასახადის გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარი.

სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში (წარდგენილი განცხადების საფუძველზე). საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №085-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №15959 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 97(1„ა“); 981(1); 130(1); 154(1 „ზ“.2 „ა“ და „ბ“);