გადაწყვეტილება №22866/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.07.2024
№ დოკუმენტი 22866/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22866/2/2024

24 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------ი“ (ს/ნ 444552128)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 12.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22866/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №078-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6075 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 54 009,16 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 34 313

ჯარიმა - 17 157

საურავი - 2 539,16

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მიწის უჯრედის მოწყობის საკონსულტაციო-საინჟინრო მომსახურება, კომპანიებისთვის სტრატეგიული დიაგნოსტიკა, პოლიტიკის შემუშავება, ბრენდინგი.

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 17.02.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, არ იქნა წარდგენილი წერილობით მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა. შემოწმება დაეყრდნო ტენდერების ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციას და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №22289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.

შემოწმების შედეგად, შემოსავლების, მათ შორის ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის, დებიტორულ-კრედიტორული ნაშთების შესახებ მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციის, ასევე ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით მასში შესული ცვლილების საფუძველზე ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №078-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შემოსავლები დადგინდა ტენდერების შესახებ ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ასევე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელსაც დაემატა ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა და გადაუხდელი კრედიტორული დავალიანება. მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, გაცემული ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, სხვა ხარჯები და დადგინდა ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის განკარგვად თანხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა, როგორც მისი ხელფასი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №22289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს ----------ი დაფუძნებულია 17.02.2020 წელს. დაარსების დღიდან კომპანია მუშაობს რამდენიმე სტარტაპ პროექტზე, მათ შორის „----------ი“. აღნიშნულმა პროექტმა 2020 წლის ივნისში გაიმარჯვა ----------ის მიერ დაფინანსებულ -------ში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა -------ი -------ის სააგენტო, -------ო და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში კომპანიამ გაიარა -------ის და --------ს აქსელერაციის პროგრამები. ამჟამად ------ის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს --------------იის საერთაშორისო პროგრამაში.

ზემოთ მოცემული მოითხოვდა გარკვეულ ინვესტიციებს. ვინაიდან საქართველოში ახლა იდგამს ფეხს startup პროექტების საინვესტიციო ინსტიტუტები, რომლის შესაძლებლობები ამ ეტაპზე ძალიან მწირია. გამომდინარე აქედან დაფინანსება უწევდა საკუთარი სახსრებით, ამავე დროს კვალიფიციური კადრები აძლევს საშუალებას იმუშაოს საინჟინრო პროექტებზე, რომელიც პროექტისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. აქვს მიმდინარე დავალიანებები კერძო კომპანიებთან და ასოციაციებთან. პლატფორმა პილოტირების რეჟიმშია გაშვებული და ჯერჯერობით შემოსავალი არ მიუღია. რაც შეეხება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ კალკულაციას ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.

მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებიდან ნათლად ჩანს, რომ დადასტურებული გაწეული ხარჯი დღგ-ის გარეშე შეადგენს 201 580 ლარს. დეკლარირებული სახელფასო ხარჯი 86 675 ლარს. გამოდის, რომ კომპანია ჯერჯერობით ზარალშია.

ზემოთ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №078-14 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს შესაბამის სამსახურს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2024 წლის №------21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმება დაეყრდნო ტენდერების ელექტრონულ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მესამე პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას (მოწოდებულია შედარების აქტები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოსავლები დადგინდა ტენდერების ელ. გვერდიდან მოპოვებული ინფორმაციით, ასევე გამოწერილი ანგარიშფაქტურებით, რომელსაც დაემატა ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა და გადაუხდელი კრედიტორული დავალიანება. მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, გაცემული ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, სხვა ხარჯები და დადგინდა ფულადი ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 17.02.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, არ იქნა წარდგენილი წერილობით მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა. შემოწმება დაეყრდნო ტენდერების ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციას და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №22289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.

შემოწმების შედეგად, შემოსავლების, მათ შორის ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის, დებიტორულ-კრედიტორული ნაშთების შესახებ მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციის, ასევე ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით მასში შესული ცვლილების საფუძველზე ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №078-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 279;