გადაწყვეტილება N 19324/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19324/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19324/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19324/2/2023).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №002-272 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №4795 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 299 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 23 484

ჯარიმა - 11 741

საურავი - 10 074

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №29024 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 4 თებერვლის №2470 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით 132 483 ლარი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის №180132 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული დანაკლისი 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, ერთობლივ შემოსავალში ასახული არ არის. შემოწმების შედეგად, გამოვლენილი დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით, ჩაითვალა მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33729 ბრძანება და №002-272 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 45 299 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 14 მარტის №4795 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-8, 286-ე, მე-100, 102-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის №180132 ოქმით გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის, 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი გადამხდელის მიერ განსაზღვრულია 54 231 ლარით, შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს 45 921 ლარს, სმფ-ების საწყისი ნაშთი - 105 236 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი - 0 ლარს. გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები შეადგენს - 95 227 ლარს. 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შეჯამებით, გადამხდელის მიერ დეკლარირებულია ზარალი 1 824 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება/ერთობლივ შემოსავალში ასახვა და შესაბამისი გადასახადით (საშემოსავლო გადასახადით) დაბეგვრა, რაც არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა განხორციელებულია მხოლოდ საშემოსავლო გადასახადში, ხოლო დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები არ არის შეცვლილი. აღსანიშნავია, რომ როგორც 2020 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ისე 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დანაკლისი მომჩივნის მიერ ასახულია და დაბეგრილია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში შესაძლოა შესაბამისი გრაფები არ იყოს სწორად შევსებული (რამაც სალდირებულად გავლენა არ იქონია საგადასახადო ვალდებულებაზე), შემოწმების აქტით განხორციელებულია საკმაოდ დიდი დარიცხვა საშემოსავლო გადასახადში, რაც უკანონოა. შედეგად, მიუხედავად იმისა რომ ერთხელ უკვე დაადეკლარირა დანაკლისი, შემოწმებამ აღნიშნულ ნაწილში კვლავ დაარიცხა, რაც უკანონოა. ამასთან, მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად გაევლო ზემოაღნიშნული საკითხი.

შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას კვლავ არ მიეცა შესაძლებლობა ციფრების დონეზე დაემტკიცებინა ზემოაღნიშნული დარიცხვის უკანონობა.

იმის საილუსტრაციოდ, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი მომჩივნის მიერ დაბეგრილია წლიური საშემოსავლო გადასახადით, წარმოადგენს 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელშიც ე.წ. „სხვა გამოქვითვები“ (გრაფა 32) დაფიქსირებულია უარყოფითი მნიშვნელობით (- 95 227 ლარი).

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისი მომჩივანს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით, რის საილუსტრაციოდ წარმოადგენს 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელშიც ე.წ. „სხვა გამოქვითვები“ (გრაფა 32) დაფიქსირებულია უარყოფითი მნიშვნელობით (- 95 227 ლარი).

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები შესაძლებელია დაექვემდებაროს გადაანგარიშებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №4795 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისი მომჩივანს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით, რის საილუსტრაციოდ წარმოადგენს 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელშიც ე.წ. „სხვა გამოქვითვები“ (გრაფა 32) დაფიქსირებულია უარყოფითი მნიშვნელობით (- 95 227 ლარი).

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 286(9)