გადაწყვეტილება №19860/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19860/2/2023
18 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 3.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19860/2/2023).
დავის საგანი:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დირექტორის მიერ გატანილი თანხების უპროცენტო სესხად და ნაწილის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. დღგ-ში დარიცხული თანხები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10945 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 188 475 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 625 530
დღგ - 53 438
მოგების გადასახადი - 265 149
საშემოსავლო გადასახადი - 306 478
ქონების გადასახადი - 465
ჯარიმა - 320 183
საურავი - 242 762
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2020 წლის წერილის (№14171/15-04-03/4) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 26.04.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №27734 ბრძანება და №006-489 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10945 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
კომპანიის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხულია ჯამურად 490 075 ლარი (----). გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე, განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიციას, ვერ დაეთანხმება, რადგან შესამოწმებელ პერიოდში, კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს ტენდერების ფარგლებში. მიმდინარე ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 8 652 911.43 ლარს (წარმოდგენილია ტენდერების სია). ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიას აქვს ხარჯი, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და დასაბუთებული. მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
დადგენილია, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხულია ჯამურად 490 075 ლარი, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი შემოწმებისათვის. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას და შედეგად თანხების დარიცხვას, აღნიშნავს, რომ აწარმოებდა სამუშაოებს ტენდერების ფარგლებში. მიმდინარე ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 8 652 911.43 ლარს, ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიას აქვს ხარჯი, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და დასაბუთებული. სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №53826-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2020 წლის 23 ივლისს, შემდგომ 29 სექტემბერს. პირველად, კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი, კერძოდ, მხოლოდ ხუთი ერთეული ხელშეკრულება, ბანკის მიერ გაცემული ცნობა და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, ხოლო მეორედ შეტყობინება რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული გადასახადის გადამხდელი მიერ. კომპანიის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ და არ წარადგინეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირებისგან, რომლებზეც კომპანიის მიერ განხორციელდა თანხის გადარიცხვა, გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია (გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება შესრულებული სამუშაოების (გაწეული მომსახურების, მიწოდებული საქონლის) მიღება-ჩაბარების აქტი და ხარჯთაღრიცხვა, თანხის მიღების დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები (სალაროს შემოსავლის ორდერები, საგადახდო დავალებები, საბანკო ანგარიშის დამოწმებული ამონაწერი), კომპანიის მიმართ მოთხოვნის (დებიტორული დავალიანების), ბუღალტრული ანგარიშის სრული ამონაწერი, წერილობითი განმარტება კომპანიისათვის გაწეული მომსახურების (მიწოდებული საქონლის) და მის მიმართ არსებული მოთხოვნის (დებიტორული დავალიანების) შესახებ, თუმცა ფიზიკური პირების ნაწილს არ ჩაბარდა შეტყობინება, ხოლო ნაწილმა არ წარადგინა მოთხოვნილი მონაცემები. რაც შეეხება შპს ----ს, აღნიშნული პირის მიმართ განხორციელდა საგადასახადო შემოწმება, რომლის წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა და არ წარადგინა შემოწმებისთვის საინტერესო დოკუმენტაცია. ამასთან, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი სუბიექტი შპს ---თან ერთად არის შპს ---.
რაც შეეხება საჩივარზე თანდართული ტენდერების სიას, რომლებშიც შპს --- წარმოადგენს გამარჯვებულ კომპანიას, გადარიცხულ თანხებთან კავშირი არ აქვს, რადგან №--- ტენდერის შედეგის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 6 მარტს, №--- ტენდერის შედეგის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 24 ივნისს, №AT--- ტენდერის შედეგის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 9 დეკემბერს, დანარჩენი ტენდერების შედეგის მიხედვით ხელშეკრულებები გაფორმებულია 2021 წელს, ხოლო ზემოთაღნიშნული პირებისთვის თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2018 წლის ნოემბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, №--- და №--- ტენდერების შედეგის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდა შპს ---ის ქვეკონტრაქტორი შპს --- (ს/ნ ---).
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება, მიიჩნევს, რომ ყველა გარემოებები არ არის სრულყოფილად შესწავლილი შემოწმების მიერ. სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე, რომელიც შემოწმების პერიოდში, 2020 წლიდან არის დაწყებული, ამჟამადაც მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოები შესრულებულია, ხარჯი გაწეულია, აღნიშნულზე ინფორმაცია არ არის ფარული და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ინფორმაცია სრულიად გამჭვირვალეა და არ წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რომ მაინცდამაინც გადასახადის გადამხდელმა უნდა წარუდგინოს შემმოწმებელ აუდიტორს. რა პროექტები განხორციელდა, რა ეტაპები გაიარა, რა სამუშაო აქვს შესრულებული და რა თანხებია ანაზღაურებული დამკვეთის მიერ ყველაფერი დევს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ინფორმაცია ტენდერების შესახებ, მართალია სიის სახით ჩამონათვალი, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შემოწმების ეტაპზე და ამჟამად თან ურთავს საჩივარსაც. ითხოვს საკითხი, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მილიონზე მეტი თანხა, განმეორებით იქნას შესწავლილი იმ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნებია გაცემული და მისი მიხედვით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება მიმდინარე პროექტების დასრულებას. მთავარია, გათვალისწინებულია თუ არა შემოწმების მიერ დარიცხვისას, ამ ტენდერების ფარგლებში გაწეული სამუშაოები. შეიძლება გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია, შეიძლება არც აქვს, მაგრამ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, სადაც შესრულებული სამუშაოების მოცულობაა მოცემული. აღნიშნავს, რომ სამუშაოები შესრულებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტი არ დაადასტურებდა და არ ჩათვლიდა სამუშაოს შესრულებულად, ხოლო დამკვეთი არ აანაზღაურებდა თანხებს.
მომჩივანი არც საჩივარზე დანართის სახით არ წარმოადგენს და არც დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც ფაქტობრივ გარემოებაში დაფიქსირებული პირებისათვის გადარიცხული თანხების რომელიმე სახელმწიფო შესყიდვასთან კავშირს დაადასტურებდა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე დამატებით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტებზე გარკვეული ტენდერის ფარგლებში, კერძოდ ---ის --- საშუალო საჯარო სკოლასთან მიმართებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამუშაოებს ასრულებდა გადასახადის გადამხდელის ქვეკონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს სადავო დარიცხვასთან. ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დირექტორის მიერ გატანილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა და ნაწილის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილია 2 843 982 ლარი, ხოლო კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებულია 543 351 ლარის ოდენობით. თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი შემოწმებისთვის. კომპანიაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ანალიზით დადგინდა, რომ კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 1 012 431 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, დირექტორის მიერ მიღებული თანხის ნაწილი 1 012 431 ლარი ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად, ხოლო 1 091 099 ლარი დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საგადასახადო კოდექსის 982 , 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ დაეთანხმება, რადგან შესამოწმებელ პერიოდში, კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს ტენდერების ფარგლებში. მიმდინარე ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 8 652 911.43 ლარს, ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიას აქვს ხარჯი, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და დასაბუთებული. მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, დირექტორის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გატანილია 2 843 982 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებულია 543 351 ლარი. თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი შემოწმებისთვის. კომპანიაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ანალიზით დადგინდა, რომ კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 1 012 431 ლარს. შემოწმებით, დირექტორის მიერ მიღებული თანხის ნაწილი 1 012 431 ლარი ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად, ხოლო 1 091 099 ლარი დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №53826-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ და არ წარუდგენიათ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებს 2020 წლის 25 ივნისს გაეგზავნათ ელექტრონულად წერილი ცხრილთან ერთად, სადაც ასახული იყო საგადასახადო დოკუმენტების/საბანკო ანგარიშის ამონაწერის საფუძველზე მომზადებული მონაცემები და მოთხოვნილ იქნა დებიტორ-კრედიტორებთან გაფორმებული შედარების აქტების, ბანკიდან გატანილი თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების, განმარტების და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა. თუმცა, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა.
გადასახადის გადამხდელისათვის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან საგადასახადო დოკუმენტების გამომწერი პირებისათვის გადარიცხული თანხების ანალიზით დგინდება, რომ კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 1 012 431 ლარს, აღნიშნული დავალიანების შესახებ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე:
შპს ---ისგან, შპს ---გან, შპს --სგან, შპს --ისგან, შპს ---გან, შპს ---გან, შპს ---სგან, შპს --სგან, ---სგან, შპს --გან, შპს ----ისგან, შპს ---გან, სს ---გან, შპს---გან, შპს ---სგან და შპს ---გან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია (გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება შესრულებული სამუშაოების (გაწეული მომსახურების, მიწოდებული საქონლის) მიღება-ჩაბარების აქტი და ხარჯთაღრიცხვა, თანხის მიღების დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები (სალაროს შემოსავლის ორდერები, საგადახდო დავალებები, საბანკო ანგარიშის დამოწმებული ამონაწერი), კომპანიის მიმართ მოთხოვნის (დებიტორული დავალიანების) ბუღალტრული ანგარიშის სრული ამონაწერი, წერილობითი განმარტება კომპანიისათვის გაწეული მომსახურების (მიწოდებული საქონლის), მომსახურების და მის მიმართ არსებული მოთხოვნის (დებიტორული დავალიანების) შესახებ. აღნიშნული პირების ნაწილს არ ჩაბარდა შეტყობინება, ნაწილმა არ წარადგინა მოთხოვნილი მონაცემები, ხოლო ნაწილმა დაადასტურა კრედიტორული დავალიანების არსებობის ფაქტი. კომპანია არ ახორციელებდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების დეკლარირებას. სახელფასო განაცემების დეკლარირება განხორციელებულია 2020 წლის ივლისის დეკლარაციის წარდგენით. 2020 წლის ივლისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახულია 75 000 ლარის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემი და 6 პირზე ჯამურად 105 000 ლარის ოდენობით სახელფასო განაცემი. ამასთან, საჩივარს არ ახლავს რომელიმე სახელმწიფო შესყიდვასთან კავშირის დამადასტურებელი ხარჯის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე სამუშაოების უშუალო შემსრულებელი შპს --- არ ყოფილა, ხოლო შპს ---თვის მიწოდებულ სამუშაოებზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები გათვალისწინებულია შემოწმების დროს. მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, მაგრამ როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაშია აღნიშნული დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია პირველ სადავო საკითხთან მიმართებით წარმოდგენილი არგუმენტებისგან განსხვავებული გარემოებები. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. დღგ-ში დარიცხული თანხები
ფაქტების აღწერა
შპს ---სთან (ს/ნ ---) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა განახორციელა ----№---კორპუსის აღდგენაგამაგრების სამუშაო. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხების ჯამი შეადგენს 196 638 ლარს. თავის მხრივ შპს ----ის მიერ დამკვეთისთვის (ქ. ---) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხების ჯამი შეადგენს 239 136 ლარს. შპს ---ს შპს ---ისგან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ჯამურად 239 737.17 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 196 638 ლარის ღირებულების მომსახურება. საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160- ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ დაეთანხმება, რადგან შესამოწმებელ პერიოდში, კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს ტენდერების ფარგლებში. მიმდინარე ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 8 652 911,43 ლარს, ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიას აქვს ხარჯი, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და დასაბუთებული. მომჩივანი ითხოვს, წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
დადგენილია, რომ შპს ---სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელმა განახორციელა კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაო, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხების ჯამი შეადგენს 196 638 ლარს. შპს ---ისგან გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია ჯამურად 239 737.17 ლარი, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 196 638 ლარის ღირებულების მომსახურება.
სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №53826-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან 2020 წლის 25 ივნისს გაგზავნილ იქნა ელექტრონული წერილი ცხრილთან ერთად, სადაც ასახული იყო შპს ----ის მიერ გადარიცხული თანხა და მოთხოვნილი იქნა განმარტების და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ასევე შპს ----ის საგადასახადო შემოწმება, რომლის წარმომადგენლებმა არ ითანამშრომლეს, შესაბამისად ვერ განხორციელდა სათანადო მტკიცებულებების მოპოვება. ამასთან, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი სუბიექტი შპს --თან ერთად არის შპს ---.
მომჩივანს, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი არის ქვეკონტრაქტორი, მის მიერ დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 196 638 ლარი, ხოლო შპს „---“-ისგან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია ჯამურად 239 737.17 ლარი, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არგუმენტი ან/და მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დირექტორის მიერ გატანილი თანხების უპროცენტო სესხად და ნაწილის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. დღგ-ში დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2020 წლის წერილის (№14171/15-04-03/4) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 26.04.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, 18 სექტემბერი 2023 N 03/73578 2 რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №27734 ბრძანება და №006-489 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10945 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 97; 982; 101; 154.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 171.