გადაწყვეტილება №23506/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2024
№ დოკუმენტი 23506/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევაოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებახარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევაარარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ადგილი და დაბეგვრა (უკუდაბეგვრა)ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისგანაწილებული მოგებადღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაგანაწილებული მოგებაგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიუკუდაბეგვრასაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება

📄 სრული ტექსტი

№23506/2/2024

25 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 18.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23506/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

2. დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობა;

3. არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №007-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15195 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 078 998 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 643 852

დღგ- 85 509

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) – 2 112

მოგების გადასახადი - 543 615

საშემოსავლო გადასახადი - 12 616

ჯარიმა - 322 529

საურავი - 112 617

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 27.05.2021 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.03.2023 წლის №32745 ბრძანება და №007-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 15.02.2024 წლის №21453/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26112 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

შემოწმების მსვლელობისას, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას ----------. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპანიის გასაყიდ პროდუქტს: საქართველოში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და სხვა უძრავ ქონებებს (ბინებს).

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს, არარეზიდენტი კომპანიის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ აქვს მიღებული.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საწარმოს განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად აღნიშნულით და გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოწმების შედეგად, ზემოთ აღნიშნული თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 73-ე და 982 მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს თანხები (3 432 442 ლარი), რომელიც შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე შპს „----------“ არ აქვს გადაცემული. შემოწმებით, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ უცხოელ ფიზიკურ პირებთან საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა უცხოური კომპანიის, „----------“-ის, მეშვეობით (გარდა ამ კომპანიისა კიდევ თანამშრომლობდა 2 სხვა უცხოურ კომპანიასთან), რის დასტურადაც წარადგინა ----------თან არსებული ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ცხრილი-გაანგარიშება. მოწოდებული დოკუმენტაცია შეიცავდა ინფორმაციას კონკრეტულ ფიზიკური პირებზე, რომლებსაც „----------“-მა შესთავაზა შპს „----------“ სარეალიზაციო პროდუქტი და მათგან მიიღო გარკვეული მოცულობის ანაზღაურება.

წარმოდგენილ ცხრილში ასახულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა შემდეგი:

ცხრილში დაფიქსირებული ფიზიკური პირებისგან ერთ ნაწილზე გაფორმებული იყო უძრავი ქონების ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 591 266 აშშ დოლარი. ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერის მიხედვით - მხარეების მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში სრულად იყო ფიზიკური პირების მიერ ანაზღაურებული ნასყიდობის ღირებულების თანხები, თუმცა გადამხდელის განმარტებითა და წარდგენილი ცხრილის მიხედვით, ამ ფიზიკურ პირებმა „----------“-ში გადაიხადეს მხოლოდ 521 886 აშშ დოლარი, დანარჩენი კი ბანკით ან/და შპს „----------“ სხვა კონტრაქტორ კომპანიებთან იქნა გადახდილი.

ცხრილში დაფიქსირებული ფიზიკური პირებისგან მეორე ნაწილზე გაფორმებული იყო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები (ცხრილში ასახული ფიზიკური პირებიდან გარკვეულ ნაწილზე ვერ იქნა მოძიებული ვერც ძირითადი და ვერც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის გამოც ცხრილის მიხედვით მსგავსი ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხები, 328 962 აშშ დოლარის ოდენობით, შემოწმების მიერ დარიცხვის კალკულაციისას არ იქნა მხედველობაში მიღებული). წინარე ნასყიდობების ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერის მიხედვით - მხარეების მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ანაზღაურებული იყო ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი თანხა.

მაგალითისთვის: „----------“-სთან 2021 წლის 29 სექტემბერს შპს „----------“ მიერ გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 18 480 აშშ დოლარზე, რომლიდანაც ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით მხარეების მიერ ხელმოწერის მომენტისთვის ფიზიკურმა პირმა გადაიხადა 3 685 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. ამ კონკრეტულ ფიზიკურ პირთან მიმართებით გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ცხრილი) თანახმად გაირკვა, რომ ფიზიკურ პირს 18 480 აშშ დოლარიდან გადახდილი ჰქონდა („----------“-ში ჰქონდა მიტანილი) 12 725 აშშ დოლარი. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელმა თავადვე წარადგინა ცხრილი, რომელიც ასახავდა „----------“-ის მიერ შპს „----------“ გადმოსარიცხი თანხის მოცულობას და გადამხდელის პოზიციას „----------“-გან მისაღებ თანხებთან დაკავშირებით, შემოწმებამ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება და მაგალითისთვის ფიზიკური პირი ----------ის შემთხვევაში ნაცვლად 18 480 აშშ დოლარისა დარიცხვის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღო 12 725 აშშ დოლარი.

წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით (რომელთა მოძიებაც შეძლო შემოწმებამ), გადამხდელის განმარტებითვე „----------“-ის მიერ შპს „----------“ გადმოსარიცხი თანხების ჯამურმა მოცულობა შეადგინა 653 608 აშშ დოლარი.

სულ ჯამში ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებებითა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით „----------“-გან მისაღებმა თანხების ჯამმა შეადგინა 1 175 494 აშშ დოლარის ექვივალენტი 3 432 442 ლარი, რაც შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ იყო იმისათვის, რომ 3 432 442 ლარი დაკვალიფიცირებულიყო არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. არ არის გამოკვლეული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. კერძოდ:

საწარმოს არ გააჩნია არავითარი სასესხო ხელშეკრულება არარეზიდენტ კომპანიებთან, არ აქვს გაცემული სესხად არც თანხები და არც რაიმე სხვაგვაროვანი ნივთი არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ და არც სხვა პირების განცხადებით/ახსნა-განმარტებით ამგვარი ფაქტები არ არის დადასტურებული.

საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება №---------- სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე. მსგავსი სასამართლო დავა მიმდინარეობს ---------- (საქმე №----------), რაც ასევე გამორიცხავს კომპანიის მიერ რაიმე სასესხო ხელშეკრულებებსა და მსგავს ურთიერთობებს არარეზიდენტ კომპანიასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 51-ე და 267-ე მუხლები. ასევე, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიმართვის პასუხად 2024 წლის 26 ივნისის №---------- წერილით მიიღო მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები ელექტრონული სახით (დისკით), რასაც ამ ეტაპზე ამუშავებს და დამუშავების შემდეგ დამატებით წარმოადგენს არგუმენტირებულ პოზიციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დასახელებული საკითხების შესწავლას და სადავო აქტების გაუქმებას. ასევე, მოითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს მისი მონაწილეობით, რომ წარმოდგენილი და განმარტებული იქნას ყველა მტკიცებულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმებისას იხელმძღვანელეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს, გადასახადის გადამხდელისა და ხელთ არსებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას ----------, კერძოდ, უცხოელ ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპანიის გასაყიდ პროდუქტს - საქართველოში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და სხვა უძრავ ქონებებს (ბინებს). აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტი კომპანიის მიერ, უცხოელი ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე შპს „----------“ (ს/ნ ----------) არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ აქვს მიღებული. საგამოძიებო სამსახურის მიერ, გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საზოგადოების განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად აღნიშნულით და გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების შედეგად ზემოთ აღნიშნული თანხა განიხილა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების მიერ დეკლარირებული მონაცემები (356 800 ლარი) განსხვავდება შემოწმებით დადგენილ მონაცემებისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 3 432 442 ლარი შემოწმებისას დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან (ბუღალტერი და აუდიტორი) აუდიტის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა, რა დროსაც დეტალურად იქნა განხილული აქტში არსებული ყველა საკითხი.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიმართვის პასუხად 2024 წლის 26 ივნისის №---------- წერილით მიიღო მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები ელექტრონული სახით (დისკით), რასაც ამ ეტაპზე ამუშავებს და დამუშავების შემდეგ დამატებით წარმოადგენს არგუმენტირებულ პოზიციას. მოითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს მისი მონაწილეობით, რომ წარმოდგენილი და განმარტებული იქნას ყველა მტკიცებულება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ და იმ გარემოებებზე, რომ მომჩივანს საბჭოს აპარატის სატელეფონო საუბრით ეცნობა, რომ მისი საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 8.11.2024 წელს 15 სთ და 30 წთ-ზე, მიეცა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, მომჩივანმა წარმოადგინა შუამდგომლობა საჩივრის განხილვის გადადების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა შემდგომი განხილვის შესახებ მომჩივნისათვის ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, 29.11.2024 წელს 14 სთ-ზე დანიშნულ ზეპირ განხილვას, მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი არ დასწრებია.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს (მათ შორის არც დამატებით წარმოუდგენია ზემოთ დასახელებული რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება) კონკრეტულ ან დასაბუთებულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია, შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), ავანსის სახით, როგორც მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ, გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები ჯამურად 1 389 018 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც შპს „----------“ და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით ავანსის სახით, როგორც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები, რომელთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელსა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. შესაბამისად, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, დავის წარმოების პროცესში პირის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), ავანსის სახით, როგორც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები ჯამურად 1 389 018 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც კომპანიასა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საზოგადოებას საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. ფაქტობრივი გარემოებებისა და აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საზოგადოების მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, დაერიცხა დღგ.

მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამისი მტკიცებულებებს (მათ შორის არც დამატებით წარმოუდგენია საჩივარში დასახელებული რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება), რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია, დღგ-ში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საგამოძიებო ორგანოების მიერ, გადასახადის გადამხდელისგან ამოღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმოს უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ (მაგ. ----------) მარკეტინგულ მომსახურებას უწევს მისი კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამ საკითხთან მიმართებით, არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან იღებს სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებს, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახდო კოდექსის 161-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები და შედეგად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამასთან, არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. ასევე, საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებულ სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში სრულყოფილად არ აქვს შესრულებული. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მოხდა არარეზიდენტი პირებისაგან მიღებული მომსახურების მოცულობის დადგენა და გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება, საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება, ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედით საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე.

საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოების მიერ, გადასახადის გადამხდელისგან ამოღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) ანალიზისას აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ (მაგ. ----------) მარკეტინგულ მომსახურებას უწევს მისი კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამ საკითხთან მიმართებით, არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საზოგადოება სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან იღებს სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებს, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. ფაქტობრივი გარემოებებისა და აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაანგარიშდა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა დღგ.

მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამისი მტკიცებულებებს (მათ შორის არც დამატებით წარმოუდგენია საჩივარში დასახელებული რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება), რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

2. დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობა;

3. არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმებისას იხელმძღვანელეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს, გადასახადის გადამხდელისა და ხელთ არსებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას საზღვარგარეთ, კერძოდ, უცხოელ ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპანიის გასაყიდ პროდუქტს - საქართველოში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და სხვა უძრავ ქონებებს (ბინებს). აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტი კომპანიის მიერ, უცხოელი ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე მომჩივანს არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ აქვს მიღებული. საგამოძიებო სამსახურის მიერ, გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საზოგადოების განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად აღნიშნულით და გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების შედეგად ზემოთ აღნიშნული თანხა განიხილა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების მიერ დეკლარირებული მონაცემები (356 800 ლარი) განსხვავდება შემოწმებით დადგენილ მონაცემებისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 3 432 442 ლარი შემოწმებისას დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან (ბუღალტერი და აუდიტორი) აუდიტის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა, რა დროსაც დეტალურად იქნა განხილული აქტში არსებული ყველა საკითხი. მომჩივანი განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიმართვის პასუხად 2024 წლის 26 ივნისის წერილით მიიღო მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები ელექტრონული სახით (დისკით), რასაც ამ ეტაპზე ამუშავებს და დამუშავების შემდეგ დამატებით წარმოადგენს არგუმენტირებულ პოზიციას. მოითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს მისი მონაწილეობით, რომ წარმოდგენილი და განმარტებული იქნას ყველა მტკიცებულება. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ და იმ გარემოებებზე, რომ მომჩივანს საბჭოს აპარატის სატელეფონო საუბრით ეცნობა, რომ მისი საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 8.11.2024 წელს 15 სთ და 30 წთ-ზე, მიეცა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, მომჩივანმა წარმოადგინა შუამდგომლობა საჩივრის განხილვის გადადების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა შემდგომი განხილვის შესახებ მომჩივნისათვის ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, 29.11.2024 წელს 14 სთ-ზე დანიშნულ ზეპირ განხილვას, მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი არ დასწრებია.

2. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), ავანსის სახით, როგორც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები ჯამურად 1 389 018 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც კომპანიასა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საზოგადოებას საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. ფაქტობრივი გარემოებებისა და აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საზოგადოების მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, დაერიცხა დღგ.

3. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოების მიერ, გადასახადის გადამხდელისგან ამოღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) ანალიზისას აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს მისი კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამ საკითხთან მიმართებით, არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საზოგადოება სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან იღებს სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებს, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. ფაქტობრივი გარემოებებისა და აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გაანგარიშდა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაერიცხა დღგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი სამივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 159; 161; 1621; 275.