გადაწყვეტილება №22112/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 22112/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22112/2/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 31.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22112/2/2024).

 

დავის საგანი:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვა;

2. ა) არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხების შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და ბ)კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის არ შემცირება (ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება);

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №26261 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 74 449 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 46 581

მოგების გადასახადი - 5 534

საშემოსავლო გადასახადი - 41 047

ჯარიმა - 22 947

საურავი - 4 921

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სხვა პირებისთვის მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებშიც ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 17.10.2022 წლის №26261 ბრძანება და ამავე თარიღის №005-154 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 7.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.06.2023 წლის №13461 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-3 (შპს „----------“ გადარიცხული თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრა) და მე-4 (გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „----------“ ავანსად გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13461 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13461 ბრძანება; საჩივარი პირველი და მე-2 დავის საგნის (უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის) ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანებით საჩივარი:

- პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დარჩა განუხილველი;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სარესტავრაციო, ქვის მთლელის, კონსერვაციის და რეაბილიტაციის მომსახურებას უწევდნენ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები (---------- და ----------), რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება შეადგენდა 73 555 ლარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე წარმოადგენდნენ შპს „----------“ მიერ დაქირავებულ პირებს, რომლებზეც 2021 წლის ნოემბრამდე გაიცემოდა სახელფასო ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ გაცემულ თანხებს საწარმო გადახდის წყაროსთან აღარ აკავებდა. ასევე, შესწავლილია ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები ადეკლარირებდნენ მხოლოდ შპს „----------“ მიღებულ თანხებს.

საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებით შესწავლილია მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირების შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე აუტენტიფიკაციის IP მისამართები და დაადგინა, რომ ძირითად შემთხვევაში აღნიშნული IP მისამართები ემთხვეოდა შპს „----------“ აუტენტიფიკაციის IP მისამართებს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, საწარმოს მიერ ---------- და ---------- გაცემული თანხები ჩაითვალა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას. ასევე, განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ კომპანიასა და მეორეს მხრივ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს შორის დადებულია ხელშეკრულებები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მომსახურების განხორციელებისას სახეზე არ იყო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა - მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება და დროის პერიოდით შეზღუდულნი არ არიან; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო - ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის სამუშაო ან დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი - მომსახურების გამწევი ფიზიკური პირებისთვის არ არის განსაზღვრული მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს არ გააჩნიათ რაიმე სახის თანამდებობა, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა; ე) შრომის ანაზღაურება და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს სახეობის მიხედვით ფიქსირებული თანხის მიხედვით. ხსენებული ფორმით ანაზღაურება დამახასიათებელია მომსახურების განხორციელებისას.

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წელს ქვის სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში გაფორმდა მომსახურეობის ხელშეკრულებები ინდ. მეწარმეებთან, რომელთაც მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი (ხელშეკრულებები და მიღება ჩაბარების აქტები თან ერთვის საჩივარს). 2021 წლის დეკემბერის თვეში ი/მ ---------- ჩაირიცხა გაწეული მომსახურეობის ღირებულება 20 685 ლარი, რომელიც გადაკვალიფიცირდა, როგორც ხელფასი (დარიცხულ თანხად განისაზღვრა 25 856 ლარი; საიდანაც საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 5 171,2 ლარი; ჯარიმამ 2 585,6 ლარი), 2022 წლის იანვარის თვეში ი/მ ---------- ჩაირიცხა გაწეული მომსახურეობის ღირებულება 52 870 ლარი, რომელიც გადაკვალიფიცირდა, როგორც ხელფასი (დარიცხულ თანხად განისაზღვრა 66 087,5 ლარი; საიდანაც საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 13 217,5 ლარი; ჯარიმამ 6 608,75 ლარი). საგადასახადო შემოწმებით კომპანიასა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობა, რომლებიც კომპანიას უწევდნენ მომსახურებას, განხილულია, როგორც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას და ბეგრავდნენ კომპანიისათვის მომსახურეობის გაწევით მიღებულ შემოსავალს შემოწმების პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული განაკვეთით. ზემოთ აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები განხილულია, როგროც ხელფასის სახით განაცემი და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან 20 პროცენტიანი განაკვეთით. არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს ზემო აღნიშნულ შეფასებას და მიაჩნია, რომ ხსენებული შეფასება არის დაუსაბუთებელი და უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს.

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ კომპანიასა და მეორეს მხრივ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს შორის დადებულია ხელშეკრულებები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ შრომით ურთიერთობას განიხილავს, როგროც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების სანაცვლოდ. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები.

ნიშანდობლივია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების განხორციელებისას სახეზე არ იყო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ:

ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა - მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება და დროის პერიოდით შეზღუდულნი არ არიან;

ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო - ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის სამუშაო ან დასვენების დრო;

გ) სამუშაო ადგილი - მომსახურების გამწევი ფიზიკური პირებისთვის არ არის განსაზღვრული მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა;

დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს არ გააჩნიათ რაიმე სახის თანამდებობა, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა;

ე) შრომის ანაზღაურება და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს სახეობის მიხედვით ფიქსირებული თანხის მიხედვით. ხსენებული ფორმით ანაზღაურება დამახასიათებელია მომსახურების განხორციელებისას.

საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. აკრძალული საქმიანობის ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში, თუმცა მასში მითითებული არ არის სარესტავრაციო/სამშენებლო მომსახურება. ფაქტიურად, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო შემოწმებისას მიღებული გადაწყვეტილებით, გვერდი აუარა ნორმატიულ დანაწესს და მის საწინააღმდეგოდ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს აუკრძალა ამ სტატუსის ქვეშ სარესტავრაციო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო შეღავათით სარგებლობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ფიზიკურ პირებს სრულად ჰქონდათ უფლება დარეგისტრირებულიყვნენ მცირე მეწარმეებად და მათზე გადახდილი თანხები არ უნდა ჩათვლილიყო ხელფასად და არ უნდა დაბეგრილიყო.

გარდა ზემოთ ხსენებულისა ქვემოთ ჩამოთვლილია ის უმნიშვნელოვანესი გარემოებებს რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ი/მ-ზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არის ძალიან დიდი შეცდომა ამ შემთხვევაში და პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას:

1. ის მიზეზები რის გამოც შრომითი ურთიერთობა გადაიზარდა მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში - პირველი და მეტად მნიშვნელოვანი შეცდომა რაც შემოწმების აქტში იკითხება ეხება იმას რომ ---------- და ---------- მოხსენიებულნი არიან როგორც ქვის მთლელები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი რომ შემმოწმებლების მიერ განვითარებული ლოგიკა უკიდურესად არასწორია. საქმე იმაშია რომ ეს ორი ადამიანი არა თუ ქვის მთლელები არამედ დღეისათვის არსებულ ქვის სარესტავრაციო სამუშაოების სპეციალისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პროფესიონალები არიან და მათი პროფესიული ზრდა და განვითარება მოხდა მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში. საქმე იმაშია, რომ სანამ ეს ადამიანები თვისი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდებოდნენ ისინი შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ კომპანიაში, რა თანხის გადახდის საშუალებაც ამ ადამიანის მაშინდელი კვალიფიკაციის გათვალისწინებით სავსებით მისაღები იყო კომპანიისთვის. ამას ემატება ისიც, რომ ზოგადად მათი სამუშაო (უხეშად ვუწოდოთ სარესტავრაციო მომსახურება) არის მეტისმეტად სპეციფიკური და ერთის მხრივ დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს (აღნიშნულ პირებს შესაბამისი განათლება მიღებული აქვთ სამხატვრო აკადემიაში) და მეორეს მხრივ კი აღნიშნული პროფესია არ არის ყოველდღიურად მოთხოვნადი საქართველოში, სხვაგვარად რომ ვთქვათ ეს არ არის მღებავის ან რემონტის ჩამტარებელი სპეციალისტის მომსახურება, რომელიც ყველას სჭირდება, არამედ ეს არის სპეციფიკური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანის სამუშაო, რომელიც მხოლოდ გარკვეული პროექტების არსებობის შემთხვევაშია საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამუშაო მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, რის შესაძენად დიდი დრო და პრაქტიკაა საჭირო. ეს ადამიანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ კომპანიაში შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს კომპანიაში შესაბამისი გამოცდილება და შეიძლება ითქვას რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ - აღნიშნულმა პირებმა როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე თავისი საქმე წამოიწყეს და მომსახურებას უწევენ როგორც კომპანიას, ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურებას უწევენ სხვა პირებსაც. თუმცა აღნიშნულის საშუალება მათ დღეს გააჩნიათ, ვინაიდან ეს ადამიანები დღეისათვის წარმოადგენენ საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ სპეციალისტებს, თუმცა მანამ სანამ მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბება მოხდებოდა კომპანიას წარსულ პერიოდში უღირდა მათი დაქირავება, თუმცა დღეისათვის ეს სრულიად წარმოუდგენელია მათ მიერ დღეისათვის მოთხოვნილი მაღალი ანაზღაურების გამო. ამ ადამიანების მიერ გაწეულ მომსახურებაზე (მიუხედავად იმისა რომ დღეისათვის მათი მომსახურება ძალიან ძვირად ფასობს) უწყვეტი მოთხოვნა საქართველოში არ არსებობს და მათ სამუშაოზე მოთხოვნა ჩნდება შესაბამისი პროექტის (სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის) არსებობის შემთხვევაში. წარსულში კომპანიას გააჩნდა უფრო მეტი ასეთი პროექტები, ვიდრე დღეს, შესაბამისად ამ ადამიანების ყოველთვიურად დაქირავება და მათთვის მოჭრილი თანხების ანაზღაურებაც (რომელიც რამდენჯერმე ნაკლებია ამ ადამიანების დღეს დაქირავების შემთხვევაში გადასახდელი ანაზღაურებისგან) კომერციულად გამართლებული იყო კომპანიის მხრიდან. ვინაიდან, კომპანიას აღარ ჰქონდა შესაბამისი პროექტები (კომპანიის მომსახურება არის სეზონური და ახალი ტენდერი რომც გამოცხადდეს ზამთრის პერიოდში არაფერი არ ხდება), შესაბამისად მოხდა აღნიშნულ პირებთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა აღნიშნულის შემდგომ გამომდინარე იქიდან, რომ გამოცხადდა ახალი ტენდერი და საჭირო გახდა ამ ადამიანების ჩართულობა მოხდა მათთან მომსახურების კონტრაქტის გაფორმება, ერთი კონკრეტული ტენდერის არსებობის გამო (----------), ასევე იმის გამო რომ ამ ადამიანების ანაზღაურება რამდენჯერმე გაიზარდა კომპანიას აღარ ჰქონდა ინტერესი აღნიშნულ პირებთან გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა.

2. ანაზღაურების პრინციპის მნიშვნელოვანი ცვლილება - მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ანაზღაურების პრინციპი შრომითი ურთიერთობის დროს და მის შემდეგ (რაც გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება) რადიკალურად არის შეცვლილი და თუ ადრე თანამშრომელზე ხდებოდა ყოველთვიური 2. ანაზღაურების პრინციპის მნიშვნელოვანი ცვლილება - მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ანაზღაურების პრინციპი შრომითი ურთიერთობის დროს და მის შემდეგ (რაც გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება) რადიკალურად არის შეცვლილი და თუ ადრე თანამშრომელზე ხდებოდა ყოველთვიური

3. მცირე მეწარმეების მიერ საკუთარი საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება - არის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება რომელიც გამორიცხავს იმას, რომ ეს ადამიანები კომპანიაში შრომითი ხელშეკრულებით არიან დასაქმებული. საქმე იმაშია, რომ მომსახურების კონტრაქტის პირობებში ამ ადამიანებმა, გამომდინარე იქიდან რომ წლების განმავლობაში დაუგროვდათ უდიდესი პრაქტიკა კომპანიაში დამოუკიდებლად მოახდინეს თავისი საქმის ორგანიზება და აშკარაა რომ დაკავდნენ სამეწარმეო საქმიანობით. მაგალითისთვის თუ მანამდე აღნიშნულ სპეციალისტებს კომპანიაში ჰყავდათ შესაბამისი პროექტის ხელმძღვანელი (ამ დროს სწავლა ჰქონდათ ახალი დამთავრებული და პროფესიონალის შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ), რომელიც ზედამხედველობას უწევდა მთლიან პროცესს და ისინი ფაქტობრივად იყვნენ მათი ხელმძღვანელის მითითებების შემსრულებლები, შემდგომში მათი კვალიფიკაციის ზრდისა და პროფესიონალებად ჩამოყალიბების შემდეგ მათ გადაწყვიტეს დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება (როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე) და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ერთპიროვნულად - სათანადო რისკების საკუთარ თავზე აღებით, რის გამოც დარეგისტრირდნენ მცირე მეწარმეებად. ამ ადამიანების მცირე მეწარმეებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არანაირი ფორმით კომპანია არ იყო ჩართული და არანაირი გავლენა არ მოუხდენია ამ ადამიანების გადაწყვეტილებაზე დამოუკიდებლად გაძღოლოდნენ საკუთარ საქმიანობას.

4. აშკარად არასწორი და შეცდომის შემცველი ინფორმაცია შემოწმების აქტში (შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში) იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებს არ მიუღიათ შემოსავალი სხვა წყაროებიდან - შემოწმების აქტში წერია რომ ამ ორ ადამიანს შემოსავალი არ მიუღია სხვა პირებისგან, რის გამოც შემმოწმებლებმა ჩათვალეს რომ საქმე არა მომსახურების გაწევასთან არამედ ხელფასის ანაზღაურებასთან ჰქონდა და გადახდილი თანხები დაბეგრეს საშემოსავლო გადასახადით. ინფორმაცია თითქოს ეს ადამიანები არ იღებენ შემოსვლებს სხვა პირებისგან არასწორია ვინაიდან დასტურდება ფაქტები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები შემოსავლებს სხვა პირებისგანაც იღებდნენ. მაგალითისთვის დაზუსტებით შეიძლება ითქვას რომ ---------- გააჩნია შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობები სხვა კომპანიებთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ადამიანი მას შემდგომ რაც ოდესღაც კომპანიაში მუშაობდა და შემდეგ რაც კომპანიაში მუშაობისას იგი პროფესიონალად ჩამოყალიბდა უკვე დამოუკიდებლად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და ემსახურება სხვა პირებსაც, რაც ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე სრულიად არ არის გასაკვირი.

5. შრომითი ურთიერთობის არსებობა აღნიშნულ პირებთან - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პირებთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება ცალკე მსჯელობის საგანია რამდენად იყო მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე რამდენად უნდა ჩაითვალოს აღნიშნული ხელშეკრულება დაქირავებით მუშაობის ხელშეკრულებად. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდშიც კი როდესაც აღნიშნულ პირზე ხდებოდა ყოველთვიური ანაზღაურებების გაცემა მათთვის ყოველთვიურად თანხების გაცემა ხდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი წყვეტების პირობებში. მაგალითად შეეძლო მიეცა რამდენიმე თვის განმავლობაში თვეში ერთი და იგივე თანხა და შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში (რამდენიმე თვე) აღარ მიეცა. აქედან გამომდინარე, საკამათოა რამდენად იყო ეს ხელშეკრულება თუნდაც წარსულ პერიოდში შრომითი ხელშეკრულება და ეს ურთიერთობა შრომითი ურთიერთობა ე.წ. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპიდან გამომდინარე.

6. შემოსავლების სამსახურის კითხვარი, რომ პირებს შორის ურთიერთობა მომსახურების გაწევაა და არა შრომითი ურთიერთობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ გატესტეს აღნიშნულ პირებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებულ სპეციალური კითხვარზე და შედეგად კითხვარის პასუხი იყო რომ საქმე გვაქვს მომსახურების გაწევასთან და არა შრომით ურთიერთობასთან (საჩივარს ახლავს დანართი სადაც ასახულია თავად შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე არსებული კითხვარის შედეგების ამსახველი ფაილი). შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიჩნეულია ანაზღაურება ხელფასად.

7. ერთი და იგივე ბუღალტერი - საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ორი ადამიანი ხელოვნების სფეროში მომუშავე პროფესიონალები არიან და გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად არ იკვეთებიან აღრიცხვის დარგის სპეციალისტებთან მათ მიერ დამოუკიდებლად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მოხდა იმ აღრიცხვის პროფესიონალთა დაკავშირება ვისაც ისინი იცნობდნენ მანამდე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათი ბუღალტერი და კომპანიის ბუღალტერი ერთი და იგივე ადამიანია ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს იმის შეფასებისას აღნიშნულ პირებს შორის არსებული ურთიერთობა შრომითი ურთიერთობაა თუ მომსახურების გაწევა.

8. მას შემდეგ რაც გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, მომსახურების გამწევი პირების მიერ გაიწევა შემდეგი სახის ძალიან ძვირადღირებული მომსახურების გაწევა (საჩივარს ახლავს ორივე ფიზიკური პირის ხელშეკრულება). აქვე წარმოადგენს შესაბამის ამონარიდებს ფიზიკური პირის ხელშეკრულებებიდან:

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ---------- საკათედრო ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში ქვის კონსერვაციას, კერძოდ: ქვებს შორის ნაკრებისა და ბზარების ინექტირება (მიკრონიზირებული ბუნებრივი ჰიდრავლიკური კარის ხსნარით (NHL5 და ჰიდრავლიკური აგრეგატები) – 110 გრძ/მ X 60 ლარი = 6 600.00 ლარი. ქვების კონსოლიდაცია ეთილ სილიკატით (აქერცლილი და გაფხვიერებული ქვების სტრუქტურის გასაუმჯობესებლად) – 150 კვ.მ X 350 ლარი = 52 500.00 ლარი. გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულებაა 59 100 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 1 მარტამდე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ---------- მუნიციპალიტეტში, ---------- ეკლესიის გუმბათის ქვის კონსერვაციასა და რეაბილიტაციის ფარგლებში შემდეგ სამუშაოებს: ქვის ნაწილების ფრაგმენტების გაერთიანება - 40 დეციმეტრკვადრატი X 197.29 ლარი = 7 891,60 ლარი. მექანიკური წმენდა - 80 გრ/მ X 24 ლარი = 1 920.00 ლარი. ორნამენტების კონსერვაცია - 53 დეციმეტრკვადრატი X 250.00 ლარი = 13 250.00 ლარი. გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულებაა 23 061 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

აღნიშნული 53 დეციმეტრკვადრატი ფართობზე სამუშაოს ღირებულება არის 13 250 ლარი, რაც აშკარად ნიშნავს რომ ეს არის ძალიან კვალიფიციური და ძალიან ძვირადღირებული სამუშაო და ასეთი ანაზღაურებით ასეთი ადამიანების შრომითი კონტრაქტით დაქირავება არის არარეალური. აქედან გამომდინარე, მიაჩნია რომ აშკარად ადგილი აქვს მომსახურების გაწევას მხარეებს შორის და ხელფასად გადახდილი თანხები არ უნდა დაიბეგროს.

შესაბამისად, მიაჩნია რომ უკიდურესად არასწორია ზემოთ ხსენებულ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრა ხელფასად, ითხოვს გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხებისაგან სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური არგუმენტების გათვალისწინებით საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლი იყო არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანებით კი აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. ა) არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და ბ) კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის არ შემცირება (ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება)

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ა) საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არარეზიდენტ პირებზე გადახდილი ჰქონდა თანხები, კერძოდ:

- 2019 წლის სექტემბერში გადახდილი ჰქონდა 1 000 ფუნტი სტერლინგი, რომელზეც პროგრამულად დარიცხული იყო არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ბუღალტრულ აღრიცხვაში გატარებული იყო, როგორც პირდაპირი ხელფასის ხარჯი, რომელიც ასახული არ ყოფილა შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში.

- 2019 წლის დეკემბერში ---------- სთვის გადახდილია 10 000 ევრო, რომელიც დაბეგრილი იყო უკუდაბეგვრის დღგ-ით, თუმცა არ ყოფილა ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში.

შემოწმების პროცესში მომჩივანს მოეთხოვა ზემოაღნიშნულ განაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა (მ.შ.: ინვოისები, შესრულების აქტები, რეზიდენტობის ცნობები), რომელიც გადამხდელს არ წარუდგენია.

საგადასახადო კოდექსის 134-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ბ) რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას, კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის არ შემცირებაზე, საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულზე გარემოებები მითითებული არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 7.12.2023 წელს წარმოდგენილი №77105/1/2022 საჩივრით გადასახადის გადამხდელს უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების საკითხი სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადა და მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 5.07.2023 წელს წარდგენილ საჩივარში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და დადგენილ გარემოებაზე მითითებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნის საწარმოზე ჩაბარებიდან (rs.ge პორტალზე გაეცნო 8.11.2022 წ.) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის (უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების ნაწილში) წარდგენამდე გასულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა, შესაბამისად, გადამხდელის მიერ დეკლარირებული უკუდაბეგვრის დღგ წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას და აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ა) 2019 წლის სექტემბერის თვეში ხელფასის სახით გადარიცხული იყო 1 000 ფუნტი ექვივალენტით ლარში 4 609,25 ლარი, რომლის საშემოსავლო შეადგენდა 921,85 ლარს, რომელიც გადახდის წყაროსთან დეკლარირებული არ იყო, დაკისრებულია ჯარიმა გადასახდელი თანხის 25% ოდენობით (230 ლარი).

2019 წლის დეკემბერის თვეში (ინჟ. ----------) არარეზიდენტის მიერ გაწეულმა მომსახურეობამ შეადგინა 36 444 ლარი (10 000 ევროს ექვივალენტი), არარეზიდენტის დღგ გადახდილია და დადეკლარირებულია; ---------- რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით არ ეკუთვნოდა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის გადახდა 3 644 ლარი (თან ერთვის ინვოისი, მიღება ჩაბარების აქტი, არარეზიდენტის ცნობა), დაკისრებულია ჯარიმა გადასახდელი თანხის 25% ოდენობით (911 ლარი).

საგადასახადო შემოწმებისას წარდგენილია არარეზიდენტი პირის 2012 წლის და 2022 წლის ცნობა, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ვინაიდან მომსახურების გაწევა განხორციელდა 2019 წელს, მიაჩნია, რომ წარდგენილი ცნობები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შემმოწმებლების მიერ, ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ არ ემთხვევა გაცემული ცნობების და მომსახურების გაწევის პერიოდი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ინჟინერი ---------- წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, შესაბამისად, უნდა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

შემოწმების აქტში მოცემულია არასწორი ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ რეზიდენტობის ცნობები არ არის საერთოდ წარდგენილი მაშინ როდესაც ეს ცნობები, როგორც წინა პერიოდის ასევე, 2022 წელს წარდგენილია. ასევე არასწორია, რომ არ არის წარდგენილი ინვოისები, რომელიც წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს მ/ჩ-სთან ერთად. რითაც დასტურდება შემოწმების პერიოდამდე და მის შემდეგ პირის ---------- რეზიდენტობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიასა და ამ პიროვნებას შორის არსებობს კომუნიკაციის პრობლემა და შეუძლებელია მათი მხრიდან დღეისათვის რამე ცნობის წარდგენა, შექმნილი ვითარებიდან (და იქიდან გამომდინარე რა ცნობებიც იყო წარდგენილი შემოსავლების სამსახურისთვის) ფიქრობს, რომ თავად შემოსავალების სამსახურსაც შეუძლია ორმაგი დაბეგვრის თავიდანა აცილების საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ქვეყნებს შორის არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებიდან გამომდინარე, ---------- საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს ამ პირის რეზიდენტობის შესახებ ინფორმაცია.

ბ) იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება, საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით განთავისუფლებულია და დღგ-ით არ უნდა დაბეგრილიყო არარეზიდენტისაგან მიღებული მომსახურებაც, რომელიც კომპანიის მიერ არასწორად დაიბეგრა და არ შემცირებულა შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მხრიდან.

როგორც აღინიშნა, 2019 წლის დეკემბრის თვეში ინჟინერი არარეზიდენტის დღგ გადახდილი და დარიცხულია 6 559,92 ლარი. რადგან ის მომსახურება, რომელიც გაიწევა დამკვეთზე, გათავისუფლებულია დღგ-სგან, შესაბამისად ამ მუხლის მიხედვით ის მომსახურებაც განთავისუფლებულია, რაც მიღებულია აღნიშნული არარეზიდენტებისგან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ უნდა შემცირდეს რაც არ მოხდა. აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად ზედმეტად და არასწორად დეკლარირებული უკუდაბეგვრის დღგ 6 559,92 ლარი არ შემცირებულა.

ითხოვს გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხებისაგან სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის არ შემცირების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით ამ ნაწილში სადავო დავის საგანზე - არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საბჭოს ნამსჯელი და გადაწყვეტილება მიღებული აქვს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით (საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა).

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის (შპს „----------“) მიმართ იმავე დავის საგანზე (არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო) მიერ მიღებული, 26.10.2023 წლის №20186/2/2023, გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ბ) რაც შეეხება, ამ ნაწილში სადავო მეორე საკითხს, კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის არ შემცირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურში 7.12.2023 წელს წარდგენილი №77105/1/2022 საჩივრით გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდია. იგი სადავოდ გახადა და მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 5.07.2023 წელს წარდგენილ საჩივარში. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და დადგენილ გარემოებაზე მითითებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ დეკლარირებული უკუდაბეგვრის დღგ წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას და აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან საბჭომ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლი იყო არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო, 29.12.2023 წლის №33929 ბრძანებით, საჩივრის ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძვლით განუხილველად დატოვება არამართებულია, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და შემოსავლების სამსახურს დაევალოს საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 22 947 ლარის ოდენობით, მათ შორის მოგების გადასახადში 2 767 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 20 180 ლარის ოდენობით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 4 921 ლარი.

ამასთან, მომჩივანი გამოყოფს შემდეგ საკითხში სანქციისგან გათავისუფლებას:

კომპანიას საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებით დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი განსხვავდება გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებისგან. კერძოდ 2021 წლის სექტემბრის შემდგომ პირი წარადგენს ნულოვან დეკლარაციებს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნულ პერიოდში თანამშრომლებისთვის გადახდილია ხელფასები. გარდა ამისა, მცირედი სხვაობებია გამოვლენილი 2020 წლის იანვრის, დეკემბრის, 2021 წლის იანვრის, აგვისტოს და სექტემბრის დეკლარირებულ მონაცემებთან მიმართებაში. შემოწმების მონაცემებით 90 475 ლარით გაიზარდა გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები. შედეგად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ხელფასის სახით განაცემმა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 31 მარტის ჩათვლით ჯამში შეადგინა 98 162,5 ლარი, მათ შორის:

• 2021 წლის ოქტომბერი 19 250 ლარი;

• 2021 წლის ნოემბერი 60 925 ლარი;

• 2021 წლის დეკემბერი 14 737,5 ლარი;

• 2022 წლის იანვარი 250 ლარი;

• 2022 წლის თებერვალი 750 ლარი;

• 2022 წლის მარტი 2 250 ლარი.

აღნიშნულ პერიოდზე დასადეკლარირებელმა თანხებმა ჯამში შეადგინა 90 475 ლარი, მათ შორის: გადასახდელი საშემოსავლო გადასახადია 18 095 ლარი, ჯარიმა 9 047 ლარი.

ბიუჯეტში კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი დადგენილ ვადებში სრულად იქნა გადახდილი, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და მას არ ჰქონდა მიზნად დასახული არ გადაეხადა და არ დაედეკლარირებინა კუთვნილი გადასახადები. წარსულში კომპანიის საქმიანობის მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა მისი დაჯარიმება, არ მიუღია შენიშვნა/გაფრთხილება ან რაიმე სახით არ ფიქსირდება კომპანიის მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდების თუნდაც ერთი ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია კომპანიის საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე მის მიერ გადახდილი გადასახადების საერთო ოდენობა. 2019-2022 წლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენდა 2 252 000 ლარს, ბიუჯეტში გადახდილია 400 700 ლარზე მეტი, ასევე არსებობს სხვა უამრავი მტკიცებულება რაც მიანიშნებს იმას რომ კომპანია ნამდვილად კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს.

საშემოსავლო დეკლარაციების წარუდგენლობის ნაწილში სამართალდარღვევა გამოწვეულია იმით რომ კომპანიის ბუღალტერმა სწორედ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაიკეთა საკმაოდ სერიოზული ოპერაცია, რის გამოც გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი და რა დროსაც იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა მის მიერ ვერ მოხდა შესაბამისი თვეების დეკლარაციების ჩაბარება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად კომპანია სრულფასოვნად ასრულებდა მის საგადასახადო ვალდებულებებს და დეკლარაციის არ ჩაბარების მიუხედავად ბიუჯეტში სრულად იხდიდა კუთვნილ თანხებს. აღნიშნული პერიოდის დაემთხვა კოვიდ 19-ის პანდემიას, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი რეაბილიტაცია, რის გამოც ვერ მოხდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ჩაბარება. მზად არის წარმოადგინოს ბუღალტრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და მისი მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ მას არ შეეძლო საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა. ამასთან, აღსანიშნია რომ ამ პერიოდის გადასახადი სრულად არის გადახდილი ბიუჯეტში და რამდენიმე თვის დეკლარაციის არ ჩაბარების მიუხედავად სრულად არის შესრულებული კომპანიის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა განზრახული გადასახადების გადახდისგან თავის არიდება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ემუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისა და საურავის თანხებისაგან სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით ამ ნაწილში სადავო დავის საგანზე საბჭოს ნამსჯელი და გადაწყვეტილება მიღებული აქვს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით (საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა).

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის (შპს „----------“) მიმართ იმავე დავის საგანზე (დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება) იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო) მიერ მიღებული, 26.10.2023 წლის №20186/2/2023, გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძვლით განუხილველად დატოვების ნაწილში;

3. დაევალოს შემოსავლების სამსახურს, მე-2 დავის საგნის მე-2 (უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის) ნაწილში, საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება;

4. საჩივარი მე-2 დავის საგნის პირველ ნაწილში და მე-3 დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

5. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვა;

2. ა) არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხების შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და ბ)კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის არ შემცირება (ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება);

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური არგუმენტების გათვალისწინებით საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლი იყო არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანებით კი აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2. საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან საბჭომ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლი იყო არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მეორე ნაწილში, შემოსავლების სამსახურის სადავო, 29.12.2023 წლის №33929 ბრძანებით, საჩივრის ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძვლით განუხილველად დატოვება არამართებულია, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და შემოსავლების სამსახურს დაევალოს საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 134; 154(1„ა“); 275.