ბრძანება N 18928

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2020
№ დოკუმენტი 18928
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 18928

10/07/2020

ფ/პ ----- ს

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა ფ/პ ----- ს 2020 წლის 2 მაისის №50803/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 17 მარტის №021-44 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და სადავოდ წარმოდგენილი აქვს შემდეგი საკითხი:

მომჩივნის განმარტებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას არ აქვს მოკლებული 100 000 ლარიანი ზღვარი. ითხოვს მთლიან დასაბეგრ ბრუნვას მოაკლდეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარი და დარჩენილი თანხა დაექვემდებაროს დღგ-ით დაბეგვრას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 თებერვლის №4554 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ----- ს წარმომადგენლის ----- ს ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 9 თებერვლის № 3083 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 11 მარტს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 16 მარტს გამოსცა №7969 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2020 წლის 17 მარტის №021-44 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 321 181 ლარი, მათ შორის გადასახადი 151 266 ლარი, ჯარიმა 95 536 ლარი, საურავი 74 379 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ფ/პ ----- ს ობიექტებში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 9 თებერვლის №3083 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2017 წლის 10 აპრილს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №168323. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს დანაკლისი არ აქვს დაბეგრილი 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე და მე-100 მუხლების საფუძველზე გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 286-ე მუხლების გათვალისწინებით, ფ/პ ----- ს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 18 აპრილი და ჩაითვალა, რომ საერთო თანხის დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა გადააჭარბა 100 000 ლარს, ამდენად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული სადავო საკითხი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ----- ს საჩივარისადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს ბრუნვა დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებაროს 100 000 ლარიანი ზღვარის გამოკლებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელის ობიექტებში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. დადგინდა, რომ გადამხდელს დანაკლისი არ აქვს დაბეგრილი 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. სსკ-ს 79-ე და მე-100 მუხლების საფუძველზე გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სსკ-ს 157-ე და 286-ე მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 18 აპრილი და ჩაითვალა, რომ საერთო თანხის დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა გადააჭარბა 100 000 ლარს, ამდენად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული სადავო საკითხი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 286

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 157(1); 161(1,,ა“)