გადაწყვეტილება № 18532/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18532/2/2022
2.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: :აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 26.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18532/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17316 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.09.2022 წლის №005-133 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30019 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 564 555,4 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 272 681
დღგ - 138 206
საშემოსავლო გადასახადი - 134 475
ჯარიმა - 105 628
საურავი - 186 246,4
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.11.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.12.2021 წლის №005-308 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას და დღგ-ის სავალდებულო რეგისტაციას, ასევე დასაბეგრი ნამეტი შემოსავლის განსაზღვრას და ითხოვდა სანქციებისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17316 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17316 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე 24.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 5.09.2022 წლის №005-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30019 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 79- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს 15 დღის ვადაში წარუდგინა შპს „----------“ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დამტკიცებული იქნა შენობა-ნაგებობის ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მონაცემების სისწორე და რომლის თანახმადაც შენობა-ნაგებობის თვითღირებულებამ შეადგინა 674 500 ლარი. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან გადამხდელს არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, გადამხდელის მიერ მოთხოვნილ იქნა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრა განხორციელებულიყო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვითღირებულების მიხედვით. აღნიშნული მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადამხდელს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა საგადასახადო ორგანოსთვის, რაც გადამხდელის მიერ შესრულებული იქნა დადგენილ ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17316 ბრძანების აღსრულების შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 25.08.2022 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ფ/პ------------- მიერ წარდგენილია შპს „-------- ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში, რომლის თანახმად, ქ. -------------- (ს.კ. ------------) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ღირებულებით 674 500 ლარი მისაღებია და იგი შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ დღეის მდგომარეობით არსებული ნორმების და სტანდარტების მოთხოვნებს. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინსპექტირების ანგარიში არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის შესწავლით შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ მომხდარა.“
შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30019 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს 15 დღის ვადაში წარუდგინა შპს „-------------“ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დამტკიცებული იქნა შენობა-ნაგებობის ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მონაცემების სისწორე და რომლის თანახმადაც შენობა-ნაგებობის თვითღირებულებამ შეადგინა 674 500 ლარი. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინება არ მომხდარა.
დავის წარმოების ეტაპზე მომჩივანმა წარმოადგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. მათ შორის: სსიპ „--------- “ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა, რაც ადასტურებს, რომ შპს „----------“ არის A - ტიპის ინსპექტირების ორგანო. ამასთან, წარმოდგენილია შპს „---------“ მიერ ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი. მაგალითად, „-----------------თვითმფრინავების სადგომი ბაქნის ხელოვნური საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება ფორმა №2-ის მიხედვით და ა.შ.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სსიპ „-------------- “ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა და ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 №30019 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სსიპ „------------- “ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა და ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას და დღგ-ის სავალდებულო რეგისტაციას, ასევე დასაბეგრი ნამეტი შემოსავლის განსაზღვრას და ითხოვდა სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17316 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე 24.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 5.09.2022 წლის №005-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30019 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს.