ბრძანება N 18476
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18476
15 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2025 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) 2025 წლის 26 ივლისის №97114/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №006-197 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ ფასნამატი გაავრცელა იმპორტის დროს აფასებულ ღირებულებაზე, აგრეთვე, კომპანიის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ნაცვლად გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი. მიუთითებს, რომ გადამხდელისთვის უცნობია რამდენად იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის მონაცემებია აღებული, რა ხარისხის საქონელს ყიდის ის კომპანია და სხვა. აგრეთვე, განმარტავს, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, როდესაც იდენტური საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე გავრცელდა ბევრად ნაკლები აუდირებული ფასნამატები. მომჩივანი აცხადებს, რომ არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა გამოიწვია ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, რაც „-------“ და ნაცვლად 20%-სა დაიბეგრა 25%-ით.
2. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირებზე გადარიცხული თანხების (ავანსების) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ყველა გადარიცხულ თანხაზე მიღებული აქვს საქონელი და ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9716 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ივნისის №14025 ბრძანება და ამავე თარიღის №006-197 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 288 474 ლარი, მათ შორის გადასახადი 174 895 ლარი, ჯარიმა 87 447 ლარი და საურავი 26 132 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა წვრილი ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმო რეგისტრირებულია 2022 წლის პირველ აპრილს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 25 ივლისს. საწარმომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაიუქმა წერილობითი განაცხადის საფუძველზე 2025 წლის 3 მაისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადამხდელს უფიქსირდებოდა ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც გაუქმებულია 2024 წლის 2 აპრილს. საწარმოს 2022 წლის ივლისის თვიდან 2023 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები უფიქსირდებოდა 873 725 ლარის ოდენობით, აღნიშნული პერიოდის შემდგომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის N10776 საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. გადამხდელის მიერ არასრულად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერების მხოლოდ ნაწილი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 24 ივნისის N------- წერილის საფუძველზე, 2025 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-------და შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. ასევე, შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა კომპანიის საბანკო ამონაწერები სასამართლოს შუამდგომლობით. ვინაიდან, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნდა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციები დეკლარირებული რეალიზაციის მხოლოდ 0.34%-ს შეადგენდა, შედეგად, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატები (საშუალოდ 36.5%). საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. კომპანიას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა საქონელი არ იყო მიღებული სრულად 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში. (აქედან -------თან მხოლოდ თანხის გადარიცხვაა განხორციელებული, მაგრამ საქონელი არ არის მიღებული). ავანსად გადარიცხული თანხების ჯამი შეადგენდა - 452 821 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №11) მეთოდური მითითების შესაბამისად, ავანსად გადარიცხული თანხა (452 821/0,8=566026 ლარი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 7 აგვისტოს, 12:45 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა წვრილი ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაიუქმა წერილობითი განაცხადის საფუძველზე 2025 წლის 3 მაისს, ხოლო კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატი გაუქმებულია 2024 წლის 2 აპრილს. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნდა, ასევე, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციები დეკლარირებული რეალიზაციის მხოლოდ 0.34%-ს შეადგენდა. ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატები (საშუალოდ 36.5%). საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატები გავრცელებულია საქონლის საინვოისო ღირებულებებზე და არა იმპორტის დროს აფასებულ ღირებულებებზე. აგრეთვე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულმა შემოსავლებმა მონაწილეობა მიიღო სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში, თუმცა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების/გადახდების გათვალისწინებით ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა და შესაბამისად, მისი დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა საქონელი არ იყო მიღებული სრულად. ჯამში ავანსად გადარიცხული იყო 452 821 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №11) მეთოდური მითითების შესაბამისად, ავანსად გადარიცხული თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირებზე გადარიცხული თანხების (ავანსების) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა წვრილი ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაიუქმა წერილობითი განაცხადის საფუძველზე 2025 წლის 3 მაისს, ხოლო კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატი გაუქმებულია 2024 წლის 2 აპრილს. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნდა, ასევე, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციები დეკლარირებული რეალიზაციის მხოლოდ 0.34%-ს შეადგენდა. ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატები (საშუალოდ 36.5%). საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე
გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა საქონელი არ იყო მიღებული სრულად 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში.
ავანსად გადარიცხული თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);101(1);154(1)