ბრძანება N 24131

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.09.2023
№ დოკუმენტი 24131
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24131

29 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ს (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 1 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა შპს „------“-ს (ს/ნ -----) №83370/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11111/67 (№001-67) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „-----“-ს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

საბაჟო დეპარტამენტის შეფასებით შპს „------“-მა ვერ გამორიცხა საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა. გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, რადგან არ მომხდარა „დათვალიერების აქტი № 57143/21-11“-ის მათთვის ჩაბარება და რაც მთავარია, სამართლდარღვევის ოქმში არ არის მითითებული არც საქონლის ის სახეობა და რაოდენობა, რომლის განკარგვასაც საბაჟო ორგანო შპს „------“-ს ედავება. ასევე არ არის მითითებული საბაჟო საწყობის ნომერი და არ ხდება მისი იდენტიფიცირება.

ამასთან საქონლის დასაწყობებას, როგორც ეს საბაჟო დეკლარაციიდან დგინდება, მოხდა 2021 წლის 22 დეკემბერს, რა პერიოდშიც საბაჟო საწყობში შესული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საბაჟო საწყობი იყო დალუქული. შესაბამისად, ეფექტურ კონტროლს საწყობის ოპერაციებზე ახორციელებდა სახელმწიფო ორგანოები.

გარდა ამისა, როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადაცემია. კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა.

საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საქონლის ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „-----“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დაურღვევია. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკით, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი დრო, ადგილი, ვითარება“.

აღნიშულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შპს „------“-ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმების და საგადასახდო მოთხოვნის წარდგენა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ კანონისმიერ მიზანს, არამედ წარმოადგენს არარსებული სამართალდარღვევის ფაქტის გამო კომპანიის მიმართ სადამსჯელო და რეპრესიული ღონისძიების გამოყენების კიდევ ერთ აშკარა ფაქტს.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე და მისი მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია აღნიშნული კანონისმიერი პირობა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „------“-ის (ს/ნ ----) კუთვნილ საბაჟო საწყობში (-------) განთავსებული, შპს „------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი 436 746,07 ლარისა და 120 652,40 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (3 102,40 კგ და 1 408,50 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი) 2021 წლის 10 ნოემბერს №----- და №----- საბაჟო დეკლარაციებით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში. აღნიშნული საქონლის ნაწილი 2021 წლის 22 დეკემბერს შპს „------ს“ (ს/ნ ------) მიერ გასხვისებული იქნა შპს „------ზე“ (ს/ნ -----), რომლის მიერ 2021 წლის 22 დეკემბერს საქონელი №----- საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში.

2022 წლის 31 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა №4857/15-0402 წერილით მომართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.

2022 წლის 5 აპრილს გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ს“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №57143/21-11 05.04.2022), რის შედეგადაც გამოვლინა, რომ №----- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------“-ს (ს/ნ -----) შპს „------თან“ (ს/ნ -------) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218887) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 4 444.98 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, 2023 წლის 3 აგვისტოს გამოიცა №EL11111/67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“-ს (ს/ნ -----) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 5 754,03 ლარი (მათ შორის დღგ – 3939.26 ლარი, იმპორტის გადასახადი – 505.72 ლარი, ასევე საურავი 1 309.05 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად სოლიდარულად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ვინაიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, ხოლო დადგინილია, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა, იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვა განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან.

მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საგულისხმოა ასევე, რომ შპს „-----“-ის დირექტორი ----- და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (------; ------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №1/3659-32; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „------“ (ს/ნ -----).

მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს „------“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2021 წლის 16 დეკემბერს №------ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო №----- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.

რაც შეეხება მომჩივნის მოსაზრებას დადასტურების აქტის შედგენასთან, მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახის და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტის დროის, ადგილისა და ვითარების დადგენასთან და საჩივარში მითითებულ ყველა სხვა მოსაზრებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქმეში არსებულ მასალაზე, მათ შორის შპს „-----“-ის საბაჟო საწყობებისთვის (№----- და №-----) სანებართვო პირობეის შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების ატებსა (№01- WHS-2023 18.05.2023 და №02-WHS-2023 18.05.2023) და შპს „-----“-ის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული, საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის დათვალიერების განხორციელების შედეგებზე, რაც საბაჟო ორგანოს მიერ დაფიქსირდა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში“ და დანართებში. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას დეკლარირებული საქონლის რაოდენობის, ცდომილების, არსებული საქონლის რაოდენობის, დეკლარირებული საქონლის ნეტო წონის, არსებული საქონლის ნეტო წონის შესახებ და ასევე საქონლის დეკლარაციის C ნომერს (რეგისტრაციის ნომერი). შესაბამისად, „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის“ დანართები მოიცავს იმ საქონლის მონაცემებს, რაც საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული დათვალიერებისას არ აღმოჩნდა შპს „------“-ის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №EL218886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და №EL11111/67 (№001-67) საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში განთავსებული, შპს-ს კუთვნილი საქონელი 2021 წლის 10 ნოემბერს მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში. აღნიშნული საქონლის ნაწილი 2021 წლის 22 დეკემბერს შპს-ს მიერ გასხვისებული იქნა სხვა კომპანიაზე, რომლის მიერ 2021 წლის 22 დეკემბერს საქონელი მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში.

2022 წლის 31 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მომართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.

2022 წლის 5 აპრილს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №57143/21-11 05.04.2022), რის შედეგადაც გამოვლინა, რომ შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს კომპანიასთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 4 444.98 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, 2023 წლის 3 აგვისტოს გამოიცა №EL11111/67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 5 754,03 ლარი (მათ შორის დღგ – 3939.26 ლარი, იმპორტის გადასახადი – 505.72 ლარი, ასევე საურავი 1 309.05 ლარი).

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2"დ"), 272.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6, 70, 127(1"ა")(3), 163(1), 172, 49(1"ა")(2).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N 455 დადგენილება.