გადაწყვეტილება №18471/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18471/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18471/2/2022

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ ----------; პ/ნ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 19.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18471/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC06121 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC06120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25815 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 892,84 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 1 000

ჯარიმა - 1 892,84

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 25.12.2020 წელს, მომჩივანმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ --------------) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (№-----/------) დაადეკლარირა რეექსპორტში. დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 7.02.2021 წელი. აღნიშნულ ვადაში არ ფიქსირდებოდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, რაზეც მომჩივანს 29.04.2021 წლის №ELC06121 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე თარიღის №ELC06120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

18.08.2021 წელს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -------------) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№-----/------) მოექცა დროებითი შემოტანის პროცედურაში 4.08.2024 წლამდე ვადით.

სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.10.2022 წლის №25815 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები; ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 29.04.2021 წლის №ELC06120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25815 წლის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს 29.04.2021 წლის №ELC06120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება უწევდა პანდემიის პერიოდში, ოჯახიდან გამომდინარე ვერ დატოვა საქართველო. თუმცა სატრანსპორტო საშუალება კარგ მდგომარებაშია და დროებით არის რეგისტრირებული საქართველოში. ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. ამდენად, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამავე კოდექსის 138-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია, დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება უწევდა პანდემიის პერიოდში, ვერ დატოვა საქართველო. თუმცა სატრანსპორტო საშუალება კარგ მდგომარებაშია და დროებით არის რეგისტრირებული საქართველოში. ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას. საბაჟო დეპარტამენტის 13.01.2023 წლის №1665-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 18.08.2021 წელს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----------) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№-----/------) მოექცა დროებითი შემოტანის პროცედურაში 2024 წლის 4 აგვისტომდე ვადით.

ვინაიდან 18.08.2021 წელს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----------------------) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№-----/------) მოექცა დროებითი შემოტანის პროცედურაში 2024 წლის 4 აგვისტომდე ვადით და სახეზე არ არის სატრანსპორტო საშუალების განკარგვის ფაქტი, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC06120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაუქმდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25815 ბრძანება;

3. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC06120 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.