ბრძანება N 10945

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10945
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10945

17.05.2023

შპს ,,---ის” (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2022 წლის 28 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს ,,---ის” (ს/ნ ---) №76822/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ნოემბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აწარმოებდა სამუშაოებს ტენდერების ფარგლებში. მიმდინარე ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 8 652 911,43 ლარს. განმარტავს, რომ ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სამუშაოები. აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, საწარმოს აქვს ხარჯი, რომელიც სრულიად გამჭირვალეა და დასაბუთებული. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს საკითხის წარმომადგენლებთან ერთად განხილვას.

2. არ ეთანხმება დირექტორის მიერ საწარმოს საბანკო ანაგარიშიდან გატანილი თანხის, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ნაწილის უპროცენტო სესხად განხილვის და ნაწილის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აწარმოებდა სამუშაოებს ტენდერების ფარგლებში. მიმდინარე ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 8 652 911,43 ლარს. განმარტავს, რომ ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სამუშაოები. აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, საწარმოს აქვს ხარჯი, რომელიც სრულიად გამჭირვალეა და დასაბუთებული.

3. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ დღგ-ის დეკლარირება სრულად არის განხორციელებული.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 21 აგვისტოს №29229, 2020 წლის 12 თებერვლის №3400, 22 ივლისის №20471 და 2021 წლის 28 ივლისის №24958 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---ის” (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 და 2020 წლის შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 3 ნოემბრის №27734 ბრძანება და ამავე თარიღის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 188 475 ლარი, მათ შორის: გადასახადი 625 530 ლარი, ჯარიმა 320 183 ლარი, საურავი 242 762 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

1.საწარმოს საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხულია ჯამურად 490 075 ლარი. გადამხდელის მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2.შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან გატანილია 2 843 982 ლარის ოდენობით თანხა, ხოლო საწარმოს საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებულია 543 351 ლარის ოდენობით თანხა. თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი. საწარმოზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ანალიზით დგინდება, რომ კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 1 012 431 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, დირექტორის მიერ მიღებული თანხის ნაწილი 1 012 431 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად, ხოლო 1 091 099 ლარი დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 , 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. ასევე, პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3.შპს ,,---’’-სა (ს/ნ ---) და შპს ,,---ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,---მა’’ განახორციელა --- ის აღდგენა-გამაგრების სამუშაო. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხების ჯამი შეადგენს 196 638 ლარს. თავის მხრივ შპს ,,---’’-ის მიერ დამკვეთისთვის (ქ. --ს მუნიციპალიტეტის მერია) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხების ჯამი შეადგენს 239 136 ლარს. შპს ,,---ს’’ შპს ,,---’’-სგან საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ჯამურად 239 737.17 ლარი. გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 196 638 ლარის ღირებულების მომსახურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილებით 2023 წლის 13 და 27 აპრილს, თუმცა გადასახადის გადამხდელი საჩივრების ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა. ამასთან, 27 აპრილს ჩანიშნულ განხილვასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახამად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხულია ჯამურად 490 075 ლარი, თუმცა გადამხდელის მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი. ამასთან, აუდიტის დეპრტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ და არ წარმოადგინეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირებისგან, რომლებზეც საწარმოს მიერ განხორციელდა თანხის გადარიცხვა, გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული პირების ნაწილს არ ჩაბარდა შეტყობინება, ხოლო ნაწილმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი მონაცემები. რაც შეეხება შპს ,,---’’-ს, აღნიშნული პირის მიმართ განხორციელდა საგადასახადო შემოწმება, რომლის წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა და არ წარმოადგინა შემოწმებისთვის საინტერესო დოკუმენტაცია.

საგულისხმოა, რომ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №--- საქმის ერთ-ერთი სუბიექტი შპს ,,---თან’’ ერთად არის შპს ,,---’’. რაც შეეხება საჩივარზე თანდართული ტენდერების სიას, რომლებშიც შპს ,,---’’ წარმოადგენს გამარჯვებულ კომპანიას, გადარიცხულ თანხებთან კავშირი არ აქვს, რადგან NAT--- ტენდერის შედეგის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 6 მარტს, NAT--- ტენდერის შედეგის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 24 ივნისს, NAT---ტენდერის შედეგის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 9 დეკემბერს, დანარჩენი ტენდერების შედეგის მიხედვით ხელშეკრულებები გაფორმებულია 2021 წელს, ხოლო ზემოთაღნიშნული პირებისთვის თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2018 წლის ნოემბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, NAT---- და NAT---ტენდერების შედეგის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,---ს’’ ქვეკონტრაქტორი შპს „---“ (ს/ნ ---).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან გატანილია 2 843 982 ლარის ოდენობით თანხა, ხოლო საწარმოს საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებულია 543 351 ლარის ოდენობით თანხა. თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი. საწარმოზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ანალიზით დგინდება, რომ კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 1 012 431 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, დირექტორის მიერ მიღებული თანხის ნაწილი 1 012 431 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად, ხოლო 1 091 099 ლარი დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ და არ წარმოადგინეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შპს ,,---ის’’ წარმომადგენლებთან 2020 წლის 25 ივნისს გაგზავნილ იქნა ელექტრონული წერილი ცხრილთან ერთად, სადაც ასახული იყო საგადასახადო დოკუმენტების/საბანკო ანგარიშის ამონაწერის საფუძველზე მომზადებული მონაცემები და მოთხოვნილ იქნა დებიტორ-კრედიტორებთან გაფორმებული შედარების აქტების, ბანკიდან გატანილი თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების, განმარტების და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა, გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა.

ასევე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე სამუშაოების უშუალო შემსრულებელი შპს ,,---’’ არ ყოფილა, ხოლო შპს ,,---თვის’’ მიწოდებულ სამუშაოებზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები გათვალისწინებულია შემოწმების დროს.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შპს ,,---’’-სა და შპს ,,---ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,---მა’’ განახორციელა კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაო. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანხების ჯამი შეადგენს 196 638 ლარს. თავის მხრივ შპს ,,---’’-ის მიერ დამკვეთისთვის (ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერია) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანხების ჯამი შეადგენს 239 136 ლარს. შპს ,,---ს’’ შპს ,,---’’-სგან საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ჯამურად 239 737.17 ლარი. გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 196 638 ლარის ღირებულების მომსახურება. საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ,,---ის’’ წარმომადგენლებთან 2020 წლის 25 ივნისს გაგზავნილ იქნა ელექტრონული წერილი ცხრილთან ერთად, სადაც ასახული იყო ,,----’’-ის მიერ გადმორიცხული თანხა და მოთხოვნილ იქნა განმარტების და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,---’’-ის საგადასახადო შემოწმება, რომლის წარმომადგენლებმა არ ითანამშრომლეს, შესაბამისად ვერ განხორციელდა სათანადო მტკიცებულებების მოპოვება.

საგულისხმოა, რომ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი სუბიექტი შპს ,,---თან’’ ერთად არის შპს ,,---’’ (ს/ნ ---).

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,---ს” (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. არ ეთანხმება დირექტორის მიერ საწარმოს საბანკო ანაგარიშიდან გატანილი თანხის, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ნაწილის უპროცენტო სესხად განხილვის და ნაწილის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ დღგ-ის დეკლარირება სრულად არის განხორციელებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხულია ჯამურად 490 075 ლარი. გადამხდელის მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი.

2.დირექტორის მიერ მიღებული თანხის ნაწილი 1 012 431 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად, ხოლო 1 091 099 ლარი დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 , 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

3.შპს ,,---’’-სა (ს/ნ ---) და შპს ,,---ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზ, გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილია არასრული - 196 638 ლარის ღირებულების მომსახურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304; 97; 982 ; 73 (9;4); 70; 101; 154; 2021 წლამდე მოქმედი 160; 161; 171