ბრძანება N 4118

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2023
№ დოკუმენტი 4118
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4118

06.03.2023

ფ/პ ------ს (პ/ნ------)

(მის.: ქ. -------)

2023 წლის 8 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა -----ის (პ/ნ------) №23171/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის №ELC02388, №ELC02389 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/1184 (№021-1184) საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2019 წელს რუსეთიდან შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკან უნდა დაბრუნებულიყო. პანდემიის გამო ვერ მოხერხდა ქვეყნიდან გაყვანა ან დეკლარირება. ასევე მოუთითებს, რომ ავტომობილი არის მის კუთვნილებაში არ გაუყიდია და არც გაუსხვისებია, რის დასტურადაც წარმოადგინა ფოტომასალა. საჭიროების შემთხვევაში გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეუძლია სატრანსპორტო საშუალება გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში და გადაიხადოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული იმპორტის გადასახდელი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული სანქციების საპატიოდ ჩათვლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ 2019 წლის 5 აპრილს №------ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება საიდენტიფიკაციო ნომრით -------- (სატრანზიტო ნომრით -------), რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2019 წლის 19 მაისი.

ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არ ფიქსირდებოდა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, 2021 წლის 26 აპრილს, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №ELC02389 და №ELC02388

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ფიზიკურ პირ -----ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. იმავე დღეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად გამოცემულ იქნა №EL7777/1184 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც -----ს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი – სულ 8523.14 ლარი. სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, რომელთაც გაეცნო 2023 წლის 6 თებერვალს. მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალება არის დაშლილ და გაძარცვულ მდგომარეობაში (არ გააჩნია საბურავები, საბარგული, სავალი ნაწილები, ძრავი და მთელი რიგი ავტონაწილები).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად „რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, მომჩივანზე სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და დარიცხული საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, რომ ქმედება ჩაეთვალოს საპატიოდ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.

მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია. საჩივარზე წარმოდგენილი ფოტომასალითაც კი დასტურდება ავტომობილის უკანონოდ განკარგვის ფაქტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ -------ის (პ/ნ-------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული სანქციების საპატიოდ ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოება

მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 73; 165; 172.