გარაწყვეტილება №80253/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 80253/1/2023
01 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 11.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №80253/1/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №077-3 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 444 376 ლარი.
მათ შორის:
ბუნებრ. რესურს. სარგებ. მოსაკრებელი - 1 373
გადასახადი - 112 199
მოგების გადასახადი - 54 831
დღგ - 55 941
საშემოსავლო გადასახადი - 230
სოციალური გადასახადი - გადასახადი - 1197
ჯარიმა - 52 549
საურავი - 278 255
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება.
---------- და ---------- საოლქო პროკურატურის წარმოებაში არსებული №---------- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, 2011 წლის 1 თებერვლის №---------- მიმართვისა და საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 9 თებერვლის №45 დავალების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტმა გამოძიების მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით რევიზიის ფარგლებში ჩაატარა მომჩივნის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმება.
შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2005 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტი. საიდანაც ირკვევა, რომ:
1.კომპანია საგადასახადო კოდექსის 73-ე და 136-ე მუხლების თანახმად არ ახდენდა ქვიშა-ხრეშის საბადოზე მოპოვებული ბალასტის და მისგან წარმოებული პროდუქციის (ქვიშა, ღორღი) სრულად აღრიცხვას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის დასადგენად გამოყენებული იქნა შემოწმების ხელთ არსებული მასალები. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ---------- სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის 2011 წლის 7 ივლისის N----------- დასკვნა, რომელშიც მოცემული იყო შპს „-----------“-ის მიერ „------------“ მარკის სამსხვრევ დამხარისხებელი დანადგარის მეშვეობით, საბადოებზე მოპოვებული ერთი მ 3 ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის პროცენტული შემადგენლობა, რაც შეადგენს:
1. გარეცხილი ბუნებრივი ქვიშა ფრაქცია (0-5მმ) – 16,46%;
2. გარეცხილი დაფქული ქვიშა ფრაქცია (0-5მმ) – 16,10%; სულ ქვიშა -32,56%.
3. გარეცხილი ღორღი (სხვადასხვა ფრაქციის ჯამი) – 67,44%.
აღნიშნული მონაცემებისა და ფაქტიური გადამუშავების საფუძველზე თვეების მიხედვით დადგინდა გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა, რაც გამოყენებული იქნა დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას.
ინერტული მასალების მოპოვებიდან ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილი გამოსავლიანობის პროცენტული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდებში გამოვლინდა დამატებითი დასაბეგრი შემოსავლები.
საზოგადოებისათვის ზემოთ მითითებული გაანგარიშებით ღორღის რეალიზაციად ჩათვლამ განაპირობა, როგორც მოგების გადასახადის და დღგ-ის, ისე ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელში დამატებითი თანხების დარიცხვა. გადამხდელს ამავე გადასახადებში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის (2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლი) საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა.
2. 2007 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 105 620 ლარით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს ოქტომბრის თვეში დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რის გამოც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის (2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლი) დაეკისრა ჯარიმა გადასახდელი დღგ-ის 15%. გარდა ამისა, ამავე პერიოდზე გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 275-ე (132-ე) და 274-ე (131-ე) მუხლების თანახმად, დეკლარაციაში გადასახდელი გადასახადის თანხის შემცირებისა და დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაეკისრა ჯარიმის თანხები.
3. გარდა ამისა, 2005-2010 წლების საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითული ხარჯი შემცირდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობის გამო.
დოკუმენტური რევიზიის აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2011 წლის 28 დეკემბრის №2380 ბრძანება და №7 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გადასახადის გადამხდელმა 2012 წლის 16 იანვარს გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 8 მაისს მომჩივანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მითხოვა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 28 დეკემბრის №2380 ბრძანების და №7 საგადასახადო მოთხოვნის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 7.08.2012 წლის განჩინებით (საქმე №3/2263-12/) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შპს „------------“-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რის გამოც წარდგენილი სარჩელი განუხილველი დარჩა.
შპს „--------------“-სა (ს/ნ ----------) და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2012 წლის 7 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. შეთანხმების მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 28 დეკემბრის №7 „საგადასახადო მოთხოვნით“ დამატებით დარიცხული თანხა (გადასახადის თანხა, ჯარიმა და ამ გადასახადის თანხაზე დარიცხული შესაბამისი საურავი), საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განესაზღვრა 200 000 ლარით.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2012 წლის №27513 ბრძანებით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალა აღნიშნული საგადასახადო შეთანხმება, ხოლო შემოსავლების სამსახურის 6.12.2012 წლის №27515 ბრძანებით, საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%-ის ოდენობით, სულ 20 000 ლარი.
მომჩივანმა 2.10.2012 წელს, 19.11.2012 წელს და 3.01.2013 წელს ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის გამო საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
მან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია დამოუკიდებელი ექსპერტიზის „------------ და ------------ “ 2012 წლის 17 დეკემბრის №------------ საინჟინროტექნიკური ექსპერტის დასკვნა.
დავების განხილვის საბჭოს 16.04.2013 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში, იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის გამო სსკ-ის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო ახალი გარემოებების გამო დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გარდა ამისა, მომჩივანმა 2.07.2013 წელს ახლად გამოვლენილ გარემოებების არსებობის გამო საჩივრით კვლავ მიმართა დავების განხილვის საბჭოს.
მან ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ქსპერტიზის №------------ დასკვნა.
დავების განხილვის საბჭოს 28.03.2014 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნა ჩათვალა ახლად გამოვლენილ გარემოებად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.03.2014 წლის გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელემ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე, უფრო მეტიც, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიჩნია, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას, რომ შეფასება მისცა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 2014 წლის 18 მარტის N------------ წერილს და დაასკვნა, რომ ექსპერტიზას გააჩნია თავისი მეთოდები და ტექნოლოგიები და ამასთანავე, ექსპერტიზის ჩატარების დროს ნედლეულის გადამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული ზომის ------------ მქონე დანადგარებისაგან ისე, რომ არ გამოუკვლევია სახეზე იყო თუ არა მითითებული გარემოებები - ჩატარებული ექსპერტიზები ჩატარებული იყო თუ არა და ექსპერტიზის ჩატარების დროს ნედლეულის გადამუშავება განხორციელებული იყო თუ არა განსხვავებული ზომის ცხაურ-ბადეების მქონე დანადგარებისაგან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაკეთებული დასკვნა არ შეესაბამება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საგადასახადო კოდექსის მიერ განმარტებას იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის 2012 წლის 16 იანვრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად დავების განხილვის საბჭომ 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სრულად იქნა გაზიარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, როგორც სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს მოცემული გადაწყვეტილებით შეფასება არ მისცემია, ამასთან, ის გარემოება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის 2012 წლის 6 იანვარს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მიმართული განცხადება არაერთხელ გახდა დავების განხილვის საბჭოსთვის დავის განხილვის შეჩერების საფუძველი. ამრიგად, საქმის მასალებით დადგენილი გარემოება, რომ მოცემული დავის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ ვერ წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სასამართლოს აძლევს იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელის მიერ დავის განახლების მოთხოვნით წარდგენილი მტკიცებულება ჩაითვალა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ახლად გამოვლენილ მტკიცებულებად.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ საკითხზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს, დადგინდეს მოსარჩელის მიერ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად (მტკიცებულებად) წარდგენილი დოკუმენტის დროულად წარდგენა გამოიწვევდა თუ არა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რაკიღა სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულება, რომელიც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა მოსარჩელემ, არის იმ სახის მტკიცებულება, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის №3ბ/849-15 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის №ბს-803-795 (2კ-15) განჩინებებით.
დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 320 364 ლარი, მათ შორის გადასახადი - 227 268 ლარი, ჯარიმა - 93 096 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №4966 ბრძანება და №077-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება განხორციელდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“---------- სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის 21.06.2013 წლის №------------დასკვნის თანახმად. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: „საწარმოს მიერ ------------ კარიერიდან მოპოვებული ინერტული ბალასტის სამსხვრეველაში გატარების შემდეგ გამოსავლიანობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ V=1,96 მ3 ბალასტიდან მიღებულ იქნა: 1. ღორღის ფრაქციით 12-20 მმ V=0,322 მ 3 , რაც შეადგენს მთლიანი მოცულობის 16,4 %; 2. ღორღის ფრაქციით 6-12 მმ V=0,547 მ 3 , რაც შეადგენს მთლიანი მოცულობის 27,9 %; 3. ქვიშა დაფქული ფრაქციით 0-5 მმ V=0,598 მ 3 , რაც შეადგენს მთლიანი მოცულობის 30,5%; 4. ქვიშა ბუნებრივი V=0,432 მ 3 , რაც შეადგენს მთლიანი მოცულობის 22 %. ჯამში მოცემული V=1,96 მ3 ბალასტიდან მიღებულ იქნა მთლიანი პროდუქცია - V=1,899 მ3 მოცულობით, ანუ გამოსავლიანობამ შეადგინა 96,8%. გაზომვის ჩატარების პროცესში დამსხვრეული ქვიშის სინჯის ტენიანობა იყო 6,5%, ხოლო ბუნებრივი ქვიშის სინჯის 8,5%, ვინაიდან მიღებული ქვიშის მოცულობა დამოკიდებულია, როგორც ბალასტში მის რაოდენობრივ შემცველობაზე, ისე მოცულობის გაზომვის მომენტში ტენშემცველობაზე ზოგადად ქვიშის მოცულობა იცვლება გარკვეული სიდიდით მისი ტენიანობის მიხედვით. ამიტომ გამოსავლიანობის რაოდენობა დამოკიდებულია, როგორც კონკრეტულად ბალასტის ხარისხზე (ბალასტი გარეცხილი იქნა ლაბორატორიაში და მისმა დანაკარგმა გარეცხვის შემდეგ შეადგინა 6,3%) ისე მიღებული ქვიშის ტენიანობაზე მისი გაზომვის მომენტში. შემოწმებული იქნა ქვიშის მოცულობის ცვლილება ტენიანობის (------------ ) 6,5-8,5%-დან 3,0-3,6%-მდე შემცირების პირობებში. აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი ქვიშის მოცულობა 8,5%-დან 3,6%-მდე შემცირებისას შემცირდება დაახლოებით 6%, ხოლო დამსხვრეული ქვიშის ტენიანობის 6,5%-დან 3% შემცირებისას მოცულობა შემცირდება 5%-მდე. ასევე გასათვალისწინებელია დანაკარგები დასაწყობებისას, რაც ნორმატიული დოკუმენტის „------------ ------------- “- ის მიხედვით, ღორღისათვის შეადგენს 0,4%-ს, ხოლო ქვიშისათვის 0,7%-ს“.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად: საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში (2013 წლის 21 ივნისის №------------ ) მითითებული მონაცემების მიხედვით და კორექტირება განიცადა გადამუშავებული პროდუქტიდან მიღებულმა საქონლის პროცენტულმა მაჩვენებელმა. ახალი ნორმების გათვალისწინებით განისაზღვრა დასაბეგრი შემოსავალი და დაკორექტირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. მიაჩნია, რომ გადაანგარიშება არაა განხორციელებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტის თანახმად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული იქნა კომპანიის შემოსავლები და აღნიშნულია შემდეგი:
2007 წელს ბუღალტრული მონაცემებით საწარმოს გადამუშავებული აქვს 10 706 მ 3 ხრეში, საიდანაც მიღებულია 5141 მ 3 ქვიშა და 3607 მ 3 ღორღი, აქტით 5141 მ 3 ქვიშის მისაღებად მეწარმეს უნდა გადაემუშავებინა 14 789 მ 3 ხრეში და მიეღო 10 648 მ 3 ღორღი, ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებით 7041 მ 3 ღორღით მეტი, შესაბამისად სხვაობა 7 041 მ 3 ღორღი განხილულ იქნა საქონლის რეალიზაციად, წლიური საშუალო ფასის გამოყენებით ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 105 620 ლარით, რაც დაიბეგრა დღგ-ის და მოგების გადასახადით. ამასთანავე აღნიშნულია, რომ კომპანიას დღგ-ის გადამხდელად ვალდებულება დაუდგა 2007 წლის ოქტომბრის თვიდან, რის გამოც კომპანიას დაერიცხა დამატებით ჯარიმები.
2008 წელს ბუღალტრული მონაცემებით საწარმოს გადამუშავებული აქვს 41 132 მ 3 ხრეში, საიდანაც მიღებულია 16 278 მ 3 ქვიშა და 17 244 მ 3 ღორღი, აქტით 16 278 მ 3 ქვიშის მისაღებად მეწარმეს უნდა გადაემუშავებინა 55 156 მ 3 ხრეში და უნდა მიეღო 17 957 მ 3 ქვიშა და 37 197 მ 3 ღორღი, ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებით 1680 მ 3 ქვიშა და 19 966 მ 3 ღორღით მეტი, შესაბამისად სხვაობა განხილულ იქნა საქონლის რეალიზაციად, წლიური საშუალო ფასის გამოყენებით და ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 358 758 ლარით, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით.
2009 წელს ბუღალტრული მონაცემებით საწარმოს გადამუშავებული აქვს 41 116 მ 3 ხრეში, საიდანაც მიღებულია 19 564 მ 3 ქვიშა და 16 816 მ 3 ღორღი, აქტით 19 564 მ 3 ქვიშის მისაღებად მეწარმეს უნდა გადაემუშავებინა 60 804 მ 3 ხრეში და უნდა მიეღო 19 830 მ 3 ქვიშა და 41 073 მ 3 ღორღი, ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებით 266 ქვიშა მ 3 და 24 257 მ 3 ღორღით მეტი, შესაბამისად სხვაობა განხილულ იქნა საქონლის რეალიზაციად, წლიური საშუალო ფასის გამოყენებით და ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 358 380 ლარით, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით.
2010 წელს ბუღალტრული მონაცემებით საწარმოს გადამუშავებული აქვს 10 641 მ3 ხრეში, საიდანაც მიღებულია 3 958 მ 3 ქვიშა და 4 072 მ 3 ღორღი, აქტით 3 958 მ3 ქვიშის მისაღებად მეწარმეს უნდა გადაემუშავებინა 12 544 მ 3 ხრეში და უნდა მიეღო 4 084 მ 3 ქვიშა და 8 460 მ 3 ღორღი, ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებით 126 ქვიშა და 4 388 მ 3 ღორღით მეტი, შესაბამისად სხვაობა განხილულ იქნა საქონლის რეალიზაციად, წლიური საშუალო ფასის გამოყენებით და ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 55 229 ლარით, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით.
2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდში რევიზორებმა დაადგინეს შემოსავლები, ქვიშიდან გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: ქვიშიდან განსაზღვრეს, რამდენი ხრეში უნდა მოეპოვებინა და ამის შემდგომ 2011 წლის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პროცენტების მიხედვით განსაზღვრეს წარმოებული/მიღებული ქვიშა და ღორღი, რომელიც შეუდარეს საბუღალტრო მონაცემებს და განსაზღვრეს დანაკლისის მოცულობა, გაითვალისწინეს წლის ბოლოს არსებული ნაშთები და დაუდგინეს დამატებით ერთობლივ შემოსავალში ჩასართავი თანხის მოცულობა, რომელიც დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა.
დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილების შესაბამისად დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ: ჩვენი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნისათვის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2011 წლის №7 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების კორექტირება. ამ გადაწყვეტილების თანახმად აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშება უნდა განეხორციელებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტის შესაბამისად განსაზღვრული მეთოდით „ქვიშიდან გაანგარიშების მეთოდის“ გამოყენებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნის თანხმად. აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშება აღნიშნული მეთოდის გამოყენებით არ განახორციელა, მან გადაანგარიშება განახორციელა მის მიერ ბუღალტრულად გადამუშავებული ხრეშის მიხედვით და ისიც არასწორად, კერძოდ: გადაანგარიშების დროს არ იქნა მხედველობაში მიღებული ექსპერტიზით დადგენილი და დასკვნაში ასახული ტენიანობის დანაკარგისა და დასაწყობების დანაკარგის ნორმები.
გარდა ამისა მხედველობაში არ იქნა მიღებული და დაკლებული საანგარიშო წლის ბოლოს საგამოძიებო სამსახურის დოკუმენტური რევიზიის აქტში აღნიშნული კომპანიის სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთები, რის გამოც არასწორი მეთოდით და არასწორი გადაანგარიშების გამო არასწორად განსაზღვრეს ერთთობლივ შემოსავალში ჩასართავი თანხები, რის გამოც არასწორად მოხდა დარიცხული დღგ-ის, მოგებისა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადაანგარიშება, მტიცებულების სახით წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტიდან შემმოწმებლის მიერ გადმოგზავნილ ცხრილს ექსელის ფორმატში იხ.დანართი 1 გადაანგარიშება აუდიტის დასკვნა. თუ ჩავთვლით, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში გამოყენებული მეთოდით შესაძლებელი იყო გადაანგარიშების განხორციელება, ამ შემთხვევაში გადაანგარიშება სწორად, რომ განხორციელებულიყო მივიღებდით სხვა სურათს, რის დასტურადაც წარმოადგენს კომპანიის მიერ გაკეთებულ გადაანგარიშებას. აღნიშნულ გადაანგარიშებაში სწორად აქვს ჩართული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნაში მოცემული ტენიანობისა და დასაწყობების დანაკარგები, გამოკლებული აქვს წლის ბოლოს არსებული სასაქონლო ნაშთები, რის შედეგადაც ღებულობს ერთობლივ შემოსავალში ჩასართავ თანხას 54 231,98 ლარის ოდენობით (ნაცვლად 213 177 ლარისა, რაც მიიღო აუდიტის დეპარტამენტმა) რომელიც უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით და დღგ-ით.
ამასთანავე ადგილი არა აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესის დარღვევას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტის შესაბამისად განსაზღვრული მეთოდით „ქვიშიდან გაანგარიშების მეთოდის“ გამოყენებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნაზე დაყრდნობით გადაანგარიშება, რომ განხორციელებულიყო მივიღებთ რეალურ სურათს, რის დასტურადაც მტკიცებულების სახით წარმოადგენს გადაანგარიშებას იხ. დანართი-3 გადაანგარიშება საგამოძიებო სამსახურის დოკუმენტური რევიზიის აქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც გადაანგარიშება განხორციელებულია ექსპერტიზით დადგენილი ნორმების შესაბამისად გათვალისწინებულია ტენიანობისა და დასაწყობების დანაკარგები, გამოკლებული აქვს წლის ბოლოს არსებული სასაქონლო ნაშთები და მიღებული შედეგით დამატებით ერთობლივ შემოსავალში ჩასართველი თანხა არ წარმოიქმნება, რის გამოც სრულად არის გასაუქმებელი დღგ-ისა და მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები. ამასთანავე ადგილი არა აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესის დარღვევას. აღნიშნული გარემოების გამო აუდიტის დეპარტამენტმა არასწორი მეთოდის გამოყენებითა და ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ნორმების გაუთვალისწინებლობის გამო არასწორად განახორციელა გადაანგარიშება.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე მუხლის 1–5 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 96–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებსა და 97-ე მუხლზე და აცხადებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებებისა და კანონთა იგნორირება იწვევს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად..
მოცემულ შემთხვევაში სადავო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია წინა პუნქტებში მითითებულ კანონის ნორმათა დარღვევით, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს:
1. გაუქმდეს/ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები,2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 წლის გადაწყვეტილების №------------ მიხედვით ხელახლა შესწავლა/გადაანგარიშება, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტში მოცემული მეთოდისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნაში მოცემული ნორმების მიხედვით, მათ შორის ტენიანობისა და დასაწყობების დანაკარგების გათვალისწინებით და განახორციელოს ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
საბჭოს 20.10.2022 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოწმებისას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნაში მითითებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე კორექტირება განიცადა გადამუშავებული პროდუქტიდან მიღებული საქონლის პროცენტულმა მაჩვენებელმა. ახალი ნორმების გათვალისწინებით განისაზღვრა დასაბეგრი შემოსავლები და დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები. შედეგად დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 320 364 ლარი, მათ შორის გადასახადი - 227 268 ლარი, ჯარიმა - 93 096 ლარი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ 2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდში რევიზორებმა დაადგინეს შემოსავლები, ქვიშიდან გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: ქვიშიდან განსაზღვრეს, რამდენი ხრეში უნდა მოეპოვებინა და ამის შემდგომ 2011 წლის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პროცენტების მიხედვით განსაზღვრეს წარმოებული/მიღებული ქვიშა და ღორღი, რომელიც შეუდარეს საბუღალტრო მონაცემებს და განსაზღვრეს დასაბეგრი შემოსავალი. მომჩივანი მოითხოვს ხელახლა შესწავლა/გადაანგარიშებას, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტში მოცემული მეთოდისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნაში მოცემული ნორმების მიხედვით, მათ შორის ტენიანობისა და დასაწყობების დანაკარგების გათვალისწინებით და ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული სრულყოფილად, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს მის მიერ დასახელებული არგუმენტები კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტში მოცემული მეთოდის, მონაცემებზე დაყრდნობით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------ დასკვნის გამოყენებით გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს, საბჭოს 19.02.2021 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულება მომჩივნის მონაწილეობით;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების (შესაბამისი სანქციების) კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდში რევიზორებმა დაადგინეს შემოსავლები, ქვიშიდან გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: ქვიშიდან განსაზღვრეს, რამდენი ხრეში უნდა მოეპოვებინა და ამის შემდგომ 2011 წლის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პროცენტების მიხედვით განსაზღვრეს წარმოებული/მიღებული ქვიშა და ღორღი, რომელიც შეუდარეს საბუღალტრო მონაცემებს და განსაზღვრეს დასაბეგრი შემოსავალი.
საბჭოს 20.10.2022 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოწმებისას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე კორექტირება განიცადა გადამუშავებული პროდუქტიდან მიღებული საქონლის პროცენტულმა მაჩვენებელმა. ახალი ნორმების გათვალისწინებით განისაზღვრა დასაბეგრი შემოსავლები და დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები. შედეგად დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1ბ)