გადაწყვეტილება №25601/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 25601/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25601/2/2025

15 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 09.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 06.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25601/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის N 006-137 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 ივლისის 16067 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

256 576.52 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 143 601.19;

ჯარიმა - 73 487.80;

საურავი - 39 487.53;

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის N 8557 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 16 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო ორგანოს მიერ დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. კომპანიას ანგარიშები გახსნილი აქვს საქართველოს ბანკში და თიბისის ბანკში. დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებულ საბანკო ტერმინალებზე POS1UR30, POS1UR31, POS1UR32, RS009718, RS009755, RS009756, RS007788, RS007789, RS007790 და საკონტროლო - სალარო აპარატზე ჯამში უფიქსირდება მიღებული შემოსავალი 1 821 863,52 ლარი (პოსტერმინიალი - 1 817 625,52 ლარი, სსა - 4 238 ლარი). გადასახადის გადამხდელს საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალებით მიღებული აქვს თანხები, რომელიც დღგ-ით სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას სრულყოფილად უნდა დაებეგრა დღგ-ით საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული თანხები. შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის N 10882 ბრძანება და N 006-137 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 256 576.52 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 26 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 16 ივლისის N 16067 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

სადავო აქტები არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რომლებიც გამოიცა საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად.

- არ იქნა გათვალისწინებული, რა გავლენა მოახდინა კოვიდ - პანდემიამ ჰორეკა სექტორზე, რაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია როგორც დაუძლეველი ძალა;

- პოსტერმინალების მონაცემები არ იქნა მართებულად დაანგარიშებული, რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა და არასწორი გამოანგარიშება;

- ბარის სარდაფში მდებარეობის გამო, პოსტერმინალები ხშირად აფიქსირებდა თანხების გატარებას (რეალიზაციას), რაც არ აისახებოდა საბანკო ანგარიშზე და ამის გამო სწორად არ ხვდებოდა დეკლარაციებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას და დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალებით მიღებული აქვს საქონლის/მომსახურების მიწოდებისთვის გადახდილი თანხები, რომლებიც სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. შესაბამისად, კომპანიას მართლზომიერად დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა მომჩივანი არ დაესწრო საბჭოს სხდომას. კომპანიის დირექტორმა ითხოვა დავის განხილვის გადადება, თუმცა საბჭომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გადასახადის გადამხდელის თხოვნის გათვალისწინება, ვინაიდან აღნიშნული საჩივრის განხილვა უკვე ორჯერ (04.09.2025 წელი და 02.10.2025 წელი) გადაიდო მომჩივნის შუამდგომლობის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალებით მიღებული აქვს საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული თანხები, რომლებიც სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება:

აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა მომჩივანი არ დაესწრო საბჭოს სხდომას. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 158-ე, 159-ე და 160-ე;.