გადაწყვეტილება №23219/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 23219/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23219/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23219/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 569 792,93 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 262 278

დღგ - 227 817

მოგების გადასახადი - 7 565

საშემოსავლო გადასახადი - 26 682

ქონების გადასახადი - 214

ჯარიმა - 171 013

საურავი - 136 501,93

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ----------.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა რომ:

- გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 48 482,32 ლარს. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმების შედეგად, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ხელფასის სახით განაცემი დეკლარირებული აქვს 1 196 ლარით ნაკლები, ვიდრე საბანკო ანგარიშებსა და ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება.

შემოწმების შედეგად გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა და ასევე, ხელფასის სახით განაცემებში დადგენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებებით) შეადგენს 2 066 001 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანია ახდენდა მის საკუთრებაში არსებული ფართების გასხვისებას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში. ასევე, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ არის სრულად დაბეგრილი.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ეკუთვნოდა ფიზიკურ პირებს, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის გამყიდველებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიწოდებული აქვს სულ 26 ერთეული ბინა და 16 ერთეულ ბინაზე გაფორმებულია განვადება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბალანსზე ირიცხება სულ 13 ერთეული ბინა, რომელთაგან 452.3 კვ.მ წარმოადგენს მიწის გამყიდველზე მიწის სანაცვლოდ გადასაცემ ფართებს.

შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირთო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 1 207 048 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწის მფლობელისთვის გადასაცემი რჩება 452.3 კვ.მ ფართის ბინები, რომელთა ღირებულება არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „----------“ და ფ/პ ---------- დადებული ხელშეკრულება საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, რაც განისაზღვრა კალენდარული წლისთვის ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით (ფაქტობრივად გაწეული ფინანსური ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით). აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სულ 58 587 ლარით (2019 წელს - 4 518 ლარი; 2020 წელს - 53 820 ლარი; 2021 წელს - 249 ლარი). გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32406 ბრძანება და ამავე თარიღის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 24.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად აღნიშნული თანხების გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.11.2023 წლის №20804/2/2023 (რეგ. 22.11.2023წ. №03/92528) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი მომართავს საბჭოს საგადასახადო დავის განახლებაზე ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას 2020 წლიდან ფაქტობრივად შეჩერებული აქვს ფუნქციონირება, შტატში ირიცხება დირექტორი და ნახევარ განაკვეთზე (დეკლარაციების წარდგენის გამო) ბუღალტერი. ჯერჯერობით არ არის დადგენილი რატომ არ მოხვდა დირექტორთან ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.11.2023 წლის გადაწყვეტილების გამოცემაზე, მაშინ როცა 5.12.2023 წელს ფიქსირდება გაცნობა, ხოლო მისთვის 22.11.2023 წლის №20804 ბრძანება წარდგენილია 29.05.2024 წელს. ამასთან, 2018 წელს ასევე, 2022 წლის პრეტენზიებზე წარდგენილი საჩივრების განხილვას ითხოვდა ნეიტრალური კომისიის ან ჯგუფის მიერ, მაგრამ ეს საკითხი დადებითად არცერთ ჯერზე არ დაკმაყოფილდა, საჩივარი ყოველთვის იმათ ხელში ხვდებოდა ვინც კომპანიის მიმართ ჩაიდინა გადასახადებში უკანონო და არამართლზომიერი დარიცხვები. ამიტომ დაზარალებული რჩებოდა სამშენებლო კომპანია.

ამ დაუდევრობის გამოსწორება შესაძლებელია კეთილი ნებით დავების ვადის აღდგენის შედეგად, რადგან აქვს უტყუარი არგუმენტები კომპანიას რატომ დაერიცხა დღგ-ში ასტრონომიული გაზრდილი გადასახადი. აღნიშნულის მიზეზი 2022 წელს შედგენილ აქტში შეტანილი ბუნდოვანი ჩანაწერებია, კერძოდ აქტში არსებული ჩანაწერი „დღგ-ის ბრუნვა შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებით) შეადგენს 2 066 001 ლარს“, რომელიც აბსოლუტურად არავითარ მონაცემებს არ ეყრდნობა. ასევე, აქტში შეტანილია გადასახადის გადამხდელის პოზიციის ნაწილში მცდარი ჩანაწერები: თითქოს გაეცნო აღნიშნულ მონაცემებს და პოზიცია არ წარადგინა აუდიტის დეპარტამენტში, რაც ასევე მცდარია.

წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის 8.09.2022 წელს წარდგენილ წერილობითი პოზიცია. აქტის გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის მეილზე შემოსული შემმოწმებლის 2.09.2022 წლის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ 1 კვ.მ ბინის საბაზრო ფასი გაზრდილია 560 დოლარამდე, დღგ-ის დამატებით დარიცხვის საფუძვლადაც ეს მეტად მცდარი მოსაზრება არის შეტანილი, რადგან აქტში შეტანილი 26 ბინის საბაზრო ფასის 2 033 ათასი ლარი და შემმოწმებლის მოწერილ წერილში 2 150 ათასი ლარი მიახლოებული ღირებულებაა. ამდენად, კერძო წერილის გასაჯაროვება არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევა. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აღუდგეს დავის განახლების ვადა.

რაც შეეხება ფასწარმოქმნის საკითხს, 2018 წლის შემოწმებით ამ საკითხის მიმართ შენიშვნები არ ყოფილა, რითაც იხელმძღვანელა კომპანიამ შემდგომ პერიოდში. ამასთან, სამშენებლო კომპანია ძირითადად მაღალმთიანი აჭარის ეკოემიგრანტებისთვის ბინების აშენებით იყო დაკავებული. ---------- შემოერთებული ჭაობიდან მცირე დასახლების ზონაში მიმდინარეობდა, რომელიც 2012 წლამდე ეკუთვნოდა ---------- რაიონს, იყო ---------- მეურნეობის დაჭაობებული ტერიტორია, სადაც არ იყო არც ერთი მაღლივი შენობა, საგანმანათლებო ობიექტები და კანალიზაცია ღია არხებში ჩაედინებოდა 2022 წლამდე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა ასეთ პირობებში, შესაბამისად, ---------- 1 კვ.მ ბინის შავი კარკასის 560 აშშ დოლარის ფასი რეალური ვერ იქნებოდა.

ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების მხედველობაში მიღებით (აუდიტის დეპარტამენტის შემმოწმებლის წერილი) და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აღუდგენს დავის გაგრძელებისათვის დადგენილი ვადა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 308.