ბრძანება N 17491

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.07.2023
№ დოკუმენტი 17491
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17491

19 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს “-------“-ს (ს/ნ-------)

(მის.: ----------)

2023 წლის 26 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს “-------“-ს (ს/ნ ------) №81899/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივნისის №006-249 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ დღგ-ს, აცხადებს, რომ დეკლარირებული და გადახდილი აქვს სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული გადასახადი. განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მყიდველმა არ დაადასტურა (თებერვლის შემდგომ მოუწია ამ ანგარიშ-ფაქტურის წაშლა და ხელმეორედ რედაქტირება) და აღნიშნულის გამო 2022 წლის თებერვლის დღგ-ის დეკლარაციაზე მიბმა ვერ მოხერხდა.

გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადის და ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10327 ბრძანების მიხედვით, დაინიშნა შპს ,,-----“-ს (ს/ნ ------) კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 ივნისის №13330 ბრძანება და 2023 წლის 14 ივნისის №006-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 11 502 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 838 ლარი, ჯარიმა 3 419 ლარი და საურავი 1 245 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

2023 წლის 10 მაისის №10327 ბრძანებით, დაინიშნა შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2022 წლის თებერვლის თვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ს დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ საწარმოს დაბეგვრიდან გამორჩენილი აქვს ეა 74 --------- საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

შესაბამისად, აღნიშნული საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა კორექტირებას (გაზრდას) და საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს არ აქვს დაბეგრილი ეა 74 -------- საგადასახადო ანგარიშფაქტურით განსაზღვრული ოპერაცია, შესაბამისად, შემოწმებით, აღნიშნული საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა კორექტირებას (გაზრდას), რის საფუძველზეც საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების ბრძანება გაეგზავნა 2023 წლის 10 მაისს და ჩაბარდა მომდევნო დღეს, რაც შეეხება დაუბეგრავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრის საკითხს, აღნიშნული განახორციელდა შემოწმების ბრძანების გაცნობის შემდგომ, 2022 წლის თებერვლის დასაბეგრი ოპერაცია ასახა 2023 წლის აპრილის დეკლარაციაში, რომლის შესაბამისი თანხა გადაიხადა 2023 წლის მაისის თვეში.

ზემოაღნიშნული სამართლებლივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს “-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ დღგ-ს, აცხადებს, რომ დეკლარირებული და გადახდილი აქვს სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული გადასახადი. გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადის და ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 10 მაისის №10327 ბრძანებით, დაინიშნა მომჩივნის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2022 წლის თებერვლის თვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ს დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ საწარმოს დაბეგვრიდან გამორჩენილი აქვს ერთი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შესაბამისად, აღნიშნული საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა კორექტირებას (გაზრდას) და საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 158(1), 159(1), 163(1)(2), 164(1), 69(1).