გადაწყვეტილება №19380/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19380/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ -------------ი (პ/ნ -------------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- -------ის 10.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19380/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტი 13.02.2023 წლის №CB1440105 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5727 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის (საქმე №3/7928-21) ბრძანების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, შპს „--“-ს (ს/ნ ------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №011-323 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა ქონების ნუსხის წარდგენა.
ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №CB1440105 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.03.2023 წლის №5727 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 279-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
იქიდან გამომდინარე, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №011-323 ბრძანება გასაჩივრებულია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გასაჩივრების პროცესის დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადამხდელს არ აქვს ზემოხსენებული ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაუქმდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანს ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მოთხოვნილი ინფორმაცია, მომჩივნის მიერ დღემდე წარდგენილი არ არის.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ვინაიდან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საგადასახადო ორგანოსათვის ქონების ნუსხის წარდგენა, მის მიერ გასაჩივრებულია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, ამდენად მისი გასაჩივრების პროცესის დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადამხდელს არ აქვს ზემოხსენებული ბრძანებით ქონების ნუსხის წარდგენის ვალდებულება.
მომჩივნის აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანს საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანს საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „თ“); 70(1 „ბ“,5); 269(1,7); 270(1,2); 279(1); 299(11); 302(6);