ბრძანება N 13532
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13532
14.06.2023
შპს „---------“ (ს/ნ --------)
(მის.: ქ. -------------)
2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2022 წლის 29 დეკემბრის №77685/1/2022 საჩივარი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64940 შეტყობინებასთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №006-533 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს, ვინაიდან შემმოწმებლის მიერ არ იყო გათვალისწინებული საშეღავათო პირობები, რომლითაც გადამხდელი სარგებლობდა. აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლამდე და კომპანია შეტანილი იყო საშეღავათო ნუსხაში, შესაბამისად, აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილ შეღავათით სარგებლობის პირობებს. აქედან გამომდინარე, დღგ-ს ნაწილში კომპანიამ იმ პერიოდზე ისარგებლა საშეღავათო პირობებით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემდგომ გარკვეული ცვლილებების გამო ამოღებულ იქნა საშეღავათო ნუსხიდან და აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში დღესაც მიმდინარეობს პროცესი. გადამხდელი ითხოვს, რომ ზემოაღნიშნული შეღავათის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის დასრულებამდე შეუჩერდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების მოთხოვნა.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 იანვრის №868 და ამავე წლის 14 ივნისის №15017 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 1 დეკემბრის №30227 ბრძანება და 2022 წლის 2 დეკემბრის №006- 533 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 131 423 ლარი, მათ შორის გადასახადი 88 097 ლარი, ჯარიმა 43 326 ლარი და საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და ფართების რეალიზაცია. ------ მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის N228 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე გაიცა ნებართვა შპს „--------" (ს/ნ -------) დირექტორზე --------- სახელზე. ხოლო შპს „--------" (ს/ნ ---------) სახელზე მშენებლობის ნებართვა გაიცა (მოწმობა სმ 000429) 2015 წლის 15 მაისს, რომლის საფუძველზე გადამხდელს სრულად სასტუმროს ტიპის მშენებლობაზე აქვს გაცემული ნებართვა. შემოწმების პროცესში ქ. --------- მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი (ძველი საკადასტრო ნომერი ----------, ხოლო ახალი საკადასტრო ნომერი ---------) ისევ წარმოადგენს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის 2022 წლის 1 აპრილის N06-1422091242 წერილით დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებული ნუსხაში არ არის შეტანილი.
შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას.
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების) და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №006-533 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:
79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ)მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ ჰქონდა ასახული და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ის ნაწილში შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ქ. --------- მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ ფართების სახით მიწოდებული უძრავი ქონება (ობიექტი) არ არის შეტანილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი საჩივრით. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახეზე არაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის ყველა პირობა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64940 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №006-12036 ბრძანებით გაუქმებულია შპს „--------“ (ს/ნ --------) მიმართ გამოცემული 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64940 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №006-533 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64940 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს, ვინაიდან შემმოწმებლის მიერ არ იყო გათვალისწინებული საშეღავათო პირობები, რომლითაც გადამხდელი სარგებლობდა.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და ფართების რეალიზაცია. შემოწმების პროცესში შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი ისევ წარმოადგენს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის წერილით დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებული ნუსხაში არ არის შეტანილი.
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების) და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 309(79)(80)(81), 301"დ".
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 160"ა", 161(1)(8), 171(1).