ბრძანება N 4012
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4012
02.03.2023
ფ/პ -----------ს (პ/ნ -----------)
(მის.: ქ. -----------------------)
2022 წლის 30 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------- ) №CA00412213577133 (რეგ. №352-03) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ID: ------------ შესაგებელთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. მიუთითებს რომ მის მიერ გამოსწორებულ იქნა დადგენილი ხარვეზი. აცხადებს, რომ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას - უძრავი ქონების იჯარით გაცემა/გაქირავებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა დამატებითი საშუალებების შეძენა, რაც პირდაპირ კავშირშია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (ID: --) ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ, ფ/პ --- მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა 2022 წლის 16 დეკემბერს.
ფ/პ ---ის ეკონომიკურ საქმიანობას (სამომავლოდ) წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული ქონების გაქირავება და მართვა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მის მიერ 2022 წლის მარტის თვეში შპს „---------“ (ს/ნ ----) გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. -----ში საცხოვრებელი ბინის შესაძენად, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. საცხოვრებელი ბინა შეძენილია იჯარით გაცემის მიზნით.
„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ განხილვის პროცესში დადგინდა, რომ ფ/პ -------------ის პირად ბარათზე არსებული ზედმეტობა წარმოქმნილია შპს „--------“ (ს/ნ -----) პირადი სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი საბურავების და სარკის შეძენაზე გადახდილი დღგ-ის თანხის (430,93 ლარის) ჩათვლით, რომელიც შესამცირებლად წარდგენილია 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, ფ/პ ----- დასაქმებულია სს „---- ბანკში“ და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ---------. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 28 დეკემბერს ფ/პ ---- ს დაუდგინდა ხარვეზი (ID: ----), რომლის თანახმად, მათ შორის, მას ეთხოვა განმარტება ჩათვლილი დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ჩათვლილი დღგ-ის თანხა პირდაპირ კავშირშია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან ავტომობილით გადაადგილების მიზნებისთვის, რადგან საქმიანობის სფეროს (უძრავი ქონების გაქირავება) სპეციფიკა მოითხოვს სტაციონარული (ადგილზე) საკითხების შესწავლას, უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებს, მასთან დაკავშირებული სარემონტო მასალების შეძენა-ტრანსპორტირებას, სარემონტო სამუშაოების მონიტორინგს და ა.შ.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტებით არ დასტურდება ფ/პ ---- ის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების მიზნობრიობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და წარედგინა 2022 წლის 29 დეკემბრის ID: ----- შესაგებელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).
ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის თანახმად, მას ეთხოვა განმარტება ჩათვლილი დღგ-ის თანხის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა განმარტება, რომლითაც არ დასტურდება ფ/პ ----- ის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების მიზნობრიობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------------ის (პ/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.
ფაქტობრივი გარემოება
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ჩათვლილი დღგ-ის თანხა პირდაპირ კავშირშია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან ავტომობილით გადაადგილების მიზნებისთვის, რადგან საქმიანობის სფეროს (უძრავი ქონების გაქირავება) სპეციფიკა მოითხოვს სტაციონარული (ადგილზე) საკითხების შესწავლას, უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებს, მასთან დაკავშირებული სარემონტო მასალების შეძენა-ტრანსპორტირებას, სარემონტო სამუშაოების მონიტორინგს და ა.შ.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტებით არ დასტურდება ჩათვლილი დღგ-ის თანხის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების მიზნობრიობა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: 135 „მ“.