ბრძანება N 13969

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13969
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13969

20 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 12 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 12 იანვრის №77998/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №002-222 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ'' ქვეპუნქტის საფუძველზე, არ ეკუთვნის მოგების გადასახადის გადახდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №26033 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2022 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში დივიდენდებად დაფიქსირებული თანხების, მოგების გადასახადით დაბეგვრის და შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 9 დეკემბრის №31183 ბრძანება და ამავე თარიღის №002–222 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 469 109 ლარი, მათ შორის გადასახადი 288 540 ლარი, ჯარიმა 144 270 ლარი და საურავი 36 299 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----------“ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლის 18 მაისს. გადამხდელის საქმიანობაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია არარეზიდენტი ფიზიკური პირი ---------- (---------), რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საწარმოს დირექტორს. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე განაწილებული მოგება შეადგენდა 1 635 407 ლარს, რომელსაც საწარმო არ ბეგრავდა მოგების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემებით, საწარმოს არ უფიქსირდებოდა დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით, ხელფასის სახით განაცემები და საწარმოს დირექტორი ---------- კომპანიის დაფუძნების დღიდან საქართველოში იმყოფებოდა 20 დღის განმავლობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა წარმოადგინა განცხადება და განმარტა, რომ საქმიანობას ახორციელებს პირადად, დისტანციურად, არ ჰყავდა დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით, საწარმოს არ გააჩნდა საქართველოში საკუთრებაში არსებული ქონება და არც იჯარით აღებული ფართი, სადაც შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით: „მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ახორციელებდეს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მოგებას იღებდეს მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების) საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით (მათ, შორის მომსახურების სახით მიწოდებით). იმისათვის, რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად და შესაბამისად, ასეთი საქმიანობის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები) საქართველოში შექმნილად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის, აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელფასო განაცემი არსებითად უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასს". ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არ ჰყავდა დაქირავებული პირი, არ გასცემდა ხელფასს, ასევე, არ გააჩნდა ოფისი, საწარმო ვერ ისარგებლებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მომჩივანი არ ეთანხმება განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებულ მოგებას დივიდენდის სახით ინაწილებდა დამფუძნებელი, შექმნილია სწორედ მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში, კერძოდ, 2021 წლის მაისში, ივნისსა და აგვისტოს თვეებში. შემდგომ კი ხდებოდა ამ პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება. ამასთან, რაიმე დამატებითი პროდუქტი დამფუძნებლის/დირექტორის მიერ საქართველოში არყოფნის პერიოდში არ შექმნილა. ასევე, გადამხდელს უფრო სამართლიანად მიაჩნია დამფუძნებლის/დირექტორის მიერ მიღებული დივიდენდის ნაწილი, დაკვალიფიცირდეს ხელფასის სახით მიღებულ ანაზღაურებად, ვინაიდან დამფუძნებელი/დირექტორი თავად ახორციელებდა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის შექმნას და არ საჭიროებდა სხვა სპეციალისტების ჩართვას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს, რომ თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ ორგანიზაციას საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2022 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში დივიდენდებად დაფიქსირებული თანხების, მოგების გადასახადით დაბეგვრის და შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სისწორის დადგენის მიზნით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 99; 275; 8(35); 981;

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის N33544 ბრძანება