გადაწყვეტილება №20127/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20127/2/2023
04 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 2.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20127/2/2023).
დავის საგანი:
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 მაისის ID:----- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14201 ბრძანება.
სადავო თანხა: 28 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 24 აპრილს მომჩივანმა მიმართა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია შენობანაგებობის (სავაჭრო ობიექტის) შეძენისას მიღებული დღგ-ის ჩათვლის შედეგად (ს/კ -----, ა/ფ ეა-----).
აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის მოთხოვნა და 2023 წლის 18 მაისის ID:----- შესაგებელით უარი უთხრა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ არ იყო შესრულებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, „მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე“.
აღნიშნული შესაგებელი 2023 წლის 18 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №14201 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 63-ე, 65-ე მუხლებზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 , 134 , 135 მუხლებზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის 24 აპრილს მიმართეს შემოსავლების სამსახურს საწარმოს ბარათზე არსებული ზედმეტობიდან 28 000 ლარის დაბრუნების მოთხოვნით. წარდგენილი აქვთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ 2022 წლის 14 მარტიდან. მოთხოვნაზე უკვე 19-ჯერ ეთქვათ დაუსაბუთებელი უარი. სხვადასხვა ჯერზე მოყვანილია სხვადასხვა მიზეზები. წარმოადგენს წარდგენილ განცხადებას და ყველა თანდართულ დოკუმენტაციას, სადაც ჩანს, რომ ინფორმაცია არსებული ზედმეტობის შესახებ სრულად აქვთ მიწოდებული. ასევე, განცხადებასთან ერთად წარადგინეს სრულად საბუღალტრო პროგრამა ორისის ასლი.
შემოსავლების სამსახურმა ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არც კი შეუსწავლია მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის წარდგენილი ის დანართები, რაც საკმარისი იყო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და სრულიად უკანონოდ ეთქვა უარი კომპანიის კუთვნილი აქტივის, ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №14201 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გულისხმიერად განიხილოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მოთხოვნა ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, მხედველობაში მიიღოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტებები და დაუბრუნოს საწარმოს კუთვნილი აქტივი, ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
აღნიშნული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები; მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის წერილობით განმარტება, სადაც მითითებულია, რომ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 აპრილს წარდგენილი მოთხოვნა №ID------- თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მომჩივანს აღნიშნულ მოთხოვნაზე ეთქვა უარი, ვიანიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ’’ ინსტრუქციის 135 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილი ჰქონდა უარის თქმის საფუძველს. კერძოდ, „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთან, 2023 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება ზედმეტობა 303 ლარის ოდენობით, ხოლო მომჩივანი ითხოვს 28 000 ლარის დაბრუნებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, მხარეთა არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის განხილვის მომენტისთვის მომჩივანს პირადი აღრიცხის ბარათზე არ უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 24 აპრილს მომჩივანმა მიმართა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია შენობანაგებობის (სავაჭრო ობიექტის) შეძენისას მიღებული დღგ-ის ჩათვლის შედეგად. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის მოთხოვნა და 2023 წლის 18 მაისის შესაგებელით უარი უთხრა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ არ იყო შესრულებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, „მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე“. აღნიშნული შესაგებელი 2023 წლის 18 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №14201 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1), 65.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანება.