ბრძანება N 8523

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2023
№ დოკუმენტი 8523
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8523

19.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ს (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 6 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) №79508/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 12 ივნისის მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ №011/7/2020 „საგადასახადო მოთხოვნას“ და ითხოვს ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ შპს „-------“ არ იყო ინფორმირებული შპს „-------“ მიერ შემოსავლების სამსახურისთვის ქონების ნუსხის შესახებ განცხადების არგაგზავნის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების №17469/2/2022 მიღების შემდეგ დაუკავშირდა შპს „-------“ წარმომადგენელს, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირმა 2023 წლის 23 თებერვალს გააგზავნა განცხადება (ID: -------) ქონების ნუსხის აღწერის შესახებ, სადაც მითითებულია ღვინომასალა ------- 2018 წლის მოსავალი 6500 ლიტრის ოდენობით, ღირებულებით 104000 ლარი.

ვინაიდან შპს ------- საჩივრის არდაკმაყოფილების მიზეზად დასახელდა ყადაღის ღონისძიების ფარგლებში სამმართველოს ოფიცრების მიერ დაბრუნებული საქონლის მოუძიებლობა, მაგრამ განმცხადებელი ადასტურებს ქონების არსებობას, გადამხდელი ითხოვს ყადაღის ღონისძიებების ფარგლებში მოხდეს ქონების ხელახალი გადამოწმება და მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ სადავო „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის №232–390 შეტყობინების საფუძველზე შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ასევე, 2020 წლის 10 მარტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე 2020 წლის 24 თებერვალს შპს „-------“-ს (ს/ნ -------) გაეგზავნა №21-05/21343 წერილი შპს „-------“-საგან (ს/ნ -------) №------- ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად მიღებული საქონლის, გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და კრედიტორული დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული წერილის პასუხად შპს „-------“-მ (ს/ნ -------) წარმოადგინა №41093/21-11 განცხადება, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიმართ გააჩნია კრედიტორული დავალიანება 104000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ქონების ღირებულება არ იყო საკმარისი მისი საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე 2020 წლის 12 ივნისს გამოიცა №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის თანახმად შპს „-------“-ს (ს/ნ -------) შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაერიცხა 104000 ლარი. აღნიშნულ მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2020 წლის 15 ივნისს.

2020 წლის 12 ივნისის №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2020 წლის 10 ივლისის №129609/21-11 საჩივრით, რომელიც 2020 წლის 4 აგვისტოს №22565 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ საქონელი დაბრუნებულია მიმწოდებლისთვის და შესაბამისად, შპს „-------“ (ს/ნ -------) შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ დავალიანება არ გააჩნია, გაეუქმებინა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ №011/7/2020 „საგადასახადო მოთხოვნა“.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს ბრძანების აღსრულების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილ იქნა საქონლის უკან დაბრუნების ზედნადებები, ასევე, სატელეფონო ოქმის თანახმად, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) დირექტორმა დაადასტურა საქონლის უკან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ყადაღის ღონისძიების სამმართველოს ოფიცრების მიერ ვერ მოხდა დაბრუნებული საქონლის მოძიება (შპს „-------“-ს (ს/ნ -------) დირექტორმა ვერ წარმოადგინა დაბრუნებული საქონელი).

აღნიშნული ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს გამოიცა №21-17/16875 გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა გადასახადის გადამხდელს №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე.

№21-17/16875 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2022 წლის 25 მარტის №52560/21 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18183 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის №17469/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი საქართელოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

2023 წლის 22 მარტს კიდევ ერთხელ მოხდა შპს „-------“ (ს/ნ -------) დირექტორთან დაკავშირება შპს „-------“ (ს/ნ -------) უკან დაბრუნებული საქონლის დაყადაღების მიზნით, თუმცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტის შედგენა ვერ მოხერხდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ 2023 წლის 23 თებერვალს წარდგენილი ქონების ნუსხა (ID: -------) ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებად. შესაბამისად, დავის განახლების თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ასაჩივრებს მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის “საგადასახადო მოთხოვნას”, ითხოვს ყადაღის ღონისძიებების ფარგლებში ქონების ხელახალ გადამოწმებას და ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის თანახმად მომჩივანმა წარმოადგინა ინფორმაცია მეორე შპს-ს მიმართ კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომლის საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ.

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, თუ დადგინდებოდა, რომ საქონელი დაბრუნებულია მიმწოდებლისთვის და შესაბამისად, შპს მეორე მიმწოდებლის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, გაეუქმებინა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ „საგადასახადო მოთხოვნა“.

ვალის მართვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად შპს-ს მიერ წარმოდგენილი იქნა საქონლის უკან დაბრუნების ზედნადებები, რომელიც ასევე დაადასტურა მიმწოდებელმაც, თუმცა ვერ მოხდა დაბრუნებული საქონლის მოძიება, დირექტორმა ვერ წარმოადგინა დაბრუნებული საქონელი.

აღნიშნული ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე.

გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელიც არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარდგენილი ქონების ნუსხა ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებად. შესაბამისად, დავის განახლების თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 240; 241; 299 (7)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994